საქმე # 330100119003267128
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1263აპ-22 ქ. თბილისი
ა-ა მ. 1263აპ-22 27 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ა-ს, - დაბადებულს … წლის … იანვარს, ს. ბ-ს, - დაბადებულს … წლის … მარტს და ნ. ო-ს, - დაბადებულს … წლის … ნოემბერს, - ბრალად ედებათ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· მ. ა-ს მეუღლის, ს. ბ-სა და ვ. ა-ს მამის - ა. ა-ს გარდაცვალების შემდეგ მ. ა-სა და ს. ბ-ს სამემკვიდრო/ქონებრივი დავა აქვთ ვ. ა-თან. დავასთან დაკავშირებულ საკითხებზე მათ სამართლებრივ დახმარებას უწევს ადვოკატი ნ. ო-ი.
· 2019 წლის 26 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებას, ვ. ა-ს მიერ ჩადენილი მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტის შესახებ განცხადებით მიმართეს ს. ბ-მა და მ. ა-მ. აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად გამოძიების დაწყებას 2019 წლის 27 თებერვალს სისხლის სამართლის №… საქმეს ვ. ა-ს მიერ ოჯახის წევრების - მ. ა-სა და ს. ბ-ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
· 2019 წლის 28 თებერვალს სამართალდამცავებმა ბრალდებულის სახით დააკავეს ვ. ა-ი, რომლის მიმართ იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.
· 2019 წლის 1 მარტს ვ. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო - 8000 ლარი.
· ვ. ა-მა 2019 წლის 7 მარტს, გირაოს გადახდის შემდგომ, დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
· ვ. ა-ს სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც გამოძიების პროცესში გამოკითხვისას, ასევე სასამართლო პროცესზე დაკითხვისას დაზარალებულებმა - მ. ა-მ და ს. ბ-მა დაადასტურეს, რომ მათ ვ. ა-თან აქვთ სამოქალაქო დავა სამემკვიდრეო ქონებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 21 თებერვალს იმყოფებოდნენ თ-ში, კ. ა-ს ქ.№...-ში, ადვოკატ ნ. ო-ს ოფისში; ასასვლელ კიბეებთან მათ შემთხვევით შეხვდათ ვ. ა-ი, რომელმაც მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით. აღნიშნული ჩვენება, როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ადვოკატმა ნ. ო-მა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ-ში, კ. ა-ს ქ.№...-ში მდებარე ოფისში მას სამოქალაქო საქმეზე კონსულტაციისათვის დაბარებული ჰყავდა მ. ა-ა და ს. ბ-ი. სამსახურში მისვლისას აღნიშნული პირები დახვდნენ ოფისთან. მ. ა-ა იყო შეუძლოდ, მისგან შეიტყო, რომ მათ ოფისის კიბეზე შეხვდა ვ. ა-ი, რომელიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ, როდესაც, თ-ში, კ. ა-ს ქ.№...-ში მდებარე, სს „ს-ან“ გამოთხოვილი გარე სათვალთვალო კამერის 24:00 საათიანი ჩანაწერითა და შპს „მ-დან“, „ჯ-დან“, „ვ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, თ-ში, კ. ა-ს ქ.№...-ში მდებარე ადვოკატ ნ. ო-ს ოფისში დაზარალებულები - მ. ა-ა და ს. ბ-ი საერთოდ არ მისულან, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ნ. ო-სა და დაზარალებულების - მ. ა-სა და ს. ბ-ს მიერ გამოკითხვისას და დაკითხვისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ვ. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენით:
2.1. მ. ა-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა მ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი.
2.3. ს. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.4. გაუქმდა ს. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი.
2.5. ნ. ო-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.6. გაუქმდა ნ. ო-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი.
2.7. გამართლებულებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, მ. ა-ს, ს. ბ-სა და ნ. ო-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულმა ნ. ო-მა შესაგებლით მოითხოვა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მოცემულ შემთხვევაში მ. ა-ს, ს. ბ-სა და ნ. ო-ს ბრალი ედებათ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნულის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ საქმეში წარმოადგინა მოწმეების - ვ. ა-ს, ე. ს-სა და სხვათა გამოკითხვის ოქმები, ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ოქმი თანდართული ვიდეოჩანაწერით, შპს „მ-დან“, „ჯ-დან“ და „ვ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციები, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი მოწმეთა დაკითხვის აუდიო ჩანაწერი.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ. ა-ს, ს. ბ-სა და ნ. ო-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
9. ნ. ო-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მას შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია. ვ. ა-თან მომხდარი ფაქტის შესახებ გაიგო მისი დაცვის ქვეშ მყოფებისაგან და იგი თავად ვ. ა-სა და მისი ოჯახის წევრებს შორის მომხდარ ფაქტს არ შესწრებია.
10. მ. ა-მ და ს. ბ-მა სასამართლოს ჩვენება არ მისცეს, თუმცა საბოლოო სიტყვაში განმარტეს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ვ. ა-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავების (დედისა და დის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
12. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ე. ს-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი არის ვ. ა-ს მეუღლე. 2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის პერიოდში, ვ. ა-თან ერთად მისული იყო თ-ში, კ. ა-ს ქ.№...-ში, მეორე სართულზე განთავსებულ ნოტარიუს ჯ. ა-ს სანოტარო ბიუროში, რადგან ვ. ა-ს ჰქონდა დასამოწმებელი მემკვიდრეობასთან დაკავშირებული განცხადება. ნოტარიუსი არ დახვდათ და იქვე აღნიშნულ ქუჩაზე ყავა დალიეს. დაახლოებით ნახევარ საათში კვლავ მივიდნენ ნოტარიუსთან, სადაც რაიმე სახის ინციდენტი არ მომხდარა. მას არ უნახავს ვ-ის დედა - მ. ა-ა და დედმამიშვილი - ს. ბ-ი. 2019 წლის 21 თებერვალს მათ არათუ თ-ში, კ. ა-ს ქ.№...-ში არ უნახავთ და არ შეხვედრიან მ. ა-სა და ს. ბ-ს, არამედ საერთოდ აღნიშნულ დღეს არ უნახავთ ისინი. აღნიშნულმა ქალბატონებმა პოლიციას მიმართეს, რომ, თითქოს, მითითებულ დღეს, კ. ა-ს ქ.№...-ში, მისი მეუღლე მათ დაემუქრა სასტუმროს დაწვით, რაც არის სრული სიცრუე და ტყუილი, რადგან აღნიშნულ ფაქტს საერთოდ ადგილი არ ჰქონია. ხსენებული ცრუ ინფორმაციის გამო ვ. ა-ი დააკავეს ბრალდებულის სახით, ხოლო შემდეგ გაათავისუფლეს 8000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. როგორც მისთვის ცნობილია, მათ მოწმედ გამოიყენეს და ტყუილი ათქმევინეს ადვოკატ ნ. ო-სა და ვინმე ლ. გ-ს. მ. ა-მ, ს. ბ-მა, ლ. გ-მ და ნ. ო-მა გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია. მათ ცრუდ დაასმინეს მისი მეუღლე ვ. ა-ი, რადგან სურთ, რომ უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს თ-ში, ფ-ს ქ.№...-ში, დარჩეთ მათ. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე ე. ს-ს გამოკითხის ოქმის სასამართლოში საჯაროდ წაკითხვის საფუძველი გახდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. ამავდროულად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.
13. მოწმის სახით დაკითხვისას შ. დ-მა, ბ. მ-მ, მ. ჯ-მ, ე. ს-მ, ვ. ბ-მ, მ. ნ-მა, ვ. ს-მა, ქ. რ-მ, ვ. ქ-მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა და კანონთან შესაბამისობა.
14. მოწმე ჯ. ა-ს ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის ნოტარიუსი და სანოტარო მომსახურებას უწევდა საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ვ. ა-ს, ასევე ბრალდებულებს. ამავე მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ იგი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას არ ფლობს.
15. მოწმე ლ. გ-მ მიუთითა, რომ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები და საერთოდ არ ახსოვს შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები.
16. საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად იმის მტკიცება, რომ 2019 წლის 21 თებერვალს მ. ა-ა და ს. ბ-ი იმყოფებოდნენ ან არ იმყოფებოდნენ ნ. ო-ს საადვოკატო ოფისში, შეუძლებელია. ამ მიმართებით საქმეში ასევე წარმოდგენილია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, გამომძიებელმა დაათვალიერა სს „ს-ს“ ვიდეოკამერების ჩანაწერები დაჩქარებულ რეჟიმში. ჩვეულებრივ რეჟიმში დაათვალიერა მხოლოდ 11:00:40 სთ; 11:04:54 სთ; 11:08:00სთ; 11:11:20 სთ; 11:45:55სთ; 11:57:05სთ; 13:35:20სთ და 14:55:44 სთ. ჩანაწერის დარჩენილი ნაწილი კი დაათვალიერა დაჩქარებულ რეჟიმში. ამავე ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელმა ჩანაწერში ვარაუდის დონეზე ნახა ნ. ო-ი და ვ. ა-ი, ე. ს-თან ერთად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერებისა და საქმის ფიგურანტი პირების კონკრეტულ დღეს კ. ა-ს ქუჩა №...-ში ყოფნა/არყოფნის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ მოუწვევია არცერთი პირი, მათ შორის არც ნ. ო-ი, მ. ა-ა და ს. ბ-ი, რათა მოეხდინათ საკითარი თავის ან თუნდაც მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება და ამოცნობა. ბრალდების მხარე დაეყრდნო მხოლოდ გამომძიებლის მიერ აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერებას.
17. 2019 წლის 1 ნოემბრის ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ წარდგენილ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების მიერ გარე მყარ დისკზე ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის მიხედვით (SC 2 salombarde leselidzis 4_IPChannel 01_20190221105958_20190221132958_129948671_0001.mp4) — 11:43:19 - 11:43:30 დროის მონაკვეთში კადრში ზედა მარჯვენა კუთხეში მოძრავი პიროვნების იდენტიფიცირება, კერძოდ: ს. ბ-ს, რომელსაც აცვია მუქი ქურთუკი, ე.წ. „კაპიშონით,“ სახეზე შემოხვეული აქვს მოვარდისფრო ღია ფერის შარფი და აცვია ღია ფერის ქვედაბოლო - სტანდარტებთან შესაბამისობებიდან გამომდინარე ჰაბიტოსკოპიური (ჰაბიტოლოგიური) ექსპერტიზით შეუძლებელია, ვინაიდან მოქმედება ვითარდება სათვალთვალო კამერიდან მოშორებით. ასევე SC2 salombarde leselidzis 4_IPChannel 01_20190221105958_20190221132958_129948671_0001.mp4 - 11:50:20-11:50:30 დროის მონაკვეთში კადრში ზედა მარჯვენა კუთხეში მოძრავი პიროვნების იდენტიფიცირება, კერძოდ: მ. ა-ი, რომელსაც აცვია მუქი ქურთუკი, ე.წ. „კაპიშონით,“ მუქი შარვალი (ბრიჯის სტილის), თავზე ახურავს მუქი ფერის ქუდი - სტანდარტებთან შესაბამისობებიდან გამომდინარე ჰაბიტოლოგიური (ჰაბიტოსკოპიური) ექსპერტიზით შეუძლებელია, ვინაიდან მოქმედება ვითარდება სათვალთვალო კამერიდან მოშორებით. ვიდეოჩანაწერის მიხედვით (SC 2 salombarde leselidzis 4_IPChannel 01_20190221105958_20190221132958_129948671_0001.mp4) – 11:43:19-11:43:30 დროის მონაკვეთში კადრში ზედა მარჯვენა კუთხეში მოძრავი პიროვნება, ჩაცმული მუქი ფერის „კაპიშონიანი“ ქურთუკი, მოვარდისფრო შარფი, მუქი ფერის ხელთათმანები, მუქი ფერის ჩანთა, ღია ფერის ქვედაბოლო, მოკლეყელიანი ფეხსაცმელი, ე.წ. „შუზი“ - ჩაცმულობით შესაძლებელია ამოცნობილ იქნას, როგორც სვეტლანა ბაკერი. ვიდეოჩანაწერის მიხედვით (SC 2 salombarde leselidzis 4_IPChannel 01_20190221105958_20190221132958_129948671_ 0001.mp4) — 11:50:20 - 11:50:30 დროის მონაკვეთში კადრში ზედა მარჯვენა კუთხეში მოძრავი პიროვნება, ჩაცმული მუქი ქურთუკი, ე.წ. „კაპიშონით“, მუქი შარვალი (ბრიჯის სტილის), თავზე ახურავს მოლურჯო ფერის ქუდი - ჩაცმულობით შესაძლებელია ამოცნობილ იქნას, როგორც მ. ა-ა.
18. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დაკითხულმა ექსპერტმა გ. დ-მა განმარტა, რომ აღნიშნულ კადრებზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო ზუსტად პიროვნებების იდენტიფიცირება, თუმცა შესაძლებელი იყო მათი ამოცნობა ტანსაცმლითა და სიარულის მანერით.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე სხვადასხვა სატელეფონო კომპანიიდან მოპოვებულ ინფორმაციას, კერძოდ, 2019 წლის 14 მაისის შპს „მ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ მ. ა-ს ტელეფონის ნომერს 2019 წლის 21 თებერვალს 11:01:00 - 11:03:03 საათებში ემსახურება მ-ის ანძა. ნ. ო-ს ტელეფონი 13:15:33 საათზე იმყოფება ვ-ის ანძის დაფარვის ზონაში, ხოლო 13:33:55 საათზე - ს-ის ანძის დაფარვის ზონაში. 2019 წლის 22 მაისის სს „ს-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ ს. ბ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონის ნომერს 2019 წლის 21 თებერვალს 12:08:37 საათზე ემსახურება ანძა, სახელწოდებით „მ-ის ქუჩა“. ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, შპს „მ-ს“ იურისტის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს გაცემული წერილით დგინდება, რომ შპს „მ-ს“ კუთვნილი ანძების (მაკროსელი) დაფარვის ზონა გაშლილ სივრცეზე შეადგენს დაახლოებით 35 კილომეტრ რადიუსს. თ-დან მ-მდე მანძილი შეადგენს 28 კმ-ს.
20. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მოწმე მ. ჯ-ს ჩვენება, რომლის მიხედვით, იგი მუშაობს შპს „მ-ს“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში იურისტის პოზიციაზე. 2019 წლის 14 მაისს შპს „მ-დან“ გათხოვილ იქნა ინფორმაცია შემავალ-გამავალი ზარებისა და ანძის ლოკაციების შესახებ, თანდართულ წერილთან ერთად. გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, რომელსაც გაეცნო. 2019 წლის 24 ოქტომბერს №2617 წერილზე პასუხი გასცა ადვოკატს, რომ ანძის დაფარვის რადიუსი იყო 35 კმ გაშლილ სივრცეზე. კომპანია ვერ განსაზღვრავს კონკრეტული ნომრისა და მისი მფლობელის ადგილმდებარეობას. ანძა ემსახურება მომხმარებელს ზარის წამოწყების დროს. ამ დროს რომელი ანძაც აფიქსირებს, ის ანძა ფიქსირდება დეტალურ ამონაწერში. კომპანია ვერ ადგენს, აბონენტი ზუსტად სად იმყოფება, ალბათობები არსებობს, სად შეიძლება იმყოფებოდეს, მაგრამ ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია. ზუსტი მანძილის განსაზღვრა შესაძლებელია დრაივ ტესტის მეშვეობით, თუმცა აღნიშნულ საქმეზე დრაივ ტესტი არ ჩატარებულა. მოწმის ჩვენებით, მაგალითისათვის, დ-ს ტერიტორიას არ ემსახურება მხოლოდ დ-ში მდებარე ანძა, შესაძლოა, ადამიანი იმყოფებოდეს დ-ს ტერიტორიაზე და ზარის წამოწყებისას მოემსახურებოდეს გ-ს, თ-ს, ვ-ს ანძა. შესაბამისად, კონკრეტული ტერიტორია ბევრი ანძის დაფარვის ზონაში შედის, არ არის სავალდებული კონკრეტულად იმ ქუჩაზე და იმ უბანში მდებარე ანძა მოემსახუროს. თუ თ-ს შემოსასვლელსა და მ-ს შორის 35 კმ რადიუსია, თეორიულად არის შესაძლებელი, რომ კონკრეტული აბონენტი არ დააფიქსიროს თ-ს ანძამ და დააფიქსიროს მ-ს ანძამ, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან დაბალია ალბათობა, რომ მ-ს ანძას დაეჭირა თ-ს შემოსასვლელში მყოფი პირის ტელეფონი. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებები - მოწმე მ. ჯ-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება და სხვადასხვა სატელეფონო კომპანიიდან მოპოვებული ინფორმაცია შემავალ-გამავალი ზარების, მომსახურე ანძებისა და ანძის დაფარვის ზონების შესახებ ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ვერ გამორიცხავს ს. ბ-სა და მ. ა-ს შესაძლო ყოფნის ფაქტს თ-ში, კ. ა-ს ქ.№...-ში 2019 წლის 21 თებერვალს, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებებშია მითითებული.
21. ნ. ო-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, იგი არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე, მან გამოძიებას მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მისივე გადმოცემით, მიიღო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისაგან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ ვ. ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელმა ნ. ო-ი გამოკითხა 2019 წლის 13 მარტს, ანუ მას შემდეგ, რაც ვ. ა-ს უკვე წარდგენილი ჰქონდა ბრალდება (ვ. ა-ს მიმართ დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გამოტანილია 2019 წლის 28 თებერვალს, რომელიც მას წარედგინა 2019 წლის 1 მარტს). ვ. ა-ვის ბრალდების წარდგენისა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ნ. ო-ს მიერ მიცემული ჩვენება არის ირიბი ჩვენება, რაც არ შეიძლება შეფასდეს დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენად. საგულისხმოა ისიც, რომ მ. ა-ს, ს. ბ-სა და ნ. ო-ს ბრალდების შესახებ დადგენილებებში არსად არ არის მითითებული, თუ როდის უთხრეს მ. ა-მ და ს. ბ-მა ნ. ო-ს ვ. ა-თან მათი შეხვედრისა და ამ შეხვედრის დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე. ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებულია, რომ ნ. ო-მა განმარტა, რომ მას ბრალდებულებმა 2019 წლის 21 თებერვალს უთხრეს მომხდარი ფაქტის შესახებ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ნ. ო-ი დაიკითხა სადავო ფაქტიდან საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდგომ, არ არის გამორიცხული, რომ იგი კეთილსინდისიერადაც კი ცდებოდეს იმ თარიღის მითითებისას, თუ როდის განუცხადეს მას ამავე საქმეზე ბრალდებულად ცნობილმა პირებმა ვ. ა-თან მომხდარი ინციდენტის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ ინფორმაციას, რაც მ. ა-მ და ს. ბ-მა მიაწოდეს ნ. ო-ს და არა იმ გარემოებას, თუ როდის მიიღო ნ. ო-მა ინფორმაცია ვ. ა-ს მხრიდან დედისა და დის მიმართ შესაძლო დანაშაულებივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.
22. რაც შეეხება ბრალდების მხარის შეფასებას დანაშაულის ანგარების მოტივით ჩადენასთან დაკავშირებით, რომ ვ. ა-ის დანაშაულის დაბრალებით ნ. ო-ი მიიღებდა ანაზღაურებას საადვოკატო მომსახურებისთვის, ხოლო მ. ა-ა და ს. ბ-ი - ქონებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მოტივაციას და პროკურორის აღნიშნული მსჯელობა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიაჩნია, როდესაც ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურება ფასდება ანგარებად. გარდა ამისა, საინტერესოა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რომელი ნორმა ართმევს მსჯავრდებულ პირს მემკვიდრეობის მიღების უფლებას. ერთადერთი ნორმა, რომელიც პირს უზღუდავს მემკვიდრედ ყოფნის უფლებას, არის სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი, რომლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე). მ. ა-სა და ს. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება აშკარად არათავსებადია მითითითებული ნორმის შინაარსთან.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მ. ა-ს, ს. ბ-სა და ნ. ო-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
24. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე