Facebook Twitter

საქმე N 330100121004935277

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №181აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი

ა–ე გ., №181აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ა–ე (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზარახ მკვლელობის მცდელობა, სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ–ში, ............ის გამზირ №..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ა–მ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, დანის მაგვარი საგნის გამოყენებით ზ. ბ–ს მუცლის არეში მიაყენა ორი ჭრილობა, მათგან ერთი მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობის, მეორე კი სწორკიდეებიანი სისხლმდენი ჭრილობის სახით. გ. ა–მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა ფაქტის შემსწრე პირების მხრიდან ზ. ბ–ს გადასარჩენად მისთვის გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობის გამო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. გ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 12 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ა–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ. ა–ს მიერ დაზარალებულის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა. გ. ა–ე მოქმედებდა მრავალრიცხოვან თავდამსხმელთა მოგერიების პირობებში, რა დროსაც მოახერხა და ერთ-ერთ თავდამსხმელს წაართვა დანა, რომელსაც მოგერიების მიზნით იქნევდა და გაუცნობიერებლად მიაყენა დაზიანებები თავდამსხმელს. ის, რომ მის მიმართ აგრესია დაზარალებულმა განახორციელა დაადასტურა მოწმე ტ. დ–მ, რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებულმა პირველმა დაარტყა ხელი გ. ა–ს და მასზე ძალადობისთვის მოუხმო ახლობლებს და ნათესავებს, რაც სუსრულეში მოიყვანა კიდეც. ამას ადასტურებს, საქმეზე არსებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ გ. ა–ს მიყენებული ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მოწმეები არიან ახლობლები და დიდი ხნის ნაცნობები, შესაბამისად, ისინი ჩვენების მიცემისას მოტივირებულნი იყვნენ გ. ა–ს მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის სხვა პირებისთვის აერიდებინათ პასუხისმგებლობა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. ა–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას გ. ა–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ გ. ა–მ ზ. ბ–ს დანით მიაყენა დაზიანება, მაგრამ არ ეთანხმება მსჯავრდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ გ. ა–ს არ ჰქონდა დაზარალებულის მკვლელობის განზრახვა და იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის N593აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ „პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის N862აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი “.

5.6. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ზ. ბ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 20 ივნისის საღამოს, მას სს გამზირ №..-თან შეხვდა მეზობლად მცხოვრები გ. ა–ეე, რომელმაც მისალმების შემდეგ უთხრა „ძლივს ერთი ნორმალური კაცი ვნახე აქ“ და შეიგინა. ამის გამო შეკამათდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც შესაძლებელია მისი ხელიც მოხვდა გ. ა–ს. იმის გამო, რომ ინსულტი ჰქონდა გადატანილი, შექმნილი შეხლა-შემოხლის გამო დაიღალა, განერვიულდა და სახლში წასვლაში დასახმარებლად დაურეკა შვილს - ა. ბ–ს, რომელსაც სთხოვა მასთან მისულიყო. ა–ე დაახლოებით ერთ წუთში მივიდა მათთან. ამ დროს გ. ა–ე კვლავ მისკენ იწევდა გინებით და ხელში ეჭირა რაღაც საგანი, მაგრამ თავიდან ვერ გაარჩია რა საგანი იყო. გ. ა–მ აღნიშნული საგანი ორჯერ დაარტყა დაზარალებულს მუცლის არეში, ჯერ მარცხენა მხარეს, შემდეგ - მარჯვნივ. ამის შემდეგ ა. ბ–მა გ. ა–ეეს ესროლა ქვა და დაიწყეს ჭიდაობა. სწორედ ამ დროს დაინახა, რომ გ. ა–ს ხელში ეჭირა დანა, რომელსაც ისევ იქნევდა მისკენ. გ-სთვის დანის წართმევას ცდილობდა ა7 ბ-ი. ხმაურზე გამოვიდნენ მეზობლები - თ. თ–ა და მისი მეუღლე - ა–ა. მალე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა და იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე ა. ბ–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მას დაურეკა მამამ და სთხოვა ჭიშკართან მისვლა. იგი გამოვარდა მეგობრის ეზოდან და დაინახა, რომ გ. ა–ე შეურაცხყოფას აყენებდა ზ. ბ–ს და იწევდა მისკენ. ახლოს მისულმა კი დაინახა, რომ გ. ა–ე ზ. ბ–ს უქნევდა ხელს, რომელშიც ეჭრა შავი ფერის დანა. იგი მამის დასახმარებლად და თავდამსხმელის მოსაგერიებლად დაიხარა ქვის ასაღებად და როდესაც გაიმართა, დაინახა რომ მამამისს გ. ა–მ ჯერ მუცელში, შემდეგ კი გვერდში გაუყარა დანა. იგი მამის დასაცავად გ. ა–ს ესროდა ყველაფერს, რაც ხელში მოხვდა. ამასობაში გამოვიდა მათი მეზობელი ა-ა, რომელმაც გ. ა–ს უკნიდან მოხვია ხელები და ცდილობდა მის შეჩერებას, რადგან იგი ისევ იქნევდა დანას ზ. ბ–ს მიმართულებით. გ. ა–სთვის დანის წართმევას ცდილობდა თ. თ–ც, რომელმაც რაღაც მომენტში თითქოს მოახერხა კიდეც, მაგრამ ვერ წაართვა. დაზარალებულის და მოწმე ა. ბ–ს ჩვენებები გამყარებულია თვითმხილველი მოწმეების - ა. რ–სა და თ. თ–ს ჩვენებებით. ამასთან, მართალია მოწმეები - კ. მ–ი, ი. გ–ე და თ. ჟ–ა უშუალოდ დაჭრის ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა მათთვის ცნობილია, რომ გ. ა–სა და ზ. ბ–ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც დაიჭრა დაზარალებული.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ტ. დ-ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ შეესწრო დაზარალებულსა და გ. ა–ს შორის კონფლიქტის დაწყებას, რა დროსაც დაზარალებულმა ხელი დაატრყა გ-ს, მაგრამ უშუალოდ დაჭრის ფაქტი მას არ უნახავს. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რომ ამავე მოწმის ჩვენებით, ის სიტყვიერი შეკამათება, რომლის დროსაც დაზარალებულმა გ. ა–ს გაარტყა ხელი, მაშინვე ამოიწურა, რასაც ადასტურებს დაზარალებულიც. თუმცა აღსანიშნავია, რომ როგორც დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რამდენიმე წუთის შემდეგ, კონფლიქტი კვლავ განაახლა გ. ა–მ, რომელიც მას თავს დაესხა და ორჯერ დაარტყა დანა. ამასთან, დაზარალებული და თვითმხილველი მოწმეები ადასტურებენ, რომ ვინადან სხვაგვარად ვერ შეძლეს გ. ა–ს გაკავება და მისი თავდასხმის აღკვეთა, ა. ბ–ი გ. ესროდა ქვებს და რაც ხელში მოხვდებოდა ყველაფერს. გ. ა–ს ფიზიკურად აკავებდნენ და მისთვის დანის წართმევას ცდილობდნენ სხვა პირებიც. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მხოლოდ ის, რომ გ. ა–ს აღენიშნებოდა დაზიანებები, არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. მითუფრო, რომ გ. ა–სთვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, გ. ა–ზე დანით თავდასხმის ფაქტი. მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ გ. ა–ე დაზარალებულისგან განარიდეს იქ მყოფმა პირებმა და იგი მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულისთვის მუცლის არეში დანა ორჯერ ჰქონდა დარტყმული, კვლავ იქნევდა დანიან ხელს დაზარალებულის მიმართულებით და იწევდა მისთვის დასარტყმელად.

5.8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ა–ე ზ. ბ–სთვის დაზიანებების მიყენებისას არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. გ. ა–სა და დაზარალებულ ზ. ბ–ს შორის ამ კონფლიქტამდე რაიმე უთანხმოება არ ყოფილა. მან დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა ურთიერთშელაპარაკების გამო გაბრაზებულმა. დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზს კი წარმოადგენდა თვითმხილვეთა აქტიური მოქმედება, რომლებმაც დაინახეს რომ დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ვინადიან დანის ორჯერ დარტყმის მიუხედავად გ. ა–ეე კვლავ განაგრძობდა თავდასხმას. თვითმხილველები იძულებულნი გახდნენ ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეჩერებინათ გ. ა–ე, რომელიც ცდილობდა დაზარალებულისთვის კვლავ მიეყენებინა დაზიანებები. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის N.......... დასკვნით დადგენილია, რომ შპს „........... სამედიცინო ცენტრის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N....-ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, ზ. ბ–სი სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 20.06.21წ-28.06.21წ. დიაგნოზით: მუცლის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობები. მუცლის მარჯვენა წინა კედლის ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში-მუცლის წინა კედლის კუნთების (სწორი კუნთის) გამჭოლი დაზიანება, კუნთების და სისხლძარღვების დაზიანებით. თეძოს ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის და დიდი ბადექონის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი. მუცლის მარცხენა წინა გვერდითი კედლის ნაკვეთი, სისხლმდენი ჭრილობა მუცლის გვერდითი კედლის კუნთების (გარეთა ირიბი, შიგნითა ირიბი და განივი კუნთების) მე-8-მე-9 ნეკნის სამკერდე ბოლოს დაზიანება (მოტეხილობა). აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად. მუცლის მარჯვენა წინა კედლის ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში-მუცლის წინა კედლის კუნთების (სწორი კუნთის) გამჭოლი დაზიანება, კუნთების და სისხლძარღვების დაზიანებით. თეძოს ნაწლავის, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის და დიდი ბადექონის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. მუცლის მარცხენა წინა გვერდითი კედლის ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა - მუცლის გვერდითი კედლის კუნთების (გარეთა ირიბი, შიგნითა ირიბი და განივი კუნთების) მე-8, მე-9 ნეკნის სამკერდე ბოლოს დაზიანებით (მოტეხილობა) მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებანი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებების ხარისხი და ლოკალიზაცია, ასევე ის, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულზე თავდასხმა შეწყვიტა არა საკუთარი ნებით, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა ხალხმა არ მისცეს მას დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენების გაგრძელების შესაძლებლობა, მიუთითებს იმაზე, რომ იგი მოქმედებდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვით.

5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე