Facebook Twitter

საქმე # 080100121005356069

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №132აპ-23 ქ. თბილისი

უ-ნ ბ. 132აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ უ-ნ ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენით:

1.1. უ-ნ ბ., - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 29 ოქტომბრის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 29 ოქტომბრის ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით უ-ნ ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 23 ნოემბრიდან.

1.2. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უ-ნ ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უ-ნ ბ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· უ-ნ ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა 4,623 გრამი მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, რაც შეიცავს 0,1723 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2021 წლის 23 სექტემბერს უ. ა-ნ ბ-ა უკანონოდ გაასაღა ა. დ-ზე, რაც შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ა. დ-გან.

· უ-ნ ბ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 4,623 გრამი მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, რაც შეიცავს 0,1723 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 2021 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ ბ-ში, ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, 500 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ა. დ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს ა. დ-გან შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· უ-ნ ბ-მა, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა საერთო წონით 5,9856 გრამი 14 ცალი ოვალური ფორმის მოვარდისფრო-აგურისფერი ტაბლეტი და 5 ცალი მოვარდისფრო აგურისფერი ტაბლეტის ნატეხი, საერთო წონით 1,3314 გრამი, საერთო წონით 7,3170 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რაოდენობით 1,9273 გრამს და 3 ცალი, საერთო წონით 0,8212 გრამი სამკუთხა ფორმის მოყვითალო-ყავისფერი ტაბლეტი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რაოდენობით 0,2168 გრამს. ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო წონა შეადგენს 2,1441 გრამს, რომელიც ასავე უკანონოდ შეინახა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება უ-ნ ბ-მა, 2021 წლის 29 ოქტომბერს უკანონოდ გაასაღა ა. დ-ზე, რაც შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ა. დ-გან.

· უ-ნ ბ-მა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 14 ცალი, საერთო წონით 5,9856 გრამი ოვალური ფორმის მოვარდისფრო-აგურისფერი ტაბლეტი და 5 ცალი, საერთო წონით 1,3314 გრამი, საერთო წონით - 7,3170 გრამი მოვარდისფრო-აგურისფერი ტაბლეტის ნატეხი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რაოდენობით 1,9273 გრამს და საერთო წონით 0,8212 გრამი 3 ცალი სამკუთხა ფორმის მოყვითალო-ყავისფერი ტაბლეტი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რაოდენობით 0,2168 გრამს. ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო წონა შეადგენს 2,1441 გრამს, 2021 წლის 29 ოქტომბერს, ქ.ბ-ში, ტბ.ა-ს ქ.№... ბინა №...-ში ა. დ-ს დროებით ნაქირავებ ბინაში, 1100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ა. დ-ზე, რაც შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმავე დღეს ამოიღეს ა. დ-გან,

· უ-ნ ბ-მა, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა საერთო წონით -11,0221 გრამი (1,3104 გრამი; 4,2205 გრამი; 5,4912 გრამი) მოთეთრო ფერის კრისტალური ნივთიერება ფხვნილის სახით, რაც შეიცავს 2,866 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (ფუძე), რომელიც ასავე უკანონოდ შეინახა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2021 წლის 23 ნოემბერს უ-ნ ბ-ს ბრალდებულის სახით დაკავების შემდეგ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· უ-ნ ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, მშრალ მდგომარეობაში, რაც წარმოადგენს საერთო წონით 6,99 გრამ (3,87 გრამ; 3,12 გრამ) ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, ასევე მომწვანო და მოყავისფრო მცენარეული მასა, გამომშრალ მდგომარეობაში, წონით 0,91 გრამი, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალი მარიხუანას ნარევს, სადაც ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას წონა შეადგენს 0,819 გრამს და მომწვანო ფერის მშრალი მცენარის ღეროებიდან გამოცალკავებული მომწვანო ფერის მშრალი მცენარის ფოთლები და წვეროები, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით 49,16 გრამს. საერთო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას წონა შეადგენს 56,969 გრამს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2021 წლის 24 ნოემბერს ამოიღეს უ-ნ ბ-ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ბ-ში, კ-ს ქუჩის №...-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა უ-ნ ბ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: უ-ნ ბ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი, როგორც შენახვა-შეძენის, ასევე გასაღების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი, როგორც შენახვა-შეძენის, ასევე გასაღების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია უ-ნ ბ-ს ბრალეულობა მისთვის შერაცხულ ქმედებებში, ესენია: მოწმეების - ა. დ-ს ჩვენება და გ. გ-ს, ჰ. ბ-ს, ბ. გ-ს, თ. გ-ს, გ. მ-ს, ლ. მ-ს და პ. ტ-ს გამოკითხვის ოქმები, ამოღებისა და დათვალიერების ოქმები, პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალები და სხვა მტკიცებულებები.

7. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ უ-ნ ბ-ს მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, რადგან როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენისთვის, ისინი შემოიფარგლნენ სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებითა და გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვებით. საქმეში არ იკვეთება დანაშაულის ჩასადენად მსჯავრდებულის წაქეზების შემთხვევა, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირს არ ჰქონია აქტიური როლი მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის განზრახვის ფორმირებაში.

8. დანაშაულის შესაძლო წაქეზებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდების გამოყენება უწევთ, რაც საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არ წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით - საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად. საკასაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი არგუმენტები შეაფასა, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ტესტის ფარგლებში და აღნიშნავს, რომ უ. ა-ნ ბ-ის სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალწარმოებისას დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ედავა მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულის შესაძლო პროვოკაციის თაობაზე, რაზეც ამომწურავად მსჯელობს სასამართლო (საპროცესო ტესტი). დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოში უ-ნ ბ-ს მიმართ დანაშაულის შესაძლო პროვოკაციის თაობაზე, დაეკითხა მოწმე ა. დ-ი და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები (საპროცესო ტესტი), თუმცა მოწმე ა. დ-ს ჩვენების გარდა დაცვის მხარეს სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად,მათი გამოკვლევა სასამართლოში საქმის განხილვისას არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ა. დ-ს განცხადება, რომლის თანახმად, მან ქ.ბ-ში, თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე უ-ნ ბ-სგან 200 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების გამსაღებლის დასჯის მიზნით სურვილი ჰქონდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან. ის ფაქტი, რომ უ-ნ ბ-მა გადასცა ა. დ-ს ნარკოტიკული საშუალებები, არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. სწორედ ა. დ-ს განცხადებაში მითითებული ფაქტის გამოძიებისა და დამნაშავეთა მხილების მიზნით ჩატარდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ა. დ-სა და უ-ნ ბ-ს შეხვედრების ამსახველი ჩანაწერებით ცალსახად დასტურდება მსჯავრდებულის აქტიური როლი ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში და ასევე ის გარემოება, რომ იგი საკუთარი სურვილით მოქმედებდა და მასზე რაიმე სახის ზეწოლას ან/და იძულებას ადგილი არ ჰქონია (მატერიალური ტესტი). ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უ-ნ ბ-ს მიმართ დანაშაულის პროვოკაცია არ იკვეთება.

9. თავად უ-ნ ბ-ს ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც მან გაიგო ა. დ-საც სურდა ნარკოტიკის მოხმარება, შესთავაზა მას, რომ თუ იშოვიდა ნარკოტიკს, მასაც მიუტანდა აუცილებლად, რის შემდეგაც თვითონ მოიძია პირი, ვისგანაც ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს და საზღაურის სანაცვლოდ მიჰქონდა ა. დ-ის.

10. საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოწმე ა. დ-ს სავარაუდო უკანონო ქმედებას, მსჯავრდებულის ცრუ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას და უ-ნ ბ-ს მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უ-ნ ბ-ს წარდგენილ ბრალდებებში (მათ შორის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რასაც თავად მსჯავრდებული აღიარებს და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) მსჯავრდების თაობაზე - კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობები არ იკვეთება.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ უ-ნ ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი