საქმე # 330100120003664534
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1აპ-23 ქ. თბილისი
ს-ი გ, 1აპ-23 24 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-სა და მსჯავრდებულ ტ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
1.1. გ. ს-ი, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 20 დეკემბრიდან.
1.2. ტ. ღ-ი, - დაბადებული ... წლის .. აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 20 დეკემბრიდან.
1.3. ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან პ. ყ-ე და კ. ჩ-ი, რომლებსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-მა და ტ. ღ-მა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 19 დეკემბერს, საღამოს, ქ. თ-ი, გ-ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სუფრასთან იმყოფებოდნენ კ. ჩ-ი, გ. ს-ი, თ. ქ-ე, პ. ყ-ე, ტ. ღ-ი, ც. გ-ია და სხვა პირები. სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო ტ. ღ-მა და გ. ს-მა განიზრახეს ც. გ-იას მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2019 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ-ში, გ-ის ქუჩის N..-დან N..-მდე არსებულ ტერიტორიაზე გ. ს-მა თანნაქონი დანა თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ც. გ-იას. იმავდროულად, ტ. ღ-მა ც. გ-იას ჯერ თავში რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ყავარჯენი, ხოლო შემდეგ დანის მსგავსი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები ჭრილობის სახით. ზემოაღნიშნული ქმედებით ტ. ღ-მა და გ. ს-მა ც. გ-ას მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. მიუხედავად ამისა, ტ. ღ-მა და გ. ს-მა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ც. გ-ას მოკვლა ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გ. ს-ის გამართლება.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ტ. ღ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ტ. ღ-ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
4.2. პროკურორმა გიორგი ქობულაძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ისა და მსჯავრდებულ ტ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა კი წარმოადგენს იმ სამ, უმთავრეს ელემენტს, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება (სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი). ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის ჭრილში განმარტა, რომ მტკიცებულების შესაფასებლად სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იყენებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ვარაუდს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას (იხ. საქმე: „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,“ (Ireland v. The United Kingdom), N5310/71, 18/01/1978, §161).
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადგინდა გ. ს-სა და ტ. ღ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც, გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება.
8. გ. ს-სა და ტ. ღ-ის მსჯავრდების საფუძვლიანობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - გ. გ-ის, კ. კ-ის, ე. ნ-ის, გ. მ-ას, დ. ა-ის, შ. ს-ის, გ. ქ-ის, დ. ქ-ის, ვ. ბ-ის, დ. ს-ის, ა. ბ-ის, ა. ზ-ის, ნ. ნ-სა და სხვათა ჩვენებებით, მოწმეების - ა. მ-ის, ლ. შ-ის გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... და N... დასკვნებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით, უდავოდ ცნობილი თ. ქ-ის საცხოვრებელი ბინის აღჭურვის შედეგად მოპოვებული კრებსით (დავალების შიფრი M-031-20, რეგისტრაციის N3284), უდავოდ ცნობილი ფარული საგამოძიებო მოქმედების - კ. ჩ-ის ძმისშვილ მ. ჩ-ის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ-ი, გ-ის ქუჩის N...-ში მდებარე კ. კ-ის ეზოში არსებულ სუფრასთან იმყოფებოდნენ კ. ჩ-ი, ც. გ-ია, გ. ს-ი, თ. ქ-ე, ტ. ღ-ი და სხვა პირები, რაც დასტურდება სუფრაზე მყოფი პირთა ჩვენებებითაც. რაც შეეხება გ. ს-სა და ც. გ-ას შორის შელაპარაკებას - ხმამაღალ საუბარსა და მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებას (რასაც უარყოფს მსჯავრდებული გ. ს-ი), პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნეიტრალური მოწმეების - კ. კ-ის, გ. გ-სა და ე. ნ-ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ სუფრაზე ც. გ-ია და გ. ს-ი ნამდვილად შელაპარაკდნენ/შეკამათდნენ. შელაპარაკების ფაქტი დასტურდება ა. მ-ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებითაც (რომელიც გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით). აგრეთვე, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება ის ფაქტიც, რომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, კ. ჩ-მა თავისი ნათესავები - გ. ს-ი, თ. ქ-ე და მათი მეგობარი - ტ. ღ-ი გაიყვანა კ. კ-ის ეზოდან, ხოლო მათი გასვლიდან მალევე წავიდა ც. გ-იაც.
10. ამის შემდეგ, ც. გ-სა და გ. ს-ს შორის დაპირისპირება გრძელდება ქუჩაში - გ-ის ქუჩის N ...-ში, ც. გ-იას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთვება ტ. ღ-იც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ გ. ს-ის განმარტებას, თითქოსდა იგი კ. კ-ის ეზოდან გამოსვლის შემდეგ ძმასთან - თ. ქ-ან ერთად მალევე დაემშვიდობა ტ. ღ-სა და კ. ჩ-ს, რადგან ეჩქარებოდა, ძმასთან ერთად ჩაირბინა გ-ის ქუჩა და ტაქსით წავიდა ვ-ში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამის საწინააღმდეგოდ ბრალდების მხარეს საქმეში წარმოადგინა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეების - ნ. ნ-სა და მ. ხ-ის ჩვენებები, კერძოდ:
11. მოწმე ნ. ნ-ის მითითებით, როდესაც მისი ძმა - ტ. ღ-ი, ძმები გ. ს-ი და თ. ქ-ე და კ. ჩ-ი მიჰყავდა ჯერ დ-ში და შემდეგ ს-ის მიმართულებით, ავტომანქანაში გ. ს-მა, თ. ქ-მ, მისმა ძმამ - ტ. ღ-მა და კ. ჩ-მა უამბეს, რომ გ. ს-ი, თ. ქ-ე და ტ. ღ-ლი ვ-ის სასაფლაოდან მივიდნენ კ. ჩ-ან - უბანში, სადაც სუფრა იყო გაშლილი. სუფრასთან იმყოფებოდა ც. გ-იაც. მას გ. ს-ან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა იქ მყოფმა პირებმა დაამშვიდეს და ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. ამის შემდეგ, კ. ჩ-მა გააცილა ძმები - გ. ს-ი და თ. ქ-ე და მისი ძმა ტ. ღ-ი. მალევე გამოვიდა ც. გ-ია, რომელიც გ. ს-ს მიმართავდა „შენ არასწორო“ და დედას აგინებდა, ხოლო გ. ს-ის კითხვაზე, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, ც. გ-იამ ორჯერ დარტყმა ხელი თავის არეში, რის შემდეგაც, როგორც უშუალოდ გ. ს-მა უთხრა, ამოიღო დანა და ც. გ-ას დაარტყა სამჯერ ან ოთხჯერ, მათ შორის, თავის არეშიც. ამის შემდეგ იგი გამოიყვანა მისმა ძმამ და გაიქცნენ ადგილიდან. იმავდროულად, როგორც ტ. ღ-მა უთხრა, ც. გ-მ მასაც რამდენჯერმე დაარტყა, რის გამოც მისმა ძმამ - ტ. ღ-მა მის ხელთ არსებული ყავარჯენი დაარტყა ც. გ-ას.
12. მოწმე ნ. ნ-ის ჩვენება თანხვდენილია მოწმის სახით დაკითხული მ. ხ-ის ჩვენებასთან, რომელმაც მომხდარის შესახებ იცის კ. ჩ-ან, კერძოდ, კ. ჩ-მა უთხრა, რომ უბანში აღნიშნავდნენ თავისი გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეს, სადაც მან მიიპატიჟა გ. ს-ი, თ. ქ-ე და მათი მეგობარი - ტ. ღ-ი. სუფრაზე იმყოფებოდა ც. გ-იაც, რომელსაც გ. ს-ან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. როდესაც დაიშალნენ, ც. გ-მ გ. ს-ს მიმართა: „არასწორო ბიჭო“. აღნიშნულზე კი გ. ს-ი მივიდა ც. გ-ან, დაელაპარაკნენ ერთმანეთს და უკან გამობრუნებისას ც. გ-ამ გ. ს-ს ორჯერ ჩაარტყა თავში ხელი და დედა შეაგინა. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, ტ. ღ-ი მიეხმარა მეგობარს და ხელთნაქონი ყავარჯენი დაარტყა თავში ც. გ-იას. უმალვე თ. ქ-მ წამოიყვანა ძმა - გ. ს-ი. მოგვიანებით კი ნახა, რომ გ. ს-ლი იყო სისხლიანი.
13. უსაფუძვლოა ადვოკატ ს. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა მოწმეების - ნ. ნ-სა და მ. ხ-ის ჩვენებებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების შეფასება/მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებითა და პირობებით, საგამონაკლისო წესით უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდება შეიძლება დაეფუძნოს ირიბ ჩვენებებს/მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისათვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმარისად სანდოა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული მტკიცებულებების გამოყენებისას მოხდეს იმის უტყუარად დადგენა, ირიბი მტკიცებულებების გამოყენება აუცილებელია თუ არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
14. როგორც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების, ასევე საკასაციო პალატის შეფასებითაც, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ასახული საგამონაკლისო შემთხვევა გვაქვს სახეზე, რა დროსაც აუცილებელია აღნიშნული ჩვენებების მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე გამოყენება; ხსენებული მოწმეების - ნ. ნ-სა და მ. ხ-ის ჩვენებებში გადმოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებსა და მათ თანმიმდევრობასთან დაკავშირებით; ამასთან, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების კუთხით, თუ რამდენად სანდოდ ადასტურებს ირიბი ჩვენება იმ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი(როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 49-ე პუნქტშია მითითებული) აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩვენებებში მითითებული გარემოებები დასტურდება და თანხვდენილია ბრალდების მხარის მტკიცებულებების - როგორც მოწმეთა ჩვენებების, ასევე - წერილობითი (შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმების) და ნივთიერი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ გარემოებებთან; გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოწმეების - ნ. ნ-სა და მ. ხ-ის ჩვენებები აღნიშნულ საქმეში არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება. საქმეში წარმოდგენილია არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც უარყოფს მსჯავრდებულების უდანაშაულობის თაობაზე დაცვის მხარის პოზიციებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ამ მოწმეთა ჩვენებები დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებებად მიაჩნია.
15. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ტ. ღა-ა და მისმა ინტერესების დამცველმა დაადასტურეს თ-ი, გ-ის ქუჩის N...-ის (ც. გ-ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე) ტ. ღ-ის მხრიდან თანნაქონი ყავარჯნის გამოყენებით ც. გ-ის თავის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებების მიყენების ფაქტი; თუმცა დაცვის მხარე უარყოფს ჯგუფურად ქმედების ჩადენასა და ც. გ-ას მოკვლის განზრახვას, ასევე - გ-ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დანის მსგავსი საგნით დაზიანებების მიყენების ფაქტს; მსჯავრდებულები - გ. ს-ი და კ. ჩ-ნი ჩვენებებში განმარტავენ, რომ კ. კ-ის ეზოდან გამოსვლის შემდეგ, გ. ს-ი ძმასთან - თ. ქ-ან ერთად მალევე დაემშვიდობა ტ. ღ-სა და კ. ჩ-ს და რადგან ეჩქარებოდა, ძმასთან ერთად ჩაირბინა გ-ის ქუჩა, ტაქსით წავიდა და, შესაბამისად, ც. გ-ს დაჭრის ფაქტთან არ აქვს რაიმე კავშირი, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მათ მიერ მითითებული გარემოებები არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებს, ასევე - წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ გარემოებებს. აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეების - ნ. ნ-ა და მ. ხ-ის ჩვენებები არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებები ზემოაღნიშნული გარემოებების დადასტურების კუთხით, კერძოდ:
16. ტ. ღ-ა და გ. ს-მა რომ ც. გ-იას თავდაპირველად დაზიანებები მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს, დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც დგინდება, თუ სად მდებარეობს შემთხვევის ადგილი და რა ნივთები იქნა ამოღებული მისი დათვალიერებისას, მათ შორის ის გარემოებებიც, რომ გ-ის ქუჩის N...-ის წინ გაჩერებული „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაზე ნანახი და ამოღებულ იქნა სისხლის ლაქები, ხოლო ამავე ავტომანქანის მიმდებარედ, ასფალტის ზედაპირზე - დაზიანებული ყავარჯენი და მისი ფრაგმენტები რამდენიმე ნაწილად, ასევე - ც. გ-ას შავი ფერის ქუდი.
17. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ნივთმტკიცების - ყავარჯნების გამოკვლევით დადგინდა, რომ ერთი გადატეხილია, მისი ორი ნაწილი ერთმანეთისაგან განცალკევებული, ხოლო მეორე არის დაზიანებული. ორივე ყავარჯენსა და დეტალებს აღენიშნებათ სისხლის კვლები.
18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... და N... დასკვნებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნაწილ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ც. გ-ას. აღნიშნული დასკვნებით ასევე დგინდება, რომ მუყაოს სპეცდანიშნულების ყუთში მოთავსებული ყავარჯნის დეფორმირებული ფრაგმენტის პოლიმერული მასალის საყრდენზე არსებული ბიომასალის (ობ.N16) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ტ. ღ-ს; მუყაოს სპეცდანიშნულების ყუთში მოთავსებულ მოვერცხლისფრო მეტალის მილზე დამაგრებული პოლიმერული მასალის დეტალზე არსებული მოყავისფრო ნადებები (ობ.N18) და ამავე დეტალის მიმდებარედ არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ.N19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ც. გ-იას; მილზე არსებული ბიომასალის (ობ.N20) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ტ. ღ-ს, ხოლო მეორე წილი - ც. გ-იას; მოვერცხლისფრო მეტალის ყავარჯნის ნაწილზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N21-23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ც. გ-ას; პოლიმერული მასალის დეტალზე არსებული ბიომასალის (ობ.N24) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ტ. ღ-ს, ხოლო მეორე წილი - ც. გ-ას; პოლიმერული მასალის წრიული ფორმის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.N25) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ტ. ღ-ს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებით ასევე დადგენილია, რომ გ. ს-ნ ამოღებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, კერძოდ, შარვალზე, მაისურსა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ც. გ-ას (საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, ადასტურებს გ. ს-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნასა და მისი მხრიდან დანის გამოყენების ფაქტს, რის შემდეგაც ძმასთან ერთად გარბის შემთხვევის ადგილიდან).
19. ქ. თ-ი, გ-ის ქუჩის N..-ში, ც. გ-ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მოწმე ა. მ-ის მიერ გამოძიების ეტაპზე და მოწმე გ. მ-ას მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწოდებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, მართალია, აღნიშნული პირები უშუალოდ ც. გ-ის დაზიანებების მიყენების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან სასამართლოს, თუმცა მათი ჩვენებებისა და მათ მიერ მითითებული გარემოებების სხვა მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან ერთობლივად განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდება ც. გ-ან ზემოაღნიშნულ ადგილზე კონფლიქტისა და დაპირისპირების, მათ შორის - როგორც ტ. ღ-ის, ასევე გ. ს-ის კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი, მაშინ, როდესაც გ. ს-ი კატეგორიულად უარყოფს ც. გ-ან რაიმე სახის შელაპარაკებას/კონფლიქტს.
20. ზემოაღნიშნული ფაქტის გამყარების კუთხით საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას მოწმის სახით დაკითხული ტაქსის მძღოლის - ა. ზ-ის ჩვენებასთან მიმართებით, რომელიც სასამართლოს ინფორმაციას აწვდის ტაქსიში ჩასხდომისას (გ. ს-ის მიერ ც. გ-ის დანის რამდენჯერმე დარტყმის შემდეგ მცირე დროში) გ. ს-სა და თ. ქ-ის ემოციურ მდგომარეობასა (იყვნენ აფორიაქებულები) და მათი საუბრის შინაარსზე, კერძოდ, მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მგზავრობისას გ. ს-მა თავის ძმას უთხრა: „ეს რა ვქენითო“, თუმცა თ. ქ-მ საუბარი შეაწყვეტინა: „მერე ვილაპარაკოთო“. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმადაც, გ. ს-ი სიტყვებში - „ეს რა ვქენითო“ სწორედაც მის მიერ დანისა და ტ. ღ-ის მიერ ყავარჯნების დარტყმას გულისხმობდა, რაც გამომდინარეობს საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა საერთო ანალიზით. აღსანიშნავია, რომ მოწმე ა. ზ-ის ჩვენება გ. ს-სა და თ. ქ-ის ემოციური მდგომარეობისა და მათი საუბრის ნაწილში, წარმოადგენს პირდაპირ ჩვენებას.
21. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემთხვევის ადგილზე მყოფი და თვითმხილველი პირის - თ. ქ-ის საცხოვრებელი ბინის აღჭურვის შედეგად მოპოვებული ე.წ. „კრებსით“ (რაც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეთა მიერ და გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად) უშუალოდ დასტურდება, რომ ც. გ-ას დაზიანებები მიაყენეს სწორედ გ. ს-მა და ტ. ღ-მა, კერძოდ, ფარულ ჩანაწერებში თ. ქ-ძე აცხადებს, რომ იგი ორივეს - ტ-აც და გ-აც აშველებდა; შემდეგ კი ამბობს, ვისაც რა წვლილი მიუძღვის, ყველა უნდა დაისაჯოს, თვითონ უნდა დაისაჯოს ძმის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვაზე, ისევე როგორც კ. ჩ-ნი..., ხოლო ტ-ო, რომელიც ც. გ-ას „ზევიდან გადააჯდა“ და გ-ი, რომელმაც „დანა დაარტყა“, ესენიც უნდა დაისაჯონ.
22. გ. ს-ის მხრიდან დანის დარტყმაა ასახული კ. ჩ-ის ძმიშვილის - მ. ჩ-ის მობილური ტელეფონის ნომერზე ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაში (რაც ასევე უდავოდ იქნა ცნობილი მხარეთა მიერ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად), რომლის თანახმადაც, 2019 წლის 21 დეკემბერს მ. ჩ-მა მეგობარს მოუყვა მისთვის ცნობილი დეტალები, მათ შორის ის ფაქტი, რომ ც. გ-ას დანა დაარტყა გ. ს-მა, ხოლო ტ. ღ-მა - ყავარჯენი.
23. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ისინი წარმოადგენს მსჯავრდებულების წინააღმდეგ მათ მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. ქ-ს მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება და მისი აუდიო ჩაწერა განხორციელდა იმ დროს, როდესაც მსჯავრდებულ გ. ს-ის ძმა - თ. ქ-ე უკვე წარმოადგენდა ბრალდებულის სტატუსის მქონე პირს და მიუხედავად ამისა, თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი ზეწოლისა და იძულების გარეშე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში საუბრობდა ჩადენილი დანაშაულის თაობაზე; უფრო მეტიც, იგი ასევე უთითებდა იმ პირებზეც, რომლებიც მონაწილეობდნენ ც. გ-ას დაჭრაში. ამასთან, აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ე.წ. „კრებსები“ დაცვის მხარეს, მათ შორის - გ. ს-სა და მის ადვოკატს სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად.
24. მოწმის სახით დაკითხული ავტოსახელოსნოს თანამშრომლების - ვ. ბ-ის, შ. ს-ის, დ. ა-ის, დ. ს-სა და მომხმარებლების - გ. და დ. ქ-ბის ჩვენებებით, ასევე - ავტოსახელოსნოს თანამშრომლის - ლ. შ-ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით (რომელიც გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით) დადგენილია ის გარემოება, რომ ჩხუბსა და ხმაურზე მათი ქუჩაში გავლისას, ასევე ც. გ-ას თ-ში, გ-ის ქუჩის N...-ის მიმდებარედ ავტოსახელოსნოსკენ გადაადგილებისას მას თავიდან უკვე მოსდიოდა სისხლი, რაც სხვა მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან ერთობლივად ცალსახად ადასტურებს ც. გ-ის დაზიანებების მიყენებას თავდაპირველად გ-ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც გ. ს-ი მის ძმასთან - თ. ქ-ან ერთად ტოვებს შემთხვევის ადგილს; ხოლო ამის შემდეგ გაღიზიანებული ც. გ-ია გატეხილი ყავარჯნით ხელში, გინებითა და ხმამაღალი ყვირილით მისდევს ტ. ღ-ს, რომლებიც გადაადგილდებიან თ-ში, გ-ის ქუჩის N...-დან N...-ის მიმდებარედ და ამჯერად უკვე ც. გ-ა და ტ. ღ-ს შორის გ-ის ქუჩის N...-თან გრძელდება ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ისინი ეცემიან ძირს და ტ. ღ-ი დანისმაგვარ საგანს არაერთხელ უქნევს ც. გ-ს, რითაც მას მიაყენა დაზიანებები ჭრილობის სახით - გულმკერდის, კისრისა და ბეჭის არეში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მოწმეებიდან ყველა მათგანი უთითებს, რომ ტ. ღ-ი ც. გ-ას ხელებს უქნევდა გულმკერდის, კისრისა და ბეჭის მიმართულებით, რომელთაგან ნაწილმა დაინახა, რომ ტ. ღ-ს ხელში ეჭირა დანის მსგავსი/მაგვარი საგანი.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ტ. ღ-ის ადვოკატის პოზიციას, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები (შ. ს-ის, დ. ა-ის, დ. ს-ის, ვ. ბ-ის, გ. ქ-სა და დ. ქ-ის ჩვენებები) არის წინააღმდეგობრივი და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.
26. საკასაციო პალატა ეთანხმება განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ყველა მოწმის ჩვენება აბსოლუტურად იდენტური ვერ იქნება, თუმცა მტკიცებულებები ურთიერთშესაბამისი უნდა იყოს ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობაში მათი აბსოლუტური და იდენტური თანხვედრა არ იგულისხმება. მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვდენა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადვოკატის მიერ დასახელებულ მოწმეებს ც. გ-სა და ტ. ღ-ის მოქმედებების დანახვა უწევდათ სხვადასხვა ადგილიდან და თვალთახედვის არედან; ასევე, დადგენილია, რომ არის ღამის საათები და იმყოფება ხალხი. ამდენად, სრულიად ბუნებრივია ცალკეულ დეტალებში, მათ შორის არსებული უმნიშვნელო განსხვავებები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიუხედავად ამ მცირე განსხვავებისა, მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები ერთობლივად ადასტურებს ძირითად და ყველაზე არსებით ფაქტობრივ გარემოებებს (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №614აპ-18). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების - შ. ს-ის, დ. ა-ს, დ. ს-ის, ვ. ბ-ის, გ. ქ-სა და დ. ქ-ის ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ერთმანეთთან თანხვდენილია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, კერძოდ, თითოეული მათგანი უთითებს, რომ გამოვიდნენ ხმამაღალი ყვირილისა და გინების ხმაზე; დაინახეს, რომ დასისხლიანებული ც. გ-ია, რომელსაც ხელში ეჭირა გატეხილი ყავარჯენი, მისდევდა წვერებიან მამაკაცს (ტ. ღ-ს), რომელიც ნაწილმა მოგვიანებით ამოიცნო. მათი განმარტებით, იქვე იყვნენ კ. ჩ-ი და პ. ყ-ძე, რომლებიც ცდილობდნენ მათ გაშველებას. შემდეგ ამ წვერებიანმა მამაკაცმა დაბლიდან აიღო ასფალტის ნატეხი, უნდოდა ც. გ-ის დაერტყა, თუმცა კ. ჩ-მა და პ. ყ-მ არ მისცეს ამის საშუალება და ასფალტის ნატეხი გააგდებინეს ხელიდან. ამის შემდეგ ც. გ-ამ წვერებიან მამაკაცს (ტ. ღ-ს) მოუქნია ყავარჯნის ნაწილი, რაც მოხვდა ერთ-ერთ გამშველებელს მაჯაში, რის შემდეგაც, დ. ა-სა და შ. ს-ის განმარტებით, ც. გ-ია და წვერებიანი მამაკაცი (ტ. ღ-ი) მყისიერად შეეჯახნენ ერთმანეთს და ძირს დაეცნენ, რა დროსაც წვერებიანი მამაკაცის ხელში დაინახეს დანის მსგავსი საგანი, რასაც ც. გ-ას გულ-მკერდის არეში უქნევდა. გ. ქ-ის განმარტებით, ძალიან სწრაფად/წამიერად წვერებიანმა მამაკაცმა (ტ. ღ-მა) ც. გ-ს მარცხენა ხელი მოჰკიდა კისრის არეში და ორივე მათგანი დაეცა დაბლა, რა დროსაც წვერებიანმა მამაკაცმა (ტ. ღ-მა) ც. გ-ას მარჯვენა ხელით კისრის არეში ერთხელ მოუქნია დანის მსგავსი საგანი. დ. ქ-ის განმარტებით, 40 წლამდე მამაკაცმა (ტ. ღ-მა) ც. გ-ას მიმართ მანევრისას რაღაც საგანი მოუქნია გულ-მკერდის არეში, რის შემდეგაც ც. გ-ია დაეცა დაბლა. ვ. ბ-ის განმარტებით, ც. გ-ია და წვერებიანი მამაკაცი (ტ. ღ-ი) ნახტომით, მკერდებით შეეჯახნენ ერთმანეთს, წვერებიანმა მამაკაცმა ჭიდაობის ილეთის მსგავსი მოძრაობით ც. გ-ია ზურგზე დააგდო, ხოლო თვითონ ზემოდან მოექცა. დ. ს-ის განმარტებით, წვერებიანმა მამაკაცმა (ტ. ღ-მა) წამიერად დრო იხელთა, ც. გ-ას შემოეხვია, ჭიდაობის ილეთის მსგავსად ფეხი ფეხში გამოსდო და ორივე ძირს დაეცნენ, ასევე, უცნობი მამაკაცი ც. გ-ას ხელებს უქნევდა. ლ. შ-ის გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის თანახმად კი, წვერებიანი მამაკაცი მივარდა ც. გ-ას, რომელმაც მარცხენა ხელით მოქაჩა კისერში, ასევე, ც. გ-ას ფეხი დაუდო და გადაქაჩა უკნიდან, რა დროსაც მარჯვენა ხელი, რომელშიც ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა მარცხენა ბეჭისა და კისრის არეში. ამის შემდეგ თითქმის ყველა მათგანი უთითებს, რომ წვერებიანი მამაკაცი წამოდგა და კოჭლობით წავიდა გ-ის ქუჩის მიმართულებით; ტ. ღ-ლი ც. გ-ას ხელებს უქნევდა გულმკერდის, კისრისა და ბეჭის მიმართულებით, ნაწილმა დაინახა, რომ ტ. ღ-ს ხელში ეჭირა დანის მსგავსი/მაგვარი საგანი. შესაბამისად, ამ მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთთავსებადი და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში ასახული გარემოებები შეესაბამება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით დადგენილ დაზიანებებს, რაც აღენიშნება ც. გ-ას, კერძოდ, ჭრილობა გულმკერდის მიდამოში მარცხნივ, ლავიწქვედა მიდამოში, არხის მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან-ქვემოთ; ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხრის სარტყლის უკანა ზედაპირზე - მარცხენა ბეჭის ძვლის აკრომიონის მორჩის მოტეხილობით; ნაკვეთი ჭრილობა შუბლის არეში მარცხნივ; ქალასარქველის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ორმხრივი სუბდურული ჰემატომები და თავის ტვინის დაჟეჟილობა; მრავლობითი ნახეთქი ჭრილობები ამავე მხარეს შუბლის და თხემ-კეფის მიდამოებში - კანქვეშა სუბაპონევროზული ჰემატომებით და ჭრილობებში მოტეხილი ძვლოვანი ფრაგმენტებით; დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 19.12.19წ. ამავე დასკვნით დგინდება, რომ გულმკერდის მიდამოში მარცხნივ არსებული (მარცხენა პლევრის ღრუში შემავალი) ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; მარცხენა მხრის სარტყლის მიდამოში არსებული ნაჩხვლეტი ჭრილობა (ბეჭის ძვლის სამხრე მორჩის მოტეხილობით) განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჩხვლეტავი თვისების (მახვილი წვერის) მქონე საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო; შუბლის მიდამოში მარცხნივ არსებული ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; თავზე არსებული დანარჩენი დაზიანებები (ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სუბდურული სისხლჩაქცევებით, თავის ტვინის მაგარი გარსისა და ნივთიერების მთლიანობის დარღვევით, თავის ტვინის დაჟეჟილობით, მრავლობითი ნახეთქი ჭრილობებით თავზე და კანქვეშა სუბაპონევროზული სისხლჩაქცევებით) განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ყველა დაზიანება ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
29. რაც შეეხება გ. ს-ის ადვოკატის განმარტებას იმ გარემოებაზე, რომ გ. ს-ის მიერ დანის დარტყმის ფაქტი არ დასტურდება თვითმხილველი პირის ჩვენებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თვითმხილველი მოწმის არარსებობა თავისთავად არ მიუთითებს პირის უდანაშაულობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმე ნ. ნ-ის ჩვენების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.... და N... დასკვნების, თ. ქ-ის საცხოვრებელი ბინის აღჭურვის შედეგად მოპოვებული ე.წ „კრებსის“, მოწმე ა. მ-ის გამოკითხვის ოქმისა და მოწმე ა. ზ-ის ჩვენების შეფასების საფუძველზე დადასტურებულია, რომ გ. ს-მა დანის გამოყენებით ნამდვილად მიაყენა ჭრილობები ც. გ-ას. ამ უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გასაჩივრებული განაჩენით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია გ. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
30. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატ დ. მ-ის მოსაზრებასაც ტ. ღ-ის უდანაშაულობაზე საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე მისთვის შერაცხული ბრალის ნაწილში, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც, თანახმად სააპელაციო სასამართლოს მართებული დასკვნისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ტ. ღ-ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა - განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად.
31. ადვოკატი დ. მ-ი იმ პოზიციის დასადასტურებლად, რომლის თანახმადაც, სახეზე არ არის დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა, უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ტ. ღ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დაწყების დროს უკვე დასრულებული იყო მეორე ამსრულებლის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელება, რის გამოც, მსჯავრდებულის ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ახალი, დამოუკიდებელი დანაშაული.
32. საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მსჯელობას მოცემულ საკითხზე, კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ თანაამსრულებლობისათვის არ არის აუცილებელი, პირები დანაშაულში ქმედების შემადგენლობის განხორციელების დასაწყისიდანვე მონაწილეობდნენ. თანაამსრულებლობა სახეზეა მაშინაც, როდესაც პირი სხვის მიერ დაწყებულ ქმედებაში ებმება და დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილებას მეორე პირს სიტყვიერად ან კონკლუდენტურად უთანხმებს. ამგვარ თანაამსრულებლობას იურიდიულ დოქტრინაში თანმიმდევრულ ანუ ე.წ. „სუქცესიურ თანაამსრულებლობას“ უწოდებენ. მოცემულ შემთხვევაში, ტ. ღ-მა, სულ მცირე, კონკლუდენტურად შეუთანხმა რა დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება გ. ს-ს (ან პირიქით), ჩაება ამ უკანასკნელის მიერ უკვე დაწყებულ ქმედებაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ჯგუფურობა (გერმანულ ენაზე Johannes Wesels, Werner Beulke, Strafrecht, Allgemeiner Teil, 38. Auflage, 2008, $13/Rn. 527; Bernnd Heinrich, Strafrecht-Allgemeiner Teil II, 2. Auflage, 2010, Rn. 527 ff.; ხოლო ქართულ ენაზე - ქეთევან მჭედლიშვილ-ჰედრიხი, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, დანაშაულის გამოვლინების ცალკეული ფორმები, გამომცემლობა „მერიდიანი”, თბილისი, 2011, გვ.168-171).
33. ასევე უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ტ. ღ-ის ადვოკატის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს ც. გ-იას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მისი ქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). ამ ვერსიის დასადასტურებლად კასატორი უთითებს მოწმეთა განმარტებაზე, რომ როდესაც ტ. ღ-ი წამოდგა და ნელი ნაბიჯით წავიდა გ-ის ქუჩის მიმართულებით, ც. გ-იას მიაძახა: „გ-ში რომ გამოხვალ ...“ და დედის მისამართით შეაგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ განზრახვის არსებობისათვის შედეგის დადგომის სურვილი სავალდებულო არ არის, არამედ მთავარია, შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას, კერძოდ, დადგენილია, რომ ტ. ღ-მა ჯერ ყავარჯნები დაარტყა ც. გ-ას თავის არეში, ხოლო შემდეგ დანისმაგვარ საგანს ურტყამს არა ხელში, ფეხში ან სხეულის სხვა ისეთ ადგილას, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, არამედ სწორედ გულმკერდის/კისრის არეში, სადაც გადის მთავარი არტერია, რაც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ტ. ღ-ს ჰქონდა ც. გ-ს მკვლელობის განზრახვა.
34. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ამავე მუხლის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
35. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითა და მათი შეფასებით, როგორც გ. ს-ი, ისე ტ. ღ-ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას ც. გ-ას - სასიკვდილო შედეგის - მიმართ მოქმედებდნენ მინიმუმ არაპირდაპირი განზრახვით, რაც ამ ქმედების მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაციისათვის სრულიად საკმარისია, რადგან მოქმედი კოდექსიდან გამომდინარე, მცდელობა შეიძლება არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვის შემთხვევაშიც.
36. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსგავსად განზრახვასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულს ადასტურებს მსჯავრდებულების - გ. ს-სა და ტ. ღ-ის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალებები (გ. ს-ის შემთხვევაში დანა, ხოლო ტ. ღ-ის შემთხვევაში ყავარჯენი და დანის მაგვარი საგანი) და მათ მიერ მიყენებული დაზიანებათა რაოდენობა, განლაგება და ლოკალიზაცია, ხარისხი და სიმძიმე, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სიცოხლისათვის სახიფათო ადგილებს - თავის, გულმკერდის/კისრის არეს და, ბუნებრივია, მათ მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნებით სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში დაზიანებების მიყენებით იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის რისკი, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ქმედებები მიმართული იყო კონკრეტული პირისკენ; ეს გარემოებები კი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი აცნობიერებდნენ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას - ც. გ-ს სიცოცხლის მოსპობას; ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ როგორც გ. ს-ის, ასევე ტ. ღ-ის შემთხვევაში, დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების მხრიდან ხელშეშლის, გაშველებისა და მათი ქმედებების აღკვეთის გამო, მათ არ დარჩათ რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ დამატებითი დაზიანებები მიეყენებინათ ც. გ-ის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულების ქმედებაში გამოკვეთილია განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები, მათ შორის - განზრახვა.
37. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
38. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების - გ. ს-სა და ტ. ღ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.
39. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შესახებ ადვოკატების მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ გ. ს-სა და ტ. ღ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულების მიერ გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
41. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ა და მსჯავრდებულ ტ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი