საქმე # 010100119002898780
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №72აპ-23 ქ. თბილისი
ც-ე რ., 72აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ც-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს, - ბრალად ედება ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის 6 თებერვალს, ა. წ-ს ქ.N...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, რ. ც-ე ძალადობის გამოყენებით, რაც გამოიხატა მუცელში ფეხის დარტყმაში, რაც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, დაეუფლა მ. ჭ-ს კუთვნილ ფულად თანხას - 500 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენით:
2.1. რ. ც-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.
2.2. რ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.3. გაუქმდა რ. ც-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო და იგი დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 8 თებერვლიდან იმავე წლის 9 თებერვლის ჩათვლით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 26 მარტიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2019 წლის 6 თებერვალს, ა. წ-ს ქ. N...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, რ. ც-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, დაეუფლა მ. ჭ-ს კუთვნილ ფულად თანხას - 500 ლარს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენში შევიდა საუარესო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
4.2. რ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.
4.3. რ. ც-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2021 წლის 26 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 8 თებერვლიდან იმავე წლის 9 თებერვლის ჩათვლით.
5. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. ც-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სხვა ნაწილში - შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. რ. ც-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება):
7.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ. ჭ-ს ჩვენებით, მოწმე ე. გ-ს ჩვენებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია რ. ც-ს მიერ ძარცვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
8. რ. ც-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება):
8.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142);
8.2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა რ. ც-თვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად.
8.3. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თითქოს, მსჯავრდებულ რ. ც-ს დანაშაულის (ძარცვის) ჩადენისას ძალადობა არ განუხორციელებია, არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
8.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ძარცვის მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ძარცვა ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის ან ასეთი ძალადობის მუქარით, მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში იგულისხმება ისეთი ძალადობა, რომელსაც შედეგად არ მოჰყვება ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, მას შესაძლოა მოჰყვეს მხოლოდ ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, რომელიც დაზარალებულს ტკივილს განაცდევინებს, მაგ. ხელის გადაგრეხვა, ფეხის გამოდებით წაქცევა და სხვ. ამასთან, ძალადობა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ძარცვის დამამძიმებელ გარემოებად, როდესაც იგი გამოიყენება სხვისი ქონების დასაუფლებლად.
8.5. საქმეში არსებული, დაზარალებულ მ. ჭ-ს უდავოდ მიჩნეული გამოკითხვის ოქმის თანახმად დასტურდება, რომ მას რ. ც-მ ფეხი დაარტყა მუცელში, რის შედეგადაც დაეცა, შემდეგ გადმოატრიალა და ფეხი დააჭირა ზემოდან მხარზე, დაუწყო ჯიბეში ხელის ჩაყოფა, იგი შეეცადა დამნაშავის მოშორებას, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი იყო და ვერ შეძლო; რ. ც-ე ეუბნებოდა, რომ გაჩუმებულიყო და არ ეყვირა, ამის შემდეგ კი შარვლის უკანა ჯიბიდან ამოუღო ფული და გაიქცა. მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მუცელში ფეხის ჩარტყმისა და წაქცევის ფაქტი დასტურდება მოწმე ე. გ-ს გამოკითხვის ოქმითაც.
9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ რ. ც-მ სხვისი ნივთის აშკარად დასაუფლებლად ძალადობა გამოიყენა. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მ. ჭ-სა და მოწმე ე. გ-ს ჩვენებები წარმოადგენენ პირდაპირი სახის მტკიცებულებებს, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიუთითებენ რ. ც-ს ბრალეულობაზე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
10. რ. ც-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:
10.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10.2. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ც-თვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ სრულად მიიღო მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი (პირველადაა სამართალში, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; მან ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული), საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და რ. ც-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი