საქმე # 060100121005072481
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №102აპ-23 ქ. თბილისი
გ-ე გ. 102აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 7 ივლისს, დილის საათებში, გ. გ-მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ. დ-ს და ხელი ჰკრა მას, რის შედეგადაც იგი წაიქცა, დაზიანება მიიღო მარცხენა ხელის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, გ. გ-მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ. დ-ს და თმით ითრია იგი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, გ. გ-მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ. დ-ს, თმით ითრია იგი და დაემუქრა სხეულის დაზიანებითა და მოკვლით, რა დროსაც ხელში ეჭირა დანა; აგრეთვე, ბრტყელტუჩას საშუალებით ენის ამოძრობით დაემუქრა დაზარალებულს, აღნიშნული ხელსაწყოს დემონსტრირებით. გ. გ-ს მუქარა ქ. დ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:
2.1. გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი, 2021 წლის 7 ივლისისა და 2021 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდები) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. გამართლებულ გ. გ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, გ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. გ-ს მიერ ძალადობისა და მუქარის ჩადენას.
7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითვისას დაზარალებულმა ქ. დ-მ განმარტა, რომ 2021 წლის 7 ივლისს, სოფელ ს-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მან და მისმა მეუღლემ იჩხუბეს. გ-მა ხელი ჰკრა, წააქცია, თმაში ეცა და შეანჯღრია. ხელის კვრა ეტკინა და შიშებში ჩავარდა. 23 აგვისტოს გ. ძალიან მთვრალი იყო და დანით გამოეკიდა, ბრტყელტუჩით გამოეკიდა და იძახდა - „ხელში დაგაკავებინებ ენასო“. მერე მოუსწრეს დედამისმა, ასევე ბიძაშვილმა და გადაარჩინეს. გ. როცა მისდევდა, თან ეუბნებოდა მოგკლავო. ამ დროს ფიქრობდა, რომ მოკლავდა. ჭიშკრამდე სდია და ძალიან შეეშინდა. 23 აგვისტოს გ. მას ფიზიკურად არ შეხებია. თმაში ხელი მოკიდა და უცებ გაუშვა.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულ ქ. დ-ს გამოკითხვის ოქმის ნაწილი, რომლის თანახმად, 2021 წლის 7 ივლისს, დილის საათებში, მთვრალმა მეუღლემ - გ. გ-მ უმიზეზოდ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ჰკრა ხელი, რა დროსაც წაიქცა და იტკინა მარცხენა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნატკენი ხელი ჰქონდა შეშუპებული და რამდენიმე დღის განმავლობაში ტკიოდა... 2021 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, მასთან სტუმრად მივიდა დედა - ნ. დ-ე. გ. გ-ე ამ დროს იყო მთვრალი, რომელმაც კვლავ უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან გ-ს უთხრა, რომ მეტის მოთმენას არ აპირებდა და დარეკავდა პოლიციაში. აღნიშნულის გამო გ-მა იგი თმით ითრია, რა დროსაც განიცადა როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე სულიერი ტანჯვა, რასაც ისედაც სულ განიცდიდა მისგან. გ. მას ემუქრებოდა ხელში მომარჯვებული საოჯახო დანის საშუალებით, ეუბნებოდა, რომ სხეულზე მიაყენებდა დაზიანებას, მოკლავდა, ასევე ემუქრებოდა, რომ პოლიციისათვის მიმართვის შემთხვევაში ბრტყელტუჩას საშუალებით ამოთხრიდა ენას, რომელსაც დანასთან ერთად უფრიალებდა თვალწინ. მან აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან გ. გ-ე გამოხატავდა მის მიმართ ძალიან დიდ ზიზღსა და აგრესიას. ერთ მომენტში მოახერხა მისგან თავის დაღწევა და სახლიდან გაქცევა.
9. დაზარალებულმა ქ. დ-მ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები. მანვე მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე უპასუხა, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაგრამ დაზიანება არ ჰქონია. ისე კი ათრია თმებით გ-მა, წააქცია და თმაში ეცა. სულიერი ტანჯვა განიცადა, შიშებში ჩავარდა, ეშინოდა. გ-მა დაიკავა ცალ ხელში ჯოხი, მეორე ხელში დანა და გამოეკიდა, თვითონ გაიქცა. მის მეუღლესაც შეეძლო მაშინ სირბილი. ამ დროს დედამისმა და ბიძაშვილმა მიუსწრეს, რომლებიც თხილის კრეფაში ეხმარებოდნენ. მეუღლესთან შერიგება უნდა, მისი სურვილია, რომ იგი გათავისუფლდეს.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 7 ივლისის ძალადობის ეპიზოდში, გარდა დაზარალებულ ქ. დ-ს ჩვენებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2021 წლის 7 ივლისს, გ. გ-მ ხელი ჰკრა ქ. დ-ს, რის შედეგადაც იგი წაიქცა, დაზიანება მიიღო მარცხენა ხელის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება მოწმე ნ. დ-ს ჩვენებას, იგი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით ირიბი ჩვენებაა, ვინაიდან ნ. დ-ე არ არის ფაქტის თვითმხილველი და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გ. გ-ს მხრიდან 2021 წლის 7 ივლისს ჩადენილი ძალადობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
11. გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდში, წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ დაზარალებულ ქ. დ-ს ჩვენების გარდა წარმოადგინა მოწმეების - ნ. დ-ს, გ. ვ-ს, ს. გ-ს, ბ. მ-სა და ი. ფ-ს ჩვენებები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
12. გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებული შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ. დ-ც. კერძოდ, გამოძიებაში მან განმარტა, რომ 2021 წლის 23 აგვისტოს, თავად შეესწრო იმ ფაქტს, თუ როგორ დაუწყო მთვრალმა გ. გ-მ უმიზეზოდ ჩხუბი მის შვილს - ქ. დ-ს, წვდა მას თმაში და ათრია მისაღებ ოთახში. გ-მა ამ დროს ხელში მოიმარჯვა იქვე მაგიდაზე დადებული საოჯახო ტიპის დანა, რომელსაც უღერებდა ქ-ს და მოკვლით ემუქრებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმე ნ. დ-მ განაცხადა, რომ ამ ძალადობის დროს თვითონ გარეთ იყო და მხოლოდ ხმა ესმოდა.
13. რაც შეეხება მოწმეების - გ. ვ-ს, ს. გ-ს, ბ. მსა და ი. ფ-ს ჩვენებებს, ისინი თავიანთი შინაარსიდან გამომდინარე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით ირიბი ჩვენებებია, ვინაიდან, ეს პირები არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველები და გადმოსცემენ დაზარალებულ ქ. დ-ან მიღებულ ინფორმაციას.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ქ. დ-ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ დაფიქსირებულა.
15. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მათში მითითებულია ქ. დ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია 2021 წლის 23 აგვისტოს გ. გ-ს მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის შესახებ. ამდენად, ისინი ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებებად და მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან, ყველა ამ მტკიცებულების წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი.
16. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის 15 ნოემბრის ცნობის თანახმად, გ. გ-ს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს კიდურების ტრემორის გამო, მოძრაობა ატაქსიური, გადაადგილდება ყავარჯნების დახმარებით. გ. გ-ს ძირითადად მწოლიარედ ყოფნისა და ყავარჯვნის გამოყენებით გადაადგილების ფაქტს ადასტურებენ თავიანთ ჩვენებებში ასევე მოწმეები - ნ. დ-ე და გ. ვ-ე. აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგება საკითხი, შეეძლო თუ არა გ. გ-ს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩაედინა ბრალდების შესახებ დადგენილებასა და დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი ქმედებები, რაც აქტიურ ფიზიკურ მოქმედებას საჭიროებდა მისგან, კერძოდ, თმით ეთრია ქ. დ-ე და სირბილით დადევნებოდა მას; ამასთან, გ. გ-ს ფიზიკური მდგომარეობა, რაც ზემოხსენებულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასა და მოწმეთა ჩვენებებშია აღწერილი, რამდენად იძლეოდა მისი მუქარის რეალურ მუქარად აღქმის შესაძლებლობას.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
18. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი