საქმე # 140100119003199465
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №48აპ-23 ქ. თბილისი
დ-ე მ. 48აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - ზურაბ წერეთლისა და მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენით:
1.1. მ. დ-ე, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, 220-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, 220-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25,208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 4000 ლარი, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ მ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 22 სექტემბრიდან.
1.2. ხ. ს-ი, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
1.3. მ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ყადაღა უნდა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის №12/15-19 განჩინებით ვ. ჯ-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: გ-ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ა-ო, საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა გ-ი №..., სექტორი დიცი №..., კვარტალი №..., ნაკვეთი №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 1200.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი №66.10.09.154, მესაკუთრე: ვ. ჯ-ი (პირადი №...).
1.4. ხ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ყადაღა უნდა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის №12/16-19 განჩინებით, მ. ბ-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.თ-ში, დასახლება გ-ი, მიკრორაიონი ..., კორპუსი №..., საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა თ-ი №..., სექტორი გ-ი №..., კვარტალი №..., ნაკვეთი №.., კოდი №…, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1015.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა: №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 3301.86, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი: სადარბაზო №.., სართული №.., ბინა №.., 12.94 კვ.მ, აივანი, სადარბაზო №.., სართული №.., 5.35 კვ.მ. მესაკუთრე: მ. ბ-ე (პირადი №...).
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება; სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდების ორგანიზება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების და გამოყენების მიზნით და გასაღება; სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; ხოლო ხ. ს-მა - ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №… ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა შპს „გ-ს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი, ხოლო წლიური მოგების და ქონების გადასახადის ნაწილში 2010- 2014 წლების საანგარიშო პერიოდი. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „გ-ს“, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას, ბუნებრივი აირის საწვავით ავტომანქანების მომსახურებას ახდენდა ქ. გ-ი ც-ს გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე და ორი მოძრავი სპეცავტომანქანით გ-სა და ქ-ს ტერიტორიაზე, ბუღალტერმა და დირექტორის მინდობილმა პირმა მ. დ-მ, 2010 წლის 01 იანვრიდან, 2015 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში დამალა რეალურად მიღებული შემოსავალი და მცდარი მონაცემებით დაადეკლარირა კომპანიის გადასახადები, რითაც, მიუხედავად იმისა, რომ ფირმას ჰქონდა საკმაო შემოსავლები, განზრახ თავი აარიდა: 196 225 ლარის ოდენობით მოგების გადასახადის, 291 604 ლარის ოდენობით დ.ღ.გ-ს გადასახადის, 2 111 ლარის ოდენობით ქონების გადასახადის, 14.073 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადისა და 430.715 ლარის ოდენობით აქციზის გადასახადის გადახდას. შემოწმების შედეგად 2015 წლის 16 დეკემბერს, რომელიც შეიცვალა 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანებით და 2016 წლის 11 თებერვალს გამოიცა სსიპ შემოსაველების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ბრძანებები და ამ ბრძანებების საფუძველზე N025-8 და 025-4 საგადასახადო მოთხოვნები, რომელთა თანახმად შპს „გ-ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადის თანხა ჯამში 934 726 ლარი. აღნიშნულ ბრძანებას და საგადასახადო მოთხოვნებს მ. დ-ე გაეცნო ელექტრონულად, თუმცა არ მოახდინა კანონით დადგენილ ვადაში გადასახადების გადახდა.
· შპს „გ-ს“ ბუღალტერმა და დირექტორის მინდობილმა პირმა მ. დ-მ, რომელიც უშუალოდ განაგებდა შპს „გ-ს“ საქმიანობას და მიუწვდებოდა ხელი კომპანიის შემოსავლებზე, ასევე უშუალოდ განკარგავდა კომპანიის საბანკო ანგარიშებს, 2010 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შ-ს რეგიონსა და ქ.თ-ში, კომპანიის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვის, ასევე ხელზე გატანის და კომპანიის თანამშრომლების მიერ ნავაჭრი თანხის, მისი, ე. დ-ს და გ. დ-ს ანგარიშებზე შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „გ-ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, საერთო ჯამში 3.724 833 ლარი.
· შპს „გ-ს“ ბუღალტერმა და დირექტორის მინდობილმა პირმა მ. დ-მ, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას, ბუნებრივი აირის საწვავით ავტომანქანების მომსახურებას ახდენდა ქ. გ-ი ც-ს გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე და ორი მოძრავი სპეც. ავტომანქანით გ-ს და ქ-ს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა, არ გადაიხადა ბუნებრივი აირის მიმწოდებლის სს „ს-ის“ დავალიანება 1 128 740 ლარი, რის გამოც ამ უკანასკნელმა შეუწყვიტა კომპანიას ბუნებრივი აირის მიწოდება. მ. დ-ს მართლსაწინააღმდეგოდ უკვე მითვისებული ჰქონდა რა შპს „გ-ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელებისა და შესაბამისად შპს „გ-ს“ თანხების კვლავ მისათვისებლად, პირადი გამორჩენის მიზნით, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის სანაცვლოდ, მ. დ-მ სს „ს-ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 იანვარს, ქ. თ-ში ნოტარიუსთან იპოთეკით დატვირთა შპს „ო-ს“ ქონება, რომლის დირექტორიც იყო თავად და შპს „მ-ს“ ქონება, სადაც წარმოადგენდა დირექტორის მინდობილ პირს. მიუხედავად იმისა, რომ შპს „გ-ს“ აღუდგა ბუნებრივი აირის მიწოდება, მ. დ-მ, ნავაჭრი თანხიდან მაინც არ დაფარა დავალიანება, სს „ს-ის“ მიმართ და კვლავ მიითვისა შპს „გ-ს“ შემოსავლები. აღნიშნულით მ. დ-მ ბოროტად გამოიყენა შპს „ო-ს“ და შპს „მ-ს“ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და პირადი გამორჩენის მიზნით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ კომპანიებს, რაც გამოიხატა სს „ს-ის“ მიერ მის მიმართ არსებული 1.128.740 დავალიანების უზრუნველსაყოფად, შპს „ო-ს“ და შპს „მ-ს“ ქონებების რეალიზაციის უფლების მიღებაში.
· შპს „გ-ს“ დირექტორმა მ. დ-მ შპს „გ-ს“ სახელით 2013 წლის 31 დეკემბერს ქ. თ-ში სს „ს-ან“ აიღო მიზნობრივი კრედიტი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა ქ-ს რაიონის სოფელ ბ-ში ბუნებრივი აირის საწვავით ავტომანქანების მომსახურების სადგურის მშენებლობას ძირითადი საშუალებების შეძენისთვის. კრედიტის ასაღებად 2013 წლის 31 დეკემბერს ქ.თ-ში, მ. დ-მ იპოთეკით და გირავნობით დატვირთა შპს „გ-ს“ უძრავი ქონება, ხოლო შპს „გ-ს“ უძრავი და მოძრავი ქონება, სადაც იყო დირექტორის მინდობილი პირი. მ. დ-მ შპს „გ-ს“ და შპს „გ-ს“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღებს მიზნით, საბანკო ანგარიშიდან 2013 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის იანვრის თვის ბოლომდე გამოიტანა შპს „გ-ს“ სახელით აღებული მიზნობრივი კრედიტის თანხა 200.000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. მ. დ-მ არც შესაბამისი ბანკის დავალიანება გადაიხადა. აღნიშნულმა დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა შპს „გ-ს“. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია როგორც სს „ს-ის“, რაც გამოიხატა მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულემისამებრ გამოყენების შედეგად კრედიტის თანხის ბანკისთვის დაუბრუნებლობაში, ასევე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია შპს „გ-ს“ და შპს „გ-ს“, რადგან მ. დ-ს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად მათი კუთვნილი ქონება დატვირთულია იპოთეკით, ზემოაღნიშნული კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით.
· შპს „მ-ს“ დირექტორის მინდობილმა პირმა მ. დ-მ ქ. თ-ში, 2016 წლის ოქტომბერში ხ. ს-ს სახელზე შპს ,,მ-ს“ განაცემთა დეკლარაციებში ყალბად დაადეკლარირა თითქოს ხ. ს-ს მიღებული ჰქონდა ხელფასის სახით 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 3125 ლარი, სულ 28125 ლარი. 2016 წლის 27 ოქტომბერს ქ. თ-ში მ. დ-მ ხ. ს-ს შემოსავლების სამსახურიდან, ააღებინა ცნობა მიღებული შემოსავლის შესახებ დანართთან ერთად, რომელშიც დაფიქსირებული იყო მ. დ-ს მიერ დეკლარირებული ყალბი მონაცემები ხ. ს-ს სახელზე. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მ. დ-ს მითითებით ხ. ს-მა 2016 წლის 7 ნოემბერს ქ. გ-ში სს „ბ-ან“ აიღო კრედიტი 15000 ლარის ოდენობით, რაც გადასცა მ. დ-ს. ხ. ს-მა და მ. დ-მ არ გადაიხადეს ზემოხსენებული კრედიტის თანხა. ყოველივე აღნიშნულით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სს „ბ-ას“ სამართალმემკვიდრე სს „თ-ს“.
· შპს „მ-ს “(ს/ნ 226152409) ბუღალტერმა და დირექტორის მინდობილმა პირმა მ. დ-მ, რომელიც უშუალოდ განაგებდა შპს „მ-ს“ საქმიანობას და მიუწვდებოდა ხელი კომპანიის შემოსავლებზე, ასევე უშუალოდ განკარგავდა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს, 2013 წლის 8 ივლისს სს „ს-ნ“, ხოლო 2015 წლის 30 ნოემბერს სს „ტ-ნ“ შპს „მ-ს“ სასტუმროს რეაბილიტაციის მიზნით კომპანიის სახელით აიღო სესხები ჯამში 960.000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმ პერიოდის კურსით შეადგენდა 1.999.559 ლარს. 2013 წლის 5 ივლისიდან 2017 წლის 1 იანვრამდე შპს „მ-ს“ სამეწარმეო საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 510.138 ლარი. 2013 წლის 5 ივლისიდან 2017 წლის 1 იანვრამდე შპს „მ-ს“ მიერ მიღებული ზემოხსენებული თანხა სულ 2.509 697 ლარის ოდენობით იმყოფებოდა მ. დ-ს ფაქტობრივ მფლობელობასა და გამგებლობაში, საიდანაც მან იმავე პერიოდში შპს „მ-ს“ ინტერესებისთვის დახარჯა 2 006 776 ლარი, ხოლო ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შ-ს, ს-ს რეგიონებსა და ქ.თ-ში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საწარმოს კუთვნილი თანხა 502 921 ლარი.
· შპს „მ-ს“ დირექტორის მინდობილმა პირმა მ. დ-მ ქ.თ-ში, 2016 წლის ოქტომბერში შპს ,,მ-ს“ განაცემთა დეკლარაციებში ყალბად დაადეკლარირა თითქოს ხ. ს-ს მიღებული ჰქონდა ხელფასის სახით 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 3125 ლარი, სულ 28125 ლარი. 2016 წლის 27 ოქტომბერს ქ. თ-ში მ. დ-მ ხ. ს-ს შემოსავლების სამსახურიდან, ააღებინა ყალბი ცნობა მიღებული შემოსავლის შესახებ დანართთან ერთად, რომელშიც დაფიქსირებული იყო მ. დ-ს მიერ დეკლარირებული ყალბი მონაცემები ხ. ს-ს სახელზე. იმავე წლის 1 ნოემბერს შპს „მ-ს“ სახელით მ. დ-მ ფიქტიურად ჩარიცხა თანხა 2500 ლარის ოდენობით, ხ. ს-ს „ს-ის“ ანგარიშზე, თითქოს მას დაერიცხა ხელფასი, რის საფუძველზეც ხ. ს-მა ბანკიდან აიღო 7 ანგარიშის ამონაწერი, სადაც ყალბად იყო მითითებული მის სახელზე ხელფასის ჩარიცხვა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხ. ს-მა 2016 წლის 7 ნოემბერს ქ. გ-ში სს „ბ-ან“ აიღო კრედიტი 15000 ლარის ოდენობით, რაც გადასცა მ. დ-ს. ხ. ს-მა და მ. დ-მ არ გადაიხადეს ზემოხსენებული კრედიტის თანხა. ყოველივე აღნიშნულით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სს „ბ-ას“ სამართალმემკვიდრე სს „თ-ს“.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ - ზურაბ წერეთელმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულების - მ. დ-სა და ხ. ს-ის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს-მა შესაგებლით მოითხოვა პროკურორ ზურაბ წერეთლის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4.2. მსჯავრდებულ ხ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მ შესაგებლით მოითხოვა პროკურორ ზურაბ წერეთლის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მსჯავრდებულის გამართლება.
4.3. მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მ. დ-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდება
6.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა გ. კ-მა განმარტა, რომ 2003-2004 წლებში დაიწყო შპს ,,გ-ს“ მშენებლობა და სიძემ მიუყვანა გ. დ-ე, როგორც ელექტროინჟინერი. ბუღალტრად მიიყვანეს გ. დ-ს მეუღლე - მ. დ-ე, რომელიც აწარმოებდა ყველანაირ საბუღალტრო სამუშაოებს. 2011 წლიდან მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მ. დ-ს მისცა მინდობილობა და სწორედ 2011 წლიდან დაიწყო შპს ,,გ-ს“ „დაქცევა“. დაზარალებულმა ყველაფერი 2016 წლის ბოლოს გაიგო, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ,,ს-ის“ მიმართ დავალიანება ჰქონდათ. 2015 წელს შესამოწმებლად შევიდა შემოსავლების სამსახური, რა დროსაც მ. დ-მ უთხრა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაუწერეს. სინამდვილეში კი მილიონამდე ჯარიმა იყო დაწერილი. შემდეგ კიდევ შეამოწმეს და კომპანია ისევ დააჯარიმეს, რაც მისთვის ცნობილი არ იყო. კითხვაზე, თუ რატომ არ გაასაჩივრა შემოწმების აქტი ან იგი საქმის კურსში რატომ არ ჩააყენა, მ. დ-მ უპასუხა, რომ ეგონა ყველაფერს თავად მოაგვარებდა; ამასთან, უთხრა, რომ 400000 უკვე მოპარული ჰქონდა, შეეშინდა და ვერ უთხრა. მ. დ-ე არ დაეთანხმა მის წინადადებას, რომ სასამართლოს გზით აღედგინათ აქტის გასაჩივრების გაშვებული ვადა და უთხრა, რომ შემოსავლების სამსახურში ჰყავდა ახლობელი და უფროსი შეჰპირდა საქმის მოგვარებას. დაზარალებულის განმარტებით, მ. დ-ს ჯ-ს ქუჩაზე ჰქონდა ოფისი, სადაც მასთან ერთად გადიოდა „ორისის“ საბუღალტრო პროგრამას კომპიუტერში, კერძოდ, შემოსავალ-გასავალს და ნაშთს ამოწმებდა. აღმოჩნდა, რომ არასწორი მონაცემები ჰქონდა შეტანილი, იგი ენდობოდა მ. დ-ს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ შეიძლებოდა ამ პროგრამის გაყალბება. ამასთან გაირკვა, რომ ყოველთვიურად იყო დანაკლისი, „ს-ი“ არ შედიოდა თანხა და არც დღგ-ს იხდიდა. კითხვაზე, „ს-ს“ გადაუხადა თუ არა თანხა, მ. დ-მ უპასუხა, რომ 400000 გადაურიცხა, რის დასადასტურებლად გადახდის ქვითრები აჩვენა 100000 და 300000 ლარზე. როდესაც გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ თანხა გადარიცხული არ იყო. შემდგომ გაირკვა, რომ მ. დ-მ „ს-ს“ ჩაუდო შპს ,,მ-სა“ და შპს ,,ო-ს“ ქონება იმისათვის, რომ „ს-ს“ გაზი არ შეეწყვიტა და მას არაფერი გაეგო. 2016 წელს „ს-ა“ გაზის მიწოდება შეწყვიტა; როცა მივიდა საქმის გასარკვევად, აღმოჩნდა, რომ დავალიანება ჰქონდათ. მ. დ-მ პირველად ,,ტ-ნ“ გამოიტანა მილიონი, მერე „ს-ა“ გადაუხადა ,,ტ-ს“ მილიონი და ეს დავალიანება თავისთან წამოიღო. მ. დ-ს ყველაფერზე ჰქონდა წვდომა, rs.ge-ის პაროლიც ჰქონდა. 2015-2016 წლებში საერთოდ გაჩერებული იყო შპს ,,გ-ი“, გაზის დავალიანება იყო მილიონ ასორმოცდაათი ათასი, მაშინ, როცა მან იცოდა, რომ დავალიანება არ ჰქონდა. მისი შეცდომა ის იყო, რომ გადარიცხვებთან დაკავშირებით შეტყობინებებს არ იღებდა და ამას არ აკონტროლებდა.
6.2. დაზარალებულ გ. კ-ს განმარტებით, იგი სასტუმრო „მ-ის“ 100%-იანი წილის მფლობელი იყო. საუბედუროდ, იქაც მ. დ-ე წაიყვანა. 2013 წელს „მ-ი“ დაიწვა, მან თავისი პირადი თანხებით დაიწყო გარემონტება. იფიქრა, რომ 200000-მდე დაჭირდებოდა თანხა. ბანკში სესხზე წასვლისას მ. დ-ე გააფრთხილა, რომ მას თუ რამე სესხი ჰქონდა, არ გაეერთიანებინა და ცალკე აეღო სესხი. მ. წავიდა, გააერთიანა სესხი, მილიონი გამოიტანა და თავისი ვალები გადაფარა. იგივე მდგომარეობა იყო შპს ,,ო-ში. მ. დ-მ ,,თ-ი“ ბანკიდან 200000 გამოიტანა და წაიღო. კითხვაზე, სად წავიდა თანხები, მ. დ-ე ხან ეუბნეოდა, რომ სასამართლოში მიიტანა, ხანაც - ფინანსურ პოლიციაში, შემდეგ უთხრა, რომ შენახული ჰქონდა. შპს ,,მ-სა“ და შპს ,,ო-ს“ ქონების ჩადებაზე მას თანხმობა არ მიუცია. როგორც ახსოვს, „ს-ი“ აიღეს სესხი 3200000, შემდეგ ამ თანხას ვერ იხდიდა და მ-მ უთხრა, რომ ეს სესხი „ტ-ი“ გადაეტანათ, რადგან პროცენტი დაბალი იქნებოდა, რაზეც დათანხმდა. „ტ-ან“ გამოტანილი თანხიდან ნახევარი მ. დ-მ თავის სესხზე გამოიყენა, რაც მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
6.3. დაზარალებულმა არ უარყო ხელშეკრულებებზე მისი ხელმოწერები, თუმცა ეს ახსნა იმით, რომ მ. დ-ს ენდობოდა და არც კითხულობდა. ბუღალტერი რომ ეკონტროლებინა, მინდობილობას აღარ მისცემდა. შპს ,,გ-ს“ გაზის გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონია, სხვა საქმიანობას არ ეწეოდა. უშუალოდ მას გაზის დავალიანება ე.წ. „ქეშად“ „ს-ი“ არ შეუტანია. როგორც იცის, არც მ. დ-ს აქვს შეტანილი ხელზე რაიმე. 2011 წლიდან 2016 წლამდე შპს ,,გ-ს“ ანგარიშები მას არ შეუმოწმებია.
6.4. დაზარალებულის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია სასამართლოში გამოკვლეული, გ. კ-სა და მ. დ-ს შორის არსებული საუბრის ფარულ ჩანაწერი. ჩანაწერებიდან ცალსახად დასტურდება, რომ გ. კ-ის უცნობი იყო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების, შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „გ-ს“ მიმართ დაჯარიმებისა და „ს-ის“ მიმართ დავალიანების შესახებ. გ. კ-ს შეკითხვაზე რატომ დაუმალა ჯარიმის თაობაზე ან „გ-ის“ დავალიანების შესახებ, მ.დ-ე ვერაფერს პასუხობს და თავს იმით იმართლებს, რომ შეეშინდა, მას არ ენერვიულა. შემოსავლების სამსახურში ჰპირდებოდნენ, რომ საქმეს მოუგვარებდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მ. დ-ე გ. კ-ს ასევე ეუბნება, რომ თუ გრაფიკს დაუწესებენ სამასი ათასს გადაიხდის. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პირველი ჩანაწერის მიხედვით, მ. დ-ე გ. კ-ს უმტკიცებს, რომ მას სახლში ფული არ წაუღია, მეორე ჩანაწერში კი მსჯავრდებული ამბობს, რომ მხოლოდ 400000 ლარი წაიღო და იმედი ჰქონდა დააბრუნებდა, იცის, რომ დააშავა. გ. კ-ს შეკითხვაზე: „ორგანიზაციის ფულს დაუკითხავად, რატომ მოჰკიდა ხელი?“ მ. დ-ე პასუხობს: „გავიგე“. აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სასამართლომ მსჯავრდებულისაგან ვერანაირი ახსნა ვერ მოისმინა.
6.5. იმ ფაქტს, რომ კომპანიის საქმიანობას სრულად წარმართავდა მ. დ-ე, ადასტურებს 2011-2013-2015 წლებში გ. კ-ს მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობები.
6.6. დაცვის მხარის მტკიცებით, მ. დ-ს სახელზე 2013 წლის დეკემბრამდე გაცემული იყო სტანდარტული მინდობილობა მხოლოდ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით და არსად - სხვა მინდობილობებისაგან განსხვავებით არ არის მითითებული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ვალდებულების შესახებ. შესაბამისად, იგი არ იყო პასუხისმგებელი პირი 2010-2013 წლებში შპს „გ-ს“ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხში.
6.7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამ პოზიციას, ვინაიდან 2011 წლის 18 იანვრის პირველად გაცემული მინდობილობის მიხედვით, რომელსაც ვადა ჰქონდა 2014 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მ. დ-ს გარდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა, გ. კ-მა უფლება მიანიჭა მისი სახელით შეესრულებინა შპს „გ-ს“ საქმიანობასთან დაკავშირებით კანონით ნებადართული ყველა მოქმედება; ასევე შეუზღუდავად ეწარმოებინა ნებისმიერი საბანკო ოპერაციები/ტრანზაქციები და სხვა ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ოპერაციები.
6.8. ადვოკატის მტკიცებით, მსჯავრდებულზე შემდეგ წლებში მინდობილობების გაცემის ფაქტი წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილთან, სადაც მისი თქმით, სწორედ 2011 წლიდან დაიწყო კომპანიის „დაქცევა“. დაზარალებულმა სასამართლოში ნამდვილად თქვა ამის თაობაზე, თუმცა კასატორი ყურადღებას არ ამახვილებს იმასთან დაკავშირებით, რომ გ. კ-ის მ. დ-ს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 2016 წელს, შემოსავლების სამსახურის შემოწმების შედეგისა და „ს-ან“ დავალიანების ფაქტის დადასტურების შემდეგ. შესაბამისად, 2015 წლის 15 დეკემბრისათვის (ბოლო მინდობილობის გაცემის დღე) გ. კ-ს ობიექტურად არ გააჩნდა იმის საფუძველი, რომ მ. დ-ზე მინდობილობა არ გაეცა. ფარულ აუდიოჩანაწერებში თავად მსჯავრდებული გ. კ-ს ეუბნება: „სანამ მინდობილობები არ გააუქმე, ყველაფრის გაკეთება შემეძლო“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მ. დ-ე სრულად ახორციელებდა კომპანიის საქმიანობას.
6.9. პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს „გ-ს“ დამფუძნებლების - გ. კ-ს, თ. მ-ს, თ. ჯ-ს,ზ. ლ-ს, ა. ლ-სა და დ. ბ-ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ მათ დააფუძნეს შპს „გ-ი“, საწარმოს ძირითადი წილი ეკუთვნოდა და დირექტორი იყო გ. კ-ი, რომელმაც მ. დ-ს სახელზე გასცა მინდობილობა საწარმოს მართვის თაობაზე. გ. კ-ს გარდა სხვა დამფუძნებლები საწარმოს მართვაში არ მონაწილეობდნენ. დამფუძნებლები საწარმოდან სხვადასხვა დროს იღებდნენ დივიდენდის სახით გარკვეულ თანხას, თუმცა აღნიშნულს არ ჰქონია სტაბილური ხასიათი. დივიდენდი გაიცემოდა 3-4 თვეში ერთხელ, რა დროსაც უწყისებზე აწერდნენ ხელს. მ. დ-ე დივიდენდის გაუცემლობის მიზეზად ასახელებდა იმას, რომ იურიდიული პირების მიერ შპს „გ-ს“ ანგარიშზე არ ხდებოდა შესყიდული გაზის საფასურის დროულად ჩარიცხვა.
6.10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოსაზრებას, რომლის თანახმად, წინააღმდეგობრივია დაცვის მხარის მსჯელობა, როდესაც ერთის მხრივ ამტკიცებს, რომ გ. კ-ს კომპანიის მართვაში სრულად ჩართულობაზე და მეორეს მხრივ უთითებს, რომ იგი, როგორც დირექტორი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვალდებული იყო წელიწადში მინიმუმ ერთხელ მოეწვია პარტნიორთა კრება, რაც არ გაუკეთებია.
6.11. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ე. დ-მ განმარტა, რომ მ. დ-ე არის მისი ძმისცოლი. მას (მ. დ-ს) ქ.თ-ში, ჯ-ს ქუჩაზე ჰქონდა ოფისი, სადაც მუშაობდა ბუღალტრად. შპს „გ-ს“ ძირითადი ბუღალტერი იყო მ. დ-ე, თავად კი ეხმარებოდა. ყველა თანხასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდა მ. დ-ე და ყველა ტრანზაქციის კურსში იყო. შემოსავლების სამსახურმა კომპანიაში შემოწმება ჩაატარა ორჯერ. პირველი შემოწმების აქტი გაასაჩივრა თვითონ, ხოლო მეორე შემოწმების აქტი არ გასაჩივრებულა. მოწმემ განაცხადა, რომ მისი აზრით, შპს „გ-ში“ შემოწმება რომ მიმდინარეობდა, გ. კ-თვის ცნობილი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, სადაც ის ამბობდა, რომ - „მ. დ-მ სანამ არ მიიღო პირველი და მეორე შემოწმების აქტები, კ-თვის შემოწმების შესახებ ცნობილი არ იყო“ - მოწმემ განაცხადა, რომ მაშინ, გამოძიებისათვის ჩვენების მიცემის დროს უფრო კარგად ახსოვდა. მისივე თქმით, კომპანიის შემოწმებამდე მ. დ-ე იყენებდა „T-ი“ მის ანგარიშს და ინტერნეტბანკი ჰქონდა მას. „XL-ის “პროგრამაში მონაცემები შეჰყავდა მ. დ-ს მითითებით, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იყო „ორისის“ პროგრამის სისწორესთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურს მ-ს დავალებით მისცა კომპანიის საბუღალტრო დოკუმენტაცია და „ორისის“ პროგრამა.
6.12. გარდა აღნიშნულისა, ინტერნეტმომწოდებელი კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და იმ IP მისამართების მფლობელთა დაკითხვებით, რომლითაც ხდებოდა შესვლა შპს „გ-ს“ RS.GE-ს გადასახადის გადამხდელ ელექტრონულ მოდულზე და ინტერნეტბანკში ყველა IP მისამართი ეკუთვნით პირებს, რომლებთანაც დაკავშირებულია მ. დ-ე და სწორედ ის ან მისი დავალებით ე. დ-ე ახდენდა საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას, ასევე ინტერნეტბანკით საბანკო ოპერაციებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანიის საგადასახადო და ფინანსურ მართვას სრულად ახორციელებდა მ. დ-ე.
6.13. საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მსგავსად მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“, „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრთან“, ასევე „ს-ი“ გაგზავნილი წერილები, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებს, ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ გ. კ-ის ცნობილი იყო შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიაში შემოწმების, შემოწმების აქტის არგასაჩივრებისა და „ს-ის“ მიმართ დავალიანების შესახებ. ამის დადასტურებაა ფარული აუდიოჩანაწერები. გარდა ამისა, არც დაზარალებულს უარყვია ხელშეკრულებებსა და წერილებზე საკუთარი ხელმოწერები, თუმცა ეს ახსნა იმით, რომ თავიდან ბოლომდე ენდობოდა მ. დ-ს და არც კითხულობდა, რაზე აწერდა ხელს.
6.14. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა უარყო ი. ნ-ნ გაზის დავალიანებასთან დაკავშირებით 2015 წელს სატელეფონო საუბრის ფაქტი და განაცხადა, რომ მას დაურეკა დ. ბ-მ, რომელმაც უთხრა, რომ გაზის დავალიანება ჰქონდათ გადასახდელი 30-40 ათასი ლარი, რაზედაც მაშინვე დაურეკა მ. დ-ს, რომელმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია და მიუგო, რომ გადაიხდიდა. ამის შემდეგ, მასთან დავალიანების შესახებ არავის დაურეკავს.
6.15. დაზარალებულის ჩვენების ეს ნაწილი შეესაბამება ფარულ ჩანაწერებს, სადაც გ. კ-ი მ. დ-ს ეუბნება: „რომ გეკითხებოდი, რაიმე დავალიანება თუ გვაქვს-თქო, არ უნდა მცოდნოდა, ერთხელ დ-მ დამირეკა და ოცი ათასიო, თუ რაღაც და ეგრევე შენ დაგირეკე“, მ. დ-ე პასუხობს: „მაშინ ეგრე გვქონდა“. გ. კ-ი: „ვიცი, რომ გვქონდა, ეს რომ მოგეცი, ისინი(მინდობილობები) და მერე დაიწყო ის, საერთოდ აზრზე არ ვიყავი.... რატომ არ მითხარი, რატომ არ უნდა გეთქვა ეს ჩემთვის, მეც ხომ სხვანაირად მოვიქცეოდი“. რაც შეეხება გ. კ-ს მიერ სს „ს-ას გ-ის“ დირექტორის ა. ხ-ს სახელზე გაგზავნილ 2015 წლის 4 თებერვლით დათარიღებულ წერილს, სადაც იგი აღიარებს ვალის არსებობას და ითხოვს გრაფიკის დაწესებას, ფარულ ჩანაწერებში გ. კ-ი მ. დ-ს ეკითხება, თუ ვინ მოაწერა მის მაგივრად ხელი წერილს, რაზედაც მსჯავრდებული პასუხობს, რომ მას წერილზე ხელი არ მოუწერია და გაატანა თუ არა ვინმეს, არ ახსოვს. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული არ ეუბნება გ. კ-ს და არც ადასტურებს, რომ ხელმოწერა თავად გ. კ-ს შესრულებული იყო.
6.16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გ. კ-ს ინტერესებში არ შედიოდა ამ თანხების გადახდა და აქტის გასაჩივრება. არალოგიკურია იმის მტკიცება, რომ პირს, რომელიც გამართულ ბიზნესს აწარმოებდა, გასჩენოდა სურვილი არ შეესრულებინა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები და ამით პრობლემები შეექმნა თავისი საქმიანობისათვის.
6.17. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მ. დ-მ 2010 წლის 1 იანვრიდან, 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დამალა რეალურად მიღებული შემოსავალი და მცდარი მონაცემებით დაადეკლარირა კომპანიის გადასახადები, რითაც, მიუხედავად იმისა, რომ ფირმას ჰქონდა საკმაო შემოსავლები, განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას და ამდენად, მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.
7. 3,724 833 ლარის მითვისების ეპიზოდი
7.1. უსაფუძვლოა ადვოკატ გ. ს-ს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მ. დ-ს, გ. დ-სა და ე. დ-ს პირად ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებს არანაირი კავშირი არ აქვთ შპს „გ-ს“ შემოსავლებთან.
7.2. მოწმის სახით დაკითხული შპს „გ-ს“ თანამშრომლების - ა. ყ-ს, გ. გ-ს, ა. ჯ-ს, გ. ძ-ს, გ. ს-ს, ვ. ს-ს, დ. რ-ს, მ. ს-ს, გ. ჩ-სა და ს. ბ-ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ მათ გ. დ-სა და მ. დ-გან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ კომპანიის ნავაჭრი თანხები დღის ბოლოს შეეტანათ რიგ შემთხვევაში შპს „გ-ს“, ხოლო რიგ შემთხვევებში მ. დ-ს, გ. დ-სა და მისი დის - ე. დ-ს ანგარიშებზე, რასაც ახდენდნენ საბანკო დაწესებულებებიდან და ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით. ადგილი არ ჰქონია ნავაჭრი თანხების დანაკლისს, შესაბამისად, ნავაჭრი თანხა სრულად შედიოდა მ. და გ. დ-ს მიერ მითითებულ ანგარიშებზე. აღნიშნული თანხების გადარიცხვა კი დასტურდება საბანკო დაწესებულებიდან გამოთხოვილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მასალებით. ეს არის ის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გაზის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მ. დ-ს, ე. და გ. დ-ს პირად ანგარიშებზე შეტანის ფაქტებს.
7.3. უსაფუძვლოა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიას, რომ თითქოს თემატური რევიზიის აქტების ავტორებმა სასამართლოში ვერ ახსნეს, რითი იყო გამოწვეული თემატური რევიზიის აქტებსა და აუდიტის სამსახურის საგადასახადო აქტებს შორის, კომპანიის შემოსავლების ნაწილში არსებული სხვაობები.
7.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ქ. ა-მ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს, 2019 წლის 22 თებერვლისა და 2019 წლის 20 მაისის თემატური რევიზიის აქტების სისწორე და განმარტა, რომ შემოწმება მოხდა კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ ბაზების, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის, მ., ე. და გ. დ-ს საბანკო ამონაწერების, ასევე მოწმეთა ჩვენებებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე. მოწმემ დაცვის მხარის შეკითხვაზე, რამდენჯერმე განმარტა, თუ რით იყო გამოწვეული საგადასახადო აქტებსა და თემატური რევიზიის აქტებს შორის სხვაობა შემოსავლების ნაწილში, კერძოდ, შემოსავლების სამსახური შემოსავლებს ითვლის საგადასახადო ბაზიდან გამომდინარე ანუ გადასახადების მიზნით, თუ რამდენი უნდა განესაზღვროს შემოსავალი, ხოლო თემატური რევიზიის აქტებით საუბარია ყველა სახის შემოსავალზე, ანუ რაც მიიღო კომპანიამ. მათი მიზანი იყო არა ეკონომიკურ ჭრილში განეხილათ კომპანიის შემოსავლები, არამედ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დადგენილიყო ყველა სახის შემოსავალი.
7.5. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რა იყო შემოწმების ობიექტი.
7.6. 2018 წლის 31 აგვისტოს თემატური რევიზიის შემოწმების ობიექტს წარმოადგენდა 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 23 თებერვლამდე კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების, ასევე გ. კ-ს, გ., მ. და ე. დ-ს საბანკო ანგარიშებიდან შპს „გ-ს“ ინტერესებისათვის გადარიცხული თანხების ოდენობა, ხოლო 2019 წლის 22 თებერვლისა და 2019 წლის 20 მაისის თემატური რევიზიის აქტების (ბოლო რევიზიის აქტით კორექტირება შევიდა 22 თებერვლის აქტში) შემოწმების ობიექტს ასევე დაემატა გ. კ-ს, გ., მ. და ე. დ-ს საბანკო ანგარიშებიდან შპს „გ-ის“ დაბრუნებული თანხების ოდენობის დადგენა.
7.7. 2019 წლის 20 მაისის თემატური რევიზიის აქტში დეტალურად არის გაშიფრული შესამოწმებელ პერიოდში რისგან შედგებოდა შპს „გ-ს“ შემოსავლები, ასევე ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც ასევე განიცადა კორექტირება; აგრეთვე გ. კ-ს, გ., მ. და ე. დ-ს საბანკო ანგარიშებიდან შპს „გ-ს“ ინტერესებისათვის გადარიცხული და უკან დაბრუნებული თანხები. აქტს ერთვის დანართი N1, სადაც სრულად არის ნაჩვენები ის კომპონენტები, რისგანაც შედგებოდა კომპანიის შემოსავლები. სწორედ მ. დ-სა და ე. დ-ს მიერ შპს „გ-დან“ მიღებულ და უკან დაბრუნებულ, ასევე კომპანიის ინტერესებისათვის გახარჯულ თანხებს შორის არსებული სხვაობის -3.724 833 ლარის მითვისებას ედავება ბრალდების მხარე მ. დ-ს.
7.8. მსჯავრდებულმა მ. დ-მ თავის ჩვენებაში თანხების მითვისება უარყო და ამის არგუმენტად მიუთითა ის, რომ გარკვეული იურიდიული პირები დროულად არ იხდიდნენ მიწოდებული გაზის საფასურს, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება არცერთი იურიდიული პირი, რომელსაც შპს „გ-ს“ დავალიანება ექნებოდა.
7.9. საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ 2010 წლის 1- იანვრიდან 2017 წლის 23 თებერვლამდე შპს „გ-ის“ სულ მიწოდებულია 5.700239,41 ლარის ღირებულების გაზი, ხოლო კომპანიას, გაზის რეალიზაციის გარდა, სხვა შემოსავალი არ ჰქონია. შესაბამისად, შეუძლებელია ამ პერიოდში კომპანიას შემოსავლის სახით 10.432207 ლარი მიეღო. დადებით შემთხვევაში გამოდის, რომ კომპანია 83%-იანი მოგებით მუშაობდა, რაც რეალობას მოკლებულია.
7.10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ამ პოზიციას, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 23 თებერვლამდე შპს „გ-ს“ მიერ შეძენილი და რეალიზებული იქნა 8809 951 კუბური მეტრი გაზი. შპს „გ-ს“ მიერ გაწერილი ანგარიშფაქტურებით, საგადასახადო შემოწმების აქტებითა და აუდიტორების ჩვენებებით დადგენილია, რომ შპს „გ-ი“ 2010 წელს გაზის საბითუმო რეალიზაციას ახდენდა 1.05 თეთრად, ხოლო ყოველ მომდევნო წელს ფასები მატულობდა და 2016 წელს უკვე გაზის საბითუმო რეალიზაცია ხდებოდა 1.20 თეთრად. 2010 წელს მიღებული შემოსავლის წილი შეადგენს სულ 288156 ლარს, ხოლო შემდგომ წლებში უფრო მაღალ ფასად ხდებოდა გაზის რეალიზაცია. აუდიტორების განმარტებით, როგორც წესი, საცალო რეალიზაციაში საწარმოები იყენებენ უფრო მაღალ ფასს, ვიდრე საბითუმო რეალიზაციისას, თუმცა კონკრეტული საცალო რეალიზაციის ფასი საგადასახადო შემოწმების დროს ვერ დადგინდა, რაც ცხადია, არ იქნებოდა საბითუმოზე ნაკლები. აღნიშნული საგდასახადო შემოწმების აქტები და რევიზიის აქტები ერთობლივად ადასტურებს, რომ შპს ,,გ-მა“ მის მიერ 2010- 2017 წლებში შეძენილი აირის რეალიზაცია მოახდინა საშუალოდ 1.18 თეთრად, რაც თემატური რევიზიით დადგენილ შემოსავალს არ ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ამავე პერიოდში შპს „გ-ს“ მიერ „ს-ის“ ანაზღაურებულ თანხას - 4.628 246 ლარს, ის უცვლელად არის ასახული სამივე თემატური რევიზიის ხარჯვით ნაწილშიც.
8. საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
8.1. დაცვის მხარე ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შპს „ო-სა“ და შპს „მ-ს“ ქონებების სს „ს-ა გ-ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა შეთანხმებული იყო თავად გ. კ-თან, რომელიც დაინტერესებული იყო გაზის მოწოდების აღდგენის სანაცვლოდ მეორე რიგის იპოთეკით დატვირთულიყო აღნიშნული ქონებები. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომ მ. დ-მ შეცდომაში შეიყვანა შპს „ო-ა“ და შპს „მ-ს“ დამფუძნებლები და ბუნებრივი აირის მოწოდების სანაცვლოდ, რათა შპს „გ-ს“ დამფუძნებლებს არ გაეგოთ მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, სს „ს-ია გ-ის“ სასარგებლოდ დატვირთა შპს „ო-ს“ ქონება, რომლის დირექტორიც თავად იყო და შპს „მ-ს ქონება, სადაც წარმოადგენდა დირექტორის მინდობილ პირს.
8.2. ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის მოწმეების - ი. ნ-ს, ა. კ-ს, კ. გ-ს, ა. ი-ს ჩვენებებით) უტყუარად დასტურდება შპს „გ-ს“ სს „ს-ია გ-ის“ მიმართ 1.128740 ლარის დავალიანების არსებობისა და ამ ვალის სანაცვლოდ მ. დ-ს მიერ შპს „ო-სა“ და შპს „მ-ს“ ქონებების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი.
8.3. ის გარემოება, რომ გ. კ-ის ცნობილი არ იყო არც „ს-ის“ წინაშე დავალიანებისა და არც ამ ვალის სანაცვლოდ შპს „ო-სა“ და შპს ,,მ-ს“ ქონებების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი, დასტურდება აგრეთვე თავად გ. კ-ს ჩვენებით, ასევე მასსა და მ. დ-ს შორის არსებული საუბრების ფარული ჩანაწერებით.
8.4. 2016 წლის 20 იანვრის სანოტარო აქტით დადგენილია, რომ მ. დ-მ, როგორც შპს „ო-ს“ დირექტორმა და შპს„ მ-ს“ დირექტორის მინდობილმა პირმა, შპს „გ-ს“ დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად „ს-ია გ-ის“ სასარგებლოდ საერთო იპოთეკით დატვირთა შპს „ო-ს“, შპს „მ-სა“ და რ. ნ-ს უძრავი ქონება და მათი მეორადი იპოთეკით დატვირთა არ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული გ. კ-ნ იყო შეთანხმებული.
8.5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მსჯავრდებულმა ბოროტად გამოიყენა შპს „ო-სა“ და შპს „მ-ს“ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, პირადი გამორჩენის მიზნით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ კომპანიებს, რაც გამოიხატა სს „ს-ა გ-ის“ მიერ მის მიმართ არსებული 1.128.740 დავალიანების უზრუნველსაყოფად, შპს „ო-ს“ და შპს „მ-ს“ ქონებების რეალიზაციის უფლების მიღებაში.
9. კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით.
9.1. დაცვის მხარე აღნიშნულ ეპიზოდში მ. დ-ს უდანაშაულობას ადასტურებს იმ ფაქტით, რომ 2013 წლის 31 დეკემბერს სს „ს-ა“ და შპს „გ-ს“ შორის გენერალური საკრედიტო ხაზისა და საბანკო კრედიტის გაფორმების, სს „ს-ა“ და გ. კ-ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების, ასევე გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, რომელიც გაფორმდა ნოტარიუსთან 2013 წლის 31 დეკემბერს, გ. კ-ი მისული იყო როგორც ს-ი, ასევე ნოტარიუსთან, ხოლო მისი ჩვენება, რომ მას თურმე აღარ უნდოდა სესხის აღება, არის სიცრუე. იმ ფაქტს, რომ იმავე დღეს მ. დ-მ გ. კ-ს ჯ-ს ქუჩაზე, ოფისში გადასცა კრედიტის სახით გამოტანილი თანხა, ადასტურებს მოწმე ე. დ-ც. ამასთან, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმეების - ა. ი-სა და თ. ბ-ს ჩვენებები, ვინაიდან ისინი არიან გ. კ-ს ოჯახის წევრები.
9.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. კ-ს სასამართლოში არ უარყვია 2013 წლის 31 დეკემბერს არც ბანკში და არც ნოტარიუსთან ყოფნის ფაქტი. მანვე დაადასტურა გაფორმებული დოკუმენტაციის სისწორეც. რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, მან განმარტა, რომ 2013 წელს დააფუძნეს შპს „გ-ი“, სადაც დირექტორად დაინიშნა მ. დ-ე. მას სურდა ბიზნესის გაფართოვება და ქ-ს რაიონში, გზაზე შეიძინა ნაკვეთი, სადაც სურდა აეშენებინა გაზგასამართი სადგური. „გ-ში“ რეალურად არაფერი არ გაკეთებულა. თანხების მოძიებასთან დაკავშირებით მ. დ-მ უთხრა, რომ აეღოთ კრედიტი 200000 აშშ დოლარის ოდენობით, მანამდე მოიძიებდნენ აპარატურას და ააშენებდნენ, რის შემდეგაც გადაიხდიდა თანხას. იგი მ. დ-თან ერთად მივიდა მ-ე - „ს-ი“, სადაც კრედიტ-ოფიცერმა უთხრა, რომ თანხა იყო გამოყოფილი და შეეძლოთ გაეტანათ, მაგრამ იგი არ იყო მზად, შესაბამისად, უარი თქვა. მათი ბანკიდან წამოსვლის შემდეგ, მ. დ-ე მიბრუნებულა უკან და თანხა გამოუტანია. ამის შესახებ გაიგო მაშინ, როდესაც შეიტყო „ს-ის“ დავალიანებასთან დაკავშირებით. შეხვდა კრედიტ-ოფიცერს ლ. მ-ს და უსაყვედურა, თუ რატომ მისცა მ. დ-ს თანხა, რაზედაც მან უპასუხა, რომ მათი ბანკიდან წასვლის შემდეგ მ. დ-ე დაბრუნებულა და თანხა გაუტანია. თავად კი ყურადღება არ მიაქცია, რომ გ. კ-ს უარი ჰქონდა ნათქვამი კრედიტის გატანაზე. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ 31 დეკემბერს მ. დ-მ მას ჯ-ს ქუჩაზე, ოფისში, ნამდვილად გადასცა თანხა, მაგრამ ეს იყო არა ბანკიდან გამოტანილი კრედიტის თანხა, არამედ წლის ბოლოს მისაღები დივიდენდი. მ. დ-მ, როგორც მისმა მინდობილმა პირმა, მასთან შეუთანხმებლად, გამოიტანა ხსენებული კრედიტის თანხა 200000 აშშ დოლარი დოლარი და მიითვისა.
9.3. დაცვის მხარის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ გ. კ-ს კრედიტის გამოტანა არ უნდოდა, სიცრუეა და ეს საკითხი მასთან იყო შეთანხმებული.
9.4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მიერ ფაქტების ასეთ ინტერპრეტაციას, ვინაიდან გ. კ-ს არსად უთქვამს, რომ მას საერთოდ არ უნდოდა ან გადაიფიქრა კრედიტის აღება. სასამართლოში საქმის განხილვისას გარკვევით განმარტა, რომ ვინაიდან მოსაგვარებელი იყო ტექნიკური საკითხები, იმ მომენტისათვის კრედიტის ასაღებად მზად არ იყო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტის აღება საერთოდ გადაიფიქრა. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ ექნებოდა საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებების გაფორმებას. ის ფაქტი, რომ მ. დ-ს მიერ ბანკიდან თანხის გამოტანის შესახებ გ. კ-ის ცნობილი არ იყო, დასტურდება მ. დ-სა და გ. კ-ს შორის საუბრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით, კერძოდ, გ. კ-ი: „ამ „გაზინვესტზე“ რას შვები, ა? 200.000 რომ გაქვს აღებული“ მ. დ-ე: „არ ვიცი, იმას ვიზამ.. მაგაზე ჯერ ვერაფერს ვერ იზამენ და მომეცი რწმუნება, ან რაღაცა, არ ვიცი, რამე, რომ გავაკეთო“; გ. კ-ი: „ეს ხომ უნდა დაფარო“, მ. დ-ე: „ეგ შენ გადაიფორმე განერვიულებულზე და ვეღარ ვინძრევი, ვერაფერს ვერ ვაკეთებ ... აუცილებლად მივალ ბანკში, ხო“. ამ საუბარში მ. დ-ე არსად არ ეუბნება დაზარალებულს, რომ ბანკიდან თანხის გამოტანა მასთან იყო შეთანხმებული, პირიქით, პირობას აძლევს, რომ რწმუნების გაფორმების შემთხვევაში რამეს მოაგვარებს. ამავე საუბარში მ. დ-ე ამბობს, რომ 2016 წლის ივნისამდე ბანკში იხდიდა პროცენტს, მაგრამ ეს ფაქტი არ ადასტურებს, რომ გ. კ-მა კრედიტის გამოტანის შესახებ რამე იცოდა.
9.5. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა. ი-მა ამ ეპიზოდთან დაკავშირებით განმარტა, რომ გ. კ-ს დაფუძნებული ჰქონდა „გაზინვესტი“ და სურდა მეორე გაზგასამართი სადგური გაეკეთებინა იმ მიწაზე, რაც ეკუთვნოდა „გაზინვესტს“. მ. დ-ე ეუბნებოდა: ,,სესხს მე გავაკეთებო“. კრედიტი დაიმტკიცეს, თუმცა გ. კ-ს არ გაუტანია, რადგანაც იმ ეტაპისთვის მზად არ იყო. მ. დ-ს მიერ ბანკიდან კრედიტის გამოტანის თაობაზე გაიგეს გვიან, როდესაც შეიტყვეს „ს-ის“ დავალიანებასთან დაკავშირებით. იგი გ. კ-სა და თ. ბ-თან ერთად შეხვდა კრედიტ-ოფიცერ ლ. მ-ს, რომელმაც იმით იმართლა თავი, რომ კრედიტის დამტკიცებისას ხარვეზი იქნა დაშვებული, დაურეკა მ. დ-ს, რომელიც მივიდა ბანკში, გაასწორა ხარვეზი და თანხაც გაიტანა. მან ყურადღება არ მიაქცია, რომ გ. კ-ს თანხის გატანაზე უარი ჰქონდა ნათქვამი.
9.6. პირველი ინსტანციის სასამართლოში იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე თ. ბ-მა.
9.7. მოწმე ლ. მ-მა დაადასტურა, შპს „გ-ზე“ სესხის სახით 200000 აშშ დოლარის გაცემის ფაქტი და ამ საკითხთან დაკავშირებით, 2013 წლის 31 დეკემბერს სს „ს-ი“ ყველა გაფორმებული ხელშეკრულების სისწორე. მანვე განმარტა, რომ სესხთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მ. დ-ან ერთად ესწრებოდა გ. კ-ი და არ ახსოვს, რომ მას უარი განეცხადებინოს სესხის გატანასთან დაკავშირებით.
9.8. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - ა. ი-სა და თ. ბ-ს ჩვენებები თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე დაზარალებულის ჩვენებასთან; სხვა მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებდა მათი ჩვენებების არასანდოობაზე, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
9.9. რაც შეეხება მოწმე ე. დ-ს, მან სასამართლოში დაადასტურა, რომ 2013 წლის 31 დეკემბერს ჯ-ს ქუჩაზე, ოფისში, მ. დ-მ ნამდვილად გადასცა ფული გ. კ-ს, თუმცა არ იცის, ეს რა ოდენობისა და დანიშნულების თანხა იყო. თანხის გადაცემის ფაქტს კი არც გ. კ-ი უარყოფს.
9.10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების, ასევე რეესტრიდან და სს „ს-ან“ გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე მ. დ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება დადასტურებულია და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.
10. ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდების ორგანიზება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების და გამოყენების მიზნით და გასაღება:
10.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - გ. კ-ს, ქ. დ-ს, გ. შ-ს, მ. კ-ს, ა. ა-ს, მ. ჯ-ს, ნ. გ-ს, პ. ჯ-ს ჩვენებებით, „თ-ის“ წარმომადგენლების - გ. ს-სა და ნ. კ-ს ჩვენებებით, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით, ხ. ს-ს განცხადებით, „თ-ან“ გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დასტურდება მ. დ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და ბრალდების ამ ნაწილში გამართლების საფუძველი ასევე არ არსებობს.
11. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.
11.1. დაზარალებულ გ. კ-სა და მოწმეების - ქ. დ-ს, გ. შ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ გ. კ-მა დაააფუძნა შპს „მ-ი“, რომლის არაოფიციალური 13%-ანი წილის მფლობელი იყო გ. შ-ე, რაც თანხობრივად შეადგენდა 80000 აშშ დოლარს. შპს „მ-ს“ გააჩნდა სასტუმრო ბ-ი. „მ-ის“ დირექტორი იყო ქ. დ-ე. გ. შ-გან წილის ყიდვა გადაწყვიტა მ. დ-მ, რომელმაც გადაუხადა მხოლოდ 20000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა არ გადაუხადა და შესაბამისად, წილის მ. დ-ზე გადაფორმება არ მომხდარა. 2013 წელს სასტუმრო „მ-ი“ გაჩნდა ხანძარი, რის გამოც საჭირო იყო მისი აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გ. კ-ი და მ. დ-ე შეთანხმდნენ, რომ აიღებდნენ სესხს - 200000 აშშ დოლარს, რის გამოც გ. კ-თან შეთანხმებით ქ. დ-მ გასცა მინდობილობა მ. დ-ე, რათა მას აეღო სესხი და დაეწყოთ სასტუმროს რემონტი. სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე ზედამხედველობა დაევალათ მ. დ-ს და მის მეუღლეს - გ. დ-ს, რომლებმაც დაიქირავეს მუშახელი, ასევე უზრუნველყვეს შესაბამისი ინვენტარისა და სამშენებლო მასალის შეძენა „მ-ის“ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. სასტუმრო „მ-ში“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ფაქტი ასევე დადასტურებულია მოწმეების - დ. ყ-ს, ა. ა-ს, პ. ჯ-ს, ვ. ლ-ს, დ. ტ-ს, დ. ა-ს, გ. ჩ-ს, ბ. გ-ს ჩვენებებით.
11.2. მსჯავრდებულმა მ. დ-მ, „მ-ის“ რეაბილიტაციისათვის აღებულ სესხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 960000 აშშ დოლარიდან 500000 აშშ დოლარი იყო განკუთვნილი „მ-ის“, ხოლო 460000 აშშ დოლარი იყო მისი პირადი სესხი, რომელიც ვერანაირად ვერ მოხმარდებოდა „მ-ის“ რეაბილიტაციას. ამასთან, ეს სესხები თავიდან გაერთიანებული არ ყოფილა, მხოლოდ „ს-ან“ გადასვლის შემდეგ მოხდა მათი გაერთიანება.
11.3. მსჯავრდებულის ჩვენების ეს ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის მ. დ-სა და გ. კ-ს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრის ფარულ ჩანაწერებთან, სადაც იგი გ. კ-ს მიმართავს: „გ., მომისმინე, მ-ი იყო გაჩერებული კომპანია და შემოსავალი არ ყოფნიდა, ამიტომ ჩემი „ე-ას“ შემოსავლები დათვალეს და მ-ის ქონებებით გააერთიანეს“. გ. კ-ი: „ეს გავიგე, მაგრამ, ეს არ უნდა მცოდნოდა, არ უნდა გეთქვა ჩემთვის?... მე გითხარი, რომ ეს ცალკე იყოს და არ გააერთიანოთქო... წახვედი და მიაბი ესეც და იმიტომაც აიღე ის“. მ. დ-ე: „ნეტა, ცალკე ყოფილიყო, ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა... არ მიფიქრია მაგაზე“.
11.4. საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ აღნიშნული საუბარი ცალსახად ადასტურებს დაზარალებულ გ. კ-ს ჩვენების სისწორეს, სადაც იგი მიუთითებს, რომ რეალურად 200000 აშშ დოლარი უნდა გამოეტანათ „მ-ის“ რეაბილიტაციისათვის, მ. დ-მ კი წავიდა და მილიონამდე სესხი გამოიტანა, საკუთარი ვალები დაფარა და მისთვის არაფერი უთქვამს.
11.5. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ „მ-ის“ რეაბილიტაციისათვის ბანკიდან თითქოს არა 960000 აშშ დოლარი, არამედ 500000 აშშ დოლარი იქნა გამოტანილი.
11.6. 2018 წლის 25 ივნისის თემატური რევიზიის აქტის თანახმად, რომლის შემოწმების საფუძველს წარმოადგენდა შპს „მ-ს’’ მიერ სესხად მიღებული და სასტუმროს რეაბილიტაციისათვის გახარჯული თანხების ოდენობის დადგენა, დეტალურადაა გაწერილი რა პერიოდში და რა რაოდენობის თანხები იქნა სესხის სახით აღებული ბანკებიდან, კერძოდ, საბანკო ანგარიშების ამონაწერების მიხედვით შპს „მ-ს“ სს „ს-ან“ სესხის სახით აღებული აქვს - 2013 წლის 8 ივლისს 120000 აშშ დოლარი; 2014 წლის 1 ივლისს - 185000 აშშ დოლარი, 2014 წლის 2 ივლისს - 65000 აშშ დოლარი და 2014 წლის 30 ოქტომბერს 90000 აშშ დოლარი, სულ 460000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, შპს „მ-ს“ სს „ტ-ან“ სესხის სახით აღებული აქვს 2015 წლის 30 ნოემბერს 309000 აშშ დოლარი (რითაც მოხდა ს-ი დაუფარავი სესხის რეფინანსირება), 2015 წლის 2 დეკემბერს 17988 აშშ დოლარი და 2015 წლის 3 დეკემბერს 173012 აშშ დოლარი, სულ 500000 აშშ დოლარი. ამდენად, სარემონტო სამუშაოების წარმოების, ინვენტარის შეძენისა და სხვა ხარჯებისათვის შპს „მ-ს“ მიერ აღებულმა სესხმა შეადგინა 960000 აშშ დოლარი, რაც ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგენდა 1.999 559 ლარს. გარდა აღნიშნულისა, დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით შპს „მ-ს’’ ეკონომიკური საქმიანობით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 510138 ლარი.
11.7. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, 2013 წლის 8 ივლისიდან (სესხის აღების დღიდან) 2017 წლის 1 იანვრამდე შეადგინა 2.006776 ლარი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში შპს „მ-ის“ მიერ აღებული სესხები და ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ამევე პერიოდში გაწეულ ხარჯებს აღემატება 502 921 ლარით (1.999 559 +510.138 -2.006776).
11.8. ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება, რომ მოცემულ ეპიზოდში, ერთიდაიგივე პერიოდში ხარჯვითი ნაწილი აღემატება შემოსავლებს და შესაბამისად, მ. დ-ს მხრიდან არანაირ მითვისებას ადგილი არ ჰქონია, საფუძველს მოკლებულია.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. დ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე მუხლით, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25,208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
13. მ. დ-სა და ხ. ს-ს მიმართ დანიშნული სასჯელების სამართლიანობა:
13.1. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ზურაბ წერეთლის პოზიციას მსჯავრდებულების - მ. დ-სა და ხ. ს-თვის შეფარდებული სასჯელის უკანონობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ორივე მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მ. დ-სა და ხ. ს-ის შეფარდებული სასჯელების დამძიმების ისეთ ხელშესახებ და არსებით გარემოებებზე მითითებას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ.
13.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
13.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
13.4. საქმეში არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - მ. დ-სა და ხ. ს-ის დანიშნული სასჯელები ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, თითოეული მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება (ორივე მათგანი პირველადაა სამართალში), სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ჩადენილი დანაშაულებისათვის მ. დ-ს საბოლოოდ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განუსაზღვრეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ხ. ს-ს - სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე). გარდა ამისა, მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელები სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
13.5. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია, დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
15. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ხ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მ შესაგებლით მოითხოვა პროკურორ ზურაბ წერეთლის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მსჯავრდებულის გამართლება. საკასაციო სასამართლო ამ საკითხთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე მსჯავრდებულ ხ. ს-ს ადვოკატმა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ ხ. ს-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - ზურაბ წერეთლისა და მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი