Facebook Twitter

საქმე N020142222700894007

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2აგ-23 3 მაისი, 2023 წელი

ბ. დ., 2აგ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 16 ივლისის განაჩენით დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-4 პუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის „ა“ პუნქტით და საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 16 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება და დ.ბ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებიდან (სსკ-ის 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (სსკ-ის 2000 წლის 1 ივნისამე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით დ. ბ-ძე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან. მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-4 პუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის „ა“ პუნქტით დანიშნული სასჯელი, რამაც ასახვა ვერ ჰპოვა უვადო თავისუფლების აღკვეთაზე.

4. 2022 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ბ-ემ და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 16 ივლისის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ბ-ძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. 2022 წლის 26 დეკემბერს მსჯავრდებულმა დ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

7. კასატორის პოზიციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ 1997 წლის 27 ივნისსა და 2005 წლის 31 დეკემბერს შორის პერიოდში საქართველოს სასამართლოში არსებული ის სასამართლო კოლეგია, რომელშიც მონაწილეობდა ორი სახალხო მსაჯული იყო უკანონო. ის გარემოება, რომ დ. ბ-ის მიმართ განაჩენი დადგენილია სასამართლო კოლეგიის მიერ, სადაც მონაწილეობდა ორი სახალხო მსაჯული, რომელთაც კოლეგიაში ჰქონდათ ხმათა უმრავლესობა, მიუთითებს, რომ მის მიმართ განაჩენი დაადგინა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ. აღნიშნული კი წარმოადგენს დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე​1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

4. განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გახდებოდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის N33აგ-17 გადაწყვეტილებას, სადაც განმარტებულია, რომ ,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა ორ კონკრეტულ საქმეზე (საქმე „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, (Gorgiladze v. Georgia) განაცხადი №4313/04; ECHR; 20.01.2010; საქმე „ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, (Pandjikidze and others v. Georgia) განაცხადი №30323/02; ECHR; 27.01.2010) და მას ე.წ. „მასობრივი დარღვევების“ საკითხზე არ უმსჯელია. ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (No R (2000) 2 წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ დონეზე, ზოგიერთი საქმის გადასინჯვის ან საქმისწარმოების განახლების შესახებ) მიხედვით განსაზღვრულია, რომ „მასობრივი“ დარღვევების შემთხვევაში, საქმეთა გადასინჯვა/დარღვეული უფლების სხვაგვარი გამოსწორება სახელმწიფოს დისკრეციას წარმოადგენს (იხ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია No. R (2000) 2, პარ.: 14). ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის თანახმად, კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში სხვა საქმეების გადასინჯვის ვალდებულება სახელმწიფოს კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად პირდაპირ არ აქვს. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ გორგილაძისა და ფანჯიკიძის გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების საქმეები მინისტრთა კომიტეტმა დახურა სხვა საქმეთა გადასინჯვის მოთხოვნის გარეშე. კერძოდ, მან საკმარისად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები, რითაც ამ კონკრეტულ პირებს მიენიჭათ გადასინჯვის მოთხოვნის უფლება (მინისტრთა კომიტეტის 2012 წლის 26 სექტემბრის საბოლოო რეზოლუციები ფანჯიკიძისა და გორგილაძის საქმეებზე). ამასთან, აღსანიშნავია, რომ გორგილაძე/ფანჯიკიძის საქმეები თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არ ყოფილა კლასიფიცირებული არც პილოტურ და არც კვაზიპილოტურ გადაწყვეტილებად; შესაბამისად, სასამართლოს არ დაუდგენია სისტემური პრობლემა, რის გამოც სტრასბურგის ორგანოების მიერ არასოდეს წამოჭრილა სხვა იდენტურ საქმეთა გადასინჯვის აუცილებლობის ან ეროვნულ დონეზე აღსრულების სხვა ღონისძიების გატარების საკითხი“.

5. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა კასატორის მიერ მითითებულ ორ კონკრეტულ საქმეზე (საქმე „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, (Gorgiladze v. Georgia) განაცხადი №4313/04; ECHR; 20.01.2010; საქმე „ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, (Pandjikidze and others v. Georgia) განაცხადი №30323/02; ECHR; 27.01.2010) და მას ე.წ. „მასობრივი დარღვევების“ საკითხზე არ უმსჯელია, არ არსებობს კასატორის მიერ მითითებული არგუმენტით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სადავო განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

6. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, 2008 წლის 5 ივნისს, დ. ბ-ძის და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ცვლილება შეიტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 16 ივლისის განაჩენში. ამდენად, სამი მოსამართლის შემადგენლობით მოხდა საქმის ხელახლა განხილვა (სადავო განაჩენის გადასინჯვა) და მსჯავრდებულის მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების რეალიზება, შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მიერ მითითებული არგუმენტით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სადავო განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე