Facebook Twitter

საქმე # 120100122005453397

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №112აპ-23 ქ. თბილისი

გ-ძე გ 112აპ-23 5 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძისა და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ-ს, - დაბადებულს … წლის … მარტს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ი მდებარე ნ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა გ. გ-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, კუსტარული წესით დამზადებული, მასიური ტიპის დანა დაარტყა პ. ჩ-ს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, რითაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო - შემავალი ჭრილობა პლევრის ღრუში ფილტვის დიაფრაგმის, ნეკნთაშუა სისხლძარღვების დაზიანებით, მე-6 ნეკნის მოტეხილობით.

· 2021 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ი მდებარე ნ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი გ. გ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ. ზ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ კუსტარული წესით დამზადებული, მასიური ტიპის დანით მოკლავდა მას, რითაც ბ. ზ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს განაჩენით:

2.1. გ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2.2. გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 19 დეკემბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ი მდებარე ნ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი გ. გ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ. ზ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ კუსტარული წესით დამზადებული, მასიური ტიპის დანით მოკლავდა მას, რითაც ბ. ზ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე,ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ი მდებარე ნ. ბ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ. გ-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით დანა დაარტყა პ. ჩ-ს, რომელსაც აღენიშნებოდა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი პლევრის ღრუში ფილტვის, დიაფრაგმის, ნეკნთაშუა სისხლძარღვების დაზიანებით, მე-6 ნეკნის მოტეხილობითა და ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი-მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გ. გ-ის გამართლება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულ გ. გ-ის დანაშაულებივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გ. გ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა. პროკურორი გელა მაღრაძე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ პ. ჩ-ის მკვლელობის განზრახვას ადასტურებს დიდი ზომის დანით გულმკერდის არეში დაზიანების მიყენება.

9. საკასაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას არ იზარებს და მიუთითებს, რომ მხოლოდ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ლოკაცია და ხარისხი უპირობოდ ვერ ადასტურებს გ. გ-ის ქმედებაში განზრახ მკვლელობის მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია ერთობლიობაში მიეცეს შეფასება მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ქცევას როგორც უშუალოდ მომენტში, ისე დანაშაულის დამთავრების შემდეგ, ასევე ქმედების ჩადენის მოტივს, მიყენებული დაზიანების ხარისხს და მათ ლოკაციას. ფაქტი, როცა ადამიანი დანის გამოყენებით ზიანს აყენებს სხვა ადამიანს, არ წარმოადგენს უპირობოდ მკვლელობის განზრახვის არსებობის დადასტურებას და დანაშაულის კვალიფიკაცია დამოკიდებულია სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებებსა და ნიშნებზე, რომლებიც უნდა შეფასდეს ყოველ საქმეზე ინდივიდუალურად.

10. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).

11. მოცემულ შემთხვევაში დამნაშავის განზრახვის დასადგენად არსებითი ხასიათის მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებებს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N…. დასკვნის თანახმად, პ. ჩ-ს აღენიშნებოდა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი პლევრის ღრუში ფილტვის, დიაფრაგმის, ნეკნთაშუა სისხლძარღვების დაზიანებით, მე-6 ნეკნის მოტეხილობით, ტრავმული ჰემოპნევმოთორაქტი. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს. დაზარალებულისა და მოწმეების - ბ. ზ-ის, ჟ. ჩ-ის ჩვენებების მიხედვით, მას შემდეგ რაც გ. გ-მ დანა დაარტყა პ. ჩ-ს, იგი დაეცა და ითხოვდა დახმარებას. ბ. ზ-ის მისვლამდე, გ. გ-ს ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფლად მიეყენებინა სიცოცხლისათვის სახიფათო სხვა დაზაინებები პ. ჩ-ის სხეულის ნებისმიერ ადგილას, დაჭრილი პ. ჩ-ის კვლავ არაერთხელ დაერტყა დანა და მიეყენებინა მრავლობითი დაზიანებები, რაც დაადასტურებდა მის აშკარა მისწრაფებას და სურვილს მოკვლის განზრახვა მოეყვანა სისრულეში, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია. მან დატოვა შემთხვევის ადგილი და მისი ქმედების შედეგად მხოლოდ ერთი მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რაც ერთის მხრივ მიუთითებს, რომ გ. გ-ს ჰქონდა შესაძლებლობა აღექვა და გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და მოსალოდნელი შედეგები, ხოლო მეორე მხრივ გამორიცხავს მის სურვილს, რომ განზრახ მოესპო სიცოცხლე დაზარალებულისათვის. დაზარალებული პ. ჩ-იც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, გ. გ-ის ხელისშემშლელი გარე ფაქტორი არ არსებობდა და განმარტავს, რომ სურვილის შემთხვევაში, გ. გ-ე მარტივად შეძლებდა მისთვის დანის კიდევ ჩარტყმას. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი არ გამხდარა დაზარალებულისა ან ბ. ზ-ის აქტიური ქმედებები. შესაბამისად, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ გ. გ-ს დანის დარტყმის შემდეგ არავინ და არაფერი უშლიდა ხელს კვლავ დაერტყა დანა და მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში სურვილი მოეყვანა სისრულეში. გ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა მიუთითებს, რომ მას არ ჰქონდა პ. ჩ-ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და მიუხედავად სათანადო შესაძლებლობის ფლობისა, არსებული - ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, მოქმედებებს აღარ ახორციელებს.

12. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, არ უარყოფს ჭრილობის ლოკალიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჭრილობის მიმართულება, სიღრმე, მდებარეობა მნიშვნელოვანია განზრახვის დასადგენად, თუმცა, მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე, გ. გ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული დამდგარი შედეგის - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიხედვით.

13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ გ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უდანაშაულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულები. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - პ. ჩ-ის, ბ. ზ-სა და მოწმეების - ნ. ბ-ის, ჟ. ჩ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N… დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური (ცივი იარაღის) ექსპერტიზის N75/ც დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.

14. მუქარის ეპიზოდში გ. გ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ი მდებარე ნ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი გ. გ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ. ზ-ს, კერძოდ, კუსტარული წესით დამზადებული, მასიური ტიპის დანით მოკლავდა მას, რითაც ბ. ზ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ფაქტი დასტურდება პ. ჩ-ა და ბ. ზ-ის ჩვენებებით და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. მოწმეთა ჩვენებები სრულადაა თანხვდენილი წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების ამ ნაწილში პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ჟ. ჩ-ის ჩვენებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის არგაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოწმე ჟ. ჩ-ის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და თანხვდენილი როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:

17. ჟ. ჩ-ის ჩვენებით, სისხლიანი დანა, რომელიც ეგდო პ. ჩ-ან 2-3 მეტრის მოშორებით და რომელზეც დაზარალებული უთითებდა, რომ აღნიშნული დანა დაარტყა გ. გ-მ, შეაგდო სახლში ე.წ. „ღუმელის“ ოთახში, რაც მოგვიანებით, სწორედ იმავე ადგილიდან ამოიღეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. შესაბამისად, მხოლოდ ადვოკატის ვარაუდი, რომ შეუძლებელია ეზოდან აღნიშნული მანძილით დანის ღუმელის უკან გადაგდება, საკასაციო სასამართლოს აზრით, ვერ გამორიცხავს მოწმის ჩვენების სანდოობას.

18. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და საგნებზე (სამი ცალი დანა, ტანსაცმელი, მოწითალო ფერის ლაქები) შეგნებულად არ დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რათა დადგენილიყო ამოღებულ ნივთებზე ბიოლოგიური მასალის კუთვნილება, ხოლო ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები შეესაბამებოდა თუ არა პ. ჩ-ის სხეულზე არსებულ დაზიანებას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების გზით დადგენილიყო ოთახის შესასვლელიდან სროლით რამდენად იყო შესაძლებელი დანის ,,ე.წ. ღუმელთან“ გადაგდება, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ითვალისწინებს და უთითებს საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ტანსაცმელზე, დანებზე, სისხლის ნიმუშებზე დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა იმავდროულად, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე აპრიორი არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N262აპ-17), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც პირდაპირ მიუთითეს გ. გ-ე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, ცალსახად დაადასტურეს გ. გ-ის ხელში დანის ჭერის ფაქტი, რაც შემდგომ მათივე მითითებით ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ობიექტებზე ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ვერ შეფასდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებად. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრებულ გ. გ-ის ადვოკატისთვის აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი იყო ბრალდებულის დაკავების მომენტიდან. შესაბამისად, საგულისხმოა, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა ვერაფრით შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, რადგან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით და დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე და ასეთის საჭიროების შემთხვევაში თავად ჩაეტარებინა სასურველი საექსპერტო კვლევა და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად.

19. რაც შეეხება ადვოკატ ნ. ა-ის პოზიციას საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური (ცივი იარაღის) ექსპერტიზის N… დასკვნისა და შემთხვევის ადგილს დათვალიერების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს შემდეგს: სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნივთიერი მტკიცებულებაა - დანა, რომელიც ექსპერტიზის საგანს წარმოადგენს, ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რასაც ადასტურებს როგორც ოქმი, ისე ფოტოილუსტრაცია და იგი დალუქული სახით გადაეცა ექსპერტიზას, რომლის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტიზის კვლევის ობიექტი ასახული და დასურათებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაში, რაც, თავის მხრივ, იძლევა ნივთიერი მტკიცებულების ექსპერტიზაზე წარდგენისას ლუქის მთლიანობის ფაქტის შემოწმების შესაძლებლობას. ამასთან, ფოტოილუსტრაციით შესაძლებელია შედარება, თუ რამდენად შეესაბამება ნივთიერი მტკიცებულების დალუქვის შესახებ ინფორმაცია და ლუქის იდენტიფიკატორები, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთის ლუქზე აღნიშნულ ინფორმაციას. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ე. კ-მა დაადასტურა დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული (ერთი ცალი) მასიური ტიპის დანა დამზადებულია კუსტარული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი ტიპის ცივ იარაღთა კატეგორიას. ამდენად, მხარეებს გააჩნდათ სათანადო შესაძლებლობა, ნივთიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით შექმნილი საპროცესო დოკუმენტაციის გამოკვლევისა და ექსპერტის დაკითხვის შედეგად გადაემოწმებინათ გარემოებები, ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლისა თუ ნიშან-თვისებათა შეცვლის ეჭვის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად. გარდა ამისა, დაცვის მხარეს არ შეზღუდვია შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო როგორც ნივთიერი მტკიცებულების მოპოვების, ისე დალუქვის გარემოებების კვლევაში საქმის არსებითი განხილვისას მოწმეთა (გამომძიებელი, ექსპერტები) დაკითხვის გზით და ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში. ამასთან, საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც ნივთიერი მტკიცებულების შეცვლის ან ნიშან-თვისებათა გამოცვლის ეჭვს გააჩენდა და შემდგომში მტკიცებულების დაუშვებლობისა და გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც საკასაციო საჩივრებში მხარეები აპელირებენ (მათ შორის - დარღვეულია თუ არა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საგნების ამოღებისა და საპროცესო დამაგრების კანონით დადგენილი წესი) და გასცა დასაბუთებული და ამომწურავი პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა გ. გ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძისა და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი