საქმე # 330100121004322049
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1136აპ-22 ქ. თბილისი
დ. ნ., 1136აპ-22 8 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. კ-ს, მ. შ-სა და ლ. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა და მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ა. კ-მ, მ. შ-მ და ლ. ა.მ.
2. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და ნ. დ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცეულებები და უსაფუძვლოდ გაამართლა ნ. დ. ბრალად წარდგენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაში, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სადარბაზოს, სადაც თავს დაესხნენ დ. მ-ს, აქვს მხოლოდ ერთი შესასვლელი, რომელსაც ირიბად უყურებს საბავშვო ბაღის ვიდეოკამერა, რომლის ჩანაწერები, საქმეზე ჩატარებულ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთობლივად, ცხადყოფს, რომ პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მისდევს დ. მ-ს, ესვრის და გამორბის სადარბაზოდან არის ნ. დ.; საყურადღებოა, რომ ზემოხსენებულ ვიდეოჩანაწერებსა და ექსპერტიზის დასკვნასთან თანხვდენილია მოწმე ი. ძ-ს გამოქვეყნებული ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ ნ. დ. 2020 წლის 12 და 13 დეკემბერს დროებით საცხოვრებელ სახლთან ელოდებოდა დ. მ-ს, რომელსაც 13 დეკემბერს იარაღით ხელში გაეკიდა, შეჰყვა სადარბაზოში, საიდანაც გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა; ი. ძ-ს მონათხრობი 2020 წლის 12 და 13 დეკემბერს ავტომანქანით გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით დასტურდება - ...-ის, ,,...-სა“ და ,,....“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი ირკვევა, რომ ი. ძ-ს ავტომანქანაში აღმოჩენილია ნ. დ-ს სუნისა და ბიოლოგიური მასალის კვალი, ხოლო ტაქსის მძღოლის ს. ჩ-ს ავტომანქანაში, რომელმაც შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანა ნ. დ., მისი სუნის ნიმუში და ქურთუკის ნაწილაკები; დაზარალებულმა დ. მ-მ სასამართლოში უარყო, რომ ნ. დ. დაესხა თავს, მაშინ, როდესაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ჩანაწერებში განსხვავებულად აღწერს თავს გადახდენილ ამბავს, რაც მისი ჩვენების სანდოობას საეჭვოს ხდის და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა იგი.
3. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და ნ. დ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც ნ. დ-ს ბრალეულობას დაადასტურებდა; სამხილების გამოკვლევის შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ საქმეში წარმოდგენილი მასრები სამართალდამცავებს ნ. დ-ს სახლიდან არ ამოუღიათ და ისინი მსჯავრდებულს არ ეკუთვნოდა, რადგან თავდაპირველი ჩხრეკის შედეგად სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩენილა, ხოლო მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკა საჭიროებდა გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ახალ დადგენილებას, რომელიც საქმეში არ მოიპოვება; გაურკვეველია, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ ჩხრეკა ნ. დ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, რადგან მარტო მოწმეთა ჩვენებებით კონკრეტულ მისამართზე პირის ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურება დაუშვებელია; ნ. დ-ს მეუღლის - ჯ. კ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას არ დაუნახავს და შესაბამისად, დაუდგენელია, თუ საიდან ამოიღეს პოლიციელებმა მასრები, ხოლო ოქმზე ხელის მოწერის დროს მისთვის არავის განუმარტავს, რომ ჰქონდა ოქმზე შენიშვნის გაკეთების უფლება; ამოღებულ მასრებზე არ ჩატარებულა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა საბრძოლო მასალასთან ნ. დ.ს კავშირს; საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ობიექტური გამოძიება.
4. მსჯავრდებულ ნ. დ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატები - ა. კ., მ. შ. და ლ. ა. საკასაციო შესაგებლებით ითხოვენ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში ნ. დ.ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, უცვლელად დატოვებას.
5. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. დ-ს ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობის მცდელობა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
5.1. 2020 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 12:55 საათზე, .... კორპუსის სადარბაზოს პირველ სართულზე, ნ. დ-მ მოკვლის განზრახვით, ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ გაისროლა დ. მ-ს მიმართულებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ერთი ცეცხლსასროლი ჭრილობა, მარცხენა იღლიის საპროექციო არეში, მე-7 და მე-8 ნეკნთაშუა სივრცეში.
5.2. ნ. დ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და შვიდ ცალ საბრძოლო ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
5.3. 2020 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 12:55 საათზე, .... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. დ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და შვიდ ცალ საბრძოლო ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
5.4. ნ. დ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ რვა ცალ საბრძოლო ვაზნას, რომლებიც 2020 წლის 14 დეკემბერს ამოიღეს ... მდებარე ნ. დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
6. ნ. დ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით; ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით; ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ნ. დ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 14 დეკემბრიდან.
8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. დ-მ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
8.1. ნ. დ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ რვა ცალ საბრძოლო ვაზნას, რომლებიც 2020 წლის 14 დეკემბერს ამოიღეს ... მდებარე ნ. დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
8.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ნ. დ.ს მიერ 2020 წლის 13 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და დ. მ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ნ. დ.ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ნ. დ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად ნ. დ.ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორთა მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და ამასთან, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ნ. დ.ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - ზ. ზ-ს, ა. ფ-ს, გ. ბ-სა და დ. გ-ს ჩვენებებიდან, ბინის ჩხრეკის ოქმიდან, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
14. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სადავოდ არ გამხდარა და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2020 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 12:55 საათზე, ... სადარბაზოში, დ. მ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ ესროლეს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა მიიღო დაზიანება მარცხენა იღლიის საპროექციო არეში, მე-7 და მე-8 ნეკნთაშუა სივრცეში, თუმცა მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული, თუ ვინ მიაყენა დ. მ-ს სიცოცხლისათვის სახიფათო, ცეცხლნასროლი ჭრილობა, რამეთუ ბრალდების მხარის მტკიცებით, სწორედ ნ. დ-მ ესროლა დაზარალებულს, ხოლო დაცვის მხარის მითითებით - მას ბრალად წარდგენილი დანაშაული არ ჩაუდენია.
15. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერს და აღნიშნავს, რომ მასში ასახულია ქ. თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ჩიხში მდებარე მე-8 კორპუსის მარჯვენა მხარე, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ვიდეოკამერის თვალთახედვის არეში ვერ ხვდება კორპუსის მარცხენა მხარე და სადარბაზოს შესასვლელი, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ სწორედ სადარბაზოში დაესხნენ თავს დ. მ-ს და მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მიუხედავად საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერისა, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს კორპუსთან მყოფ დ. მ-ს ნ. დ., იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა კატეგორიულად გამორიცხა, რომ მას მსჯავრდებულმა ესროლა, საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით ობიექტურად შეუძლებელია უეჭველად იმის დადგენა, ვინ იყო და რა მოხდა შემთხვევის ადგილზე - კორპუსის სადარბაზოში, რადგან ყველა შესაძლო ვერსია იქნება მხოლოდ ვარაუდი, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
16. მოწმე ი. ძ-ს სასამართლოში გამოქვეყნებულ ჩვენებასთან მიმართებით, რომელზეც ასევე აპელირებს ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ი. ძ-ს მონათხრობი იმასთან დაკავშირებით, რომ გაიგონა იარაღის დამუხტვის ხმა, ასევე - დაინახა შეირაღებული ნ. დ., რომელიც გაეკიდა და სადარბაზოში შეჰყვა დ. მ-ს, საიდანაც მოესმა გასროლის ხმა, არის საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი წონადი სამხილი, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს ნ. დ.ს ბრალეულობასთან მიმართებით, მაგრამ იმის მხედველობაში მიღებით, რომ მხარეებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, სასამართლოში ჯვარედინად დაეკითხათ მოწმე ი. ძ. სადავოდ გამხდარ, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, ხოლო დაზარალებულმა დ. მ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას კატეგორიულად გამორიცხა, რომ თავს ნ. დ. დაესხა, მოწმე ი. ძ-ს გამოქვეყნებული ჩვენება და მისივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ უტყუარ ერთობლიობას, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო, მეორე მხრივ, ხაზგასასმელია, რომ არც თავად ი. ძ-ს განუცხადებია და ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაციითაც დასტურდება, რომ იგი არ შეჰყოლია დ. მ-ს კორპუსის სადარბაზოში, სადაც თავს დაესხნენ დაზარალებულს, არამედ - მივიდა სადარბაზოსთან და უკან გამობრუნდა, რაც ცხადყოფს, რომ ი. ძ. არ არის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე და შეუძლებელია სარწმუნოდ იცოდეს, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე - კორპუსის სადარბაზოში.
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ გამოძიებისათვის შექმნილი ობიექტური დაბრკოლებები ვერ შეუცვლის ბრალდების მხარეს პროცესუალურ როლს და ვერ შეუმსუბუქებს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა - in dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
18. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ზ. ზ, ა. ფ, გ. ბ. და დ. გ. დ-ს სახლში საბრძოლო ვაზნების აღმოჩენასა და ამოღებასთან დაკავშირებით, საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, იძლევიან თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებებს, რომლებიც ურთიერთთავსებადი და თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე - ჩხრეკის ოქმთან და ერთობლივად შეფასებისას აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს. ამასთან, პოლიციელთა ჩვენებების არასანდოდ მიჩნევის ობიექტური და დამაჯერებელი საფუძველი არც კასატორებს მიუთითებიათ თავიანთ საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებით გამოკვეთილა; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნ. დ.ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული, ,,მაკაროვისა“ და ,,სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის განკუთვნილი, 9X18მმ კალიბრიანი 8 ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; საყურადღებოა ბინის ჩხრეკის ოქმზე მსჯავრდებულის მეუღლის - ჯ. კ-ს შენიშვნა, რომლის მიხედვით: ,,სახლის ჩხრეკის დროს, აბაზანაში, დაბლიდან მეორე, ღია თაროდან ამოღებულ იქნა მოყვითალო, პოლიეთილენის პარკში არსებული 8 ვაზნა, რომელიც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა სპეც. პაკეტში“, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცება იმისა, რომ ნ. დ. უდანაშაულოა, ხოლო ჯ. კ-მ ისე მოაწერა ბინის ჩხრეკის ოქმს ხელი, რომ მისთვის შენიშვნის გაკეთების უფლების თაობაზე არავის განუმარტავს, არასარწმუნო და არადამაჯერებელია.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ ნ. დ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. კ-ს, მ. შ-ს და ლ. ა-ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი