Facebook Twitter

საქმე # 190100122005975671

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №179აპ-23 ქ. თბილისი

მ-ი გ. 179აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 22 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.რ-ში, თ-ს ...-ლი ჩიხის №...-ში მდებარე სახლში გ. მ-მა მუშტის მარჯვენა ფეხის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ. წ-ზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. გ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გაუქმდა გ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2.3. გ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, გ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გამართლებულ გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა თ. წ-მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა გ. მ-ს დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

8. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ-ს ბრალდების მხარე ედავება მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას, თუმცა, უპირველესად, არ არის დადგენილი მათი ოჯახური კავშირი, კერძოდ:

9. №... შეტყობინების თანახმად, 2022 წლის 4 ივნისს ინიციატორმა თ. წ-მა განაცხადა, რომ ორი კვირის წინ მეგობარმა მამაკაცმა - გ. მ-მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგრეთვე, გ. მ-ი არ უბრუნებს გამორთმეულ თანხებს; ამავე დღეს დაფიქსირებული №... შეტყობინების მიხედვით, ინიციატორ თ. წ-ს გადმოცემით, ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელმაც სცემა ორი კვირის წინ, თუმცა ნაიარევი ახლაც აქვს (სასწრაფო დახმარებაზე უარი განაცხადა). ინიციატორის გადმოცემით, ახლა ეს მეგობარი მამაკაცი და მისი ცოლი აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას სხვა მისამართიდან, იმის გამო, რომ კუთვნილ თანხას სთხოვს მათ (ს.ფ. 2-3).

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით გ. მ-ი და თ. წ-ი არ წარმოადგენენ ოჯახის წევრებს. უფრო მეტიც, ორივე შეტყობინებაში მითითებულია, რომ მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ინიციატორი თ. წ-ი აღნიშნავს, რომ ეს მეგობარი მამაკაცი და მისი ცოლი აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ კუთვნილ ფულს სთხოვს მათ. შეტყობინებაში ასევე მითითებულია, რომ თავად თ. წ-საც ჰყავს მეუღლე საზღვარგარეთ. მეგობრად მოიხსენიებს იგი გ. მ-ს შემაკავებელი ორდერის ოქმშიც, თუმცა ბრალდების მხარე გ. მ-ს ედავება მეუღლის - თ. წ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას. ამ მიმართებით საყურადღებოა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი - დაზარალებულ თ. წ-ს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება, როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე, სამოქალაქო დავის კუთხით, იმიტომ, რომ ისინი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, აქვთ საერთო მეურნეობა. გ. მ-ი მონაწილეობს მისი შვილის აღზრდა-განათლებაში (ს.ფ. 130). ამდენად, თავად ძალადობის ფაქტის დადგენამდე, ბუნდოვანებას იწვევს მსხვერპლისა და მოძალადის ურთიერთკავშირი, რაც გადამწყვეტია ქმედების კვალიფიკაციისთვის.

12. რაც შეეხება თავად ძალადობის ფაქტის დადასტურებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევას, საქმის მასალების მიხედვით, თვითმხილველი არ ჰყოლია. დაზარალებულმაც სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა სავარაუდო ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ, რაც, თავის მხრივ, ეჭვისშემცველია, ვინაიდან არ იკვეთება რაიმე ხელშემშლელი გარემოება, რომელიც დააბრკოლებდა თ. წ-ს ძალადობისთანავე განეცხადებინა პოლიციისთვის. ამასთან, ორივე შეტყობინების ტექსტი შეიცავს თ. წ-ს ფინანსურ ინტერესს, როდესაც აღნიშნავს, რომ მეგობარი მას არ უბრუნებს გამორთმეულ თანხებს, ასევე ეს მეგობარი და მისი მეუღლე აყენებენ შეურაცხყოფას მისი კუთვნილი თანხის მოთხოვნის გამო. ერთ-ერთი შეტყობინების ტექსტში აღნიშნულია, რომ ინიციატორს მეუღლე თანხას უგზავნიდა საზღვარგარეთიდან და მეგობარი მამაკაცი ამ ფულს სძალავდა (ს.ფ. 3). საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ აღნიშნული თანხის დაუბრუნებლობით გაბრაზებულმა თ. წ-მა შემთხვევიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

13. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან არათანხვედრილია დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის ნაწილშიც; წინააღმდეგობრივია შემაკავებელი ორდერის ოქმსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნაში გადმოცემული ფაქტები, კერძოდ:

14. 2022 წლის 4 ივნისს შედგენილ შემაკავებელ ორდერში აღნიშნულია, რომ თ. წ-ს მარჯვენა ფეხის წვივზე, წინა მხარეს, აღენიშნება დაზიანება, თუმცა, იმავე დღეს ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვის მონაცემებით, თ. წ-ს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში (თავი, სახე, კიდური, ზედა კიდურები და წვივები) გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. მასთან, შემაკავებელი ორდერის ოქმში მომხდარი ფაქტის აღწერისას არაა მითითებული თარიღი, როდის იქნა ჩადენილი ძალადობა ან რაში გამოიხატა იგი, ხოლო ამავე ოქმის მე-12 პუნქტში მითითებულია, რომ 2022 წლის 22 მაისი გ. მ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ. წ-ს და არა - თ. წ-ს.

15. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - ს. თ-სა და ა. ჩ-ს ჩვენებებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი, რადგან ისინი ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან და აღწერენ, სავარაუდოდ, მომხდარი ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ დაზარალებულის მიერ ნაამბობს. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ - ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის N627აპ-19 განჩინება; 2020 წლის 29 ოქტომბრის 443აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 3 თებერვლის 1003აპ-20 განაჩენი).

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

19. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. მ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი