საქმე # 330100116001444485
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1180აპ-22 ქ. თბილისი
ი. ზ., 1180აპ-22 8 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ი.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ი.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ი.ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების 4 დისკი მოპოვებულია საპროცესო კანონის დარღვევით და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს; ამასთან, ვიდეოჩანაწერების სასამართლოში გამოკვლევამ ცხადყო, რომ შეუძლებელია იმის უტყუარად დადგენა, კადრში ნამდვილად ზ. ი-ა ასახული თუ არა და ამდენად, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მხარის ვარაუდი, რომელიც არ დადასტურებულა კანონით დადგენილი წესით; მოწმეების - ბ. ზ-სა და რ. ც-ს ჩვენებები, რომლებმაც ამოიცნეს ჩანაწერებში ზ. ი., ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება თავად ჩანაწერების შინაარსს, ხოლო, მეორე მხრივ, მათი მონათხრობი არასანდოა, რადგან ისინი წლების განმავლობაში ასრულებდნენ ხელმძღვანელთა უკანონო ბრძანებებს და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცრუობენ; იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარწმუნოდ დადასტურდება, რომ ზ. ი-სათვის ნამდვილად ცნობილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, განსჯის საგნად უნდა ქცეულიყო, ჰქონდა თუ არა მას საკუთარი ნების - შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ სათანადო ორგანოსათვის/პირისათვის - თავისუფლად გამოხატვის რეალური შესაძლებლობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით ზ. ი. დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ი-მ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2015 წლის 1 იანვარს .... მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების მე-.. სარეჟიმო კორპუსის ... საკანში, ზ. ი. შეესწრო ლ. შ-ს, თ. ე-ს, გ. გ-ს, ლ. ტ-ს, ბ. გ-ს, ს. ჯ-სა და ლ. ლ-ს მიერ ჯგუფურად, მსჯავრდებულ გ. მ-ს წამების ფაქტს, რა დროსაც ჩადენილმა სასტიკმა ძალადობრივმა ქმედებებმა თავისი ინტენსივობით, ხასიათითა და ხანგრძლივობით დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ი.-მ იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, ამასთან, ჰქონდა შესაძლებლობა, გ. მ-ს წამების ფაქტი არ შეატყობინა კომპეტენტურ ორგანოებს.
4. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედოთ: რ. კ-ს, გ. მ-ს, გ. დ-სა და ი. შ-ს (დაუსწრებლად).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულებს - რ. კ-სა და გ. მ-ს შეუმსუბუქდათ შეფარდებული სასჯელები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ს, მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულ ი. შ-ს შეუმსუბუქდა შეფარდებული სასჯელი.
8. ძებნილი მსჯავრდებული ზ. ი. დააკავეს და შეფარდებული სასჯელი აეთვალა 2021 წლის 18 სექტემბრიდან.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ი.ს დაკავების შემდეგ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ი.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ი-ს უდანაშაულოდ ცნობას.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ი-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის საფუძველი არ არის გამოკვეთილი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება №103აპ-19 საქმეზე).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით სარწმუნოდ დადგენილია ზ. ი-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების - დანაშაულის შეუტყობინებლობის იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს მხარეთა მიერ სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ გიორგი მილაშვილისა და მოწმეების - რ. ც-სა და ბ. ზ-ს ჩვენებებიდან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიდან, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ი.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი