Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1151აპ-22 თბილისი

კ-ე ვ., 1151აპ-22 26 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. კ-ისა და მისი ადვოკატის - მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით ვ. კ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 9 იანვრიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ვ. კ-ეს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: ვ. კ-ე ეჭვიანობის ნიადაგზე ნაწყენი იყო თავის მეზობელ ნ. ბ-ზე, რის გამოც განიზრახა მისი მოკვლა. 2021 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში, ვ. კ-ემ თავისი სახლის ეზოდან დაინახა მეზობელ მ. ს-ესთან მისული ნ. ბ-ი, რა დროსაც გადაწყვიტა განზრახვის შესრულება. ამ მიზნით, მან აიღო თავისი ძმის - ვ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი, რომელშიც მასვე მოთავსებული ჰქონდა მსხვილი ტყვია - ე.წ. „ჟაკანი“ და მივიდა მეზობლის ჭიშკართან, სადაც ნ. ბ-თან ერთად იმყოფებოდნენ მისი ძმისშვილები - ე. და ო. ბ-ები. მისვლისას ვ. კ-ემ სანადირო თოფი მოიმარჯვა, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ახლო მანძილიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, გაისროლა ნ. ბ-ის მიმართულებით, რომელსაც მუცლის არეში მიაყენა გამჭოლი, სიცოცხლისათვის საშიში, მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

- მსჯავრდებულმა ვ. კ-ემ და მისმა ადვოკატმა - მ. ნ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ. კ-ის გამართლება, ხოლო ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება;

- დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა რევაზ თოფურიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ვ. კ-ისათვის მაქსიმალურთან მიახლოებული, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. კ-ემ და მისმა ადვოკატმა - მ. ნ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ვ. კ-ის გამართლებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზების დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ვ. კ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

9. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. კ-ისა და მისი ადვოკატის - მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე