Facebook Twitter

საქმე # 330100121005338270

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №69აპ-23 ქ. თბილისი

გ-ე გ. 69აპ-23 24 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით:

1.1. გ. გ-ე, - დაბადებული … წლის … აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შეეფარდა 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 ლარი. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. გ. გ-ე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, 2021 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 02:26 საათზე, თ-ში, წ-ს ქუჩა N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურთუკის ჯიბით ატარებდა დანას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის ქარხნული წესით დამზადებული და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. გ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, ასევე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელების სრულად დამატება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღაირებითი ჩვენებით, მოწმეების - ლ. მ-ს, ლ. ღ-ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N… და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ერთ-ერთი მოთხოვნა დაკავშირებულია მსჯავრდებულ გ. გ-თვის დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, კერძოდ:

12. მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გაითვალისწინეს ის გარემოებები, რომ გ. გ-ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, უდავოდ ცნო მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობა (შემოსავლისა და ქონების არქონა), რისი მხედველობაში მიღებითაც, გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა შეუფარდეს (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე). საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია, დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.

13. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს მსჯავრდებული გ. გ-ე იმყოფებოდა პირობით გამოსაცდელ ვადაში, თუმცა მან კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, გ. გ-ს პიროვნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის გათვალისწინებით, განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულს დაენიშნა სასჯელის სამართლიანი და კანონიერი სახე და ზომა.

14. პროკურორი დავით ხვედელიძე საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას არასწორად იქნა განსაზღვრული საბოლოო სასჯელი და სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ 5000 ლარზე, რაც სრულად უნდა დამატებოდა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბრალმდებელს მსგავსი პოზიცია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას არ დაუფიქსირებია.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში.

16. სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის თაობაზე და ითხოვდა მხოლოდ გ. გ-თვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ საკასაციო პალატის დამაზუსტებელ შეკითხვებზე განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნულ დამატებით სასჯელთან მიმართებით, სამართლიანობის თვალსაზრისით, გასაჩივრებულ განაჩენს სადავოდ არ ხდიდა და არც ამ კუთხით განაჩენში ცვლილების შეტანას ითხოვდა (ტ.2.ს.ფ.17-21 (2022 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ იმსჯელოს დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის დამატების თაობაზე.

17. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი