საქმე # 020100121004885054
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №103აპ-23 ქ. თბილისი
ნ-ა მ. 103აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ნ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 22 მაისს, დაახლოებით 13:15 საათზე, ქ. ზ-ში, ზ. გ-ს ქუჩის N...-ში მ. ნ-სა და გ. წ-ს მეუღლის ოჯახებს შორის წლების წინ არსებული უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით, მ. ნ-მ, სავარაუდოდ, დანის გამოყენებით, გ. წ-ს მუცლის ღრუს არეში, მარჯვენა მხარეს, მიაყენა ერთი შემავალი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად შესაძლებელი გახდა გ. წ-ს სიცოცხლის შენარჩუნება.
· 2021 წლის 20 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, წარსულში არსებული უთანხმოების საფუძველზე, ქ.ზ-ში, ზ. გ-ს ქუჩის N...-ში მ. ნ-ა, ფიზიკური ძალადობის შემდეგ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ა-ს, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 20 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, წარსულში არსებული უთანხმოების საფუძველზე, ქ.ზ-ში, ზ. გ-ს ქუჩა N...-ში მ. ნ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ. ა-ს, რის შემდეგაც სახიდან მოხსნა ხედვის სათვალე და მარცხენა ხელი მასში მოთავსებული სათვალით დაარტყა შუბლის არეში, მარჯვენა მხარეს. აღნიშნულის შედეგად მ. ა-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით:
2.1. მ. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. მ. ნ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 1 წლით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 1 წლით, 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები. მ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 1 აგვისტოდან, ხოლო დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა - ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. მ. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,108-ე მუხლზე.
3.3. მ. ნ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 5 წლით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 1 წლით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. ნ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 5 წლით. მ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 1 აგვისტოდან, ხოლო დამატებითი სასჯელის - ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა მ. ნ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-მ საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. ნ-ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის შეფარდება ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს მ. ნ-ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან ამავე კოდექსის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას. აღსანიშნავია, რომ ზემომითითებულ დანაშაულებთან მიმართებით არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №293აპ-14, №424აპ-16, №384აპ-14, №227აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, როგორც მ. ნ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა, ისე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების დაკვალიფიცირების უმართებულობა.
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მსჯავრდებულმა მ. ნ-მ დაზარალებულ გ. წ-ს, მომხდარი კონფლიქტის გამო, დანა დაარტყა მუცლის არეში, რასაც არც თავად მსჯავრდებული უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მ. ნ-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, ანუ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობას წარმოადგენს თუ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განზრახ მკვლელობის დროს პირი ითვალისწინებს თავისი ქმედების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, შეგნებული აქვს ამ მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და სურს ეს შედეგი - ადამიანის მოკვლა (პირდაპირი განზრახვა), ან შეგნებულად უშვებს, რომ მის მოქმედებას ადამიანის სიკვდილი მოჰყვება (არაპირდაპირი განზრახვა). მკვლელობა შეიძლება იყოს წინასწარ მოფიქრებული ან უეცარი განზრახვით. თუ პირის განზრახვა მიმართული იყო სხეულის დასაზიანებლად, მაგრამ ამას შედეგად მოჰყვა სიკვდილი, მან შეიძლება პასუხი აგოს მხოლოდ სხეულის განზრახ დაზიანებისათვის და სათანადო პირობების არსებობისას, გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის. დამნაშავის განზრახვის შინაარსზე საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება, ჭრილობათა და სხვაგვარ დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და ლოკალიზაცია, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი, დამნაშავისა და დაზარალებულის ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენამდე, მათი ურთიერთდამოკიდებულება.
9. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი იყო მ. ნ-სა და გ. წ-ს მეუღლის ოჯახებს შორის წლების წინ არსებული უთანხმოება. დადგენილია ის გარემოებაც, რომ როდესაც მ. ნ-ა ცდილობდა შემთხვევის ადგილზე მისვლას, მეზობელ გ. ზ-ს ეჭირა კარი, ტანით აწვებოდა, რათა გარეთ არ გამოეშვა იგი, თუმცა მ. ფანჯრიდან გადახტა, სწრაფი სიარულით მივიდა დაზარალებულსა და მის მეუღლესთან, მას ხელში ეკავა დანა, რომელიც გ. წ-ს ჩაარტყა მუცელში.
10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად (ე-ს ზ-ს N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8358/314-ის ასლი) მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ. წ-მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2021 წლის 22 მაისს 13:25სთ-ზე და დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ღვიძლისა და დიდი ბადექონის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი. დაზიანება-ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აყენებს შემავალი ხასიათის ჭრილობას მუცლის არეში, რაც იწვევს მისი ისეთი სასიცოცხლო ორგანოების დაზიანებას, როგორიცაა ღვიძლი და დიდი ბადექონი, იგი უშვებს კიდეც პირის გარდაცვალების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუნდაც ერთი ჭრილობის მიყენებითაც კი სახეზეა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რადგანაც მოხდა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების მიყენება და შეუძლებელია ასეთი სახიფათო, შემავალი ხასიათის ჭრილობის დროს ადამიანი არ უშვებდეს დაზარალებულის გარდაცვალების შესაძლებლობას.
12. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ როგორც კონფლიქტის დაწყების დროს, ასევე გ. წ-თვის დანის მუცელში დარტყმისას გ. ზ-ა მ. ნ-ს არ მოშორებია გვერდიდან, მის შეკავებას ცდილობდა და ხელიც კი დაუზიანდა. ამასთან, დანის დარტყმისთანავე, როცა გ. ძირს დაეცა, მ. ნ. გ-სკენ გაიქცა, რა დროსაც ნ-მ კივილი დაიწყო, ვინაიდან გ. მკვდარი ეგონა. საგულისხმოა ის გარემოებებიც, რომ მ. ნ-ა გ. წ-ს დაჭრის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა; დაზარალებული კი დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიკერძოებული და არაობიექტურია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მ. ნ-ა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო.
14. მსჯავრდებულ მ. ნ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ა-სა და მოწმეების - ნ. გ-ს, ნ. ხ-ს, ლ. ხ-ს, ს. ხ-სა და სხვათა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი