Facebook Twitter

საქმე N 330100122005571875

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №60აპ-23 11 აპრილი, 2023 წელი

ა–ა ლ., №60აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ა–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), ხოლო შ. გ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით შ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით შ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. 2022 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ–ში, ა–ს ქუჩა N.., მე-.. კორპუსის მიმდებარედ კიბეებთან შ. გ–მ და ლ. ა–მ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად სცადეს ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ზ. დ–ის კუთვნილ „bull-ის“ ფირმის, „khrisma spirit ...“ მოდელის მოპედს, რაც შეამჩნია ამავე კორპუსში სტუმრად მყოფმა ე. ქ–მ, რის შემდეგაც შ. გ–ე, ლ. ა–ა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი გაიქცნენ. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ ზ. დ–ს შესაძლოა მისდგომოდა 2700 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით ლ. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

შ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ლ. ა–ს და შ. გ–ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 29 დეკემბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ლ. ა–ს და შ. გ–ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ლ. ა–სა და შ. გ–ს ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეებმა ა. ა–მა და დ. ჩ–მ დაადასტურეს, რომ 2022 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, იმყოფებოდნენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, ვ–ს მე-.. მასივი, ა–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ, რა დროსაც მათ მოქალაქემ მიუთითა, რომ დაეკავებინათ სამი პირი, რომლებიც გარბოდნენ. აღნიშნულ პირთაგან ორს ეფარა ჩაფხუტი და ეცვა შავი ფერის ტანსაცმელი, რომელთაგან ერთს შარვალზე ჰქონდა თეთრი ზოლები, ხოლო მესამე პირს ეცვა ნაცრისფერი ჟაკეტი, წამოფარებული ჰქონდა ე.წ. „კაპიუშონი“ და ეკათა პირბადე. მათ შეაჩერეს მხოლოდ ორი პირი, ხოლო მესამემ, რომელსაც შარვალზე ჰქონდა თეთრი ზოლები შეძლო მიმალვა. შ. გ–ს პირადი გასინჯვისას ჩამოართვეს ორი წითელი ხელთათმანი, ერთი ტყავის ხელთათმანი, პატარა ზომის ჩანთა და მოტოციკლეტის ჩაფხუტი, რომელიც შეჩერებისას მას გადასცა ლ. ა–სიამ. მოწმეთა განმარტებით, მოტოციკლი მიყენებული იყო კიბესთან და დამაგრებული ჯაჭვით, რომელზეც ჩარჭობილი იყო ე.წ. „კუსაჩკა“. გარდა ამისა ამოღებული ვიდეოჩანაწერით დადასტურდა, რომ 2022 წლის 29 იანვარს, 02:00:56 საათზე, ქ. თ–ში, ვ–ს მე-.. მასივი, ა–ს ქუჩა N.., მე-.. კორპუსის შესასვლელთან არსებულ აივანზე დგას სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიდიან კიბის მოაჯირზე მიბმულ მოწითალო ფერის მოპედთან და ცდილობენ ჯაჭვის გადაჭრას. ამ სამი მამაკაციდან ორს თავზე ახურავს ჩაფხუტი, ხოლო მესამეს თავზე წამოფარებული აქვს მონაცრისფრო ე.წ. ,,კაპიუშონი“ და სახეზე უკეთია პირბადე. მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს ჩაფხუტი და აცვია მუქი ფერის შარვალი და ქურთუკი ცდილობს იმ ჯაჭვის გადაჭრას, რომლითაც დაბმულია მოპედი. მეორე მამაკაცი, რომელსაც ახურავს ჩაფხუტი და ტანზე აცვია მუქი ფერის შარვალი თეთრი ზოლებით და ქურთუკი, ეხმარება მოპედის გაწევასა და ჯაჭვის გადაჭრაში. მესამე მამაკაცი კი დგება მათგან დაახლოებით 5 მეტრში და აკონტროლებს ეზოს მიმდებარე ტერიტორიას. შემდეგ მიდის მათთან, აკვირდება როგორ ჭრიან ჯაჭვს და ისევ სცილდება მათ. 02:01:49 საათზე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოდის მამაკაცი, რომელიც საუბრობს ტელეფონზე. მამაკაცის დანახვაზე სამივე პირი სცილდება მოპედს და ჩერდება დაახლოებით 5 მეტრში. კორპუსიდან გამოსული მამაკაცი მიდის მათი მიმართულებით და ხელით ანიშნებს, რომ გაჩერდნენ. აღნიშნულზე სამივე გაიქცა მარცხენა მხარეს. მათ დაედევნა კორპუსიდან გამოსული მამაკაცი. აღსანიშნავია, რომ ა. ა–სა და დ. ჩ–ს მიერ ადმინისტრაციულად დაკავებული შ. გ–სა და ლ. ა–ს ჩაცმულობა ემთხვევა კამერაზე დაფიქსირებულ პირთა ჩაცმულობას, ამასთან, მათ ჩამოართვეს ჩაფხუტი, ხელთათმანები და ჩანთა. კამერის ჩანაწერზე ჩანს, რომ ე.წ. ,,კაპიუშონიან“ პიროვნებას წელის არეში, წინა მხარეს მიმაგრებული ჰქონდა პატარა ჩანთა და ეკეთა ხელთათმანები, ჩაფხუტი კი ადმინისტრაციულად დაკავებამდე გადასცა ლ. ა–მ, შესაბამისად, სწორედ ამიტომ არ ჰყავს შ. გ–ე კამერას ჩაფხუტით დაფიქსირებული, ვინაიდან ამ დროს ჩაფხუტი ეკეთა ლ. ა–ს. თვითმხილველმა მოწმემ ე. ქ–მ სასამართლო სხდომაზე შეცვალა ჩვენება და არ დაადასტურა, რომ შეესწრო ქურდობის მცდელობის ფაქტს, რაც ეწინააღმდეგება ვიდეოკამერის ჩანაწერს. დაცვის მხარის მოწმე ნ. გ–მ განმარტა, რომ 2022 წლის 28 იანვარს, 23:00 საათზე, ლ. ა–სთან ერთად სტუმრად მივიდა მ. გ–თან სახლში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე მდებარეობს, მოგვიანებით მივიდა შ. გ–ც. 2022 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ლ. ა–ა და შ. გ–ე გავიდნენ სიგარეტის შესაძენად, სიგარეტის შეძენის შემდეგ კი მისი მოპედით უნდა წასულიყვნენ სახლში, რის გამოც მათ გადასცა ჩაფხუტები, მაგრამ მოპედი არ დაიქოქა და მათ ფეხით განაგრძეს გზა. სწორედ ამ ჩვენებით ირკვევა, საიდან ჰქონდათ კამერაზე აღბეჭდილ პირებს ჩაფხუტები.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ა–სა და შ. გ–ის წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ლ. ა–სა და შ. გ–ს ბრალეულობას და ეთანხმება გასჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ზ. დ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 29 იანვარს, დილით, მან პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ღამით ცდილობდნენ მისი ,,BULL-ის“ ფირმის, „khrisma spirit ..“ მოდელის, წითელი მოპედის მოპარვას, რომელიც 2700 ლარად ჰქონდა შეძენილი და წინა ღამით, ჯაჭვით მიაბა კორპუსის წინ არსებულ კიბეებთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოწმე ა. ა–ს განმარტებით, 2022 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, თანამშრომელ დ. ჩ–სთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას და ავტომანქანით გადაადგილდებოდა ა–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათ მოქალაქემ მიუთითა სამ პირზე, რომლებიც გარბოდნენ და სთხოვა მათი დაკავება. აღნიშნულ პირთაგან ორს ეკეთა ჩაფხუტი და ეცვა შავი ტანსაცმელი, რომელთაგან ერთს შარვალზე ჰქონდა თეთრი ზოლები, ხოლო მესამეს - თავზე წამოხურული ჰქონდა ე.წ. „კაპიუშონი“ და ეკეთა პირბადე. ის პირი, რომლის შარვალსაც ჰქონდა თეთრი ზოლები მიიმალა, ორი კი შეაჩერეს და მოსთხოვეს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაზეც ეს პირები გახდნენ აგრესიულები და პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც იძულებული გახდნენ დაეკავებინათ ადმინისტრაციული წესით. მოწმის განმარტებით, მან შ. გ–ს პირადი გასინჯვისას ამოიღო ორი წითელი ხელთათმანი, შავი ხელთათმანი, ტყავის პატარა ზომის ჩანთა და ჩაფხუტი. მართალია, აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ ე. ქ–სის მითითებით დაედევნენ სამ პირს, რომლებიც გარბოდნენ, თუმცა მათთვის ე. ქ–ს არ უთქვამს, რომ გაქცეული პირები დანაშაულის ჩადენისას შეამჩნია, მხოლოდ მათ დაკავებაში სთხოვა დახმარება. მოწმე ა. ა-ს ლ. ა–ა და შ. გ–ე მოპედთან არ შეუნიშნავს და არ იცის სჩადიოდნენ თუ არა ისინი დანაშაულებრივ ქმედებას. თვითონ ე. ქ–მ კი სასამართლოს განუმარტა, რომ 2022 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ა–ს ქუჩაზე მეგობართან იმყოფებოდა სტუმრად. კორპუსიდან გამოვიდა ნასვამი და დაინახა, რომ ორი პიროვნება იდგა მოტოციკლთან, მესამე კი - შორიახლოს. აღნიშნულ პირთაგან ორს ეფარა ჩაფხუტი, მესამეს წამოფარებული ჰქონდა ე.წ. „კაპიუშონი“ და ეკეთა პირბადე. კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ, ამ პირებმა უპასუხეს აგრესიულად, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაიქცნენ. თვითონაც გაეკიდა, რადგან ჩათვალა, რომ ეს პირები მოპედს იპარავდნენ, თუმცა დანამდვილებით არ შეუძლია თქვას, რომ ისინი ცდილობდნენ მოპედის მოპარვას. ამ დროს გაჩერდა თეთრი ავტომანქანა და ჰკითხეს რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ გაკიდებოდნენ იმ პირებს, რომლებიც გარბოდნენ და თავად გაერკვიათ რა ხდებოდა. თვითონ კი ტაქსით წავიდა სახლში. მას მოპედთან მყოფი პირების ამოცნობა არ შეუძლია.

5.4. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით უტყუარად დადასტურდა, რომ ჩანაწერში ასახულ პირთა ჩაცმულობა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლ. ა–ს და შ. გ–ს ჩაცმულობა ემთხვევა ერთმანეთს, რაც უტყუარად ადასტურებს მათ ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერითა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2022 წლის 29 იანვარს, 02:00:56 საათზე ქ.თ–ში, ვ–ს მე-.. მასივი, ა–ს ქუჩა №.., კორპუსი N..-ის შესასვლელთან არსებულ აივანზე დგას სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ჩადიან იქვე არსებულ კიბეზე, მიდიან კიბის მოაჯირზე მიბმულ მოწითალო ფერის მოპედთან და ცდილობენ ჯაჭვის გადაჭრას. ამ სამი მამაკაციდან ორს თავზე ახურავს ჩაფხუტი, ხოლო მესამეს თავზე წამოფარებული აქვს მონაცრისფრო ე.წ. ,,კაპიუშონი“ და სახეზე უკეთია პირბადე. მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს ჩაფხუტი და ტანზე აცვია მუქი ფერის შარვალი და ქურთუკი, ცდილობს, ჯაჭვის გადაჭრას, რომლითაც დაბმულია მოპედი. მეორე მამაკაცი, რომელსაც ასევე ახურავს ჩაფხუტი, ტანზე აცვია მუქი ფერის შარვალი და ქურთუკი და შარვალზე აქვს მოთეთრო ფერის ზოლები ეხმარება მოპედის გაწევასა და ჯაჭვის გადაჭრაში. მესამე მამაკაცი, რომელსაც თავზე წამოფარებული აქვს მონაცრისფრო ე.წ. ,,კაპიუშონი“, დგება მათგან დაახლოებით ხუთ მეტრში და აკონტროლებს ეზოს მიმდებარე ტერიტორიას. შემდეგ მიდის მათთან, აკვირდება როგორ ჭრიან ჯაჭვს და ისევ გადის მათგან დაახლოებით ხუთ მეტრში. 02:01:49 საათზე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოდის მამაკაცი, რომელიც საუბრობს ტელეფონზე. მამაკაცის დანახვაზე სამივე მამაკაცი სცილდება მოპედს და ჩერდებიან მოპედიდან დაახლოებით ხუთ მეტრში. მამაკაცი, რომელიც გამოვიდა კორპუსიდან, მიდის მათი მიმართულებით და კიბის დაბლითა საფეხურიდან მარჯვენა ხელით ანიშნებს მათ რომ გაჩერდნენ. 02:02:10 საათზე მამაკაცის დანახვაზე სამივე პირი, გარბის მარცხენა მხარეს და მათ მისდევს კორპუსიდან გამოსული მამაკაცი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით შეუძლებელია მასში ასახული სამი პირის იდენტიფიცირება. შემთხვევის ადგილზე მყოფ ე. ქ–ს კი არ შეუძლია იმ პირების ამოცნობა, რომლებიც მისი ვარაუდით იპარავდნენ მოპედს. ამასთან, მართალია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქ. თ–ში, ......ს ქუჩა N.., კორპუსი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის სადარბაზოს წინა ასასვლელი კიბის წინ კიდესთან გაჩერებულია მოწითალო ფერის მოპედი, რომელიც ვერცხლისფერი ჯაჭვით მიმაგრებულია ასასვლელი კიბის რკინის მოაჯირზე. ჯაჭვი რკინის მოაჯირზე მიმაგრებულია მოვერცხლისფრო ფერის ბოქლომით. ჯაჭვზე არის პატარა ზომის ბრტყელტუჩა ე.წ. „კუსაჩკა“, რომელიც მჭრელი პირით დამაგრებულია ჯაჭვზე. ჯაჭვს აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების სახით და სავარაუდოდ დაზიანებები მიყენებულია ბრტყელტუჩათი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შ. გ–სგან ამოღებული იქნა არაერთი ნივთი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის დადგენა ჰქონდა თუ არა მას შემთხვევის ადგილთან ან დაზარალებულის კუთვნილ მოპედთან შემხებლობა. გარდა ამისა, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დაზარალებულის მოპედთან იმყოფებოდნენ ლ. ა–ა და შ. გ–ე დაუდგენელ პირთან ერთად და ისინი ნამდვილად ცდილობდნენ მოპედის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას წარმოდგენილი არ არის.

5.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ლ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ხოლო შ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ლ. ა–სიას და შ. გ–ს სასარგებლოდ.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე