Facebook Twitter

საქმე # 010100121004993484

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №190აპ-23 ქ. თბილისი

ხ-ა ა. 190აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ხ-ს, - დაბადებულს ... წლის ... თებერვალს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2021 წლის 27 ივლისისა და 2021 წლის 16 ივლისის ეპიზოდები); სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ბ-ში, ი. ჭ-ს ქუჩის №...-ში მდებარე №... საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა. ხ-მ ხელის თავის არეში დარტყმით იძალადა მისი ოჯახის წევრზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ. გ-ზე, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

· 2021 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბ-ში, ი. ჭ-ს ქუჩის №...-ში მდებარე №... საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა. ხ-მ ხელის სახისა და ზურგის არეში დარტყმით სცემა მისი ოჯახის წევრი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი შ. გ-ა, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

· 2021 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბ-ში, ი. ჭ-ს ქუჩის №...-ში მდებარე №... საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა. ხ-ა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ. გ-ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით:

2.1. ა. ხ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა ა. ხ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - გ. ხ-ს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ბანკში შეტანილი საგირავნო თანხა.

2.3. გამართლებულ ა. ხ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ა. ხ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 27 ივლისისა და 16 ივლისის ეპიზოდები), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ხ-ს მიერ მეუღლის - შ. გ-ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა შ. გ-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის, მეუღლის - ა. ხ-ს წინააღმდეგ.

12. ა. ხ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მისი მხრიდან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია

13. შეტყობინების რეგისტრაციის №1965909 დოკუმენტით დგინდება, რომ 2021 წლის 27 ივლისს, 17:38 საათზე, შ. გ-მ 112-ის სამსახურს შეატყობინა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ შ. გ-ს სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა წვივის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებელმა პირმა იმ მოტივით, რომ სხეულის სხვა მიდამოებში დაზიანებები არ აქვს ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლის დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების სხვა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესამოწმებელ პირს ჩივილები არ გააჩნია.

15. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები სრული მოცულობით უდავოდ ცნო, ასევე არ მოითხოვა მოწმეების - ჯ. ხ-ს, მ. გ-ს, ი. ზ-სა და გ. ჩ-ს დაკითხვა.

16. მოწმე გ. ბ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2021 წლის 27 ივლისს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რაზეც დაიწყო გამოძიება. გამომძიებელ ი. ზ-თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქ.ბ-ში, ი.ჭ-ს ქუჩაზე. საცხოვრებელ სახლში დახვდათ ა. ხ-ა, რომელიც დააკავეს.

17. მოწმე ს. ბ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2021 წლის 27 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რომლის ინიციატორი იყო დაზარალებული შ. გ-ა. შესაბამისი ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული. შემდეგ დააკავეს ა. ხ-ა. დაზარალებულმა შ. გ-მ მიუთითა, რომ მეუღლემ იძალადა მასზე და ასევე დაემუქრა. დაზარალებულმა ითხოვა, რომ მეუღლის მიმართ გამოეცათ შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალებოდა მიახლოება და კომუნიკაცია. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ როგორც დაზარალებული აცხადებდა, 2021 წლის 27 ივლისს ბრალდებულმა იძალადა მასზე, რაც გამოიხატა თავის არეში ერთხელ ხელის დარტყმით; ასევე, როდესაც დაზარალებული გადიოდა გარეთ, ბრალდებულმა დაარტყა ხელი ზურგში. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებული აცხადებდა, რომ 27 ივლისამდე ბრალდებულმა ასევე დაარტყა ხელი, თუმცა მაშინ არ მიუმართავს პოლიციისთვის.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ა. ხ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა. ა. ხ-ს მიერ შ. გ-ს მიმართ შესაძლო ძალადობისა და მუქარის ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი. ასევე ფაქტის უშუალო შემსწრე პირს არ წარმოადგენს ა. ხ-სა და დაზარალებულის მეზობელი - მოწმე მ. გ-ი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

19. რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნას, მართალია აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ შ. გ-ს სხეულზე აღენიშნება ფიზიკური დაზიანება, მაგრამ რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანება - ა. ხ-ს ძალადობრივი მოქმედებით თუ სხვა ვითარებაში, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

20. 2021 წლის 27 ივლისის შემაკავებელ ორდერთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ორდერი ეფუძნება იმ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებაში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება მათში მითითებული გარემოების გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულთან. გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერი ვერ ჩაითვლება იმ ხარისხის მტკიცებულებად, რაზეც შესაძლებელია დაეფუძნოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

21. სახელმწიფო ბრალმდებელი ანა როყვა ა. ხ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად იშველიებს საქმეში არსებულ დაზარალებულის შეტყობინებას ა. ხ-ს მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულების ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ შეტყობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და მასში აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო.

22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ა. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.

24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

25. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

26. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი