Facebook Twitter

საქმე # 330100122005792081

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1262აპ-22 ქ. თბილისი

ვ. ო., 1262აპ-22 9 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდო.ე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ლევან კოპალიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა ლევან კოპალიანმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ო. ვ-სათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ასევე - მისი ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა დანაშაულის შედეგად სახელმწიფოს მიაყენა ასი ათას ლარზე მეტი ზიანი, რომლის ასანაზღაურებლად არაფერი მოუმოქმედებია, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ო. ვ. სათანადოდ არ განმსჭვალულა პასუხისმგებლობის გრძნობით და გამოყენებულმა სასჯელმა ვერ მოახდინა მასზე სათანადო ზემოქმედება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის განაჩენით ო. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე - 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ჯარიმა - 30000 ლარი; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო. ვ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე - 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20000 ლარი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ვ.მ ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვი; ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2019 წლის 19 აგვისტოდან - 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში, შპს „.....“ (ს/ნ .....) და შპს „....“ (ს/ნ .....) ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა - ო. ვ-მ, წიაღით სარგებლობის სათანადო ლიცენზიის გარეშე, ..... და ...... მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოიპოვა ჯამურად - 110,400 კუბმეტრი ქვიშა-ხრეში, რის შედეგადაც გარემოს მიადგა - 110,800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3.2. 2022 წლის 27 თებერვალს ო. ვ-მ, ლ. ტ-მ, ვ. გ-მ, რ. ჭ-მ და კ. ჭ-მ 50000 ლარის სანაცვლოდ შპს „.....“ სახელით შპს „.....“ სახელზე გამოწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ყალბი სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, შპს „....“ შპს „....“ მიაწოდა 160000 ლარად ღირებული 20000 მეტრკუბი ქვიშა-ხრეში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა ლევან კოპალიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ო. ვ-სათვის სასჯელის გამკაცრებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ო. ვ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა, ხოლო, მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ო. ვ-ს გარდა, დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძირითადი სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) გათვალისწინებით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.

9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ლევან კოპალიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდო.ე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი