Facebook Twitter

საქმე # 010100122005555625

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №73აპ-23 ქ. თბილისი

ტ-ი ვ. 73აპ-23 24 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ტ-ს, მსჯავრდებულების - ჯ. ს-სა და ჯ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით:

1.1. ჯ. ს-ე, - დაბადებული … წლის … მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი და 8 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 4 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 25 იანვრიდან.

1.2. ჯ. ტ-ი, - დაბადებული … წლის … ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 3 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 25 იანვრიდან.

1.3. ვ. ტ-ი, - დაბადებული … წლის … ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი და 8 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 4 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

1.4. ვ. ტ-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 3 თებერვლამდე.

1.5. ვ. ტ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - დ. ფ-ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ს-მ, ჯ. ტ-მა და ვ. ტ-მა ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 04:15 საათზე, ქ. ბ-ი, ს. ხ-ის ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ, შპს „ს-6“-ის კუთვნილი „დაფის“ ფირმის ავტომანქანიდან, ჯ. ს-ე, ჯ. ტ-ი და ვ. ტ-ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ცდილობდნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ორ ცალ დენის წყაროს, თუმცა განზრახვა სისრულეში არ იქნა მოყვანილი, ვინაიდან შეჩერებული იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, შპს „ს-6“-ს შესაძლოა მისდგომოდა 900 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. განაჩენიდან ამოირიცხა ვ. ტ-ის, ჯ. ტ-სა და ჯ. ს-ის მიმართ სასჯელების დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

3.3. ჯ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 25 იანვრიდან.

3.4. ჯ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 25 იანვრიდან.

3.5. ვ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან და შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 3 თებერვლამდე.

3.6. ვ. ტ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - დ. ფ-ეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ჯ. ტ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

4.1. მსჯავრდებულების - ჯ. ს-სა და ჯ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ:

· ჯ. ს-ის გამართლება;

· ჯ. ტ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

· ან ალტერნატიული მოთხოვნის სახით მსჯავრდებულების - ჯ. ს-სა და ჯ. ტ-ის შეფარდებული სასჯელების შემსუბუქება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. ჯ. ს-ა და ჯ. ტ-ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ეპიზოდი:

6.1. საკასაციო სასამართლო ჯ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისა და ასევე ჯ. ტ-ის ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების მოთხოვნის ნაწილში დაცვის მხარეს ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზით (მათ შორის: დაზარალებული ორგანიზაციის შპს „ს-6-ის“ წარმომადგენელ ვ. თ-ის ჩვენებით, მოწმეების - ტ. რ-ის, გ. ქ-ის, დ. დ-ის, რ. ხ-ის, გ. ს-ას, პ. მ-ის ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ამოღების ოქმით, საგარანტიო ქვითრებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N... დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერების ოქმებით ფოტოცხრილთან) ჯ. ს-სა და ჯ. ტ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია, კერძოდ:

6.2. მოწმე რ. ხ-ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2022 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში პოლიციის თანამშრომლებთან - პ. მ-ა და გ. ს-ან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ. ბ-ი, ო-ის ქუჩიდან ს. ხ-ის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც დაინახეს სამი მამაკაცი, ისინი იდგნენ სატვირთო ავტომანქანებთან, მიჰქონდათ ორი ცალი ავტომანქანის დენის წყარო; დენის წყაროები იყო საკმაოდ დიდი მოცულობის. ერთ-ერთი მათგანი იდგა შუაში და მარცხენ ხელი მოკიდებული ჰქონდა ერთი დენის წყაროს სახელურზე, ხოლო მარჯვენა ხელი - მეორე დენის წყაროს სახელურზე. აღნიშნული მამაკაცის მარჯვნივ და მარცხნივ მიდიოდნენ მისი თანხმლები პირები და მათაც ერთი ხელი მოკიდებული ჰქონდათ დენის წყაროების სახელურებზე და მიჰქონდათ აღნიშნული განლაგებით. პოლიციის თანამშრომლების შეკითხვაზე რას აკეთებდნენ, მათ დენის წყაროები დადეს იქვე ძირში ბორდიურზე, რა დროსაც მათგან ერთ-ერთმა, რომელიც იყო დანარჩენებზე შედარებით ასაკოვანი, უთხრა, რომ იყო ჯ. ვ-ის ძე ტ-ი და ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული დენის წყაროები მოიპარეს იქვე გაჩერებული ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანიდან და მიუთითა იმ სატვირთო ავტომობილზე, საიდანაც ჰქონდათ მოპარული ხსენებული დენის წყაროები. მამაკაცის თანმხლები პირები იყვნენ ჯ. ჯ-ის ძე ს-ე და ვ. ჯ-ის ძე ტ-ი.

6.3. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მოწმე გ. ს-მ.

6.4. მოწმე გ. ქ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2022 წლის 25 იანვარს ღამის საათებში მეწყვილე უბნის უმცროს ინსპექტორებთან - ტ. რ-ა და დ. დ-ან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა მე-4 განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე, რა დროსაც დაუკავშირდა თანამშრომელი პ. მ-ე, რომელიც ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ პოლიციის თანამშრომლებს შეჩერებული ჰყავდათ სამი პირი ს. ხ-ის ქუჩაზე გაჩერებული სატვირთო ავტომანქანიდან დენის წყაროების ქურდობის ფაქტზე, ხოლო ძირს ელაგა ორი ცალი შავი ფერის დენის წყარო.

6.5. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - ტ. რ-მ და დ. დ-მ.

6.6. დაზარალებულ ვ. თ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, არის ფირმა შპს „ს-6-ის“ დირექტორი. აღნიშნული ფირმა დაკავებულია ს-ი ს-ოს ფარგლებს გარეთ სატვირთო ავტომანქანით ტვირთის გადაზიდვით. ფირმას საკუთრებაშია დაფის მარკის სატვირთო ავტომანქანა სახ.№.... აღნიშნული მანქანისთვის 2021 წელს მან შეიძინა ასევე ორი ცალი დენის წყარო, თითოეული ღირებული 470 ლარად, ორი ცალი კი ღირებული - 940 ლარად. ყიდვის დღიდან აღნიშნული დენის წყაროები ჩასმულია მანქანაში. 2022 წლის 24 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 18.00-დან 19-საათამდე იმყოფებოდა მანქანასთან, კარის დაკეტვისას შეაამოწმა დენის წყაროები, იყო ადგილზე, სახურავი არ იყო სათავსოზე გახსნილი. იგი წამოვიდა ხსენებული ადგილიდან და მას შემდეგ არ მისულა, ხოლო 2022 წლის 25 იანვარს, დილით, დაახლოებით 09.00 საათზე მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ მისი სატვირთო ავტომანქანიდან დენის წყაროების ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით უნდა გამოცხადებულიყო მანქანასთან. მოწმემ ნახა, რომ მანქანის სათავსოს სახურავი იყო ღია, მასში აღარ იყო დენის წყაროები, ადგილზე იმყოფებოდა გამომძიებელი, ასევე მივიდა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომლებმაც მისი თანხმობითა და მონაწილეობით დაათვალიერეს ავტომანქანა. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ შეამოწმა ავტომანქანა და ნახა, რომ მანქანიდან ორი ცალი დენის წყაროს გარდა არაფერი არ იყო მოპარული. მოწმის ჩვენებით, მომხდარი ქურდობის შედეგად ფირმას მიადგა 940 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

6.7. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,ნორდ სტარის“ ფირმის აკუმულიატორის საბაზრო ღირებულება, მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, დამუხტული, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით შეადგენს 400 ლარს; ,,ავტო ფაუერის“ ფირმის აკუმულიატორის საბაზრო ღირებულება, მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, დამუხტული, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით შეადგენს 500 ლარს.

6.8. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, წინასასამართლო სხდომაზე ჯ. ტ-ა და ჯ. ს-მ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ მოუთხოვიათ სასამართლოში მათი გამოკვლევა. ვინაიდან მხარეებმა სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეოს კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა და იმავე კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, რის გამოც გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.

6.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; მათი შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი. ამასთან, მოწმეების ჩვენებები შეესაბამება და სრულადაა თანხვდენილი წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან.

6.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა მყარი, ზუსტი და თანხვდენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულ ჯ.ს-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და ჯ.ტ-ის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

7. ჯ. ს-ა და ჯ. ტ-ის მიმართ დანიშნული სასჯელების სამართლიანობა:

7.1. კასატორი - მსჯავრდებული ჯ. ტ-ი ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ასევე ადვოკატი გ. მ-ე ალტერნატიული მოთხოვნის სახით საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელების შემსუბუქებას სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

7.2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

7.3. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ ჯ. ს-ა და ჯ. ტ-ის დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

7.4. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ჯ. ს-სა და ჯ. ტ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულებისათვის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში ჯ. ს-სა და ჯ. ტ-ის პიროვნული მახასიათებლები, მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და თითოეულ მსჯავრდებულს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი (ჯ. ს-მ და ჯ. ტ-მა აღიარეს ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან); ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 25 იანვარს, ჯ. ს-სა და ჯ. ტ-ს პოლიციის თანამშრომლებმა წაასწრეს შპს „ს-6“-ის კუთვნილი „დაფის“ ფირმის ავტომანქანიდან, ორი ცალი დენის წყაროს ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთანავე. რეზო ხარაზის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მყოფმა, ხ-ის ქუჩაზე პატრულირებისას, ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც გაჩერებული იყო სატვირთო ავტომანქანები, დაინახა სამი მამაკაცი, რომლებსაც მოჰქონდათ საკმაოდ დიდი მოცულობის ორი ცალი დენის წყარო. მათ შეკითხვაზე ასაკით უფროსმა თქვა, რომ იყო ჯ. ტ-ი და რომ აღნიშნული დენის წყაროები მოიპარეს იქვე მდგომი მანქანიდან. ანალოგიურია მოწმეების - გ. ს-ას, დ. დ-ის ჩვენებები. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მსჯავრდებულებს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის შესაძლებლობას.

7.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. ტ-ის, მსჯავრდებულების - ჯ. ს-სა და ჯ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი