საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№147აპ-23 ქ. თბილისი
ჯ-ი გ-ი, 147აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჯ-ს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით; მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით; იძულება, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით; ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 3 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, გ-ის მე--მიკრორაიონის მე--კორპუსის ბინა №--ში, გ. ჯ-მა არასრულწლოვანი შვილის – 2010 წელს დაბადებული ე. ჯ-ის თანდასწრებით, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ნ. ჯ-ის მუდმივ კონტროლსა და თავის საკუთრებად მიჩნევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მეუღლე და ქალი, იძალადა მეუღლეზე – ნ. პ-ზე, კერძოდ, სახეში დაარტყა ხელი, თმაში მოჰკიდა ხელი და მოქაჩა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და წაიქცა, შემდეგ კი ფეხი დაარტყა გვერდში, ხოლო მუშტი – თვალის არეში. გ. ჯ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ნ. პ-მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 18 ნოემბერს გ. ჯ-მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ნ. ჯ-ის მუდმივ კონტროლსა და თავის საკუთრებად მიჩნევაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მეუღლე და ქალი, მობილური ტელეფონით დაურეკა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში მყოფ ნ. პ-ს და დაემუქრა, რომ, თუ ვინმესთან ერთად ნახავდა, ორივეს დახოცავდა. გ. ჯ-ის მუქარა ნ. პ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის ივლისში მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში გ. ჯ-მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ნ. ჯ-ის მუდმივ კონტროლსა და თავის საკუთრებად მიჩნევაში, მხოლოდ იმის გამო, იყო მეუღლე და ქალი, უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება ნ. პ-ს, კერძოდ, ფსიქიკური იძულების გზით წაიყვანა თავიანთ ადრინდელ საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თ-ში, გ-ის - მიკრორაიონში, მე-- კორპუსის ბინა №--ში, სადაც, მიუხედავად ნ. პ-ის წინააღმდეგობისა, იძულებით გააჩერა სამი დღის განმავლობაში.
· 2021 წლის ივლისში ქ. თ-ში, გ-ის - მიკრორაიონში, მე-- კორპუსის ბინა №--ში, გ. ჯ-ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. პ-ის კუთვნილ, „სამსუნგის“ ფირმის, „ეს 7“ მოდელის მობილურ ტელეფონს. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 900 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით გ. ჯ-ის, – - ნასამართლევის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე; გ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 11 თვით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 ლარი. გ. ჯ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 19 დეკემბრიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: გ. ჯ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე; გ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 11 თვით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით) – 2 წლით, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 ლარი და გ. ჯ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 19 დეკემბრიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით; მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით; იძულება, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 3 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, გ-ის მე-- მიკრორაიონის მე--კორპუსის №- ბინაში, გ. ჯ-მა არასრულწლოვანი შვილის – 2010 წელს დაბადებული ე. ჯ-ის თანდასწრებით, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მეუღლეზე – ნ. პ-ზე, კერძოდ, სახეში დაარტყა ხელი, თმაში მოჰკიდა ხელი და მოქაჩა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და წაიქცა, შემდეგ კი ფეხი დაარტყა გვერდში, მუშტი კი – თვალის არეში. გ. ჯ-ის ქმედების შედეგად ნ. პ-მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 18 ნოემბერს გ. ჯ-მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ნ. ჯ-ის მუდმივ კონტროლსა და თავის საკუთრებად მიჩნევაში მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მეუღლე და ქალი, მობილური ტელეფონით დაურეკა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში მყოფ ნ. პ-ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; ასევე – გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება და დაემუქრა, რომ, თუ ვინმესთან ერთად ნახავდა, ორივეს დახოცავდა. გ. ჯ-ის მუქარა ნ. პ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის ივლისში მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში გ. ჯ-მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა ნ. ჯ-ის მუდმივ კონტროლსა და თავის საკუთრებად მიჩნევაში მხოლოდ იმის გამო, რომ იყო მეუღლე და ქალი, ნ. პ-ს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, კერძოდ, ფსიქიკური იძულების გზით წაიყვანა თავიანთ ადრინდელ საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თ-ში, გ-ის მე-- მიკრორაიონის მე--კორპუსის №-ბინაში, სადაც, ნ. პ-ის სურვილის საწინააღმდეგოდ, სამი დღის განმავლობაში იძულებით გააჩერა. ამავე პერიოდში მითითებულ მისამართზე გ. ჯ-მა ნ. პ-ის ნების საწინააღმდეგოდ გამოართვა დაზარალებულის კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის „ეს 7“ მოდელის, 900 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით ხვედელიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ჯ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალდებით წარდგენილ ყველა ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. სუსგ №729აპ-20, №391აპ-14).
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ჯ-ის მიმართ დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის, ზემოჩამოთვლილ სხვა მუხლებთან ერთად, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება ბრალდების ამ ნაწილში სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. ჯ-ის მიერ ძარცვის ჩადენას. მის მიერ ჩადენილი ქმედებები (დაკვალიფიცირებული სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) შეიცავს იძულების ნიშნებს.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (ანალოგიური საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინაპირობას.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე