Facebook Twitter

საქმე N 330100120003666134

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №22აპ-23 6 აპრილი, 2023 წელი

ა–ი ა., №22აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–სას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ა–ს (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 16:15 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების პირველი საცხოვრებელი კორპუსის, პირველი სართულის №.. საკანში მსჯავრდებულმა ა. ა–მა ფეხის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელს გ. წ–ს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენით ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 12 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ა. ა–ს ბრალეულობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ა– მა მოითხოვა სხდომის მიმდინარეობის სპარსული (მშობლიური) ენის თარჯიმნის მიერ თარგმნა, რათა მისთვის უფრო გასაგები ყოფილიყო, რაც არ გაიზიარა სასამართლომ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოწმეებმა - გ–მა, ფ–მა და ჩიქოვანმა დაადასტურეს, რომ 2019 წლის ივლისში მსჯვრდებულმა ა. ა–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერს - გ. წ–ს, რაც სადავო არ არის, თუმცა არ დადგენილა რამ აიძულა ა. ა–ი წინააღმდეგობა გაეწია გ. წ–სთვის და დაეცვა ღირსება. ა. ა–მა განმარტა, რომ გ. წ–ა ხშირად იქცეოდა მოხელისთვის შეუფერებლად, კერძოდ, მას ეპყრობოდა დამამცირებლად, დასცინოდა, აბუჩად იგდებდა და შეურაცხყოფდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც. გარდა ამისა, მას ხშირად ემუქრებოდნენ დეესკალაციის ოთახში გადაყვანით, რაც რამდენჯერმე განხორციელდა კიდეც. ა. ა–ს საკანში დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები დასცინოდნენ ა. ა–ს. ამ ვიდეოჩანაწერში ასევე ასახულია ა. ა–ზე ფიზიკური ძალადობაც, კერძოდ, მსჯავრდებულს საკნიდან გამოყვანისას ყელსა და კისერში უჭერენ ხელს, რის საჭიროებაც იმ მომენტში არ არსებობდა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ა. ა–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ 2019 წლის 13 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების პირველი საცხოვრებელი კორპუსის, .. სართულის №.. საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა ა. ა–მა, ფეხის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელს გ. წ–ს. თუმცა კასატორის პოზიციით აღნიშნული გამოიწვია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ დამამცირებელმა მოპყრობამ და მასზე ფიზიკურმა ძალადობამ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პოზიცია არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და ეწინააღმდეგება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულ გ. წ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 ივლისს შეიქმნა იმის საჭიროება, რომ იგი ოფიცრებთან ერთად შესულიყო მსჯავრდებულ ა. ა–სთან N.. საკანში, სადაც მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის მიზნით მიმდინარეობდა 24 საათიანი ვიდეოკონტროლი. მათ საკანში დახვდათ არეულობა, გატეხილი იყო წყლის მილი, მიმოფანტული იყო პლედები, პატიმარი იწვა იატაკზე გაფენილ ლეიბზე და იყო აგრესიული. მოწმის განმარტებით, ინგლისური ენის ცოდნის გამო ძირითადად თვითონ ამყარებდა ა. ა–სთან კომუნიკაციას. მან რამდენჯერმე მიუთითა ა. ა–ს ამდგარიყო იატაკიდან, რათა გადაეყვანათ დეესკალაციის ოთახში. იგი წამოაყენეს ფეხზე და ეხმარებოდნენ ქვედა სამოსის ჩაცმაში. ამ დროს, ა. ა–სმა ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზის გარეშე გამოხატა აგრესია, დაეყრდნო მის გვერდით მყოფ სხვა ოფიცრებს და დაზარალებულს რამდენჯერმე მოუქნია ფეხი. მან თავიდან მოქნეული ფეხი აიცილა, თუმცა ერთხელ ნიკაპის არეში, მეორედ კი გულმკერდისა და მკლავის არეში მოხვდა. მან გულმკერდისა და მკლავის არეში ფეხის მოხვედრით მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მიადგა მორალური ზიანი. ძალადობის შემდეგ, ა. ა–სი პროპორციული ძალის გამოყენებით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ 2019 წლის 13 ივლისამდე უკიდურესად აგრესიული ქმედებებისა და თვითდაზიანების მიყენების რისკის გამო ა. ა–სი რამდენჯერმე ჰყავდათ დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი. დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია მოწმეების - ლ. ჩ–ს, ვ. გ–სა და თ. ფ–ს ჩვენებებთან, რომლებმაც ა. ა–სი დაახასიათეს უკიდურესად აგრესიულ პიროვნებად, რომელიც გამოირჩეოდა თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფით და მიდრეკილი იყო თვითდაზიანებისკენ, რის გამოც არაერთხელ მოთავსდა დეესკალაციის ოთახში. დაზარალებულ გ. წ–ს სხეულზე დაზიანებების არსებობა დადასტურებულია №.. პენიტენციური დაწესებულების მორიგე ექიმის - მ. კ-ს მიერ გაცემული ცნობითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნით, რომლითაც ირკვევა, რომ გ. წ–ს აღენიშნება ნაჭდევები მაჯვენა მხრის ქვემო მესამედის წინა/შიგნითა ზედაპირზე და ამავე წინამხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

5.5. აღსანიშნავია ასევე ის, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ა. ა–ს აგრესიულ დამოკიდებულებასა და თვითდაზიანებისკენ მიდრეკილებას ასევე ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 24 სექტემბრის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №.......... დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ა. ა–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F61; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს - 2019 წლის 13 ივლისს, მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ა. ა–ს განცხადებით, მას ციხეში დაემართა დეპრესია, ადრეც ემართებოდა დეპრესიები, უცებ ბრაზდება და თავს ვერ იკავებს, „...ახლაც რასაც ედავებიან, გაბრაზებულზე დავარტყი ოფიცერს, მითხრეს შენი ტუალეტიდან წყალი გამოვიდაო, არადა არ იყო ჩემი ბრალი, ამაზე შევეწინააღმდეგე და დავარტყი. ადრე უფრო ბრაზიანი ვიყავი, ახლა ნაკლებად. ჩემს ქმედებაზე ზოგჯერ პასუხს არ ვაგებ. თავის გაკონტროლება მიჭირს“. გამოსაკვლევი პირი თავს იხასიათებს თავისებურ, იმპულსურ ტიპად. „ბევრი ხმაური არ მიყვარს, ყოველთვის სიწყნარე მირჩევნია. უცებ გავბრაზდები, შეიძლება დავამტვრიო, გავტეხო, ხელიც დავარტყა, მერე ჩემით ვიზიანებდი ხელებს“.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს №.. პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების N.. საკნის ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ჩანს ა. ა–ის საკანი, სადაც დგას წყლის გუბე. 15:49 საათიდან საკანში შეინიშნება თანამშრომლების მოძრაობა. 15:56 საათზე ა. ა–ი წელზე შემოხვეული პირსახოცით გამოდის საპირფარეშოდან. პატიმრის საწოლი თავისუფალია და საკანში მის გარდა სხვა არავინ იმყოფება. იცვამს სვიტერს და წვება იატაკზე დაფენილ ლეიბზე. შორიახლოს არის წყლის გუბე. 16:13 საათზე სხვა ოფიცრებთან ერთად საკანში შედის გ. წ–ა, რომელიც ესაუბრება ა. ა–ს. თანამშრომლები ლეიბიდან აყენებენ წელს ქვემოთ შიშველ ა. ა–ს, რომელსაც გ. წ–ა ახვევს პლედს, სხვა თანამშრომლები კი ეხმარებიან შარვლის ჩაცმაში. ამ დროს, მოულოდნელად, 16:14 საათზე ა. ა–სი გ. წ–ს მიმართულებით რამდენჯერმე იქნევს მარჯვენა ფეხს, რომელიც გ. წ–ს მოხვდა მარჯვენა მხრის ქვემო (ხელის) მიდამოში, რაც აშკარად ჩანს მისი რეაქციით, რადგან ფეხის მოქნევის შემდეგ იყურება დაშავებულ ხელზე. ვიდეო ჩანაწერში უწყვეტად ჩანს დეესკალაციის ოთახში გადაყვანის მიზნით ა. ა–სის საკნიდან გამოყვანის პროცესი. თუმცა აღნიშნული ჩანაწერით კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ დასტურდება. 2019 წლის 13 ივლისის გარეგნული დათვალიერების აქტში კი მითითებულია, რომ ა. ა–სს გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ უზრუნველყო ა. ა–სთვის სპარსულენოვანი თარჯიმნის მოწვევა, რათა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანონიერება არ დაეყენებინა ეჭვქვეშ. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმს, რომელშიც 14:27 საათზე ადვოკატი მ. ჯ-ა განმარტავს, რომ მართალია საგამოძიებო მოქმედებები და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომები ა. ა–სს ეთარგმნა ინგლისურ ენაზე, მაგრამ პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრისას მსჯავრდებულმა გამოთქვა სურვილი, რომ ჰყოლოდა სპარსული ენის თარჯიმანი, რადგან აღნიშნული არის მისი მშობლიური ენა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა დაადასტურა, რომ ინგლისური ენის თარჯიმანმა საქმეს სრულყოფილად გაართვა თავი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმავე სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ რამდენჯერმე ჰკითხა მსჯავრდებულს ფლობდა თუ არა ინგლისურ ენას და იყო თუ არა გასაგები მისთვის ინგლისური ენის თარჯიმნის საუბარი, რაზეც მსჯავრდებულმა განუცხადა, რომ მან ინგლისურად წერა-კითხვა იცის, ესმის საუბარიც, თუმცა ურთიერთობა უჭირს. ასევე, დაადასტურა, რომ ინგლისურენოვანი თარჯიმნის საუბარი მისთვის არის გასაგები, მაგრამ ურჩევნია სპარსულენოვანი თარჯიმანი, რადგან არის მშობლიური ენა. აღნიშნულის შემდეგ მას მოსამართლემ შესთავაზა, რომ იმ შემთხევევაში თუ ვერ გაიგებდა ინგლისური ენის თარჯიმნის ნათარგმნ წინადადებას, შეეჩერებინა სხდომა და ამის შესახებ განეცხადებინა მოსამართლისთვის. ხსენებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კასატორის არგუმენტის გაზიარების საფუძველი.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ა–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე