Facebook Twitter

საქმე # 120100121005147141

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1223აპ-22 ქ. თბილისი

დ. ნ., 1223აპ-22 1 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას, ნ. დ--ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში და 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ჰქონდა დადგენილი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის, ასევე - სასჯელის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ რ. ც-ს, მოწმეების - ი. ი-ს, ზ. ა-ს, ტ. მ-სა და სხვა მოწმეების ჩვენებებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაზარალებულის 2021 წლის 16 სექტემბრის სამეანო-ულტრაბგერითი კვლევით, 2021 წლის 18 სექტემბრის შემაკავებელი ორდერითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით უტყუარად დასტურდება 2021 წლის 8, 14 და 18 სექტემბერს ნ. დ-ს მიერ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით ორსული რ. ც-ს სისტემატური ცემა; კასატორის მითითებით, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს, რამეთუ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ნ. დ-ს ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. დ.ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ა-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ნ. დ. ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, ქალის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ ქალი უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი ყოველი სურვილი და მოთხოვნა, ხოლო მას შეეძლო მისი დამცირება, სისტემატურად ძალადობდა წინასწარი შეცნობით ორსულ რ. ც-ე, რომელთანაც მუდმივად ეწოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამაც გამოიწვია რ. ც-ს ფიზიკური ტანჯვა, კერძოდ, 2021 წლის 8 სექტემბერს ა-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ნ. დ.მ ზემოხსენებული მოტივით, ჯერ სახეში დაარტყა ხელები რ. ც-ს, შემდეგ - წააქცია და ფეხი დაარტყა თეძოებსა და სხეულის სხვადასხვა არეში; 2021 წლის 14 სექტემბერს ნ. დ.მ ზემოხსენებული მოტივით, მუშტი დაარტყა რ. ც-ს მარცხენა თვალში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი; 2021 წლის 18 სექტემბერს ა-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ ბაღში, ნ. დ-მ იმავე მოტივით, ჯერ სახეში დაარტყა გაშლილი ხელი რ. ც-ს, შემდეგ - თმით ათრია ძლიერად, დააგდო ძირს და დაუწყო ფეხებით ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა. ნ. დ-ს აღნიშნული ქმედებებით რ. ც-მ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

3. ნ. დ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით ნ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენში; ნ. დ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2021 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი), რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. დ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

7.1. 2021 წლის 18 სექტემბერს ა-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში ნ. დ.მ სახეში ხელი დაარტყა რ. ც-ს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, თუმცა უტყუარად ვერ დადგინდა ნ. დ-ს ბრალეულობა 2021 წლის 8 და 14 სექტემბრის ძალადობრივ ეპიზოდებში.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო, მეორე მხრივ, შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი შეუფარდა, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ნ. დ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2021 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი), რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება.

11. მხედველობაშია მისაღები, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ნ. დ-ს ედავებოდა 2021 წლის 8, 14 და 18 სექტემბერს რ. ც-ს სისტემატურ ცემას, საიდანაც - 2021 წლის 8 სექტემბრის ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით საყურადღებოა თავად დაზარალებულ რ. ც-ს ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის აგვისტოში იგი გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც 2021 წლის 14 სექტემბერს დაბრუნდა, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს 2021 წლის 8 სექტემბერს ა-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-ში ნ. დ-ს ძალადობას დაზარალებულზე; აღსანიშნავია, რომ სადავოდ გამხდარი ოჯახური კონფლიქტის მონაწილეების - დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთგამომრიცხველი განმარტებების პირობებში, საქმეში არსებული სხვა რაიმე მტკიცებულება, მათ შორის - დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებისათვის შეტყობინება, 2021 წლის 18 სექტემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერი და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი - რომელიც მიუთითებდა 2021 წლის 14 სექტემბერს ჩადენილ ძალადობაზე, საქმის მასალებში არ მოიპოვება. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად 2021 წლის 18 სექტემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული რ. ც-ს განმარტება, რომ მსჯავრდეული სისტემატურად ძალადობდა მასზე, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალად შერაცხული კონკრეტული ქმედებების უტყუარად დადგენას და დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ უტყუარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია 2021 წლის 14 სექტემბერს რ. ც-ს ცემის ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. დ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2021 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი), რომლის ჩადენისთვისაც იგი კანონიერად იქნა ცნობილი დამნაშავედ.

12. ბრალდების მხარის პოზიციასთან მიმართებით, რომლის მიხედვით, ნ. დ-ს ქმედებაში გამოკვეთილია გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, მაგრამ იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს ნ. დ-ს მიერ დანაშაულის გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე, მეტიც - დაზარალებულმა რ. ც-მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ დანაშაულის მოტივი იყო მსჯავრდებულის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილების გამო წარმოშობილი კონფლიქტი და არა - დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, რისი გათვალისწინებითაც, ნ. დ-სათვის ამ მოტივით სასჯელის დამძიმებას არ აქვს ფაქტობრივი გამართლება. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ნ. დ.ს ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომლის კიდევ უფრო დამძიმება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.

13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი