საქმე # 190100119002982229
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №62აპ-23 ქ. თბილისი
ა-ი რ. 62აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ა-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება და მოთხოვნა, რათა მოხელემ გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე ქმედების განხორციელების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის 6 მარტს, მ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა რ. ა-მა საქართველოს მოქალაქეს - შ. მ-ს შესთავაზა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დასაქმება, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა ფულადი თანხა - 3000 ლარი. ამ მიზნით 2019 წლის 7 მარტს, ქ. მ-ში, რესტორან ,,კ-ი“ გამოართვა 1500 ლარი, ხოლო 2019 წლის 20 მარტს, ქ. მ-ში, 2----ის მოედანზე კი დარჩენილი ნაწილი - 1500 ლარი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენით:
2.1. რ. ა-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
2.2. რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რ. ა-ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით (9 თვე) შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2.3. რ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით დადგენილი ჯარიმის თანხის სრულად გადახდის შემდეგ.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2019 წლის 6 მარტს მ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა რ. ა-მა შ. მ-ს მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზნით შესთავაზა დასაქმება, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული მიზნით 2019 წლის 07 მარტს, ქ. მ-ში, რესტორან ,,კ-ი“ გამოართვა 1500 ლარი, ხოლო 2019 წლის 20 მარტს, ქ. მ-ში, 2---ის მოედანზე - დარჩენილი ნაწილი, 1500 ლარი. აღნიშნული ქმედებით შ. მ-ს შეიძლებოდა განეცადა მნიშვნელოვანი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ რ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას რ. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღებისა და მოთხოვნისათვის, რათა მოხელემ გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე ქმედების განხორციელების მიზნით, კერძოდ:
8. რ. ა-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ა. გ-ის ვალი - 1200 ლარი. იგი დაჟინებით სთხოვდა ვალის დაბრუნებას, რის გამოც არაერთხელ მიაკითხა სამსახურსა და სახლში. ვალის დაბრუნება მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო არ შეეძლო. ა. გ-ს მეშვეობით 2019 წლის თებერვალში გაიცნო შ. მ-ი, რომელსაც სურდა სამსახურის დაწყება. 2019 წლის 7 მარტს ქ. მ-ს საჩაიეში შეხვდა შ. მ-ს, რომელმაც შესთავაზა, რომ დაეხმარებოდა ა. გ-ს ვალის გასტუმრებაში, თუკი როგორც დეპუტატი, თავის მხრივ დაეხმარებოდა სამსახური შოვნაში. მას გაუხარდა და შ. მ-ი მოატყუა, თითქოსდა შეეძლო სამსახურის შოვნა, სადაც ხელფასი ექნებოდა 600-1200 ლარის ფარგლებში და თანხა დაერიცხებოდა ყოველთვიურად სახელფასო ბარათზე. სამსახურში მოწყობის საფასურად შეთანხმდნენ 3000 ლარზე. შ. მ-ს ნდობის მოპოვების მიზნით არწმუნებდა, რომ ეს თანხა უნდა გადაეცა სხვა თანამდებობის პირისთვის. 2019 წლის 7 მარტს შ. მ-ს გამოართვა 1500 ლარი, 2019 წლის 20 მარტს - ასევე 1500 ლარი. რ. ა-ს განმარტებით, ა. გ-თვის ვალის დაბრუნების მიზნით ატყუებდა შ. მ-ს, რომ სამსახურის შოვნა შეეძლო, თუმცა მას სამსახურებრივად არ შეეძლო შ. მ-ს დასაქმება. უფრო მეტიც, მას ავტორიტეტიც აღარ ჰქონდა. რ. ა-მა აღნიშნა, რომ ქრთამი არ აუღია. იგი მძიმე ეკონომიური გაჭირვების გამო ცდილობდა შ. მ-ს მოტყუებასა და თანხის დაუფლებას, რასაც მოგვიანებით დაუბრუნებდა.
9. მოწმის სახით დაკითხულმა შ. მ-მა განმარტა, რომ 2019 წლის 6 მარტს იმყოფებოდა ქ. მ-ს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეხვდა ნაცნობს, მარნეულის საკრებულოს წევრ რ. ა-ს, რომელიც გააცნო მისმა ნათესავმა - ა. გ-მა. მოწმის განმარტებით, რ. ა-თვის ცნობილი იყო, რომ იგი (შ. მ-ი) ეძებდა სამსახურს. რ. ა-მა შესთავაზა, რომ დაასაქმებდა სახელმწიფო სტრუქტურაში, ხელფასი ექნებოდა 600-1200 ლარის ფარგლებში, რაც დაერიცხებოდა ყოველთვიურად სახელფასო ბარათზე. სამსახურში მოწყობის სანაცვლოდ მოსთხოვა 4000 ლარი. შეთანხმდნენ 3000 ლარზე, რაც უნდა გადაეცა ნაწილ-ნაწილ, კერძოდ: 1500 ლარი უნდა გადაეცა იმ დღესვე, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 1500 ლარი - ერთ კვირაში. 2019 წლის 7 მარტს შეთანხმებისამებრ ქ. მ-ში, რესტორან „კ-ში“ რ. ა-ს გადასცა 1500 ლარი. რ. ა-ი არწმუნებდა, რომ ეს თანხა უნდა გადაეცა სხვა თანამდებობის პირისთვის. იგი (შ. მ-ი) დარწმუნებული იყო, რომ რ. ა-ი ამ თანხას ქრთამის სახით იღებდა პირადად. მოწმემ აღნიშნა, რომ ეჭვი შეეპარა რ. ა-ს გულწრფელობაში, რის გამოც აცნობა სამართალდამცავებს, აღიჭურვა აუდიო-ვიდეო აპარატურით და რ. ა-ს 2019 წლის 20 მარტს ქ. მ-ში, 2---ის მოედანზე გადასცა სპეციალურად გამომძიებლის მიერ მისთვის გადასაცემად გამზადებული თანხა - 1500 ლარი.
10. საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა პრესტიჟი და ავტორიტეტი, ასევე მათი ნორმალური ფუნქციონირება. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობასა და პატიოსან საქმიანობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა. აღნიშნულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. დანაშაულის ობიექტიური მხარე გამოიხატება ქრთამის აღებაში. სახელმწიფო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ქრთამს იღებს ან ითხოვს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულების ან შეუსრულებლობისათვის. ამასთან, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მოქმედება შეიძლება იყოს ოთხი სახის: თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას რაიმე ქმედების განხორციელება; თავის შეკავება რაიმე ქმედების განხორციელებისგან; თავისი თანამდებობრივი (და არა პირადი) ავტორიტეტის გამოყენება; სამსახურებრივი მფარველობის გაწევა ქრთამის მიმცემისათვის. ქრთამის აღება დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან.
11. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ დამნაშავე დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია, დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი - დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია თანხის მესაკუთრისათვის.
12. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რ. ა-ი იყო მ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. იგი შ. მ-ს დაჰპირდა სამსახურის შოვნას, რის სანაცვლოდაც შ. მ-ს რ. ა-თვის უნდა გადაეცა ფულადი თანხა - 3000 ლარი. 2019 წლის 7 მარტს შ. მ-მა რ. ა-ს გადასცა 1500 ლარი, ხოლო 2019 წლის 20 მარტს - ასევე 1500 ლარი. თანხის მოთხოვნისა და გადაცემის ფაქტი დასტურდება აგრეთვე მოწმე შ. მ-ს ჩვენებითა და სასამართლოში გამოკვლეული ვიდეო და აუდიოჩანაწერებით.
13. რაც შეეხება რ. ა-ს მიერ ჩადენილი აღნიშნული ქმედების სამართლებრივ შეფასებას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის პოზიციას და აღნიშნავს, რომ რ. ა-ს არ ჰქონდა უფლებამოსილება, შეესრულებინა შ. მ-თვის მიცემული პირობა და ასევე არ შეეძლო დანაპირების შესრულება თანამდებობრივი ავტორიტეტის გათვალისწინებით. ქრთამის აღების სუბიექტს წარმოადგენს მოხელე, რომელმაც თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებისას უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება ან ანალოგიური მიზნის მისაღწევად გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, დანაშაულის ჩადენის დროს მოხელეს გააჩნდა თუ არა ასეთი უფლებამოსილება და ავტორიტეტი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. ა-ი იყო მ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან, თუმცა არ დგინდება, რომ მის კომპეტენციაში შედიოდა მოქალაქეთა კონკრეტულ პოზიციაზე დანიშვნა. გარდა ამისა, არ დასტურდება, რომ მას გააჩნდა იმგვარი თანამდებობრივი ავტორიტეტი, რომლის გამოყენებითაც შეეძლო მიეღო ზომები სხვა მოხელის მიერ ანალოგიური მოქმედების შესასრულებლად. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, რ. ა-ს ობიექტურად არ გააჩნდა შ. მ-ის დაპირების შესრულების უფლებამოსილება.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ობიექტური მხრივ რ. ა-ს მხრიდან ადგილი აქვს თაღლითობას. მის მიერ ჩადენილი ქმედების ხერხს წარმოადგენს დაზარალებულის ნდობის მოპოვებით მოტყუება. ნდობის ბოროტად გამოყენება, როგორც თაღლითობის ჩადენის ხერხი, ჩვეულებრივ გამოიხატება ბრალდებულის მიერ სპეციალური უფლებამოსილების, ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში. შ. მ-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ რ. ა-ს ენდო, როგორც საკრებულოს დეპუტატს, რომელიც არწმუნებდა, რომ ეს თანხა უნდა გადაეცა სხვა თანამდებობის პირისათვის. მოცემულ შემთხვევაში, რ. ა-ს მხრიდან შ. მ-ს მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს დაზარალებულის ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი (მოტყუების) დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. შ. მ-ი არ ადასტურებს, რომ მსჯავრდებულმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შესთავაზა სამსახურის შოვნა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზარალებულის აღქმით, რ. ა-ს სამსახური - რაიონული საკრებულოს დეპუტატობის მანდატი გახდა მისთვის ნდობის ფაქტორი, რაიმე მტკიცებულება, რომ რ. ა-ი სამსახურებრივი მდგომარეობის (ავტორიტეტის და ა. შ) გამოყენებით აპირებდა დაზარალებულისთვის სამსახურის შოვნას, სასამართლოში საქმის განხილვისას არ გამოკვლეულა. მსჯავრდებულ რ. ა-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ მას სამსახურებრივად არ შეეძლო და ვერც შეძლებდა შ. მ-ის სამსახურის შოვნას, რის გამოც უნდა გამოირიცხოს თაღლითობის შემადგენლობიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.
15. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას იმაზე, რომ საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ე.წ. ,,კრებსებში“ აშკარად ჩანს, რომ რ. ა-ი შ. მ-ს ჰპირდებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებას, დემონსტრირებდა სახელფასო ბარათით, რაც ქრთამის აღების მიმანიშნებელია, საკასაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის მსგავსად, ადასტურებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულების - კრებსების შინაარსს და მიუთითებს, რომ საბანკო პლასტიკური ბარათით სარგებლობენ როგორც საჯარო სამსახურის, ასევე კერძო სტრუქტურის თანამშრომლები. ის გარემოება, რომ რ. ა-ი თუნდაც საჯარო სექტორში დასაქმებას ჰპირებოდა, არ იძლევა ქრთამის აღების (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში ძირითად ფაქტორს წარმოადგენს მოტყუებით ნდობის მოპოვება სარგებლის მიღების მიზნით. რ. ა-ს გაცნობიერებული აქვს, რომ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა, თუმცა დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას მსჯავრდებულ რ. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის თაობაზე და ვერ გაიზიარებს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას რ. ა-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი დაკვალიფიცირებისა და ამ კვალიფიკაციით მისთვის სასჯელის დანიშვნის თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი