Facebook Twitter

საქმე # 330141221004283193

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №23I-23 თბილისი

ჭ-ი გ. 23I-23 21 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გ. ჭ-ი, - დაბადებული … წლის … ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით გ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელები მთლიანად შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ჭ-ს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჭ-ს მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენით:

გ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის N001/17-0363 გადაწყვეტილებით გ. ჭ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 წელი, 3 თვე და 15 დღე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

მსჯავრდებულ გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 მარტიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებული გ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის N.... გადაწყვეტილებით გ. ჭ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 წელი, 3 თვე და 15 დღე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლითა და 3 თვით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი წესით ამნისტიის გამოყენების მიზნით მისი პირადი საქმე გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით:

მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი;

მსჯავრდებული გ. ჭ-ი გათავისუფლდა 2013 წლის 23 ოქტომბრისა და 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენებით - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისგან;

მსჯავრდებული გ. ჭ-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის N.... გადაწყვეტილებით გ. ჭ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 წელი, 3 თვე და 15 დღე, საიდანაც ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენზე, ნაწილობრივ დამატებული, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დღეის მდგომარეობით გ. ჭ-ს მოხდილი აქვს სრულად, მსჯავრდებული გ. ჭ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გ. ჭ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის გავრცელება და მისი სრულად გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან, მათ შორის - საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

8. საჩივრის თანახმად, გ. ჭ-ს მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულზე სრულად ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და ითვალისწინებს როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ისე საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ჩამორთმეული უფლებების აღდგენას. მოსამართლემ ნაწილობრივ გაავრცელა ამნისტიის კანონი გ. ჭ-ზე და იგი არ გაათავისუფლა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან, მაშინ როდესაც აღნიშნული ქმედება გ. ჭ-მა 2020 წლის დეკემბრამდე ჩაიდინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში გ. ჭ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, გ. ჭ-ი ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლდა (გარდა - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისა); შესაბამისად, გ. ჭ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას ამჟამად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე ითხოვს.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

5. იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჭ-ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2014 წლის 1 მაისიდან მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების ჩადენისათვის (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული, რომელიმე ქმედება), რაც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ესადაგება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, და არა - ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი (როგორც თავად ადვოკატი უთითებს). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი გ. ჭ-ს დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინების საფუძველზე და პირადი საქმის მასალებში არსებული N0733369 ცნობის ასლის თანხმად, გ. ჭ-ი აღნიშნული განჩინების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის მოხდის დაწესებულებიდან გათავისუფლდა - 2021 წლის 28 იანვარს.

6. რაც შეეხება ადვოკატის მოთხოვნას გ. ჭ-ს მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე, საკასაციო პალატა მოცემულ საკითხთან მიმართებით მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი შეეხება მხოლოდ იმ პირს, რომელიც ამ კანონის შესაბამისად, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლდა და არა მას, რომელსაც ამავე კანონის საფუძველზე კონკრეტული ოდენობით უმცირდება სასჯელი.

7. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, გ. ჭ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ვერ გავრცელდება და, შესაბამისად, მას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები ვერ აღუდგება (მსგავს სამართლებრივ საკითხზე იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N335I-21 განჩინება).

8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი