საქმე # 330100122005496363
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1264აპ-22 ქ. თბილისი
ხ. ნ., 1264აპ-22 17 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ხ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ნ-მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ნ. ხ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდების ამ ნაწილში ეფუძნება ვარაუდებს და არა - მტკიცებულებებს, კერძოდ: ხუთივე პოლიციელის - გ. მ-ს, ი. ბ-ს, დ. რ-ს, გ. თ-სა და შ. ს-ს, ისევე როგორც - გ. ბ-ს მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია იდენტურია, რაც უყურადღებოდ დატოვა სასამართლომ, ხოლო მათი ჩვენებები ადასტურებს, რომ ნ. ხ-სათვის მისთვის გასაგებ ენაზე არავის განუცხადებია, რომ იყვნენ პოლიციელები, რაც თითქოსდა, მათი სამსახურებრივი ფორმებითაც ცხადი უნდა ყოფილიყო, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება დაზარალებულების ქურთუკები, რომლებზეც პოლიციის აღმნიშვნელი ლათინური წარწერა იქნებოდა, რადგან ისინი ბრალდების მხარეს არ ამოუღია, ისევე, როგორც არ ჩაუტარებია საგამოძიებო ექსპერიმენტები პოლიციელების ჩვენებების ადგილზე შესამოწმებლად და არ გამოუთხოვია ლიფტში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები; არც ნ. ხ. უარყოფს, რომ პოლიციელებს ეცათ შავი ქურთუკები, თუმცა პოლიციის აღმნიშვნელი წარწერა არ წაუკითხავს, რადგან სადარბაზოში ბნელოდა, რაც დასტურდება დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ფოტოსურათებით და რასაც ვერ გადაწონის მოწმე გ. ბ. ჩვენება, სადარბაზოში სენსორული განათების არსებობის თაობაზე; პოლიციელები, რომლებმაც ნ. ხ.ს დაკავების დროს, წინააღდეგობის გაწევისას, გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, რადგან დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც არ არის დადგენილი, კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო თუ არა, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით ცრუობენ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის განაჩენით ნ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ნ. ხ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ხ-მ ჩაიდინა: სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2022 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 02:50 საათზე, ნ. ხ. მივიდა .... ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექს ,,-...“ №... კორპუსში, ავიდა მე-... სართულზე, სადაც მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით, განზრახ დააზიანა იმავე სადარბაზოში განთავსებული, შპს ,,...“ კუთვნილი ლიფტის ელექტრონული გასაღების წამკითხველი, მივიდა იმავე სადარბაზოში განთავსებულ მეორე ლიფტთან, სადაც კვლავ დანის გამოყენებით, განზრახ დააზიანა იმავე კომპანიის კუთვნილი, ლიფტის გამოსაძახებელი მექანიზმის მქონე ლითონის მოწყობილობა, შევიდა ამავე ლიფტში და კვლავ დანის გამოყენებით, განზრახ დააზიანა ელექტრონული გასაღების წამკითხველი, რითაც შპს ,,....’’ მიაყენა - 650 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3.2. 2022 წლის 7 იანვარს საქართველოს შს სამინისტროს ... პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიიღეს შეტყობინება, რომ .... ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექს ,,...“ №... კორპუსის მე-...სართულზე, უცნობი მამაკაცი აბრახუნებდა კარებზე, აზიანებდა ლიფტებსა და კარებს. შეტყობინების საფუძველზე პოლიციის მუშაკები: გ. მ., ი. ბ., გ. თ. და სხვები, რომლებსაც ეცვათ სამსახურებრივი ფორმები, დაახლოებით 03:10 საათზე, მივიდნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც შეხვდნენ ნ. ხ-ს, რომელიც იყო ალკოჰოლით მთვრალი. გ. მ-ს შეკითხვაზე, თუ რაში იყო საქმე, ნ. ხ-მ მოიმარჯვა მის ხელთ არსებული დანა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა პოლიციელს, კერძოდ, ერთხელ მოუქნია დანა მუცლის არეში, თუმცა ი. ბ-მ მოახერხა გ. მ-ს გვერდით გაწევა და მოქნეული დანის აცილება, რის შემდეგაც შეიარაღებული ნ. ხ. თავს დაესხა ი. ბ-ს, რომელსაც ასევე მოუქნია დანა, თუმცა ვერც მას დაარტყა, რადგან ი. ბ-მ შეძლო მისი მოგერიება, რასაც მოჰყვა ნ. ხ.ს ადგილზე დაკავება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ-, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ნ. ხ.ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე მიანიშნებდა და ამასთან, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დგინდება ნ. ხ.ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობასთან მიმართებით, რომლებმაც წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე და ამხელენ ნ. ხ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, აღნიშნავს, რომ დაზარალებულები - გ. მ. და ი. ბ, ისევე, როგორც მოწმეები - დ. რ., გ. თ. და შ. ს. ნ. ხ-ს მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გ. მ-სა და ი. ბ-ზე დანით თავდასხმასთან მიმართებით, საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, იძლევიან თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებებს, რომლებიც ურთიერთთავსებადი და თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე - ,,....“ დაცვის თანამშრომლის, ნეიტრალური მოწმის - გ. ბ-ს ჩვენებასთან, რომელიც ცხადყოფს, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს - გ. მ-სა და ი. ბ-ს, რომლებსაც ეცვათ პოლიციის აღმნიშვნელი ლათინურწარწერიანი სამსახურებრივი ფორმები, თავს დაესხათ დანით შეიარაღებული ნ. ხ.. მას განუცხადეს, რომ იყვნენ პოლიციელები და უნდა გამოერკვიათ საქმის ვითარება; ასევე - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ნ. ხ.ს მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღი - გაშლილი დანა. ამდენად, დაზარალებულების - გ. მ-სა და ი. ბ-ს, ისევე, როგორც მოწმეების - დ. რ-ს, გ. თ-სა და შ. ს-ს ჩვენებები, ნეიტრალური მოწმის - გ. ბ-ს ჩვენებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებვის ოქმთან ერთობლივად შეფასებისას აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს, რისი მხედველობაში მიღებითაც მტკიცება იმისა, რომ ნ. ხ. უდანაშაულოა, ხოლო პოლიციელები შესაძლო პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად ცრუობენ, არასარწმუნო და არადამაჯერებელია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დასტურდება, რომ გ. მ. და ი. ბ. მსჯავრდებულის მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ გამოკვეთილად მათი სტატუსიდან გამომდინარე, რაც იმთავითვე მიუთითებს ნ. ხ.ს ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობას, რომლის ჩადენისათვის იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი