საქმე N 020100121004329316
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1330აპ-22 4 აპრილი, 2023 წელი
შ–ე ბ., №1330აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას, ასევე მსჯავრდებულ ბ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ჯ–სა და კ. ტ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ–ე ბ. (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ივნისამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ბ. შ–სე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რაც განპირობებული იყო ქალის ქცევასთან დაკავშირებული ბ. შ–ის სტერეოტიპული შეხედულებებიდან და გულისხმობდა ცოლის ქცევების მიზანშეწონილობის საკითხის ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობას, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს - დ. ბ–ს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა სისტემატურად, რის გამოც დ. ბ–მ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
1.3. 2015 წლიდან 2020 წლის ივნისამდე ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ბ. შ–სე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რაც განპირობებული იყო ქალის ქცევასთან დაკავშირებული ბ. შ–სის სტერეოტიპული შეხედულებებიდან და გულისხმობდა ცოლის ქცევების მიზანშეწონილობის საკითხის ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობას, უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მქონე პირს - დ. ბ–ს სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით, რის გამოც დ. ბ–მ განიცადა ტანჯვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ბ. შ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილზე;
ბ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - თ. ჯ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. შ–სთვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ბ. შ–სის წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2022 წლის 9 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ბ. შ–ს წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვს მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2022 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ. შ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. ჯ–მ და კ. ტ–მ, რომლებმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. შ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
3.4. 2022 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულ ბ. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ტ–მ და ითხოვა განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპიტოდ ჩათვლა და აღდგენა.
3.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ ბ. შ–ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს - თ. ჯ–სა და კ. ტ–ს აღუდგათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას პოზიციით, სასამართლოს განმარტება, რომ დ. ბ–ე თავისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში არის არასწორი, რადგან დაზარალებულს აქვს ფიზიკური ნაკლი და სპეციალური სასმენი აპარტის გარეშე საერთოდ არ ესმის, მას აპარატის გარეშე არ შეუძლია სწორად აღიქვას მოვლენები, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას იცხოვროს ცხოვრების ნორმალური წესით. ასეთი კატეგორიის ადამიანები მიკეუთვნებიან მოწყვლად კატეგორიას და სწორედ მათი ფიზიკური ნაკლიდან გამომდინარე უადვილდებათ მათზე ძალადობა, რადგან მათ არ შესწევთ უნარი მოძალადისგან დაიცვან თავი. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებული დ. ბ–ე სწორედ მისი ფიზიკური ნაკლიდან გამომდინარე იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში.
4.2. კასატორების, მსჯავრდებულ ბ. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ჯ–ს და კ. ტ–ს პოზიციით, ბ. შ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი. სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მან სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ძალიან ენატრება, თვითონაც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ჰყავს მოხუცი მშობლები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას პოზიციას, რომ დაზარალებული დ. ბ–ე მისი ფიზიკური ნაკლიდან გამომდინარე იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ უმწეო მდგომარეობა შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკურ ისე ფსიქიკურ უმწეობაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ დ. ბ–ე ბავშვობიდან არის ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ. ბ–ს დაქვეითებული აქვს სმენა და სარგებლობს სპეციალური სასმენი აპარატით. შესაბამისად, იგი თავისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ იმყოფება უმწეო მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს არ აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს მოძალადეს ან შეიმეცნოს რა ხდება მის თავს. ექსპერტ მ. ბ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ ბ. შ–ს ქმედებით დ. ბ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამასთან, დ. ბ–ს არ გააჩნდა ფსიქიკური პრობლემები და მეხსიერება არ ჰქონდა დაქვეითებული, მას ჰქონდა მხოლოდ სმენის პრობლემა, შფოთვის დონე და დეპრესიის ხარისხი იყო აწეული, გუნება-განწყობილების ფონი კი დაბალი. ეს მდგომარეობა გამოწვეული იყო მეუღლის მხრიდან სისტემატური ცემითა და შეურაცხყოფით, ქმედება იყო დროში გახანგრძლივებული და არ უკავშირდებოდა ბავშვობის ტრავმას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ბ–ს მოვლენების სწორად აღქმის უნარი შეზღუდული არ აქვს, შესაბამისად, ამ ნაწილში ბ. შ–ს ქმედება სწორად არის გადაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლ ნაწილზე. თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ კვალიფიკაციასთან ერთად არსებობს დამატებით სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე მითითების საფუძველი, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ,,ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443-ე, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლში მოცემულია იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლებიც მიიჩნევა ოჯახურ დანაშაულად, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნით კი განისაზღვრება პირთა წრე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ითვლება ოჯახის წევრად. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ბ. შ–მ ჩაიდინა მეუღლის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი ოჯახის წევრად მიიჩნევა მეუღლე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. შ–ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.
5.3. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
6. სასჯელის დასაბუთება
6.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების, ბ. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ჯ–სა და კ. ტ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, სასამართლო კი შებოჭილია ვალდებულებით: მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.4. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.5. საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ. შ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და მას განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ბ. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ჯ–სა და კ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ბ. შ–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილზე;
5. ბ. შ–ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
9. ბ. შ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 1 აგვისტოდან.
10. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე