საქმე # 330100119003251887
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №133აპ-23 ქ. თბილისი
გ-ა ო. 133აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით:
1.1. ო. გ-ა, - დაბადებული ... წლის .... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. გ-ს, სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 16 სექტემბრიდან.
1.2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ო. გ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. გ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ო. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 8.0505 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაც 2019 წლის 22 აგვისტოს, თ-ში, სოფელ ფ-ში, თ-ს ქუჩის N...-ის მიმდებარედ 1500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ბ. მ-ზე.
· ო. გ-მ უკანონოდ შეიძინა 3 ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პაკეტი, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 12.3763 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰერიონს“, რასაც 2019 წლის 16 სექტემბრამდე უკანონოდ ინახავდა თ-ში, სოფელ ფ-ში, კ. გ-ს N...-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ო. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გასაღება) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეძენა, შენახვა) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 16 სექტემბრიდან.
3.3. მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ო. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ო. გ-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
7. საკასაციო სასამართლო ადვოკატ კ. ჩ-ს მოთხოვნას მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის - ო. გ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გასაღება), 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატის განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ:
9. მოწმე ბ. მ-მ დაადასტურა, რომ დაუკავშირდა ო. გ-ს და სთხოვა ნარკოტიკული საშუალება, რისთვისაც 2019 წლის 22 აგვისტოს ვიდეოჩამწერი აპარატურით აღჭურვილი შეხვდა მას. საკონტროლო შესყიდვისას მოწმემ ო. გ-ს გადასცა გამომძიებლის მიერ გადაცემული 1000 ლარი, სანაცვლოდ კი მისგან აიღო თმის საღებავის ყუთი, რომელშიც უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. შეძენიდან მალევე, ა. კ-თან ერთად, ნივთიერება გადასცა პოლიციელს, თუმცა გადაცემამდე ყუთი თვითონ ეჭირა. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ. პ-მა განმარტა, რომ იმის გამო, რომ ო. გ-ს არ დაენახა და ეეჭვა მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ, საკონტროლო შემსყიდველს ელოდა მოშორებით, დაახლოებით 150-200 მეტრში, თუმცა თვალთახედვის არეში. მანვე დაადასტურა, რომ ვიდეოაპარატურით აღჭურვისას ბ. მ-ა გაჩხრიკეს, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან საკუთარი ნარკოტიკული საშუალების ქონის, ჩანაცვლების ან/და ყუთში ჩადების ფაქტს. იმავე მიზეზის გამო არ არსებობდა მისთვის დამატებით ჩხრეკის ჩატარების საჭიროება. ამოღების ოქმის თანახმად, ბ. მ-გან ამოღებულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი, მუყაოს ყუთში მოთავსებული, საშუალო ზომის ე.წ. ,,ფოლგასა“ და მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მასა. გამომძიებლის გარდა ოქმს ხელი მოაწერეს ა. გ-მა, ბ. მ-მ და თარჯიმანმა.
10. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული 27,37 გრამი მოყავისფრო ნივთიერება წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ წონაა 8,0505 გრამი. ამასთან, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, აუდიოგრამასა და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. სადავო ფონოგრამაში ფიქსირდება ხმა, რომელიც ო. გ-ს ხმის იდენტურია. ასევე, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2, N3, N4 ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია ო. ე-ს ასული გ-ა.
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „ანაწმენდი საწოლიდან და სალფეტკების ჩასადებიდან (სალფეტკების ჩასადებ ყუთში არსებული 2 ცალი შავი ფერის ფირფიტიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1,2,5) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N2-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ო. გ-ს. ობ. N5-ის გენეტიკურ პროფილში არ არის გამორიცხული ო. გ-ს გენეტიკური თანამონაწილეობა. ასევე, მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების ჩვენებითა და ჩხრეკის ოქმის თანახმად, ო. გ-ს საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სპორტული მოსაცმელიდან ამოღებულ იქნა ფული, ასევე ერთმანეთზე დაწყობილი დივნიდან (კერძოდ, იატაკზე მდგარი დივნიდან) - თეთრი ფერის პლასტმასის, გვერდებზე შავი პლასტმასით გაწყობილი ხელსახოცის ჩასადები ნივთი, მასში მოთავსებული გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მუქი ყავისფერი ფერის ფხვიერი მასით, ასევე ყვითელ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მასა და შავი ფერის პლასტმასის მცირე ზომის სასწორი. ოქმში დაფიქსირებული არ არის შენიშვნა, ამასთან ოქმი ხელმოწერილია სახლის მესაკუთრე გ. მ-ის მიერ.
12. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ო. გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 3 ცალად დაფასოებული ყავისფერი ძაფით თავმოკრული, ყვითელი პოლიეთილენის ორმაგ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული ყავისფერი ფხვიერი ნივთიერება, წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 34,93 გრამი (ნოტიოს წონა 46,37 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰერიონს - 1,9124 გრამის ოდენობით. - ყვითელი პოლიეთილენის თავმოკრულ ორმაგ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 3,79 გრამი (ნოტიოს საერთო წონა 8,50 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰერიონს - 1,1924 გრამის ოდენობით. ლურჯი ნაჭრის ზონარით თავმოკრული, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 1,93 გრამი (ნოტიოს საერთო წონა 2,92 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ჰერიონს - 0,0984 გრამის ოდენობით. ნარკოტიკული საშუალება ჰერიონის საერთო წონა შეადგენს - 12,3763 გრამს.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მხოლოდ ზოგადად მოიხსენიებს მოწმე ბ. მ-ს ჩვენებას და ასევე ზოგადად უთითებს მასში არსებულ წინააღმდეგობებსა და სხვა უტყუარი მტკიცებულებების არარსებობაზე, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რას მიიჩნევს ასეთ წინააღმდეგობად. პალატა მიუთითებს, რომ მოწმე ბ. მ-მ კატეგორიულად დაადასტურა 2019 წლის 22 აგვისტოს ო. გ-თან შეხვედრის ფაქტი, რომელმაც მისცა თმის საღებავის ყუთი და მასში, მათი შეთანხმების შესაბამისად, უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს ვიდეოჩანაწერში არ იკვეთება მოწმის მიერ გაცხადებული ინფორმაცია მის მიერ 1000 ლარის გადაცემის შესახებ, თუმცა დგინდება ბ. მ-ს ავტომანქანიდან გაურკვეველი ნივთიერების მიწოდების ფაქტი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მსჯავრდებულსა და მოწმე ბ. მ-ს შორის შემდგომი შეხვედრები და საუბრები, კერძოდ 2019 წლის 25 აგვისტოს შეხვედრისას ბ. მ-ა ო. გ-ს ეუბნება - ,,უფრო ნაკლებად უნდა და რა ვქნა, მისცემ?“, ,,მითხრა, თუ ვერ მოაგვარე 450-ში არ მინდაო“, ,,იძახის ცოტა დაუკლოსო“. აღნიშნული კი ეჭვგარეშე ადასტურებს, რომ წინა დღეებში მათ შორის ნამდვილად ჰქონდა ადგილი ნარკოტიკული საშალების ყიდვა-გაყიდვას. ასევე, 2019 წლის 4 სექტემბერს ბ. მ-ა და ო. გ-ა საუბრობენ ფულზე, რა დროსაც ო. გ-ა დარჩენილი თანხის გამოთვლისას საწყის თანხად უთითებს სწორედ 3900 ლარს, რაც სრულად შეესაბამება მოწმე ბ. მ-ს მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენების შინაარსს. გარდა ამისა საუბარია წამლის ხარისხზე, კერძოდ ბ. მ-ა ეკითხება ო. გ-ს არის თუ არა იგივე საქონელი, რაზეც მსჯავრდებული დადებითად პასუხობს, თუმცა ბ. მ-ა ეუბნება - ,,ტ. ტვინს ჭამს იმის მერე, ცუდი წამალი აღმოჩნდაო, მითხრა ვერ ვყიდიო“.
14. ალოგიკურია მსჯავრდებულ ო. გ-ს განმარტება, რომ საუბარია არა ნარკოტიკულ საშუალებასა და მის ხარისხზე, არამედ ორსულობის შესაწყვეტ წამალზე, რომელიც ვითომდა ბ. მ-ს სჭირდებოდა ორსულობის შესაწყვეტად, რადგან ამის შესახებ არ უნდოდა გაეგო მის მეუღლეს - ტ-ს (რომელიც რეალურად მისი ქმარიც არ არის). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და დამატებით მასზე მსჯელობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
15. მოწმე ბ. მ-ს ჩვენების სანდოობის შეფასებისას საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსგავსად აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სათანადო მოტივაციის არსებობა ბ. მ-ს ავტომატურად არ აქცევს არასანდო, მიკერძოებულ მოწმედ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან განხორციელდა კანონის მოთხოვნათა ფარგლებში და დაცვით. არ იკვეთება ბ. მ-ს სავარაუდო უკანონო ქმედება, მსჯავრდებულის ცრუ დასმენის/მსჯავრდების ფარული განზრახვა (იხ. Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, §§33,39, ECtHR,24/06/2008) ან კონკრეტულად ო. გ-ს მიმართ ისეთი სახის დაინტერესება, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას; სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება დანაშაულის პროვოცირება (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით. (მაგალითისთვის იხ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, §§ 37,51,ECtHR, 4/11/2010). შესაბამისად, მოწმის ზოგადი დამოკიდებულება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებელი პირის პასუხისგებაში მიცემას, ვერ გახდება მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
16. რაც შეეხება ადვოკატ კ. ჩ-ს პოზიციას, რომ ო. გ-ა არ ცხოვრობდა იმ სახლში, საიდანაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, საკასაციო სასამართლო იშველიებს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა და ამოღების ოქმებს, რომელთა თანახმად, თვით ოჯახის წევრები, მამამთილი, მაზლი და შვილი მიუთითებდნენ ო. გ-ს საძინებელ ოთახსა და ასევე ცალკე ოთახზე, რომლითაც იგი სარგებლობდა. ფულადი თანხა კი, რომელიც გამომძიებლისგან საკონტროლო შესყიდვისთვის გადაეცა ბ. მ-ს, ამოღებულ იქნა ო. გ-ს კუთვნილი სპორტული პიჯაკის ჯიბიდან. დაცვის მხარის მოწმემ ვ. მ-მა სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ო. გ-ს მშობლებისა და მისი მშობლების სახლი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ. დაკავებამდე ისინი ცხოვრობდნენ ერთად თავისი (ვ. მ-ს) მშობლების სახლში, ვინაიდან ო. გ-ს მშობლების სახლში მიმდინარეობდა რემონტი. მათთან ერთად ასევე ცხოვრობდნენ მშობლები და ოჯახის სხვა წევრები. მოწმე ს. კ-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე შედგენილი პატაკის სისწორე, ცნობილი იყო როგორც ო. გ-ს მშობლების, ისე ვ. მ-ს საცხოვრებელი სახლის მისამართი; ასევე - რა მარკის ავტომანქანით და საიდან გადაადგილდებოდა ო. გ-ა.
17. ადვოკატი კ. ჩ-ე საკასაციო საჩივარში გამოთქვამს პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით არ დაკითხულა ვ. მ-ი, რის თაობაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 2 ივნისს გამოიტანა განჩინება.
18. საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია კასატორის მიერ გამოთქმული აღნიშნული პრეტენზია, მაშინ, როდესაც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა ვ. მ-ს დაკითხვის თაობაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ო. გ-ს საქმის განხილვისას 2022 წლის 28 ივლისს მოწმის სახით დაიკითხა ვ.მ-ი (ტ.4.ს.ფ.126-147).
19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენასა და საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).
20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ო. გ-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებას, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ო. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი