საქმე N 010142222700917432
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1აგ-23 11 აპრილი, 2023 წელი
მ–ი ლ., 1აგ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ლ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლი 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ლ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. 2022 წლის 15 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ლ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ–მა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. 2023 წლის 4 იანვარს მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
8. კასატორის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. 2009 წლის 17 ნოემბერს ლ. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, რაც ძებნაში მყოფ მსჯავრდებულს არ გაუსაჩივრებია. დაცვის მხარემ ისარგებლა ზემოხსენებული მუხლით მინიჭებული უფლებით და მოითხოვა ლ. მ–ის მონაწილეობის გარეშე ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო სააპელაციო საჩივრის განხილვა. კასატორის პოზიციით, 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ლ. მ–მა 2009 წელს მეუღლესთან ერთად ჯგუფურად გადაწყვიტა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, რის გამოც ითხოვა შვებულება და შვილთან ერთად ს–დან ს–ში გაემგზავრა. ამის დამადასტურებლად კი მითითებულია ის, რომ ლ. მ–სი და მისი მეუღლე დათქმულ დროს - 2009 წლის 19 და 22 ივლისს არ გამოცხადდნენ სამსახურში. მოწმეებმა არ უარყვეს, რომ ლ. მ–ი იყო სანიმუშო სამხედრო, რომელმაც თავი გამოიჩინა 2008 წლის რ–თ-ს–ს ომში. მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ იგი იყო გმირი ქალი, რომელმაც 4 ...–ი თვითმფრინავი ჩამოაგდო. ლ. მ–ის პირადი ტრაგედია იყო შვილის გარდაცვალება, რომელიც დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. აღნიშნულის ფონზე გართულებული ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან, რომელმაც გარდაცვლილ შვილს არ მისცა გვარი და ახალშობილი დაიკრძალა მ–ს გვარით. ამიტომ უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ლ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული განაჩენი ემყარება ვარაუდს, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ ლ. მ–სმა შეგნებულად, წინასწარი განზრახვით დაარღვია შვებულების გაგრძელების წესი. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 29.12.2006-28.12.2009 წლებში მოქმედი რედაქციის 27-ე მუხლში მითითებული იყო შემდეგი: დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 477 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, ლ. მ–ის მიმართ უხეშად იყო დარღვეული ამ კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც აკრძალული იყო ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსულის, ახლადნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება. კასატორი ასევე უთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად სასჯელისგან თავისუფლდება ის პირი, ვინც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლ. მ–სის ქმედებას მიიჩნევდა დანაშაულად მისი ქმედება უნდა გადაეკვალიფიცირებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან ჯგუფურ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. ლ. მ–სი 2009 წელს შვებულების დროს დამოუკიდებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ და მან ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო საქართველოში დროულად დაბრუნება. იგი ცხოვრობს ე–ში, წარმატებულია თავის საქმიანობაში და ჰყავს ორი არასრულწლოვანი ვაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
5. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გახდებოდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2010 წლამდე მოქმედი რედაქცია) 523-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენი გამოტანილია ლ. მ–ის დაუსწრებლად. ლ. მ–ი ამ ეტაპზე იმყოფება ძებნაში, იგი არ დაუკავებიათ ან არ გამოცხადებულა სათანადო ორგანოებში, შესაბამისად, ამ ეტაპზე იგი არ არის უფლებამოსილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივროს სააპელაციო წესით.
7. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ლ. მ–ი გასამართლებულია დაუსწრებლად. მისი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების შემთხვევაში მას უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოებში გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი მხოლოდ ისეთი განაჩენი, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და შემაჯამებელიც (საბოლოო - რომელიც აღარ საჩივრდება). ამდენად, დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ არ არის შემაჯამებელი (საბოლოო)“. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის N64აგ-20 განჩინება).
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე