საქმე # 080141222006510656
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №10I -23 თბილისი
ლ. ლ., 10I -23 27 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ლ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენით ლ.ა ლ., - დაბადებული 19.. წლის 24 სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების აკრძალვით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადითა. მასვე აეკრძალა სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება - 3 წლით.
2. ზემოხსენებული განაჩენით მთლიანად დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის - დაზარალებულ კ. გ-ს სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხეებს: მ. ხ-ს, თ. დ-ს, ა. ლ-ს, გ. შ-ს, ვ. ჩ-ს, ნ. ჩ-სა და ლ. ლ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრათ შემდეგი თანხების გადახდა: მ. ხ-ს - 577739 ლარის, მათ შორის, თ. დ-სთან სოლიდარულად - 79938 ლარის; ა. ლ-სთან სოლიდარულად - 7654 ლარის; გ. შ-სლთან სოლიდარულად - 20771 ლარის; ვ. ჩ-სთან სოლიდარულად - 23535 ლარის; ნ. ჩ-სთან სოლიდარულად - 266342 ლარის; ლ. ლ-სთან სოლიდარულად - 104068 ლარის.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულ მურად ხვადაგიანის მიმართ დანაშაულის კვალიფიკაციასა და სასჯელთან მიმართებით, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. 2022 წლის 28 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ლ. ლ-მ და ითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელება.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ლა. ლ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი არ გავრცელდა.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა ლ. ლ-მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის აღსრულებას, რადგან მიიჩნევს: იმის მხედველობაში მიღებით, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს 2000-2001 წლებში, ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, ამნისტიის აქტი უნდა გავრცელდეს არა მარტო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მის გათავისუფლებაზე, არამედ - დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებულ ზიანზეც, რაც, კასატორის მოსაზრებით, შეესაბამება კანონმდებლის ნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომელზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს: მართალია, ლ. ლ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულია 2004 წლამდე ჩადენილი დანაშაულებისათვის, თუმცა განაჩენით შეფარდებული სასჯელები: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების 3-წლიანი აკრძალვა, მას მოხდილი აქვს მთლიანად, რისი მხედველობაში მიღებითაც, ამ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელება გაუმართლებელია, ხოლო დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არა სისხლის, არამედ - სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ღონისძიებაა, რაც უპირობიდ გამორიცხავს მასზე „ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედებას.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი