Facebook Twitter

საქმე # 330100122005865160

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1300აპ-22 ქ. თბილისი

მ. გ., 1300აპ-22 9 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. მ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რადგან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ხასიათი, მოტივი, ოჯახური დანაშაულების გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე, რისი მხედველობაში მიღებითაც, პირობითი მსჯავრის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, არამედ პირიქით - შესაძლოა, წაახალისოს, ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და გ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2022 წლის 27 აპრილს შსს .... საპატრულო პოლიციის ინსპექტორმა გ. მ-ს მიმართ გამოსცა №... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - ლ. ჯ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ასევე - მის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შესაძლოა, დაზარალებული იმყოფებოდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, გ. მ-მ 2022 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, მივიდა ...ში, სადაც იმყოფებოდა ლ. ჯ.

3.2. 2022 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ....ში, გ. მ. მოკვლით, კერძოდ - ყელის გამოჭრით - დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. ჯ-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესის შესაბამისად, გ. მ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულებს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) გათვალისწინებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის დამძიმება და ჩადენილი დანაშაულებისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მოხდის წესის შეცვლა, დაზარალებულის ლმობიერი პოზიციის მხედველობაში მიღებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი