Facebook Twitter

საქმე # 010100121005016992

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №46აპ-23 ქ. თბილისი

ა-ე გ. 46აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ა-ს, - დაბადებულს … წლის … მარტს, - ბრალად ედება ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 12:25 საათზე, ქალაქ ბ-ში, ლ-ს ქუჩის №…-ში არსებული ევროპული ტანსაცმლის მაღაზიიდან, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის სამჯერ ნასამართლევი გ. ა-ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ე. გ-ს კუთვნილ საფულეს და მასში მოთავსებულ თანხას - 1950 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენით:

2.1. გ. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გ. ა-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.3. გამართლებულ გ. ა-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, გ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის - ნიკა მენთეშაშვილის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ლოგიკურ შეფასებას.

9. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც გ. ა-ე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში არ ამხილა. ე. გ-მ განმარტა, რომ გ. ა-ს მიერ ჩანთიდან მისი საფულის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს, მან გამოთქვა მხოლოდ ეჭვი იმის შესახებ, რომ მისი კუთვნილი საფულე მოიპარა გ. ა-მ.

10. გარდა დაზარალებულისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეებიც არ შესწრებიან გ. ა-ს მიერ ე. გ-ს კუთვნილი საფულის დაუფლების ფაქტს. შესაბამისად, ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველები და მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს.

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ. მ-ა განმარტა, რომ მან ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა. ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა ორი ცალი დალუქული პაკეტი. კვლევის შედეგად გაიცა შემდეგი სახის დასკვნა: ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია ანუ შესაძლებელია პიროვნების სავარაუდო დადგენა-ამოცნობა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N1 დისკზე არსებულ გ. ა-ს ელექტრონულ ფოტოსურათსა და N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ბრალდების მხარის კითხვაზე, თუ რატომ იქნა გაცემული სავარაუდო და ვერ იქნა გაცემული კატეგორიული ხასიათის დასკვნა, ექსპერტმა განმარტა, რომ გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნებას დაფარული ჰქონდა სახე, ასევე ვიდეოგრამის ხარისხი არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ გამოკვეთილიყო პიროვნების კერძო ნიშნები, ის თანადამთხვევები, რაც გამოვლინდა და ის ნიშნები, რაც გამოჩნდა, დამახასიათებელია ადამიანების დიდი ჯგუფისათვის. ვინაიდან კერძო ნიშნები იყო მცირე რაოდენობით, ისინი არ ჩანდა და ამიტომაც ვერ იქნა გაცემული კატეგორიული ხასიათის დასკვნა და დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ სავარაუდოდ ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული.

12. ამდენად, შესაბამისი ცოდნის, გამოცდილების, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების მქონე ექსპერტი ვერ ადასტურებს უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად იმ ფაქტს, რომ ვიდეოზე დაფიქსირებული პიროვნება არის ნამდვილად გ. ა-ე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნა, რომელიც ეყრდნობა სავარაუდო მონაცემებს, მოცემულ შემთხვევაში არ არის ისეთი მაღალი მტკიცებულებითი ძალის მქონე, რომელიც საფუძვლად დაედება პირის მსჯავრდებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები.

13. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორების - მ. პ-სა და გ. ტ-ს განმარტებებს, რომ მათ ვიდეოჩანაწერებში გ. ა-ე ამოიცნეს სიარულით, სისხარტით, ჩაცმის სტილით, აღნაგობით, თვალებით, წარბებით, აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთ კადრში არ ჩანს პიროვნების სახე, ხოლო სხვა ფიზიკური მახასიათებელი (კერძო ნიშნები) - ისე მკაფიოდ და ცალსახად, რომ იდენტიფიცირება უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად იყოს შესაძლებელი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს ვიდეოკადრების დათვალიერებაში და მათი მტკიცებით, შეძლეს ამ კადრებში პირის შეცნობა - სიარულის მანერით, აღნაგობით, სისხარტით, ჩაცმის სტილით. რომც არსებობდეს „სიარულის მანერით“ ადამიანის უტყუარად ამოცნობაში დარწმუნების ალბათობა, რამდენიმე ნაბიჯზე ფეხის გადადგმა სიარულის მანერაზე, სისხარტეზე წარმოდგენის შესაქმნელად არასაკმარისია. სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება ამ ნაწილში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ქურდობის დანაშაულის გამოძიების მეთოდიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, ხოლო ბრალდების მხარის მიერ ამ კუთხით სისხლის სამართლის საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად არ იქნა მიღებული საჭირო ზომები, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა დანაშაულის გახსნისა და მისი ჩამდენი პირის დადგენის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო თვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს გ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი