Facebook Twitter

საქმე # 010100118002333986

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1156აპ-22 ქ. თბილისი

ჩ. ა., 1156აპ-22 1 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ჩ.- და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. კ-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ა. ჩ-სათვის სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას, სასჯელის ზომის შემცირებასა და პირობითი მსჯავრის გამოყენებას.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენით ა. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლს მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჩ.მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი ა. ჩ. 2018 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, .... არსებული მრავალსართულიანი კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-6 სართულიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზ. ს-ს - 1000 ლარად ღირებულ ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ჩ.მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. კ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ა. ჩ-სათვის სასჯელის შემსუბუქებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან; უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. ჩ.ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, რაც ა. ჩ.ს ქმედებაში გამოკვეთილი მაკვალიფიცირებელი გარემოებების სიმრავლის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში სასჯელი ინიშნება იდეალური ერთობლიობით, მაკვალიფიცირებელ გარემოებათა კუმულაცია ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას ზრდის, ხოლო პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობას - ამცირებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ჩ.სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი