საქმე # 330100122006162459
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №199აპ-23 ქ. თბილისი
ო-ი მ. 199აპ-23 24 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ო-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 3 აპრილს, ქ. თ-ში, ნ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე მ. ო-მა სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ. პ-ზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· 2022 წლის 30 აპრილს, ქ. თ-ში, ნ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე მ. ო-მა მუცლის არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე - თ. პ-ზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· 2022 წლის 8 ივნისს, ქ. თ-ში, ნ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე მ. ო-მა სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე - თ. პ-ზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· 2022 წლის 3 ივლისს საქართველოს შსს ქ.თ-ის პოლიციის დეპარტამენტის ი-ის მთავარი სამმართველოს მე-11 სამმართველოს გამომძიებელმა თ. მ-მა მ. ო-ს მიმართ გამოსცა №... შემაკავებელი ორდერი - 30 დღით, რომლითაც მოძალადე მ. ო-ს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილთან, ასევე მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის პერიოდში - 2022 წლის 29 ივლისს, მ. ო-ი თავისი ტელეფონის ნომრიდან ... რამდენჯერმე დაუკავშირდა მსხვერპლს - თ. პ-ს ტელეფონის ნომერზე ... და დაამყარა მასთან კომუნიკაცია. აღნიშნული ქმედებით მ. ო-მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. მ. ო-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. მ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
2.3. გაუქმდა მ. ო-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას აღნიშნული გირაოს - 5000 ლარის უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ ქ. ხ-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.თ-ი, ნ-ს ქუჩა N.., საკადასტრო კოდი - ....
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ო-მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. ო-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაშიც.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
7.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერითა და მასზე დართული ოქმით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმებით, თავად მსჯავრდებულ მ. ო-ს აღიარებით უტყუარად დგინდება, რომ 2022 წლის 3 ივლისს, მ. ო-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დაუდგინდა გარკვეული შეზღუდვები, აეკრძალა თ. პ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სოციალური ქსელისა და მობილური ტელეფონის გამოყენებით. მოძალადეს განემარტა ორდერის შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და გადაეცა დოკუმენტის ასლი. 2022 წლის 29 ივლისს, მსჯავრდებულმა დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები და აკრძალვის მიუხედავად, ტელეფონის მეშვეობით, რამდენჯერმე დაუკავშირდა მეუღლეს, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
8. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მ. ო-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდებების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს მ. ო-ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
11. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.
12. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
12.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა თ. პ-მა ისარგებლა საქართველოს საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
12.2. 2022 წლის 21 ივლისის განცხადების მიხედვით, თ. პ-მა სამართალდამცავ ორგანოს შეატყობინა მეუღლის მიერ ჩადენილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე. იგი ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი დაიწყო 2021 წლის 27 დეკემბრიდან; გამოყო 2022 წლის 30 აპრილისა და 3 ივნისის ეპიზოდები და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ თარიღებში იძალადა მ. ო-მა მასზე. თ. პ-ს განმარტებით, 30 აპრილს მეუღლემ მუცელში დაარტყა და სახლიდან გააგდო, ღამე ქუჩაში გაატარა. თავი შეუძლოდ იგრძნო და გული აერია. გამთენიისას ნახა ახლობელი მ. მ-ი. სწორედ მის სახლში გამოიცვალა ტანსაცმელი. ერთ-ერთ ძალადობას შეესწრო მისი მეგობარი ნ. უ-ი. მორიგი ძლიერი დაპირისპირება მოხდა 3 ივნისს. მ-მა ხელი დაარტყა მუცელში, აბორტის გაკეთებას აიძულებდა. შეშინებული წავიდა სახლიდან. მივიდა ახლობელ ი. გ-თან და შველა სთხოვა. ვინაიდან მუცელი ძალიან ტკიოდა, გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღნიშნულის შესახებ შეატყობინა დედამთილს, თუმცა მან დახმარებაზე უარი განუცხადა. საავადმყოფოს ხარჯები ი. გ-მა გადაიხადა.
12.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. პ-ს განცხადებით დასტურდება მის მიერ სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვის ფაქტი; ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებული უთითებს მეუღლის მიერ სხვადასხვა პერიოდში ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე. თ. პ-ი განცხადებაში ასახელებს კონფლიქტის თარიღებს, თუმცა, მ. ო-ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს შეესაბამება მხოლოდ ერთი - 2022 წლის 30 აპრილის ეპიზოდი. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ მხოლოდ განცხადება არ არის საკმარისი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სხვა მტკიცებულებებით (მტკიცებულებათა ერთობლიობით). მოცემულ შემთხვევაში, მ. ო-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაც კი.
12.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განცხადებაში დაზარალებული უთითებს პირებზე, რომლებსაც სავარაუდოდ გააჩნდათ ინფორმაცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მათ შორის ასახელებს ვინმე ი. გ-ს, რომელიც ახლდა საავადმყოფოში და გადაიხადა მკურნალობის თანხა. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობდა თ. პ-ს დედამთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარეს ისინი არ გამოუკითხავს. შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა დაზარალებული საავადმყოფოში, იყო თუ არა იმ პერიოდში ორსულად, ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები, რაც გამოწვეული იყო მ. ო-ს ქმედებებით.
12.5. მოწმეების - ქ. მ-სა და მ. მ-ს გამოკითხვის ოქმებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენას. პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქ. მ-ი და მ. მ-ი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები. მათ მ. ო-ს მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია მიიღეს თ. პ-გან, რომელიც სასამართლოში არ დაკითხულა. დაზარალებულის განცხადება კი, სადაც აღწერილია მ. ო-ს სავარაუდო ძალადობრივი ქმედებები, ზოგადი ხასიათისაა. მისი შინაარსი არ არის თანხვდენილი პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღებთან. მოწმეები - ქ. მ-ი და მ. მ-ი აღნიშნავენ, რომ დაზარალებული მათთან მივიდა 2022 წლის აპრილში და განაცხადა მეუღლის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ძალადობრივ ქმედებების შესახებ. მოწმეები ვერ აკონკრეტებენ თვის დასაწყისში მივიდა მათთან დაზარალებული თუ დასასრულს. აღნიშნულის უტყუარად დადგენა არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენს, ვინაიდან მ. ო-ს ბრალად წარდგენილი აქვს 2022 წლის 3 აპრილსა და იმავე წლის 30 აპრილს ჩადენილი სავარაუდო ძალადობრივი ქმედებები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ ქ. მ-სა და მ. მ-ს გამოკითხვის ოქმებით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს იძალადა თუ არა მ. ო-მა 2022 წლის 3 აპრილს, იმავე წლის 30 აპრილსა და 8 ივნისს მეუღლეზე, დადებით შემთხვევაში თ. პ-მა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია, რაც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
12.6. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას შემაკავებელ ორდერზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2022 წლის 3 ივლისის N... შემაკავებელი ორდერითა და მასზე დართული ოქმით უტყუარად დგინდება მხოლოდ ის გარემოებები, რომ მეუღლის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო მ. ო-ს აეკრძალა თ. პ-თან ყველა სახის კომუნიკაცია, მის სამსახურთან, საცხოვრებელსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ის იმყოფებოდა. თ. პ-ს გრაფაში, ფიქრობთ თუ არა, რომ მოძალადე მოგაყენებთ ჯანმრთელობის დაზიანებას, მოგკლავთ, ჯანმრთელობას დაუზიანებს ან მოკლავს, თქვენს შვილებს ანდა სხვა ახლობელს, მონიშნული აქვს - არა. ასევე უარყოფითი პასუხი აქვს მონიშნული, მეუღლე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებიათ, მოკვლით ანდა ქონების განადგურებით, რამაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულების შინაარსი ზოგადია. გარდა ზემოთქმულისა, არ შეიცავს სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დასადგენად. ოქმში დაფიქსირებულია, რომ მ. ო-ი ხშირად ეჩხუბება მეუღლეს, თუმცა არ ირკვევა კონკრეტულ თარიღებში (2022 წლის 3 აპრილს, იმავე წლის 30 აპრილს და 8 ივნისს) რა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა თ. პ-ს მიმართ, იძალადა თუ არა მასზე და მან განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
14. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Volodina v Russia, no. 41261/17, §72, ECtHR, 09/07/2019) და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მ. ო-ს მიერ თ. პ-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების დასადგენად ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომლებიც აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი