Facebook Twitter

საქმე # 330100122005635431

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1226აპ-22

ღ-ი ი. 1226აპ-22 4 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ ი. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ძ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი. ღ-მა ჩაიდინა:

1.1. მუქარა, ესე იგი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში, ვ-ს დასახლების, ვ. თ-ს მე-... გასასვლელის N...-ში, ი. ღ-ი თავის შვილს ქ. ღ-ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ქ. ღ-ს სოციალური ქსელების კონტროლსა და მისგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში იმის გამო, რომ ქალია, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში, ვ-ს დასახლების, ვ. თ-ს მე-... გასასვლელის N...-ში, ი. ღ-მა თავისი შვილის ქ. ღ-ს მიმართ, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილების - 2017 წელს დაბადებული ვ. მ-სა და 2018 წელს დაბადებული ი. ღ-ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ქ. ღ-ს სოციალური ქსელების კონტროლსა და მისგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში იმის გამო, რომ ქალია, ჩაიდინა ძალადობა - ორივე ხელი მოუჭირა ყელის არეში, რამაც ქ. ღ-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

1.3. მუქარა, ესე იგი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში, ნ. აღმართის N...-ში, ტელეფონით ი. ღ-ი თავის შვილს ქ. ღ-ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ქ. ღ-ს სოციალური ქსელების კონტროლსა და მისგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში იმის გამო, რომ ქალია, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 10 იანვარს, ქ. ღ-ს მოთხოვნის საფუძველზე, მამის - ი. ღ-ს მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი N... ოცდაათი დღით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ი. ღ-ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - ქ. ღ-თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ი. ღ-ი გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები; კერძოდ, 2022 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, იგი იმყოფებოდა ქ. ღ-თან და ჰქონდა მასთან კომუნიკაცია თ-ში, ზ-ს დასახლების, მე-... მიკრორაინის, მე-... კვარტლის, N... კორპუსში, ბინა N...-ში, რითაც ქ. ღ-ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

1.5. მუქარა, ესე იგი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, ზ-ს დასახლების, მე-... მიკრორაიონის, მე-... კვარტლის, N... კორპუსში, ბინა N...-ში, ი. ღ-ი თავის შვილს ქ. ღ-ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ქ. ღ-ს სოციალური ქსელების კონტროლსა და მისგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში იმის გამო, რომ ქალია, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, ზ-ს დასახლების, მე-... მიკრორაინის, მე-... კვარტლის, N... კორპუსში, ბინა N...-ში, ი. ღ-მა თავისი შვილის - ქ. ღ-ს მიმართ, ქ. ღ-ს არასრულწლოვანი შვილების - 2017 წელს დაბადებული ვ. მ-სა და 2018 წელს დაბადებული ი. ღ-ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ქ. ღ-ს სოციალური ქსელების კონტროლსა და მისგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში იმის გამო, რომ ქალია, ჩაიდინა ძალადობა - ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც ქ. ღ-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

1.7. თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, ჩადენილი ძალადობის მუქარით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, ზ-ს დასახლებაში, მე-... მიკრორაინის, მე-... კვარტლის, N... კორპუსში, ბინა N...-ში, ი. ღ-მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ქ. ღ-ს სოციალური ქსელების კონტროლსა და მისგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში იმის გამო, რომ ქალია, თავისი შვილის - ქ. ღ-ს მიმართ, ჩაიდინა ძალადობის მუქარა, კერძოდ, დანის გამოყენებით დაემუქრა დასახიჩრებით, თუ ქ. ღ-ი არ გადასცემდა თავის სარგებლობაში არსებული „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით - ... გასაღებს, რის შემდეგაც წაიყვანა დაზარალებულზე რეგისტრირებული ზემოაღნიშნული ავტომანქანა.

1.8. ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ-ში, ვ-ს დასახლებაში, ვ. თ-ს მე-... გასასვლელის N...-ში, ი. ღ-მა თავისი შვილის - ქ. ღ-ს მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ქ. ღ-ს სოციალური ქსელების კონტროლსა და მისგან მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში იმის გამო, რომ ქალია, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილების - 2017 წელს დაბადებული ვ. მ-სა და 2018 წელს დაბადებული ი. ღ-ს თანდასწრებით, დაზარალებულის მიმართულებით ისროლა ანთებული სიგარეტი, რომელიც მოხვდა ქ. ღ-ს, გადმოაყირავა კომოდი და ფეხზე დაეცა დაზარალებულს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ივნისის განაჩენით:

ი. ღ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. ი. ღ-ი, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

ი. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

ი. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

ი. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

ი. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

ი. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

ი. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

ი. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 18 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ღ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 4000 ლარით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ღ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

ი. ღ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 14 თებერვლიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძისა და მსჯავრდებულ ი. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ძ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ღ-ს დამნაშავედ ცნობა ყველა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

4.1. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის ის ნაწილი, რომელიც თვითნებობის მაკვალიფიცირებელი გარემოების, მუქარის ჩადენაზე მიუთითებდა. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, ქ. ღ-მა ისარგებლა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პრივილეგიით, თუმცა, პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებები ადასტურებენ თვითნებობის მუქარით ჩადენას. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები - ნ. ღ-ი და დ. ღ-ი. მათი ჩვენებები თანხვდენილი არ არის; აღნიშნული გარემოება კი მტკიცებულების შინაარსის გაზიარების შანსს ამცირებს. მოწმეები ვერ თანხმდებიან საკითხზე - თუ სად იყვნენ გასაღების გადაცემის მომენტში ქ. ღ-ი და ი. ღ-ი და კონკრეტულად სად იყო გასაღები. გასათვალისწინებელია ქ. ღ-ს მეგობრის - ხ. ს-ს, პატრულ-ინსპექტორების გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ძ-მ მოითხოვა: თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე პირობით მსჯავრად ჩათვლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მოთხოვნას, განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირობით მსჯავრად ჩათვლა.

5.1. კასატორი აღნიშნავს, რომ განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში დასაბუთებულია და მასში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს. ი. ღ-მა ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ (გარდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, თვითნებობის ნაწილში აღიარებს მხოლოდ ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის ჩადენას), მოინანია დანაშაული და უდაოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ დაზარალებულის მიერ პრეტენზიის არქონის ფაქტი. ცხადია, ნასამართლობა ამძიმებს პასუხისმგებლობას, მაგრამ რეალურად ამჟამად კონფლიქტი ქ. ღ-სა და ი. ღ-ს შორის ამოწურულია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

8. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. ღ-ს მიმართ გამოტანილ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გადაკვალიფიცირებულ განაჩენს, ხოლო დაცვის მხარე კი მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს.

9. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული მსჯავრდების ნაწილი:

საკასაციო სასამართლო მსჯავრდების მოცემულ ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ი. ღ-ს მიერ თვითნებობა, ჩადენილი ძალადობის მუქარით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის;

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ქ. ღ-მა (ი. ღ-ს შვილი) გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება (არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს).

პროკურორის მიერ მითითებული საგამოძიებო ექსპერიმენტი დაეფუძნა დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რა დროსაც დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა, გამოძიების სტადიისაგან განსხვავებით, ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება აღარ მისცა.

ბრალდებულმა ი. ღ-მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები (დაცვის მხარე ანალოგიურად მიუთითებს სააპელაციო, საკასაციო საჩივრებში) და განმარტა, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს და ითხოვს პატიებას. მისივე მითითებით, თვითნებობა ძალადობის მუქარით არ ჩაუდენია (დანის გამოყენებით არ დამუქრებია). ამასთან, მოწმე დ. ღ-მა მიუთითა, რომ ბრალდებული და დაზარალებული შეკამათდნენ მანქანასთან დაკავშირებით, რადგან მანქანა იყო ქ-ზე გაფორმებული და მას გასაღების გადაცემა არ სურდა, მაგრამ მოწმის ჩარევის შემდეგ ისე, რომ ბრალდებულის მხრიდან ძალადობის მუქარას ადგილი არ ჰქონია, ი-ს მანქანის გასაღები გადაეცა. ბრალდებულის მხრიდან ძალადობის მუქარის ფაქტი გამორიცხა მოწმე ნ. ღ-მაც, თუმცა გასაღების გადაცემის მომენტი განსხვავებულად მიაწოდა სასამართლოს.

ამდენად, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ მოწმეების - ხ. ს-ს, ნ. ა-სა და გ. ი-ს გამოძიებაში გამოკითხვისას მოწოდებულ ინფორმაციებს, რომლებიც მსჯავრდებულის მიერ ძალადობის მუქარით მანქანის გასაღების წართმევისა და მანქანის წაყვანის შესახებ ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ ხსენებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ი. ღ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (და არა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, თვითნებობის ძალადობის მუქარით ჩადენასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

10. სასჯელის სამართლიანობა:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების განხილვის პარალელურად, საკასაციო პალატა თანაბრად ხელმძღვანელობს ი. ღ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან.

დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებს მისი მოთხოვნის გასამყარებლად წარმოადგენს: დანაშაულის აღიარება, მონანიება, მტკიცებულებათა უდაოდ ცნობა და დაზარალებულის მიერ მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არქონის ფაქტი.

საკასაციო პალატა ხელმეორედ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის, უნდა შეფასდეს საქმეში არსებული ყველა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ი. ღ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები ოჯახური კატეგორიის რიცხვს განეკუთვნება; მას აგრეთვე ჩადენილი აქვს თვითნებობა (საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ.. ამ შემთხვევაში, ი. ღ-ს ჩადენილი აქვს ოჯახური კატეგორიის დანაშაული რამდენიმე ეპიზოდად, ძირითად შემთხვევაში დროის მცირე შუალედით, რომელიც სხვა ქმედებებთან ერთად მოიცავს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობას. ამდენად, მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არის მაღალი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტსაც, რომ ი. ღ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილისა და 2021 წლის 15 ივლისის განაჩენებით გასამართლებულია, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა (განზრახი დანაშაულები) ჩადენისათვის და ახალი დანაშაულების ჩადენის მომენტისათვის ნასამართლობა მას კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. იგი არის ორი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი და მის მიმართ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ხსენებული მუხლი განსაზღვრავს კუმულაციურად სამი გარემოების თანაარსებობას (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №888აპ-21 და №305აპ-21 გადაწყვეტილებები), კერძოდ: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ: ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემული მუხლის შინაარსში ნასამართლობა დამაბრკოლებელ გარემოებად მოხსენიებული არ არის, თუმცა ნორმის გამოყენება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მსჯავრდებულის მიმართ გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო განსაზღვრავს საქმეში არსებული ყველა გარემოების ერთობლივი ანალიზით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ღ-ს მიერ ჩადენილი ძალადობის ხარისხისა და ინტენსივობის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის, საქმის მასალებით გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ ი. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ძ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი