Facebook Twitter

საქმე # 330802223007115908

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№24I-23 ქ. თბილისი

პ-ი ა. 24I-23 27 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. პ-ს მიმართ ყ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2022 წლის 11 სექტემბერს ქ. ნ-ს ე-ს რაიონის პოლიციის სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ა. პ-ს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა. პ-ი ეჭვმიტანილია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) შესაძლო ჩადენაში.

1.2. 2022 წლის 15 სექტემბერს ქ. ნ-ს სპეციალიზებული რაიონთაშორისო საგამოძიებო სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით ა. პ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

1.3. 2022 წლის 7 ნოემბრიდან ა. პ-ი ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ა. პ-ს მიმართ ს-ში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2023 წლის 12 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს-ს ტერიტორიაზე დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. პ-ი.

2.2. 2023 წლის 14 იანვარს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. პ-ს შეეფარდა გირაო - 60000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2023 წლის 20 იანვარს.

2.3. 2023 წლის 20 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. პ-ს ექსტრადიციის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ყ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ა. პ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის მაისში ა. პ-მა განიზრახა თაღლითური გზით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან დაზარალებულს შესთავაზა ს-ში პრობლემების მოგვარებაში დახმარება, რის შემდგომაც ბოროტად ისარგებლა ა. ო. ს-ს ნდობით და ,,დიჯიპასის“ (დისტანციური წვდომის პროგრამის) მეშვეობით მიიღო შპს ,,Bailuq finance“ ინტერნეტბანკინგის პაროლები და შპს-ს ფულად ანგარიშებზე წვდომა. აღნიშნულის შემდგომ, ა. პ-მა მოატყუა ა. ო. ს-ა, თითქოს სასამართლო დავის გადასაწყვეტად სჭირდებოდა 50 666 000 ტენგეს ოდენობის ფულადი თანხა.

· 2021 წლის 28 მაისს ა. პ-მა, ჰქონდა რა პირდაპირი წვდომა 1-C პროგრამასთან, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების დამალვის მიზნით წაშალა ა. ო. ს-ს იურიდიული პირის წარმომადგენლის ანგარიში, გადარიცხა 42 900 000 ტენგეს ოდენობით ფულადი თანხა საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეფულა შპს “Bailuq finance-ს “კუთვნილი ფულადი სახსრებს.

4. 2023 წლის 7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ა. პ-ს ყ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ყ-ს რესპუბლიკის ქ. ნ-ს ესილის რაიონის პოლიციის სამმართველოს მიერ ა. პ-ს მიმართ 2022 წლის 12 სექტემბერს გამოტანილ ეჭვმიტანილის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ა. პ-ს ყ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ყ-ს რესპუბლიკის ქ. ნ-ს ესილის რაიონის პოლიციის სამმართველოს მიერ ა. პ-ს მიმართ 2022 წლის 12 სექტემბერს გამოტანილ ეჭვმიტანილის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. პ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ა) ა. პ-ი კატეგორულად უარყოფს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებასა და დაპატიმრების გამოყენებას, რადგან მიაჩნია, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა მისი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე;

ბ) ყ-ს რესპუბლიკაში მას არ ექნება თავის სრულყოფილად დაცვის საშუალება და ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რადგან მისი აზრით და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ყ-ს რესპუბლიკაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და მის შემთხვევაშიც გავლენიან პირებს სურთ მისი განეიტრალება შეფარდებული პატიმრობით.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ა. პ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ა. პ-ს ყ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ:

· საექსტრადიციო მასალებში, ა. პ-ს მიერ გაცხადებული ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებისა და ინფორმაციის გარდა, არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებს ან/და დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ყ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია ან მტკიცებულება წარსულში ყ-ს რესპუბლიკაში ა. პ-ს მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების, ხოლო ასეთი შემთხვევის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა რელევანტური ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მათი მხრიდან არაეფექტური რეაგირების თაობაზე.

· არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ყ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. პ-ს მიმართ განხორციელდება დევნა ან/და იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.

· ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნებისთვის არარელევანტურია ა. პ-ს განცხადება მისი უდანაშაულობის თაობაზე, რამდენადაც ს-ს შესაბამისი ორგანოები ვერ იმსჯელებენ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის თაობაზე. ამ საკითხზე მსჯელობა ექსკლუზიურად ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას წარმოადგენს.

· ყ-ს რესპუბლიკაში ა. პ-ს ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ს-ს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. პ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2023 წლის 12 იანვარს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ა. პ-ს ყ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც ს-ს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

5.2. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით.

5.3. ა. პ-ს მიერ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია მოხდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით.

5.4. ამდენად, ა. პ-ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის გადაცემა არ მოხდება, თუ პირი, რომლის ექსტრადიცია მოითხოვება, არის თხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქე.

6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ა. პ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ა. პ-ი არის ყ-ს რესპუბლიკის მოქალაქე.

6.3. გარდა აღნიშნულისა, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია.

6.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ა. პ-ს დეპარტამენტისთვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

6.5. შესაბამისად, არ არსებობს ზემომითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:

7.1. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

7.2. სამართლიანი სასამართლოს უფლებების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მისი არსის განადგურებას ახდენს.

7.3. ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ა. პ-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, იქნებოდა ვარაუდის საფუძველი, რომ ა. პ-ი ყ-ს რესპუბლიკაში დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

7.4. გარდა აღნიშნულისა, მხედველობაშია მისაღები ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის გარანტია სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვასთან დაკავშირებით (იხ.შუამდგომლობის §42). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე კონკრეტული სახის ინფორმაცია, რაც მის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.

7.5. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა. პ-ს ყ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

8. ხანდაზმულობის ვადა:

8.1. ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის“ 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

8.2. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთათვისაც მოითხოვება ა. პ-ს ექსტრადიცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით შეესაბამება ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

8.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

8.4. ა. პ-მა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ ჩაიდინა 2020 წლის შემდგომ პერიოდში. აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებითაც ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულთან მიმართებით გასული არ არის.

8.5. ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 და 69-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულთან მიმართებით ასევე არ არის გასული ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით.

8.6. მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ (ყაზახეთის რესპუბლიკის), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

9. პრინციპი ,,Non bis in idem“:

9.1. ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem).

9.2. ა. პ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოში არ განხორციელებულა რაიმე სამართალწარმოება. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,non bis in idem“ პრინციპის დარღვევა.

10. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

10.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“

10.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ა. პ-ს უფლებების დარღვევის საფრთხე. ამასთან, ადვოკატმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც ა. პ-ს მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს ან იმ გარემოებას დაადასტურებდა, რომ მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. დაცვის მხარის ზოგადი განცხადებები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად. ა. პ-სა და მის ადვოკატს ასევე არ წარმოუდგენიათ რაიმე ინფორმაცია ან მტკიცებულება წარსულში ყ-ს რესპუბლიკაში მის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის, ასეთი შემთხვევის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა რელევანტური ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდების და მათი მხრიდან არაეფექტური რეაგირების თაობაზე.

10.3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

10.4. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს სპეციალობის წესის დაცვასთან დაკავშირებით. ამასთან, წარმოდგენილ იქნა გარანტია, რომ ა. პ-ს მიმართ არ განხორციელდება დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. საჭიროების შემთხვევაში მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და სამედიცინო დახმარება. ამასთან, იგი უზრუნველყოფილ იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით, საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, მას მიეცემა დაცვის ყველა შესაძლებლობა, ასევე მას გაეწევა ადვოკატის მომსახურება.

10.5. მოცემულ საქმეში ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიების სარწმუნოობაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცალკეულ საქმეებზე მსგავსი გარანტიების სარწმუნოობის სათანადო ინდიკატორებად იქნა მიჩნეული: (1) გარანტიები საჯაროა ან/და ხელმისაწვდომია, ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობის განმახორციელები ორგანოებისთვის (Ryabikin v. Russia, no. 8320/04, ECHR, 119, Muminov v. Russia, no. 42502/06, ECHR, 97); (2) გარანტიები არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი და ბუნდოვანი (Klein v. Russia, no. 24268/08, ECHR, 55); (3) გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v. The United Kingdom, no 22414/93, ECHR 105-107; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, ECHR, 344; Kordian v. Turkey , no. 6575/06, Decision, ECHR); (4) ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში (Cipriani v. Italy, no. 221142/07, Decision, ECHR; Youb Saoudi v. Spain, no. 22871/06, Decision, ECHR). ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მხრიდან არ იქნება დაცული მათ მიერ წარმოდგენილი გარანტიები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ყაზახეთის რესპუბლიკამ მიიღო არაერთი ზომა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ეფექტური და კარგად გამართული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და ინსტიტუციების შექმნაში. შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში არსებული პირები სარგებლობენ ადამიანის უფლებათა მონიტორინგის, ინდივიდუალური საჩივრისა და ადამიანის უფლებების დაცვის სხვა მრავალი ეფექტური მექანიზმით, რომელთა შორისაა წამების საწინააღმდეგო კომიტეტი და სხვა. ყაზახეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო ორგანოა ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო კომისია, რომელიც განიხილავს და იძიებს საჩივრებს, გასცემს რეკომენდაციებს, მეთვალყურეობს ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშებს ადამიანის უფლებების შესახებ. აღნიშნული კომისიის საქმიანობაც მიმართულია სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ამაღლებისკენ.

10.6. 2008 წელს ყაზახეთის რესპუბლიკა მიუერთდა გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის (UNCAT) ფაკულტატურ ოქმს (OPCAT). უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული დოკუმენტი წამების პრევენციის ეფექტურ მექანიზმად აღიქმება ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წრეებში.

10.7. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება ექსტრადიციის შემთხვევაში ა. პ-ს უფლებების დარღვევის რისკის არსებობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ ა. პ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე.

10.8. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ა. პ-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ა პ-ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.

11. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

11.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).

11.2. მოცემულ შემთხვევაში, ა. პ-ს ექსტრადიცია მოითხოვება განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. ამასთან, დანაშაულის შედეგად დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დანაშაულის ხასიათის, გარემოებებისა და მომეტებული სოციალური საშიშროების მხედველობაში მიღებით ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი აშკარად გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს (ასეთი ჩარევა რომც ხორციელდებოდეს).

11.3. შესაბამისად, ა. პ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. შესაბამისად, არ არსებობს ა. პ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

12. რაც შეეხება წაყენებული ბრალის უსაფუძვლობას, რაზეც აგრეთვე გამახვილებულია ყურადღება საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილება პირის ბრალეულობის საკითხი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი