საქმე # 120100120004115250
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №3აპ-23 ქ. თბილისი
ლ-ა ვ., 3აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ლ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენით ვ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. 2020 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.ა-ში, შ. რ-ს ქ.№...-ში მდებარე გ. ლ-ს საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, ვ. ლ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამას - გ. ლ-ს, რა დროსაც მან ძალით გააგდო სახლიდან სადარბაზოში გ. ლ-ა და ორჯერ დაარტყა მას ხელი სახისა და მუცლის არეში, რამაც გ. ლ-ს გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.ა-ში, შ. რ-ს ქ.№...-ში მდებარე გ. ლ-ს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, ვ. ლ-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამას - გ. ლ-ს, რითაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ვ. ლ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა ვ. ლ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინებით რ. გ-ს (პ/ნ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მისამართი: ა-ს რაიონი, სოფელი ტ-ი, ქ.N..., N...), საკადასტრო კოდი ....
2.3. გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, ვ. ლ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა - პროკურორმა გელა მაღრაძემ საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვ. ლ-ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
8. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმცირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას მხედველობაში იღებს ცალკეული საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ვ. ლ-ს გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
11. დაზარალებულმა გ. ლ-მ (გამართლებულ ვ. ლ-ს მამა) სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით, გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საყურადღებოა, რომ დაზარალებულმა გ. ლ-მ ჯერ კიდევ წინასასამართლო სხდომამდე მიმართა ახალციხის რაიონულ პროკურატურას განცხადებით, სადაც უარყო შემთხვევის დღეს ვ. ლ-თან ფიზიკური დაპირისპირებისა და მისგან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის განცდის ფაქტები (ტომი 1. ს.ფ. 161).
12. ოჯახური დანაშაულების დიდი უმრავლესობისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებებით შესაძლებელია მომხდარის თაობაზე ერთიანი წარმოდგენის შექმნა, კერძოდ: მოწმეების - თ. გ-ს, მ. ხ-სა და ნ. გ-ს ჩვენებებით უტყუარად დასტურდება 2020 წლის 14 სექტემბერს ლ-ს ოჯახში მომხდარი უთანხმოების ფაქტი, თუმცა არ დგინდება ვ. ლ-ს მხრიდან მამის - გ. ლ-ს მიმართ ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის ფაქტები. ყველა მათგანი მიუთითებს ბოსტნის ტერიტორიაზე გ. ლ-ს მიერ ნაჯახის ფლობაზე; მოწმე მ. ხ-ე პირდაპირ გამორიცხავს შემთხვევის დროს ვ. ლ-ს იქ ყოფნის ფაქტს, როდესაც გ. ლ-ს აწყნარებდა და მიუთითებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია. ვ. ლ-ს მხრიდან ძალადობასა და მუქარაზე არ საუბრობენ არც თვითმხილველი მოწმეები - თ. გ-ი და ნ. გ-ი.
13. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ლ. ზ-ს, კ. ს-ს, თ. ა-ს, ვ. ნ-სა და თ. კ-ს ჩვენებებზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მოწმეებმა დაადასტურეს ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე და ავთენტურობა და ისინი უშუალოდ არ შესწრებიან მომხდარ ფაქტს.
14. გ. ლ-ს განცხადების მიხედვით, 2020 წლის 14 სექტემბერს, საკუთარ სახლში შვილმა - ვ. ლ-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვა დახმარება (ტომი 1, ს.ფ. 2).
15. №... შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2020 წლის 14 სექტემბერს, ქ. ა-ში, რ-ს ქ.№... მცხოვრებმა ვ. ლ-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - გ. ლ-ს (ტომი 1. ს.ფ. 50-57).
16. საქმეში არსებული ზემოაღნიშნული უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებები, გარდა იმისა, რომ შედგენილია მხოლოდ ერთი პირის - გ. ლ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით ან საფუძველზე, არ შეიცავენ ინფორმაციას სავარაუდო ფიზიკური ძალადობის დროს განცდილ ტკივილზე, არც იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, კონკრეტულად რაში გამოიხატა ამგვარი ძალადობა. მათში საერთოდ არაა საუბარი ვ. ლ-ს მხრიდან მუქარის ჩადენაზე, უფრო მეტიც, შემაკავებელი ორდერის ოქმის შესაბამის გრაფაში, დამუქრებია თუ არა მოძალადე მსხვერპლს ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც მსხვერპლში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია, აღნიშნულია პასუხი - არა (ტომი 1. ს.ფ. 53, გრაფა 5.2).
17. აღსანიშნავია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... დასკვნაც, რომლის თანახმად, გ. ლ-ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (ტომი 1, ს.ფ. 63-65).
18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვითა და გ. ლ-ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გ. ლ-მ შვილის - ვ. ლ-ს მიერ ჩადენილი ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა (ტომი 1, ს.ფ. 112- 118). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარე ვ. ლ-ს ედავება 2020 წლის 14 სექტემბერს მამის - გ. ლ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ჩადენას. აღნიშნული დანაშაულებისათვის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს არ წარმოადგენს დაზარალებულში ტანჯვის განცდა. შესაბამისად, მოცემული ექსპერტიზის დასკვნა არარელევანტურია ბრალდების იმ ეპიზოდების დასადასტურებლად, რაც ვ. ლ-ს აქვს წარდგენილი.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 2020 წლის 14 სექტემბერს ვ. ლ-ს მხრიდან მამის მიმართ ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტები; ასევე არაფერი მიუთითებს აღნიშნული დანაშაულების ობიექტური ნიშნების - დაზარალებულში ტკივილის განცდისა და შიშის არსებობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობისას, შესაძლებელია, ობიექტური ტესტის მეშვეობით გადაწყდეს აღნიშნული დაზიანებების მიყენებისას დაზარალებული განიცდიდა თუ არა ტკივილს, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებები ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, ვინაიდან არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და ტკივილის განცდაზე. მუქარის დროს განცდილი შიშის შესაფასებლად კი საქმის მასალებში ობიექტური კრიტერიუმებიც არ მოიპოვება.
20. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი