საქმე # 160100121004405565
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №135აპ-23 ქ. თბილისი
მ-ი ვ. 135აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ. ყ-ში მდებარე ა. მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში თუთის ხის ტოტების მოჭრის გამო წამოჭრილი კონფლიქტის დროს, ვ. მ-მა ხელი ჰკრა დედინაცვალს - ა. მ-ს, რომელიც ძალადობის შედეგად დაეცა გრუნტიან საფარზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ. ყ-ში მდებარე ა. მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში თუთის ხის ტოტების მოჭრის გამო წამოჭრილი კონფლიქტის დროს, ვ. მ-ი ნაჯახის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით, დაემუქრა დედინაცვალს - ა. მ-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენით:
2.1. ვ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა ვ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2.3. გამართლებულ ვ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ვ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და კანონიერი, სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულმა ვ. მ-მა შესაგებლით მოითხოვა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ. მ-ს მიერ დედინაცვლის - ა. მ-ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.
7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
9. დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენებით, ვ. მ-ი არის მისი გერი. ორმოცი წელია იცნობს და მასთან ყოველთვის ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მის ეზოში დგას თუთის ხე, რომელიც აზიანებდა სახლის სახურავს. 2021 წლის 20 თებერვალს დაიქირავა მუშები, რომლებსაც ხის გადაბელვა დაავალა. ვ-მა სახლიდანვე დაუწყო ჩხუბი მუშებს, მათ შეეშინდათ და წავიდნენ. ვ. მასთან ნაჯახით მივიდა და ცულის დემონსტრირებით მოკვლით დაემუქრა, ხელი ჰკრა, რის გამოც დაეცა ეზოში და თავი ცუდად იგრძნო.
10. მოწმის სახით დაკითხულმა ბ. მ-მა განმარტა, რომ ცხოვრობს მ-ს რაიონის სოფელ ყ-ში და არის მუშა. 2021 წლის 20 თებერვალს ა. მ-მა მ. გ-თან ერთად დაიქირავა თუთის ხის გადასაბელად. ხის ტოტის მოჭრის შემდეგ ვ. მივიდა და უთხრა, რომ ხე მისი იყო და არ მოეჭრა, ა. მ-ა და ვ. მ-ი შელაპარაკდნენ, რის შემდეგაც მან და მ-მა ა-ს ეზო დატოვეს და წავიდნენ.
11. მოწმის სახით დაკითხული შ. ა-ს (მეზობელი) ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 20 თებერვალს, დილის საათებში, იმყოფებოდა თავის ეზოში; მან დაინახა, რომ მეზობლის - ა-ს ეზოში ჭრიდნენ ხის ტოტს, მოჭრილი ტოტი ჩავარდა და ვ-ს მავთულის ღობეს დაეცა. ვ. და მისი მეუღლეც ბაღში იყვნენ და მუშაობდნენ. ვ-მა მუშებს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ ღობის დაზიანების გარეშე მოეჭრათ ტოტები. აღნიშნულის გამო ა-მა ვ-ს ჩხუბი დაუწყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა. ვ. შეუძლოდ გახდა და სახლში შეიყვანეს. ა-მა პოლიცია გამოიძახა.
12. მოწმის სახით დაკითხული შ. მ-ს (ვ. მ-ს მეუღლე) ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 20 თებერვალს, დილის საათებში, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც დაინახა ა. მ-თან ხის მოსაჭრელად მისული მუშები. მუშების მიერ მოჭრილი ხის ტოტი მათი მავთულის ღობეს დაეცა, რის გამოც ვ-მა მათ შენიშვნა მისცა. ა-მა ვ-ს ჩხუბი დაუწყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაჭერით დაემუქრა. იგი შეუძლოდ გახდა და სახლში შეიყვანა. მოგვიანებით პოლიცია მივიდა და ვ. წაიყვანეს.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე დაზარალებულ ა. მ-ს გარდა და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ვ. მ-ს მიერ დედინაცვლის - ა. მ-ს მიმართ სავარაუდო ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. პირიქით, მოწმეებმა - შ. ა-მ და შ. მ-მ განმარტეს, რომ თავად დაზარალებული ა. მ-ა აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ვ. მ-ს.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც არ იქნებოდა დაფუძნებული მხოლოდ ერთი მოწმის - დაზარალებულის ჩვენებაზე და ის ფაქტი, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მის მიმართ ვ. მ-მა სავარაუდოდ ჩაიდინა ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, ორ დამოუკიდებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, თუმცა მათი წარმოშობის წყარო არ განსხვავდება; ნეიტრალური მტკიცებულებით გადამოწმების შესაძლებლობა კი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არ არსებობს.
15. საქმეში წარმოდგენილი მოწმეების - ი. ნ-სა და ს. მ-ს ჩვენებები არის ირიბი და საფუძვლად ვერ დაედება პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ვ. მ-ს კონკრეტულ დანაშაულებში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ვ. მ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი