Facebook Twitter

საქმე N200100120003870949

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №88აპ.-23 24 აპრილი, 2023 წელი

გ–ი მ., №88აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. გ–იი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის

„დ“ ქვეპუნქტითა (სიცოხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში, მ. გ–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. შ–ს. კერძოდ, მ. გ–მა მ. შ–ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2020 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ შ–ში მ. გ–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. შ–ს და შვილს, 18 წლის ი. გ–ს, არასრულწლოვანი შვილის 7 წლის გ. გ–ის თანდასწრებით. კერძოდ, მ. გ–იმა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მყოფ მ. შ–ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში, კეფის არეში, რა დროსაც მ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მ. შ–ე გავიდა სამზარეულოში, სადაც შევიდა მ. გ–ც და კვლავ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავში. კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდა ი. გ–ი, რა დროსაც მ. გ–მა მას სახის არეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი. ი. გ–მა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებები მ. გ–მა განახორციელა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლის რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალები უსიტყვოდ უნდა ემორჩილებლოდნენ მის მითითებებს. იგი ცოლს - მ. შ–სა და ქალიშვილებს - ი. და ე. გ–ებს არ თვლიდა ოჯახის სრულფასოვან წევრებად, რადგან ისინი არიან ქალები.

1.4. 2020 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ შ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. შ–სეს, შვილებს - 18 წლის ი. გ–ს, 15 წლის ე. გ–სსა და 7 წლის გ. გ–ს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფმა მ. გ–იმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა ჰაერში და შემდეგ მოკვლით დაემუქრა მეორე სართულზე ასასვლელ კიბესათან მდგარ მ. შ–ს, ი. და გ. გ–ებს. ამასთან, იარაღი დაუმიზნა და მოსთხოვა დაეჩოქათ მის წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა დახოცვით. მცირე დროის გასვლის შემდეგ, მ. გ–იმა იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მისაღებ ოთახში მყოფ მეუღლეს მ. შ–ს, შვილებს - ი., ე. და გ. გ–ებს მოსთხოვა სახლის დატოვება. აღნიშნული მუქარა მ. გ–ის ქმედებების და აგრესიის ფონზე მ. შ–მ, შვილებმა - ი., ე. და გ. გ–ებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები მ. გ–მა ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლის რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალები უსიტყვოდ უნდა ემორჩილებლოდნენ მის მითითებებს. იგი ცოლს - მ. შ–ს და ქალიშვილებს - ი. და ე. გ–ებს არ თვლიდა ოჯახის სრულფასოვან წევრებად, იმიტომ რომ ისინი არიან ქალები.

1.5. 2020 წლის 8 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, მ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. შ–ს, რომელიც იმყოფებოდა თ-ს რ-ს სოფელ შ–ში მდებარე თავისი ძმის - ა. შ–ს საცხოვრებელ სახლში. კერძოდ, დაუკავშირდა ტელეფონით და უთხრა, რომ თუ გონს არ მოეგებოდნენ მივიდოდა შეიარაღებული და დახოცავდა ყველას, მათ შორის მისი ძმის ოჯახს. აღნიშნული მუქარა მ. შ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. მ. გ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თ. რ-ს სოფელ შ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მეორე სართულზე მდებარე ოთახში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის N........ ავტომატს (AKC-74), რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ასევე 105 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1974 წლის ნიმუშის, 5,45X39 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების სტანდარტულ ფოლადისგულიან ვაზნას, განკუთვნილს 1974 წლის ნიმუშის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთვის და ტყვიამფრქვევებისთვის - ,,AK-74“, „AKC-74“, „AKC-74У“, „РПК-74“, „РКС-74“. აღნიშნული 105 ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. მ. გ–მა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა 6 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, 5,45X39 მმ კალიბრის სამხედრო სპეცდანიშნულების, კერძოდ, „მგეზავ“ ვაზნას, განკუთვნილს 1974 წლის ნიმუშის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთვის და ტყვიამფრქვევებისთვის - ,,AK-74“, „AKC-74“, „AKC-74У“, „РПК-74“, „РПКС-74“, რაც ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს მ. გ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით მ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 16 დეკემბერს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2022 წლის 28 დეკემბერს გამართლებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ზ–მა წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან მოწმეების - მ. კ–ს, ლ. გ–ს, ლ. მ–ს, ზ. ს–ს, გ. ფ–ს, ა. კ–ს, გ. ხ–სა და ვ. ო–ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მ. შ–ს მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი შეტყობინებებითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დადასტურდა მ. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მ. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულებმა - მ. შ–სემ (მეუღლემ), გ. გ–მა, ე. გ–მა და ი. გ–მა (შვილებმა) და მოწმე - ე. გ–მა (დედამ) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, მ. გ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი, რაც დაადასტურებდა მ. გ–ის მხრიდან ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტებს წარმოდგენილი არ არის.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმე ა. შ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მას მეუღლემ - ლ. გ–მა უთხრა, რომ მის დას - მ. შ–ს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, რაც მეორე დღეს დაუდასტურა მ. შ–მაც, თუმცა თვითონ კონფლიქტს არ შესწრებია და არც მ–ს უამბია მისთვის დეტალები. ამასთან, მ. შ–ს რაიმე დაზიანება არ ეტყობოდა. მოწმე ლ. გ–მა კი განმარტა, რომ 2020 წლის 6 ივლისს ტელეფონით ესაუბრა მ. შ–ს, რომლის ხმაც არ მოეწონა. მივიდა მასთან და წამოიყვანა. მას მ. შ–მ უთხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, თუმცა თვითონ კონფლიქტს არ შესწრებია. როგორც იცის, მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. მოწმის განმარტებით, მ. შ–ს დაზიანებები არ ჰქონდა, ბავშვს კი სახე ჰქონდა შეწითლებული და უთხრა ,,მამამ გამარტყაო“, თუმცა არ იტკიებდა. მართალია აღნიშნულმა მოწმეებმა დაადასტურეს მეუღლეებს შორის კონფლიქტის არსებობა, თუმცა ისინი თვითონ არ შესწრებიან აღნიშნულს. ამასთან, მოწმეები ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მართალია მოწმე ლ. გ–მა განმარტა, რომ არასრულწლოვან ი. გ–ს სახეზე ჰქონდა სიწითლე, თუმცა დაადასტურა, რომ ბავშვი ტკივილს არ განიცდიდა. ამასთან, მის მიერ მითითებული სახეზე არსებული შეწითლება ეწინააღმდეგება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 ივლისის ექსპერტიზის N......... დასკვნის შინაარსს, რომლითაც დგინდება, რომ პირადი გასინჯვით ი. გ–ს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარჯვენა მტევნის I თითისა და მარჯვენა მხრის არეში. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ა. კ–ს ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 ივლისის ექსპერტიზის N......... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ პირადი გასინჯვით მ. შ–ს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრისა და მარცხენა ბარძაყის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს, 05.07.2020 წელს. მართალია აღნიშნულ დასკვნებში დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულებზე მიყენებული დაზიანებები, თუმცა აღნიშნულით უტყუარად არ დასტურდება, რომ მათ ეს დაზიანებები მიაყენა მ. გ–იმა. მითუფრო, რომ პირადი გასინჯვისას დაზარალებულებმა განმარტეს, რომ მათ სოფელ ჩ–ში ნაცნობ პირთან მოუხდათ კონფლიქტი.

5.7. გარდა ამისა, აღსანიშნავანია, რომ მოწმეთა ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან თვითონ აღნიშნულს არ შესწრებიან და გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, მოწმეების ჩვენებებით არ დგინდება განიცადეს თუ არა დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი ან გაუჩნდათ თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ. გ–ს მხრიდან დაზარალებულებზე ძალადობას და მუქარას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულებს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუციათ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა და მოწმემ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც სასამართლოში არ დაადასტურეს.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შეტყობინებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 8 ივლისს 112-ში დარეკა ე. გ–მა და განაცხადა, რომ მამა ემუქრებათ მივარდნითა და სიცოცხლის მოსპობით, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მტკიცებულებით არ დგინდება, რა ფორმით დაემუქრა მამა და გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში. შესაბამისად, ცალკე აღებული, შეტყობინებაში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ მ. გ–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ერთი ცალი მცირე კალიბრიანი შაშხანა მჭიდით, მასში მოთავსებული 5 ვაზნით, რომელზეც იკითხება ნომერი 25593, ერთი ცალი ერთლულიანი სანადირო თოფი ნომრით 98645, ერთი ცალი ერთ ლულიანი სანადირო თოფი ნომრით 18-0761, ორი ცალი ტყავის ტყვიების ჩასადები ლენტი, რომელთაგან ერთში მოთავსებულია 21 ვაზნა, ხოლო მეორეში - 22 ვაზნა, პოლიეთილენის ჩასადებში მოთავსებული 12 ცალი მცირე ზომის ვაზნა, ასევე, ამოღებული იქნა 18 ცალი ვაზნა, პისტოლეტი ნომრით ИЖ-334, ორი მჭიდით, რომელთაგან ერთ მჭიდში მოთავსებული იყო 6 ვაზნა, ხოლო მეორეში - 7, ერთი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და 25 ვაზნით, რამდენიმე ქაღალდის ყუთი, რომელშიც ერთობლივად მოთავსებული იყო 86 ვაზნა. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალასთან ერთად შეიძინა და შეინახა მ. გ–იმა წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მოწმე ვ. ო–ს ჩვენებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 24 ნოემბრის ექსპერტიზის N....... დასკვნით დგინდება, რომ მ. გ–ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ავტომატიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებულ ანაწმენდებზე ობიექტი N.. (ავტომატის ლულის ჩარჩოდან აღებული ანაწმენდები) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე, ობ.N.. (ავტომატის სახელურიდან აღებული ანაწმენდები) და ობ.N.. (მჭიდიდან აღებული ანაწმენდები) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლებშიც არ ვლინდება მ. გ–ის გენეტიკური თანამონაწილეობა. მოწმე ვ. ო–მ ასევე განმარტა, რომ ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი, რომელიც ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, ენათესავება თუ არა მ. გ–ს ასეთი კითხვა მისთვის არ დაუსვამთ. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე