Facebook Twitter

საქმე N 330100122006010913

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №25აპ-23 16 მაისი, 2023 წელი

ს. გ. 25აპ-23 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ს. (პირადი ნომერი: ...) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მის ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ-ს მიმდებარედ გ. ს-მა ქმედების თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა ოჯახის წევრს - ლ. მ-ას, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რომ თუ მასთან არ ჩავიდოდა და არ გაესაუბრებოდა მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ლ. მ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ტ-ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ს-ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ გ. ს-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენლი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, გ.ს.--ს შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.

გ. ს. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს.-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.-ის მიმდებარედ გ. ს. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს - ლ. მ-ას. აღნიშნული მუქარა ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.2. 2022 წლის 19 დეკემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა: გ. ს-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სამართლიანი სასამართლოს უფლების ჯეროვანი რეალიზება ავტომატურად გულისხმობს საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გასცდეს აპელანტის საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს, მაშინ როდესაც საუბარია მსჯავრდებულის ფუნდამენტური უფლების რეალიზებაზე. თუმცა, როდესაც სასამართლო ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას ახდენს სამართლებრივად მძიმე მუხლზე გადასვლით ეს არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას. კასატორი ასევე უთითებს, რომ იძულებისგან სისხლისსმაართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის ფუნდამენტურად მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს შეხედულებისამებრ. იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. იძულების, განსაკუთრებით ფსიქიკური იძულების ხერხად შესაძლებელია გამოყენებული იყოს მუქარა, თუმცა იძულებისგან განსხვავებით მუქარას აქვს უფრო ვიწრო შინაარსი და მხოლოდ სიცოცხლის მოსპობას, ჯანმრთელობის დაზიანებასა და ქონების განადგურებას მიემართება. იძულებასა და მუქარას შორის განსხვავების ორიენტირია ქმედების განმახორციელებელი პირის მიზანი. როცა სახეზეა კონკრეტული პირობის სამომავლო მოთხოვნის ფონზე განხორციელებული მუქარა, ადგილი აქვს იძულებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისას პირისთვის პრიორიტეტულია მუქარის შინაარსი და ამ მუქარის შედეგად შიშის განცდა. მოცემულ შემთხვევაში ლ. მ-ას გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ გ.ს. მივიდა დაზარალებულის სახლთან და მოსთხოვა ჩასულიყო მასთან და გასაუბრებოდა, თუ არ ჩავიდოდა მოკლავდა. შესაბამისად, გ. ს-ს მოთხოვნის მიზანი იყო დაზარალებულის ჩასვლა და მასთან გასაუბრება და არა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ამ მუქარით დაზარალებულში შიშის გამოწვევა. შესაბამისად, სახეზეა იძულება და არა მუქარა. მითუფრო, იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე გ. ს-მა დაზარალებულს მოსთხოვა ანალოგიური, რაც ლ. მ--ამ შეასრულა. მსჯავრდებულის განმეორებით მისვლა მოიცავდა იმავე მიზანს - გასაუბრებოდა ყოფილ მეუღლეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გ. ს--ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ქმედებას. ოჯახში ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმაა და ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი, ამასთან, არის სპეციფიკური დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ გ. ს-მა ყოფილ მეუღლეს ორჯერ მიაკითხა საცხოვრებელ სახლთან. ქმედების ინტენსივობა კი მიუთითებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებზე. ამასთან, გ. ს. დანაშაულის ჩადენის დროს იყო ალკოჰოლით მთვრალი. გარდა ამისა, გ. ს. ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულია 2018 წელს, თუმცა დანიშნულმა სასჯელმა ვერ მოახდინა მისი რესოციალიზაცია.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ.ს-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ და მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ. ს-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ,,დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ, იძულება გამოიხატება მოქმედებაში ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება ... ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის ... ამდენად, აქ მუქარა უფრო ფართოდაა გაგებული, ვიდრე სსკ 151-ე მუხლში ... სსკ 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ანდა აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისთვის სასურველი ქმედება ... მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს ... აქვე ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს იძულება და მუქარა. ძირითადი განსხვავებანი შემდეგშია: 1. იძულება შეიძლება განხორციელდეს მუქარის გამოყენებით, მაგრამ მუქარა იძულებისთვის არაა ერთადერთი ხერხი (იგი შეიძლება განხორციელდეს ძალადობითაც). 2. იძულების დროს მუქარა არის ერთ-ერთი ხერხი და საშუალება იმისათვის, რომ დაზარალებულს შეასრულებინონ რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ანდა საკუთარ თავზე გამოაცდევინონ თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ხოლო მუქარის დროს დამმუქრებელს არა აქვს ასეთი მიზანი. მისი ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ პირის დაშინება. ამიტომ იგი როგორც წესი, არანაირ ქმედებას არ მოითხოვს მსხვერპლისგან, ან შეიძლება ითხოვდეს ისეთ ქმედებას, რისი შესრულების ვალდებულებაც მას აკისრია (მაგ. ვალის დაბრუნება). (იხ: სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, გამომცემლობა ,,მერიდიანი“, 2019, თავი VI, იძულება (სსკ 150-ე მუხლი). ავტორი: ნონა თოდუა, გვ. 351-355, მუქარა (სსკ 151-ე მუხლი), ავტორი: ნონა თოდუა, გვ. 359-363).

5.5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებებზე, კერძოდ, დაზარალებულ ლ.მ-ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მისი ყოფილი მეუღლე - გ.- ს. ხშირად მოიხმარს აკლოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც ხდება აგრესიული და უკონტროლო. 2022 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ. ს. მივიდა კორპუსის მიმდებარედ, აგინებდა და ეძეხდა, რომ ჩასულიყო მასთან. იგი მიხვდა, რომ გ--ი ისევ ნასვამი და აგრესიული იყო, რისიც შეეშინდა, რადგან მასთან მარტო რომ ჩასულიყო გ-ი რამეს დაუშავებდა, შეიძლება მოეკლა კიდეც. ამიტომ პასუხი არ გასცა, რაზეც გ. ს. კიდევ უფრო გაღიზიანდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ არ ჩავიდოდა და არ გაესაუბრებოდა, მაშინ ავიდოდა სახლში და მოკლავდა, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან გ-ი იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ შესაძლოა მართლა ასულიყო მათთან სახლში, შეემტვრია რკინის კარი და მოეკლა იგი. გ. ს. 2-3 წუთის განმავლობაში იდგა მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ და აყენებდა სიტყვერ შეურაცხყოფას. გარდა ამისა, გ.-მა 2-3-ჯერ ხმამაღლა დაუყვირა, რომ თუ არ ჩავიდოდა მასთან ეზოში, ავიდოდა სახლში და მოკლავდა. მომხდარზე გაიღვიძეს სახლში მყოფმა ზ. მ--ამ და ო. მ-მა, თუმცა არცერთი მათგანი სახლიდან არ გასულა. ამის შემდეგ გ. ს-მა შეწყვიტა ლანძღვა-გინება და მუქარა და წავიდა. იგი დარწმუნებულია, რომ გ. ს. არ დაწყნარდება და კვლავ დაბრუნდება, შესაძლოა რამე დაუშავოს, მოკლას ან ჯანმრთელობა დაუზიანოს. დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამყარებულია მოწმე ზ. მ-ას გამოკითხვის ოქმით, რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის 21 ივნისს, ღამით, გ.ს.მივიდა მათ საცხოვრებელ კორპუსთან, იგინებოდა და ყვიროდა ,,ლ. ჩამოდი, თორემ ამოვალ და მოგკლავ!“ ამ სიტყვებზე ლ. ანერვიულდა და ამბობდა ,,მართლა ამოვა, მომკლავს და თქვენც რამეს დაგიშავებთო“. გ.ს მა რამდენჯერმე დაიყვირა, რომ თუ ლ. არ ჩავიდოდა და არ დაელაპარაკებოდა, ავიდოდა სახლში და მოკლავდა. ანალოგიური დასტურდება მოწმე ო. მ--ის გამოკითხვის ოქმით, რომლითაც ირკვევა, რომ გ.ს. ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, ნასვამი კი ხდება აგრესიული და უკონტროლო. 2022 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ. ს. მეორედ მივიდა მათი კორპუსის მიმდებარედ და დაიწყო გინება, ასევე, ეძახდა ლ.მ-ას, რომ ჩასულიყო მასთან. ამ დროს სახლში მის გარდა იმყოფებოდნენ ლ. მ--ა და ზ. მ-ა. ისინი მიხვდნენ, რომ გ. ს. იყო ისევ ნასვამი, ამიტომ ხმა არ გასცეს, რაზეც ეს უკანასკნელი უფრო გაღიზიანდა და ლ.- მ.ას დაუძახა, რომ თუ არ ჩავიდოდა და არ გაესაუბრებოდა, მაშინ ავიდოდა სახლში და მოკლავდა. ამის შემდეგ ო. მ-ი გამოვიდა ოთახიდან და შეხედა დედას - ლ.მ-ას, რომელიც იყო გაფითრებული და სავარაუდოდ შიშისგან კანკალებდა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დადგინდა, რომ გ. ს. დაზარალებულისგან მოითხოვდა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ჩასულიყო და გასაუბრებოდა კორპუსის მიმდებარედ მყოფ გ.ს-ს, ამასთან, ემუქრებოდა, რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა და არ ჩავიდოდა მასთან სასაუბროდ, მაშინ თვითონ ავიდოდა დაზარალებულთან სახლში და მოკლავდა. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ გ. ს--მა ჩაიდინა იძულება.

5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ, ურთიერთშეჯერებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

6. სასჯელის დასაბუთება

6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

6.2. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

6.3. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

6.4. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

6.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

6.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში გ. ს-ს ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა, რაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილი წესით.

6.7. საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (გ. ს-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არის 62 წლის, ამასთან, მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. ს-ს განუსაზღვრავს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას. მოცემულ შემთხვევაში გ. ს-სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

6.8. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ გ. ს-ს ბრალი ედება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში და აღიარებს დანაშაულს. ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს - 2022 წლის 21 ივნისს, მას წინა განაჩენით ნასამართლობა ჰქონდა გაქარწყლებული და ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გ. ს-ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის საფუძველი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ს. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს - 2 წელი;

4. გ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 22 ივნისიდან 2022 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით;

5. პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ გ.ს-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე