Facebook Twitter

საქმე # 190100121004697782

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1298აპ-22 ქ. თბილისი

გ. ნ., 1298აპ-22 20 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ნ. გ-სათვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ პირობით მსჯავრდებულმა ნ. გ-მ ახალი დანაშაული ჩაიდინა სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რისი გათვალისწინებითაც, გამოკვეთილი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წინაპირობები.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის განაჩენით ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2450 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მ ჩაიდინა განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2021 წლის 5 მაისს, 14:35 საათზე, .... მიმდებარე ტერიტორიაზე, 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით ნასამართლევი ნ. გ. შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბით ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ, მაფიქსირებელი მოწყობილობის მქონე დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ნ. გ-სათვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ნ. გ-ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ პირობით მსჯავრდებულმა ნ. გ-მ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული - განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება - ჩაიდინა 2021 წლის 5 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის პერიოდში, პროკურორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, ირკვევა, რომ 2022 წლის 23 ივნისს ნ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მის მიმართ რუსთავის საქალქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ნ. გ-ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით უკვე გაუქმებული პირობითი მსჯავრის ხელახლა გაუქმებასა და წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ორჯერ აღსრულებას, არ აქვს კანონიერი გამართლება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი