საქმე # 820140023006994877
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№251-23 3 მაისი, 2023 წელი
ჯ-ე თ, 251-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ვლადიმერ თურმანიძის
მსჯავრდებულ - თ. ჯ-ის
ადვოკატ - მ. ს-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ას საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით თ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (46,6 და 10,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ ნაწილში), სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (430,84 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ ნაწილში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (46,6 და 10,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ ნაწილში) გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (430,84 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ ნაწილში) - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ თ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
თ. ჯ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან, კერძოდ, 2008 წლის 10 თებერვლიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 11 მარტის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ და თ. ჯ-ს ამოერიცხა ზედმეტად წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ქვეპუნქტით - ნარკოტიკული საშუალების გასაღება (2008 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი);
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, თ. ჯ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისგან;
,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე თ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდა 1/3-ით და განაჩენით დადგენილი სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა, დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წლის 6 მარტის №....განკარგულებით შეიწყალა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 5 ოქტომბრის განაჩენებით - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მსჯავრდებული თ. ჯ-ე და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების ვადად დაუწესა: 2026 წლის 10 თებერვალი.
6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ჯ-ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი;
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის მოქმედება არ გავრცელდა.
7. 2023 წლის 13 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიმართა მსაჯავრდებულ თ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ს-მ და მოითხოვა თ. ჯ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონისა და ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ერთდროულად გამოყენება და მსჯავრდებულის სრულად გათავისუფლება დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ს-ას შუამდგომლობა ზემოხსენებულ, ამნისტიის კანონთა ერთდროულად გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
9. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ს-ამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება, კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დადგენილი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღის - 2026 წლის 10 თებერვლის 1/3-ით შემცირება („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე) და თ. ჯ-ის საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
10. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა თ. ჯ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
11. პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის საჩივარს და ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ადვოკატ მ. ს-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განჩინების (გასაჩივრებული გადაწყვეტილება) მიღებამდე არსებულ საქმის მასალათა ქრონოლოგიური ანალიზი:
მოცემულ შემთხვევაში, პირადი საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით თ. ჯ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ, კერძოდ, 2013 წლის 18 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა თ. ჯ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გაავრცელა ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული წესი და თ. ჯ-ე გაათავისუფლა ამ ნაწილში დანიშნული სასჯელებისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულს საბოლოოდ მოსახდელად კვლავ უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წლის 6 მარტის განკარგულებით შეიწყალა მსჯავრდებული თ. ჯ-ე და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღად განუსაზღვრა - 2026 წლის 10 თებერვალი.
პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის შემდეგ, 2021 წლის 20 იანვარს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ კვლავ იმსჯელა თ. ჯ-ის უვადო თავისუფლების აღკვეთასთან მიმართებით, თუმცა სასჯელის ამ ნაწილში მის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჩივრის ავტორის არგუმენტები:
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა 2023 წლის 13 მარტს კვლავ მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს თ. ჯ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის კანონთა ერთობლივად გავრცელების მოთხოვნით.
შუამდგომლობაში ადვოკატმა მიუთითა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლზე და განაცხადა, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრისა და ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონები ამსუბუქებენ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას და გააჩნიათ უკუძალა; შესაბამისად, სასამართლომ ისინი უნდა გამოიყენოს თ. ჯ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე.
საჩივარში, რომელიც საკასაციო სასამართლოში ადვოკატმა წარმოადგინა მითითებულია, რომ თ. ჯ-ს უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადის დასასრულს წარმოადგენს - 2026 წლის 10 თებერვალი, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეწყალების თაობაზე განკარგულების მიღებიდან - 2026 წლის 10 თებერვლამდე მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი ვადაა - 10 წელი, 11 თვე და 4 დღე. შესაბამისად, მოცემულ ვადაზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის მოქმედება და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამჟამად, თ. ჯ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ დღიდან როდესაც პრეზიდენტმა მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე განკარგულება მიიღო, მისი სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღი გახდა განჭვრეტადი. უვადო სასჯელმა, რომელიც თავისი არსით დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთის განუსაზღვრელი დროით მოხდასთან, მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 6 მარტიდან პროგნოზირებული სახე მიიღო და პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე თ. ჯ-ის სამართლებრივი მდგომარეობა ფაქტობრივად შეიცვალა, გახდა განსხვავებული იმ ვითარებისაგან, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის ფაქტობრივ გარემოებებსაც შეესაბამება განსახილველი სისხლის სამართლის საქმე (იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 მარტისა №81-23 და 2023 წლის 20 მარტის №141-23 განჩინებები).
ვინაიდან თ. ჯ-ის სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადის დასასრულს წარმოადგენს 2026 წლის 10 თებერვალი, ხოლო 2015 წლის 6 მარტიდან (ე.ი დროიდან, როდესაც განჭვრეტადი გახდა სასჯელის ფაქტობრივად მოხდის თარიღი) 2026 წლის 10 თებერვლამდე მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელი შეადგენს - 10 წელს, 11 თვესა და 4 დღეს, საკასაციო სასამართლოს ამნისტიის ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდობით, მიზანშეწონილად მიაჩნია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის დანაწესის გავრცელება მსჯავრდებულ თ. ჯ-ის მიმართ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლი ეხება ყველა ქალს, რომელმაც ჩაიდინა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული მუხლის წინაპირობები სრულად არის დაცული. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს, მისგან თ. ჯ-ე 2013 წლის 18 თებერვალს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა (აღნიშნული მუხლის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით, რაც თ. ჯ-ის საქმეში გამოკვეთილი იყო). შესაბამისად, პროკურორის მითითება, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლი მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს თ. ჯ-ის მიმართ მოცემული კანონის გავრცელებას, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ.- ჯ-ს 1/3-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის N... განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი - 2026 წლის 10 თებერვალი და მსჯავრდებულ თ. ჯ-ის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად უნდა განისაზღვროს - 2022 წლის 18 ივნისი; ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელის მოხდის ვადა დღეის მდგომარეობით დასრულებულია, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განჩინება გაუქმდეს:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ჯ-ს 1/3-ით შეუმცირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის N06/03/02 განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი - 2026 წლის 10 თებერვალი და მსჯავრდებულ თ. ჯ-ის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად განისაზღვროს - 2022 წლის 18 ივნისი; იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელის მოხდის ვადა დღეის მდგომარეობით დასრულებულია, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი