საქმე # 010100121004909609
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №74აპ-23 ქ. თბილისი
მ-ე გ. 74აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. მ-ე, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავის ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 17:50 საათზე, ბ-ში, ტ. ა-სა და ი. კ-ს ქუჩების კვეთაში განთავსებულ სს „ს-ის“ N... ფილიალში, სს „ს-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ. მ-ე დანის გამოყენებით თავს დაესხა ამავე ფილიალის მენეჯერს - გ. ბ-ს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, თანნაქონი დანის დემონსტრირებით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით:
2.1. გ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან;
2.2. გამართლებულ გ. მ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, გ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს გამართლებულ გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს (ანალოგიურ გარემოებებზე უთითებს საკასაციო საჩივარშიც) გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, კერძოდ:
7. მოწმის სახით დაკითხული გ. ბ-ს ჩვენების თანახმად, გ. მ-ე მის მიმართ არ გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით, საუბრობდა გაურკვევლად, ამბობდა, რომ სჭირდებოდა ფინანსური დახმარება. გ. მ-ე იჯდა მის მოპირდაპირე მხარეს, მან დანა ამოიღო ჯიბიდან და იქვე დადო მაგიდაზე იმ მაუსის გვერდით, რომელიც ხელში ეჭირა გ. ბ-ს. გ. მ-ე მას არ დამუქრებია. გ. ბ-ს ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ჰქონდა დანის აღების შესაძლებლობა, თუმცა არ აუღია, არ შეხებია დანას. მისივე ჩვენებით, შესაძლებელია გ. მ-მ დანა იმიტომ ამოიღო ჯიბიდან, რომ შეაწუხა. იგი ამბობდა მხოლოდ იმას, რომ სჭირდებოდა ფინანსური დახმარება და დაეკავშირებინა ვინმე ხელმძღვანელი პირი, რის შემდეგაც გ. ბ-ე გავიდა მისი სამუშაო ოთახიდან, ტელეფონით დაურეკა ბათუმის რეგიონული უსაფრთხოების უფროსს, რის შემდეგაც ბანკში მივიდა დაცვის პოლიცია. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მას შემდეგ, რაც გ. ბ-ე მიბრუნდა სამუშაო კაბინეტში, გ. მ-ე დახვდა იმავე ადგილას, სადაც თავიდანვე იჯდა და დანაც იმავე ადგილას იდო.
8. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის ოქმით მიხედვით დასტურდება, რომ ბანკის შენობაში, მენეჯერის ოთახში შესული გ. მ-ე არ ავლენს არავითარ აგრესიას, იგი მშვიდად ჯდება სკამზე და საუბრობს ბანკის ფილიალის მეჯენერ გ. ბ-ნ. შემდეგ ასევე მშვიდად იღებს უკანა მარჯვენა მხრიდან დანას და დებს მის მარცხნივ მაგიდაზე. რამდენიმე წუთში გ. ბ-ე ოთახიდან გამოდის და საუბრობს ტელეფონზე, გ. მ-ე კი რჩება ოთახში. გარკვეული დროის შემდეგ ბანკის ფილიალის მენეჯერი ბრუნდება თავის ოთახში, სადაც გ. მ-ე ხვდება ისევ დამჯდარი და ისინი აგრძელებენ მშვიდად საუბარს. რამდენიმე წუთში მენეჯერის ოთახის ახლოს ჩნდება სამი შეიარაღებული პოლიციელი, რომელთაგან ორი შედის ოთახში, სადაც გ. მ-ე იმყოფება, იგი არ ავლენს აგრესიას, ზის სკამზე.
9. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ს (ბანკის ფილიალის მენეჯერის) მხრიდან არ იკვეთება გ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედებების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიში ძალადობის მუქარად აღქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ მიბრუნდა იგი სატელეფონო საუბრების შემდეგ თავის სამუშაო კაბინეტში, სადაც გ. მ-ე იმყოფებოდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გ. მ-ე მის მიმართ არ გამოირჩეოდა არავითარი აგრესიით, გ. ბ-ს მისგან შეზღუდული არ ჰქონია თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია თავად გ. ბ-ს განმარტებაც, რომ გ. მ-ე საუბრობდა გაურკვევლად. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, გ. მ-ს დადგენილი აქვს შეზღუდული შერაცხადობა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ბანკის ფილიალში თავისუფლდა მოძრაობდა ხალხიც.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. მ-ს ქმედება არ შეიცავს ყაჩაღობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნებს, კერძოდ, მის ქმედებაში არ იკვეთება თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა. საქმეში წარმოდგენილი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სრულადაა თანხვდენილი ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება - №643აპ-18), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი