Facebook Twitter

საქმე # 140100122005542402

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №111აპ-23 ქ. თბილისი

ტ-ი ბ. 111აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ნ-სა და ლ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:

1.1. ბ. ტ-ი, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ბ. ტ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 13 დეკემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ტ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 12 დეკემბერს, ღამის საათებში, კ-ს რაიონის სოფელ მ-ში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ, ბ. ტ-სა და დ. ო-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ბ. ტ-მა დ. ო-ს თხემის არეში დარტყმით მიაყენა დაზიანება და ასევე თანნაქონი დანის გამოყენებით განზრახ მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულ ბ. ტ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ნ-მ და ლ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ბ. ტ-ს გამართლება.

4.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ბ. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ნ-სა და ლ. ბ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და შესაბამისად, მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ბ. ტ-ს მსჯავრდების საფუძვლიანობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ. კ-ს, მ. მ-ს, ლ. რ-სა და სხვათა ჩვენებებით, შეტყობინებით, ავტომანქანისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (სეროლოგიური გენეტიკური) ექსპერტიზის №..., სამედიცინო ექსპერტიზის №..., ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №..., ტრასოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულის გამართლების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად უთითებს დაზარალებულის ჩვენებას.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ დადასტურებულია და სადავოდ არ არის გამხდარი მხარეებს შორის არსებული კონფლიქტი, რის არსებობას ადასტურებს თავად ბ. ტ-ც. გამოკვეთილია, რომ კონფლიქტს საკმაოდ სერიოზული ხასიათი ჰქონდა, რადგანაც გაგრძელდა სამი დღის განმავლობაში. დ. ო-ი ცალსახად მიუთითებს, რომ ბ. ტ-თან შესახვედრად წავიდა მოფარებულ ადგილზე, სადაც ბ. ტ-ს ახლდა მისთვის უცხო პიროვნებაც, რა დროსაც მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ დ. ო-მა დაადასტურა ყველა შემდეგი გარემოება, კერძოდ, რომ მიიღო თავის დაზიანება და ჭრილობაც წარმოეშვა სწორედ ამ კონფლიქტის შედეგად მოხმდარი ჩხუბის დროს. აღნიშნული გარემოებები დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა და ეჭვსგარეშეა.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის დადასტურდა, უპირველესად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბიოლოგიური (სეროლოგიური გენეტიკური) ექსპერტიზის №... დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით.

10. ბ. ტ-ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ სახლი შედგება რამდენიმე ოთახისგან. ოთახში, სადაც იდგა საწოლი, ლეიბის ქვეშ ნანახი იქნა დაკეცილი დანა სისხლისსმაგვარი ლაქებით. აღნიშნულ ფაქტს ყველა მონაწილე ერთად შეესწრო. სამზარეულოდან ასევე ამოღებული იქნა სხვა დანებიც. აღსანიშნავია, რომ მოწმეებმა დაადასტურეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე. ჩხრეკის ოქმზე შენიშვნები არ დაფიქსირებულა. ასევე საგულისხმოა, რომ ჩხრეკას, გარდა პოლიციის თანამშრომლებისა, ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენელი ი. მ-ი და დამსწრე პირი დ. მ-ი. ჩხრეკის ჩამტარებელმა და ჩხრეკაში მონაწილე პირებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ბ. ტ-ს საცხოვრებელ სახლში განთავსებული საწოლიდან დაკეცილი დანის, სისხლისმაგვარი ლაქებით ამოღების ფაქტი. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს ჩხრეკაში მონაწილე პირების ჩვენებებზე და იმ უმნიშვნელო ხასიათის წინააღმდეგობებზე, რაც გამოიკვეთა მათი დაკითხვისას და კვლავ აღნიშნავს, რომ ურთიერთთავსებადობისა და შესაბამისობის თვალსაზრისით ჩვენებების სახით არსებული მტკიცებულებების უტყუარობის კრიტერიუმად მათი იდენტურობის მიჩნევა არასწორია და პირიქით, სწორედ მათი იდენტურობა წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს მათ მიმართ (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N117აპ-18).

11. ჩხრეკის დროს აღმოჩენილ ნივთიერ მტკიცებულება - დანაზე ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილია, რომ ,„...პაკეტში, წარწერით: ... დანა. მოწითალო ფერის ლაქებით...ბ. ტ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე...“ მოთავსებულ დანის პირის ორივე ზედაპირზე (ობ. №9, 10) და ტარის მოვერცხლისფრო ნაწილზე (ობ. №1) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის დ. ო-ს (ობ. №75). დანის ტარზე მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ. №12) გენეტიკური პროფილი შერეულია: მაჟორული წილი ეკუთვნის ბ. ტ-ს, ხოლო მინორული წილი დ. ო-ს...“. ამდენად, დანა უშუალოდ ბ. ტ-ს სახლში რომც არ აღმოჩენილიყო, ცალსახაა, რომ ამოღებულ დანაზე არსებობს, როგორც დაზარალებულის, ისე მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილები. ამასთან, ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ „დ. ო-ს წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (პალტო, პულოვერი, მოკლესახელოებიანი მაისური, ბრეტელებიანი მაისური, შარვალიქამრით, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფესაცმელი) პულოვერზე და ორივე მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოში არსებული ჭრით გამოწვეული დაზიანება განვითარებული უნდა იყოს წარმოდგენილი დასაკეცი დანის კონსტრუქციის მქონე დანით“.

12. ადვოკატების ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დანაზე ბ. ტ-ს გენეტიკური პროფილი შესაძლოა გადასულიყო იმ საწოლიდან, სადაც იდო დანა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ნივთზე გენეტიკური პროფილის დატოვება არ არის ერთჯერადი შეხების საგანი და აღნიშნული დამოკიდებულია პირის მიერ შემხებლობის ხანგრძლივობასა და სიძლიერეზე. ამასთან, დაცვის მხარეს, გარდა საკუთარი მოსაზრებისა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ხელშესახები მტკიცებულება, საქმეში არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დანაზე, რომელზეც ამოსულია დაზარალებულ დ. ო-ს სისხლის კვალი, შემხებლობა ჰქონდა მსჯავრდებულ ბ. ტ-ც და სააპელაციო პალატის მსგავსად მიუთითებს, რომ დანაზე ამოსული გენეტიკური კვალი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის მტკიცებულება, რომლის შენაცვლებადობის ალბათობა ძალზედ დაბალია.

13. ასევე საფუძველს მოკლებულია კასატორების პოზიცია, რომ დაზარალებული დ. ო-ი დაჭრა არა ბ. ტ-მა, არამედ უცხო პიროვნებამ, ვინაიდან დანაზე, გარდა დაზარალებულისა და მსჯავრდებულისა, სხვა პირის გენეტიკური პროფილი არ იკვეთება, ამასთან, დასახელებული უცხო პირის ამოცნობა არ შეუძლია თავად დაზარალებულს და ხსენებულ პირს არ იცნობს ასევე მსჯავრდებული ბ. ტ-ი, მაშინ როდესაც დაზარალებულის განმარტებით, ,,დამნაშავე“ პირი, ბოლო კონფლიქტის დროს იმყოფებოდა ბ. ტ-თან ერთად.

14. არადამარწმუნებელია დაზარალებულის ჩვენება კილინიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, კერძოდ, ის გარემოება, რომ მას არ შეეძლო საუბარი, წყალს ითხოვდა ხშირად და დაკითხვა შეუძლებელი იყო. მკურნალი ექიმის - მ. მ-ს ჩვენებით, მართალია, წყალი მოითხოვა პაციენტმა, მაგრამ აპარატიდან ჩახსნის შემდეგ მას საუბარი შეეძლო, ადეკვატურად სცემდა კითხვებზე პასუხს და ჰქონდა ნათელი ცნობიერება. სწორედ ექიმის ნებართვის საფუძველზე განხორციელდა დაზარალებულის დაკითხვა და ხელის დაბუჟების გამო აღნიშნულ პროცესს გარეშე პირის სტატუსით ლ. რ-ე დაესწრო. ამდენად, მოწმეების მ. მ-სა და ლ. რ-ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა აპარატიდან მოხსნის შემდგომ დაზარალებულის ადეკვატური მდგომარეობა მისგან ჩვენების აღების დროს.

15. საკასაციო სასამართლო ასევე მხედევლობაში იღებს ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც დგინდება, რომ დ. ო-ს ბ. ტ-ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მას საქმეზე არ სურს ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული აუდიო ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მტკიცებულების თანახმად (ტ.2, გვ.29-30) დ. ო-ი საუბრობს სანიტართან, რომელიც ახსენებს ბ-ს და მის საპასუხოდ დაზარალებული ეუბნება, რომ ჩივილს არ აპირებს და დაზარალებულის სტატუსით სარგებლობა არ სურს. აღნიშნულზე სანიტარი ეკითხება თუ „როგორ გაიმეტა“, რომ „ბეწვზეა გადარჩენილი“, „ეგ როგორ ქნა, როგორ მიეპარა“, დაზიანების გამო მუცელი სულ სისხლით ჰქონდა სავსე...“. ამდენად, აღნიშნული ფარული ჩანაწერები, მოწმეებისა და დაზარალებულის დამოკიდებულება ცალსახად მიუთითებს, რომ დ. ო-ი ცდილობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აარიდოს მსჯავრდებულს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიაზე, რომლის თანახმადაც, მოწმეები იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ და აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა ჩვენებებში ნამდვილად შესამჩნევია, რომ ისინი იმყოფებიან გარკვეული გავლენების ქვეშ, ცდილობენ მაქსიმალურად მწირი ინფორმაცია მიაწოდონ, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს და ჩიხში შეიყვანონ მართლმსაჯულების განხორცილება.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ. ტ-მა თავისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ნ-სა და ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი