საქმე N 330802223006979830
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№22I-23 ქ. თბილისი
გ. ა. ო–ნ, 22I-23 11 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ო–ნ (A. O–N) გ–ს (G.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ღ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ო–ნ გ–ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2009 წელს თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სრულწლოვანმა ა. ო–ნ გ–ა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 16 წელს მიუღწეველ, 13 წლის ს. ჯ.-ს და მასთან დაამყარა სექსუალური კავშირი. ამასთან, აღნიშნული ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა დაზარალებული პირის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
1.2. თურქეთის რესპუბლიკის ნევშეჰირის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის N2013/57-2013/203 განაჩენით, ა. ო–ნ გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 53/1, 62-ე და 63-ე მუხლებთან ერთობლიობაში 109/1, 109/3-f და 109/5 მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმავე განაჩენით, ა. ო–ნ გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს - 1 წელი და 3 თვე. ამასთან, 5 თვისა და 7 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარების შემდეგ ა. ო–ნ გ–ი მოიპოვებს პირობით გათავისუფლების უფლებას.
1.3. 2015 წლის 2 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული და მიიღო საბოლოო სახე.
1.4. 2017 წლის 23 თებერვალს ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით გამოცემულია იქნა ა. ო–ნ გ–ის დაკავების ბრძანება.
1.5. თურქეთის რესპუბლიკის ნევშეჰირის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის N2017/180-2017/199 განაჩენით ა. ო–ნ გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 103/2 და 103/6 მუხლით (ბავშვის მიმართ ძალადობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმავე განაჩენით ა. ო–ნ გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.6. 2018 წლის 11 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული და მიიღო საბოლოო სახე.
1.7. 2018 წლის 16 ნოემბერს ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით გამოცემული იქნა ა. ო–ნ გ–ის დაკავების ბრძანება.
1.8. 2022 წლის 10 მარტიდან ა. ო–ნ გ–ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ა. ო–ნ გ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2022 წლის 7 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ო–ნ გ–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2.2. 2022 წლის 20 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ო–ნ გ–ი;
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა. ო–ნ გ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
2.4. ამჟამად ა. ო–ნ გ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.5. 2023 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ო–ნ გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ნევშეჰირის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის N2013/57-2013/203 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით. ასევე მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ო–ნ გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ნევშეჰირის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის N2017/180-2017/199 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
2.6. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ა. ო–ნ გ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - ს. ღ–ე კი არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ო–ნ გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ნევშეჰირის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის N2013/57-2013/203 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით. ასევე, დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ო–ნ გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ნევშეჰირის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის N2017/180-2017/199 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
2.8. 2023 წლის 22 მარტს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ო–ნ გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ღ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ა. ო–ნ გ–ს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, რაც დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ა. ო–ნ გ–ს ბრალი ედება არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა აღნიშნული დანაშაული მოხდა 2009 წელს, თ–ს რესპუბლიკის ქალაქ ნ–ში. გამამტყუნებელი განაჩენი კი გამოტანილია 2017 წელს. ა. ო–ნ გ–ის განმარტებით, იგი 2013 წლამდე ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, თუმცა ამ დროს სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა და საქმის წარმოება შეჩერდა. ამის შემდეგ იგი სასამართლოში ან სამართალდამცავ ორგანოებში არ დაუბარებიათ და მისთვის ცნობილი არ იყო მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდებოდა თუ არა. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ა. ო–ნ გ–ს დაზარალებულთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი, თუმცა ძალადობრივ კავშირზე მასალებში არაფერია ნათქვამი. ასევე მითითებულია, რომ ინციდენტის დროს გოგონა იყო 16 წლამდე ასაკის, თუმცა კონკრეტული ასაკი მითითებული არ არის და არც თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოს განაჩენია წარმოდგენილი. შესაბამისად, დაცვის მხარისთვის უცნობია რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეფუძნება განაჩენი, მიეცა თუ არა ა. ო–ნ გ–ს შესაძლებლობა სათანადოდ დაეცვა თავი, იყო თუ არა მისთვის ცნობილი სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ და ჰყავს თუ არა მას მომჩივანი. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია რა სიტუაციაა თ–ს რესპუბლიკის საპატიმრო დაწესებულებებში და ასეთი მუხლით მსჯავრდების შემთხვევაში ა. ო–ნ გ–ი თ–ს ციხეში აუცილებლად დაექვემდებარება წამებას და არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას. ამასთან, ა. ო–ნ გ–ი არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას და განმარტავს, რომ იგი არის დისკრიმინაციის მსხვერპლი, რომლის მიმართაც თურქეთის რესპუბლიკის პროკურატურა და სასამართლო სამართლებრივ პროცედურებს კანონის დარღვევით ატარებდნენ და მას თავის დროზე არ მიეცა შესაძლებლობა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. მისივე განმარტებით, თ–ს რესპუბლიკის ციხეებში როგორც სხვა პატიმრების, ასევე, სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან სისტემატურად ირღვევა პატიმრების ფუნდამენტური უფლებები. გასათვალისწინებელია, რომ ა. ო–ნ გ–ი 2015 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ს–ში. მან დაკავებამდე არ იცოდა, რომ იძებნებოდა. ს–ში ცხოვრების პერიოდში იგი არაერთხელ გადავიდა თ–ს რესპუბლიკაში და მას საზღვარზე პრობლემა არ შექმნია. იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ბ–ში. ჰყავს ორი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი ამჟამად არის სტუდენტი და სწავლობს თ–ს რესპუბლიკაში. ა. ო–ნ გ–ს თანამშრომლები ახასიათებენ დადებითად.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ა. ო–ნ გ–ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება. ასევე, წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინება, რომლითაც დგინდება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ო–ნ გ–ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა სამი თვით, ექვს თვემდე - 2023 წლის 20 ივნისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1.2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას შეამოწმა ექსტრადიციის გამომრიცხველი ყველა გარემოება, კერძოდ:
1.3. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტისა და ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.4. განსახილველ შემთხვევაში საექსტრადაციო მასალებით ირკვევა, რომ ა. ო–ნ გ–ის ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 53/1, 62-ე და 63-ე მუხლებთან ერთობლიობაში 109/1, 109/3-f და 109/5 მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 103/2 და 103/6 მუხლით (ბავშვის მიმართ ძალადობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით. ამასთან, ა. ო–ნ გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
1.5. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, მოცემულ საქმეში ა. ო–ნ გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულისათვის სასჯელის სახით, გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა და მას ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
1.6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ა. ო–ნ გ–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულებია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თურქეთის რესპუბლიკაში ა. ო–ნ გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 2 ნოემბერსა და 2018 წლის 11 ოქტომბერს, ხოლო 2017 წლის 23 თებერვალსა და 2018 წლის 16 ნოემბერს გამოიცა ა. ო–ნ გ–ის დაკავების ბრძანებები. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ა. ო–ნ გ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
1.7. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ო–ნ გ–ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.
1.8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. ხოლო ,,საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ა. ო–ნ გ–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
1.9. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
1.10. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ა. ო–ნ გ–ს უარი ეთქვა ს–ში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. კასატორი უთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში და ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა არსებული კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ ექსტრადიციაზე ვერ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება.
1.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულფასოვნად შეისწავლა ექსტრადიციის დასაშვებობის ზემოაღნიშნული წინაპირობები, საკასაციო სასამართლო კი ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
1.12. საკასაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს რამდენიმე გარემოებას: მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში კასატორი ზოგადად უთითებს ა. ო–ნ გ–ის მიმართ ძირითადი უფლებების დარღვევის შესაძლებლობაზე, მაგრამ ვერ ასაბუთებს აღნიშნული საფრთხის არსებობას. ამასთან, არ წარმოუდგენია განცხადება ან მტკიცებულება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის არსებობის თაობაზე. გარემოებები, რომლებითაც დასაბუთდებოდა ძირითადი უფლებების დარღვევის რისკი, საჩივარში მითითებული არ არის.
1.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ა. ო–ნ გ–ის შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com), თუმცა მის მიმართ დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია ინტერნეტის ღია წყაროებში არ იძებნება.
1.14. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მთელი დროის განმავლობაში ა. ო–ნ გ–ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ა. ო–ნ გ–ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას და მიიღება ყველა საჭირო ზომა მის დასაცავად ნებისმიერი სახის მოპყრობისაგან, რომელიც შეიძლება გაუტოლდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ნებისმიერი განცხადება პირის მიმართ ისეთი მოპყრობის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს, გამოძიებული იქნება სრულყოფილად და მიუკერძოებლად და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად დაისჯება სისხლისსამართლებრივი წესით.
1.15. კასატორის პოზიციით, თურქეთის რესპუბლიკის პროკურატურა და სასამართლო ა. ო–ნ გ–ის მიმართ პროცედურებს კანონის დარღვევით ატარებდნენ, რის გამოც მას თავის დროზე არ მიეცა შესაძლებლობა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ საკითხის განხილვა წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების კომპეტენციას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ა. ო–ნ გ–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ იგი მონაწილეობდა საქმეების განხილვაში და უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. ამასთან, დაცვის მხარემ ისარგებლა განაჩენის ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. ამდენად, ა. ო–ნ გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
1.16. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა. ო–ნ გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
1.17. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
1.18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ო–ნ გ–ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში და მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გარდა ამისა, აღსანიშანვია, რომ თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, ს–ში მყოფ ა. ო–ნ გ–ის ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრკოლებების გარეშე გადალახონ თ–ს რესპუბლიკის საზღვარი და მოინახულონ იგი, მითუფრო, რომ კასატორის განმარტებით, ა. ო–ნ გ–ის ერთ-ერთი შვილი არის სტუდენტი და სწავლობს თ–ს რესპუბლიკაში. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ა. ო–ნ გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.
1.19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ო–ნ გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ღ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ო–ნ (A. O–N) გ–ის (G.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ღ–ეის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე