საქმე # 330100119003322374
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1181აპ-22 ქ. თბილისი
კ. თ., 1181აპ-22 2 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ნიკოლოზ დგებუაძის
ადვოკატ - მ. შ-ს
მსჯავრდებულ - თ. კ-ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო კეპულაძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. კ-ს, - დაბადებულს 19.. წლის 3 ნოემბერს, - ბრალად დაედო: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით; სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. 20.. წლის აგვისტოსა და სექტემბერში თ. კ. ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ... მდებარე, შპს ,,...” კუთვნილ ტექნიკას, კერძოდ, 9 ცალ ,,სონის“ ფირმის ტელევიზორს, რითაც დაზარალებულს მიაყენა დაახლოებით, 11000 ლარის - დიდი ოდენობით ზიანი.
1.2. თ. კ-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, შპს ,,...“ კუთვნილი, 2 ცალი ,,სონის“ ფირმის ტელევიზორი, რითაც დაზარალებულს მიაყენა დაახლოებით, 2000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თ. კ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 182-ე მუხლს მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენით თ. კ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რისი მოხდისგანაც გათავისუფლდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; თ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; თ. კ-ს სასჯელი აეთვალა 2022 წლის 21 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-მ ჩაიდინა: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა დაზარალებულისათვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და თ. კ-სათვის სასჯელის სახით - 5000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და თ. კ-სათვის სასჯელის სახით - 5000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას.
8. 2023 წლის 1 თებერვალს, მსჯავრდებულ თ. კ-ს ადვოკატ მ. შ-ს უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულ თ. კ-ს წინასწარი თანხმობით, მსჯავრდებულსა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო კეპულაძეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი. საპროცესო შეთანხმება დადებულია ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
8. 2023 წლის 1 თებერვალს პროკურორმა ნინო კეპულაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ თ. კ-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა იმ პირობით, რომ:
8.1. თ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
8.2. თ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯოს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 წელი; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი და 1 წლით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ, მსჯავრდებულმა თ. კ-მ, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ–მ.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნინო კეპულაძესა და მსჯავრდებულ თ. კ-ს შორის უნდა დამტკიცდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3. საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები: დაზარალებულის წარმომადგენელ ა. თ-ს, მოწმეების - თ. მ-ს, ზ. მ-ს, მ. ბ-ს, ვ. ს., პ. შ-სა და შ. მ-ს ჩვენებები, ასევე - ბ. ა-სა და გ. მ-ს გამოკითხვის ოქმები, 20-- წლის 1 ივლისის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, საბაჟო დოკუმენტაცია, სალომბარდე ხელშეკრულებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
4. სასამართლო დარწმუნდა, რომ:
ü საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
ü საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის -ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
ü მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;
ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
ü მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
ü მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
ü მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
ü მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
ü საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
ü მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
ü მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;
ü მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;
ü მსჯავრდებული აცნობიერებს მის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;
ü მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
5. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო კეპულაძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო კეპულაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ თ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. თ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
5. თ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯოს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 წელი; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი და 1 წლით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;
6. თ. კ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს - 2022 წლის 21 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი