საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№185აპ-23 ქ. თბილისი
მ-ე გ., 185აპ-23 26 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. რ-ში, ფ-ის ქუჩაზე მდებარე სკვერში, გ. მ-ემ მ. თ-ს, რომელთან ერთადაც რამდენიმე თვე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე მიმდინარე კამათისას, ხელი დაარტყა მარჯვენა ხელის მაჯაზე, ხოლო ფეხი – მარცხენა ფეხზე. გ. მ-ის ძალადობრივი ქმედებებით მ. თ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენით გ. მ-ის, –ნასამართლობის არმქონის, – მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 5150 ლარი, რაც, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. რ-ში, ფ-ის ქუჩაზე მდებარე სკვერში, გ. მ-ემ მ. თ-ს, მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე მიმდინარე კამათისას, მარჯვენა ხელის მაჯაზე დაარტყა ხელი, ხოლო ფეხი – მარცხენა ფეხზე. გ. მ-ის ძალადობრივი ქმედებებით მ. თ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა: გ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას, გ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. სუსგ №1349აპ-22).
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს გ. მ-ის ბრალეულობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ გ. მ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. კერძოდ:
10. დაზარალებულმა მ. თ-მა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში ხვდებოდა ბრალდებულს, რომელთან ერთად თვეზე მეტ ხანს ცხოვრობდა ქირით; მოგვიანებით მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და დაშორდნენ; 2021 წლის 20 ივლისს შეხვდა გ-ის, რომელმაც დაუწყო ჩხუბი, ყვირილი, გინება და წაართვა ტელეფონი; ამის მერე ავიდნენ გ-ის სახლში, სადაც მან დაარტყა ხელი, ხოლო სადარბაზოში – წიხლი; ამ ყველაფერს შეესწრო გ-ის დედა; ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი და ჰქონდა სილურჯეები; 22 ივლისს კვლავ შეხვდნენ და ისევ იკამათეს; გ. მ. უქნევდა ხელებს, მ-ი კი ცდილობდა თავის დაცვას, სწორედ ამიტომ დარეკა პოლიციაში; გამოკითხვის ოქმში რატომ არის კამათის ადგილად სკვერი მითითებული, არ იცის.
11. დაზარალებულის ჩვენებას ეწინააღმდეგება მოწმე ნ. ს-ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ ნ. თ. ხმაურით მივიდა მათთან სახლში და დაშორების გამო მის შვილს ეჩხუბებოდა, ეუბნებოდა, რომ „შენს გვერდით სხვა ქალი არ იქნებაო“; მათი კონფლიქტისას თვითონ სხვა ოთახში იყო; მ-მა კონფლიქტის ადგილად განზრახ მიუთითა სკვერი, რადგან სახლში არანაირი ძალადობა არ მომხდარა.
12. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა გ. მ-ის „აიფონ 5-ის“ მობილურ ტელეფონში არსებული 2021 წლის 22 ივლისის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, საიდანაც გაირკვა, რომ მ. თ-ს, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს მოყავისფრო ქეისში, ხოლო მარცხენაში – ვარდისფერ ქეისში მოთავსებული მობილური ტელეფონები, უახლოვდება გ. მ-ე, რომელიც მობილური ტელეფონით უღებს ვიდეოს და მიმართავს სახელითა და გვარით – „მ. თ-ი“; ამ დროს აგრესიულად განწყობილმა მ. თ-მა მას მოუქნია მარჯვენა ხელი და უთხრა, რომ „გათრეულიყო იქიდან“. მთელი ამ გადაღების განმავლობაში მ-ს ორივე ხელში უჭირავს მობილური ტელეფონები.
13. იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმით დადგენილია, რომ 2021 წლის 23 ივლისს მ-ის დმი-ში გ. მ-ეს ჩივილები არ ჰქონია, მას მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ნაკაწრები, რომელიც, მისივე გადმოცემით, დაკავებამდე, ჩხუბის დროს ფრჩხილებით მიაყენა ნაცნობმა გოგონამ; დიაგნოზში მითითებულია: „პრაქტიკულად ჯანმრთელი, ზედაპირული დაზიანებები“ (ტ. მე-2, ს.ფ. 124-136).
14. ბრალდებულმა გ. მ-ემ თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს განუცხადა, რომ მ. თ-ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ერთმანეთს დაშორდნენ და აპირებს დაქორწინებას, რის გამოც მ-ი განაწყენდა; სახლში ასვლისას მ-ი მას აქეთ ურტყამდა.
15. საყურადღებოა, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (გარდა მ. თ-ის ჩვენებისა), რომლითაც დადასტურდებოდა მუდმივად ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოება. ამასთან, ბრალდება გ. მ-ეს არ ედავება 2021 წლის 22 ივლისს ჩადენილ ძალადობას. დაზარალებულის ჩვენებით, ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა 2021 წლის 20 ივლისს; შემაკავებელი ორდერის ოქმში კი აღნიშნულია, რომ მ. თ-ის ხელზე არსებული სილურჯე, მისივე განმარტებით, გამოწვეულია 2021 წლის 21 ივლისს, ფეხის დარტყმის შედეგად.
16. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით ირკვევა, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიწოდებული ინფორმაცია არსებითად განსხვავდება საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საჯაროდ წაკითხული მ. თ-ის გამოკითხვის ოქმსა და შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული ინფორმაციისაგან, კერძოდ, შეუსაბამობაა დანაშაულის ჩადენის დროსა და ადგილს შორის, რაც შესაძლო ძალადობასთან მიმართებით წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის თანახმად, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, პროკურორ ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ და გ. მ-ის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე