Facebook Twitter

საქმე N 330100121005193637

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №200აპ-23 26 აპრილი, 2023 წელი

გ–ე დ., №200აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. გ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.3. დ. გ–მ დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ტოკარევის (TT) კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული და სროლისათვის ვარგისი პისტოლეტი და 2 ცალი 7,62X25 მმ კალიბრის საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული და სროლისათვის ვარგისი ვაზნა, რომლებსაც 2021 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 23:20 საათზე, თ–ში, .........., მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი დ. გ–ე, 2021 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 23:20 საათზე, თ–ში, ........., მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ტოკარევის (TT) კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ და სროლისათვის ვარგის პისტოლეტსა და 2 ცალ 7,6X25 მმ კალიბრის საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ და სროლისათვის ვარგის ვაზნას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 13 იანვარს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურომა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 17 თებერვალს გამართლებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - შ. მ–მ და ნ. ბ–მა წარმოადგინეს შესაგებელი და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან მოწმეების - დ. ბ–სა და გ. ბ–ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 23:20 საათზე, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ.თ–ში, .........., მე-.. მიკრორაიონი, ..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოფარეხიდან გაიგონეს გასროლის ხმა, რა დროსაც უსაფრთხოების ზომების დაცვით გაემართნენ ერთ-ერთი მიტოვებული ავტოფარეხისკენ, სადაც დახვდათ დ. გ–ე, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი, რომელიც მიამსგავსეს TT-ს მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს. ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის შემადგენლობა დ. ბ–მა დამატებითი ძალის გამოსაძახებლად დარეკა სამმართველოში, საიდანაც ასევე უნდა მოეტანათ პაკეტები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. დაახლოებით 5 წუთში ადგილზე მივიდა დამატებითი ჯგუფი ვ. გ–სა და ზ. ქ–ს შემადგენლობით. დ. ბ–სმა შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი და განმუხტა იარაღი, რა დროსაც ერთი ტყვია მოთავსებული იყო მჭიდში, მეორე - ლულაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ ავტოფარეხის მიწიანი ზედაპირიდან ამოღებული იქნა მასრა. ექსპერტებმა კი განმარტეს, როდესაც მივიდნენ ადგილზე ნახეს, რომ შემთხვევის ადგილს იცავდა ერთი პოლიციელი, მაგრამ ადგილი ყვითელი ლენტით იყო თუ არა შემოსაზღვრული არ ახსოვთ. კასატორის განმარტებით, ყვითელი ლენტი გამოიყენება იმისთვის, რომ შემთხვევის ადგილზე არ მოხვდნენ უცხო პირები და არ წაიშალოს კვლები. ეს კი იყო მიწისქვეშა ადგილი, სადაც ხალხი არ დადის, შესაბამისად, ერთი პოლიციელის მიერ შემთხვევის ადგილის დაცვა იყო საკმარისი. კასატორი ასევე უთითებს, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის N........ დასკვნითა და ექსპერტ ე. თ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ ამოღებული პისტოლეტი ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ამასთან, ამოღებული 2 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული და განკუთვნილია ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის და სხვა, მათ შორის წარმოდგენილი პისტოლეტისთვის. წარმოდგენილი ვაზნები კი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ხოლო ერთი ცალი მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია წარმოდგენილ TT მოდელის პისტოლეტში. კასატორის განმარტებით, ის, რომ ამოღებულ ნივთებზე ხელის კვლები არ გამოვლინდა არ ნიშნავს იმას, რომ დ. გ–ს ხელში იარაღი არ სჭერია, ვინაიდან, ექსპერტ რ. ლ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ შესაძლოა პირმა თუნდაც ხელთათმანის გარეშე მჭიდროდ მოკიდოს ხელი საგანს, მაგრამ არ დარჩეს კვალი. ეს დამოკიდებულია ხელის სიმშრალეზე. ექსპერტმა თ. გ–მ კი დაადასტურა, რომ დენთის წვის შედეგად წარმოდგენილი მიკრონაწილაკები არის მსუბუქი მიკრონაწილაკები და შესაძლებელია სხეულიდან მოცილდეს ხელის დაბანით, გარეცხვით ან ჩამოფერთხვით. დ. გ–სგან ანაწმენდები მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიღეს დანაშაულის ჩადენიდან დაახლოებით 20 საათის შემდეგ. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა არაერთხელ დაებანა ხელი და მოეცილებინა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები. ამასთან, დაცვის მხარის მოწმე - ო. ჯ–ს ჩვენება ეწინააღმდეგება დ. გ–ს ჩვენებას, რის გამოც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობა ისეთი ჩხრეკის მიმართ, რომელიც არ ჩატარებულა წყაროს ან კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე არარელევანტურია, ვინაიდან პოლიციელებს ობიექტურად არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მოეხდინათ ვიდეოგადაღება, რადგან არსებობდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების რეალური საფრთხე. ამასთან, ასეთ პირობებში, მიტოვებულ გარაჟებში, დაახლოებით ღამის 12 საათზე, ჩხრეკაში მონაწილეობის მისაღებად ნეიტრალური მოწმის წარდგენა იყო გაუმართლებელი და შეუძლებელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა დ. გ–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - გ. ბ–სა და დ. ბ–სის ჩვენებებზე, რომლებითაც დგინდება, რომ 2021 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში, დაახლოებით 11-დან 12 საათამდე დროის მონაკვეთში ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ .......-ის მე-.. მიკრორაიონში, რა დროსაც ..-ე კორპუსის მიმდებარედ, გარკვეული ინტერვალით გაიგეს იარაღიდან სამჯერადი გასროლის ხმა, რომელიც ისმოდა მიტოვებული მიწისქვეშა ავტოფარეხების მხრიდან. ადგილზე მისვლისას ავტოფარეხის ბოლოში დაინახეს მამაკაცი - დ. გ–ე, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი. მათ მამაკაცს მოსთხოვეს იარაღი დაედო ძირს, რასაც დ. გ–ე დაემორჩილა. მათ ასევე გამოიძახეს დამხმარე ძალა, რომელიც დაახლოებით 5-10 წუთში მივიდა ადგილზე. დ. გ–ს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათ ადგილზე გადაღება არ უწარმოებიათ, რადგან მოწმე გ. ბ-ს განმარტებით, გადაღება არ შეეძლოთ, ვინაიდან სიტუაციის განმუხვტის შემდეგ დ. გ–ეეს უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ. დ. ბ–ს განმარტებით კი განიარაღების შემდეგ შეეძლოთ გადაღება, მაგრამ საჭიროდ აღარ ჩათვალეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროცესი არც ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს გადაუღიათ.

5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 22 სექტემბერს, 23:21 საათიდან 2021 წლის 22 სექტემბრის 23:40 საათამდე პერიოდში, ჩატარდა დ. გ–ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მან თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემაზე. ჩხრეკისას მან წარადგინა პისტოლეტისმაგვარი საგანი მრავლობითი კოროზიით. პისტოლეტში მოთავსებული იყო მჭიდი ერთი ცალი ვაზნით. განმუხტვისას პისტოლეტის ლულაში კი აღმოჩნდა ერთი ვაზნა. სულ ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და ორი ცალი ვაზნა. ოქმზე დაფიქსირებულია შენიშვნა: ,,დ. გ–მ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე“. ზემოაღნიშნული მტკიცებულებითა და მოწმე პოლიციელთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დ. გ–ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე დამხმარე ძალის მისვლის შემდეგაც არ მომხდარა ვიდეოგადაღება, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა ისეთი გარემოება, რაც შემთხვევის დროს, ან სიტუაციის განმუხტვის შემდეგ ხელს შეუშლიდა გადაღებას.

5.5. ჩხრეკის ოქმში მითითებული ინფორმაცია და მოწმე პოლიციელთა ჩვენებები ეწინააღმდეგება დ. გ–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 22 სექტემბერს, საღამოს, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჩავიდა ავტოფარეხში, რა დროსაც გასროლის ან აფეთქების ხმა არ გაუგია და იარაღი, მასრები ან ვაზნები არ უნახავს. დაახლოებით ერთ წუთში, როდესაც დააპირა უკან ამოსვლა, დაინახა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მისკენ მიმავალი ორი მამაკაცი, რომლებიც როგორც შემდეგ გაიგო იყვნენ პოლიციელები და მოსთხოვეს შეჩერება. ამ დროს მან იგრძნო ცივი საგნის მიდება. დაკავებისას კი იგრძნო, რომ შარვლის უკანა ჯიბეში მიედო რაღაც საგანი, რაც ჩაუცურეს და ამოუცურეს. ასევე ეწინააღმდეგება მოწმე ო. ჯ–ის ჩვენებას, რომლითაც ირკვევა, რომ იგი ცხოვრობს N.. კორპუსში. 2021 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით ათი საათისთვის ჩავიდა ეზოში და ელოდებოდა ნაცნობს. მას სახლში ან ეზოში ყოფნისას გასროლის ხმა არ გაუგონია. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც გაამყარებდა მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს და გააბათილებდა დ. გ–სა და მოწმე ო. ჯ–ის ჩვენებებს წარმოდგენილი არ არის.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე რ. ლ-ს ჩვენებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 23 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №........ დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 ცალი მჭიდის ზედაპირზე გამოვლენილი ხელის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია, ხოლო 1 ცალი მასრის, 1 ცალი პისტოლეტისა და 2 ცალი ვაზნის ზედაპირზე ხელის კვლები არ გამოვლინდა. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 21 აპრილის ექსპერტიზის №.......... დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დ. გ–ს სახის მიდამოდან, მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ხოლო იმავე თარიღის ექსპერტიზის №.......... დასკვნით კი დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დ. გ–ს ტანსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ამასთან, მოწმე თ. გ–მ განმარტა, რომ დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არის მსუბუქი, რის გამოც მისი მოცილება ადვილად შეიძლება ისეთი მექანიკური შეხებით, როგორიცაა ხელის დაბანა, გარეცხვა და ჩამობერტყვა. თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე იცის, რომ მექანიკური შეხების მიუხედავად, მაინც არსებობს მიკრონაწილაკების დარჩენის ალბათობა. ასევე გასათვალისწინებელია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 20 იანვრის ექსპერტიზის №.......... დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით: „...პისტოლეტიდან, მჭიდიდან, 2ც. ვაზნიდან და 1ც. მასრიდან აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ პისტოლეტის ჩარჩოდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.N..) შერეულ გენეტიკურ პროფილში დ. გ–ს (ობ.N..; პაკეტი, წარწერით: „.ნერწყვის ნიმუში...დ. გ–ეის...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ.N...) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე