საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№121აპ-23 ქ. თბილისი
მ-ი ზ-რ, 121აპ-23 24 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განაჩენით ზ. მ-ი, – - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. მ-ს ბრალად ედებოდა გაუპატიურება, ე.ი. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე გ. მ-ს საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, ზ. მ-მა გ. მ-ას მიმართ გამოიყენა ფიზიკური ძალა, დაემუქრა მოკვლით, კისერში დარტყმით ჩააგდო უმწეო მდგომარეობაში, რის შედეგადაც დაძლია მისი წინააღმდეგობა და დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, თავისი სასქესო ორგანოს გამოყენებით შეაღწია გ. მ-ას სასქესო ორგანოში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნინო პაპაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ. მ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №709აპ-19, №140აპ-19, №102აპ-20, №255აპ-21).
7. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არცერთი პირდაპირი სახით არ ადასტურებს ზ. მ-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
8. საკასაციო პალატამ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე განმარტა, რომ განსახილველი დანაშაული, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, მითითებულ საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან, ასევე – ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს, შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ (იხ. სუსგ №253აპ-15). მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემომითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, დაზარალებულის ჩვენება არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
9. ზ. მ-ის მიერ გ. მ-ას შესაძლო გაუპატიურება დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის პირდაპირი მამხილებელი ჩვენებით. კერძოდ, დაზარალებულმა გ. მ-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ 2021 წლის 11 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, მის სახლში გაითიშა ელექტროენერგია, ოთახში ვიღაც შევიდა, ფანარი აიღო და სახეში მიანათა, იცნო ზ-ი, რომელიც დაემუქრა, პირზე ხელი ააფარა და კისერში ჩაარტა, რის გამოც გონება დაკარგა; გონზე მოსვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ წელსქვემოთ იყო შიშველი და ზ-მა თავისი სასქესო ორგანოთი შეაღწია მის სასქესო ორგანოში, გააუპატიურა, სპერმა დაანთხია მის სხეულში და დატოვა შემთხვევის ადგილი; თვითონ შორისის მიდამო ამოიწმინდა თეთრი ფერის ტრუსით, რომელიც ავტოფარეხში დააგდო.
10. დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2021 წლის 3 დეკემბრის №- დასკვნის თანახმად, ჩატარებული კვლევის შედეგად დაზარალებულის სახლის პირველი სართულის აივანზე არსებული შუქის ჩამრთველიდან, შესასვლელი კარის გარე სახელურიდან, გ. მ-ას საშოდან და უკანა ტანიდან აღებულ ნაცხზე, მოთეთრო ფერის ტრუსზე, ტანსაცმელზე, ბალიშის პირზე, ზეწარსა და საბნის პირზე ზ. მ-ის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2021 წლის 1 დეკემბრის №- დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ზეწარზე, ბალიშის პირსა და საბნის შალითაზე, ასევე – თეთრი ფერის ტრუსზე, ღამის პერანგსა და სვიტერზე ზ. მ-ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა; გ. მ-ას ტრუსზე აღმოჩენილ იისფერ შალის ბოჭკოებსა და ზ. მ-ის ნაქსოვი სვიტერის ნართის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 13 დეკემბრის №-- დასკვნის შესაბამისად, გ. მ-ასა და ზ. მ-ის ტანსაცმელზე, მოთეთრო ფერის ტრუსზე, ბალიშის პირზე, ზეწარსა და საბნის შალითაზე დაზიანება არ აღინიშნება.
11. გარდა ამისა, მოწმე ნ. გ-მა სასამართლოს უჩვენა, რომ ბრალდებული მისი მამაა; 2021 წლის 11 ოქტომბერს იმყოფებოდა პ-ში, საიდანაც მამას დაურეკა საღამოს, 9-ის წუთებზე, საუბარი დაასრულეს საღამოს 9 საათისათვის, რადგან მამამ უთხრა, რომ დაძინებას აპირებდა. მოწმე ს. ქ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული მისი ძმაა; როგორც დედამ უთხრა, ზ. მთელი საღამო სახლში იყო და არსად გასულა; მათთან სტუმრად იყო მეზობელი გ., რომელიც ცუდი სიტყვებით ახასიათებდა გ-ს და რომელსაც სახეზე, მარჯვენა მხარეს, ფრჩხილებით მიყენებული ნაკაწრები ჰქონდა; საუბრისას გ-მა უთხრა, რომ მოძალადე სახეზე ჩამოკაწრა, რაც აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ მოძალადე გ-ა.
12. რაც შეეხება მოწმე გ. კ-ის, მან მომხდარის თაობაზე შეიტყო მხოლოდ დაზარალებულისაგან მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ, ხოლო მოწმეებმა: ვ. ბ-ემ, ლ. მ-მა, ლ. მ-ემ, მ. ხ-ემ, ფ. დ-მა, თ. მ-ემ, დ. ლ-მა და დ. კ-მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და სისწორე. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ხასიათისაა და ვერ გამოდგება ზ. მ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის დაუშვებელია.
13. ამდენად, არასაკმარისი მტკიცებულებებით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს. ასეთ პირობებში კი სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ზ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
16. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე