Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№83აპ-23 ქ. თბილისი

ე-ი კ., 83აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის, ასევე მსჯავრდებულების – კ. ე-ის, გ. ბ-ისა და თ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ტ-ისა და დ. ვ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, თ. ე-ი, – - ნასამართლევი, და კ. ე-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ: გ. ბ-სა და კ. ე-ს – 2-2 წლით, ხოლო თ. ე-ს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენით თ. ე-ისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 1 წელი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და თ. ე-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 23 იანვრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-მა, კ. ე-მა და თ. ე-მა ჩაიდინეს ჯგუფურად ჯანმრთლობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 22 იანვარს, ღამის საათებში, თ-ში, მეტროს სადგურ „ვ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ-მა, კ. ე-მა და თ. ე-მა ჯგუფურად, ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ. მ-ეს, კერძოდ, ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის – სახეშიც. აღნიშნული ქმედებით ზ. მ-ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, თავის ზედაპირული ტრავმისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობის სახით, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ი. ბ-ი ითხოვს გ. ბ-ის გამართლებას, ხოლო ადვოკატები – გ. ტ- და დ. ვ-ი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას, თ. ე-ისა და გ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო კ. ე-ის ქმედების სწორად დაკვალიფიცირებასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას გ. ბ-ისა და თ. ე-ის უდანაშაულობის, ასევე – კ. ე-ის ქმედების არასწორად დაკვალიფიცირების შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია მსჯავრდებულთა მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ: სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ზ. მ-ის ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ კ. ე-მა, თ. ე-მა და გ. ბ-მა სცემეს ხელებითა და ფეხებით. მანვე განმარტა, რომ სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებულები არიან ის პირები, რომლებმაც მასზე ფიზიკურად იძალადეს. მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივებმა: ზ. ქ-ემ, ვ. მ-მა და ი. მ-ემ დაადასტურეს, რომ ასფალტზე დაგდებულ მამაკაცს სამი პირი ხელებითა და ფეხებით უმოწყალოდ სცემდა; მხოლოდ დამხმარე ჯგუფების მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი მოძალადეების დაკავება და პირადი ჩხრეკის ჩატარება; ადგილზევე ჩაუტარდათ ალკოტესტით კვლევა, შედგა შესაბამისი ოქმები, რომლებზეც ხელი მოაწერეს მონაწილე პირებმა, მათ შორის – ბრალდებულებმა, რომელთაც რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამთ. აღნიშნული დაადასტურეს მოწმეებმა – ვ. გ-მა, გ. ბ-ემ, დ. ბ-მა და კ. გ-ემ.

9. ამდენად, ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებს შორის არ არსებობს რაიმე სახის წინააღმდეგობა. შესაბამისად, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მითითებულ ჩვენებებში, ასევე – სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულთა მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა, კასატორებს კი არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რაც სასამართლოს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს გაუჩენდა. თავად ბრალდებულთა ჩვენებები, სხვა დამატებითი მტკიცებულებების არარსებობის ფონზე, მოცემულ შემთხვევაში არ ქმნის გ. ბ-ისა და თ. ე-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ხოლო კ. ე-თან მიმართებით – ქმედების გადაკვალიფიცირების კანონისმიერ საფუძველს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება ჩატარებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ამასთან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქმის განხილვის ეტაპზე სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასეს საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა საქმეზე ფაქტების დასადგენად.

11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. ამდენად, განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულთა ქმედებები საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და არ არსებობს ამ კვალიფიკაციის შეცვლისა (კ. ე-თან მიმართებით) და მსჯავრდებულთა (თ. ე-ისა და გ. ბ-ის) გამართლების საფუძველი.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორთა მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინაპირობას.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის, ასევე მსჯავრდებულების – კ. ე-ის, გ. ბ-ისა და თ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ტ-ისა და დ. ვ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე