საქმე N330100122005466661
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №56აპ.-23 19 აპრილი, 2023 წელი
დ–ე ი., №56აპ.-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. დ–ე (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ოჯახში ძალადობისათვის და მუქარისთვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ალკოჰოლით მთვრალმა ი. დ–მ, რომელიც თვლის, რომ თუ ქალი ღამით მუშაობს არის მსუბუქი ყოფაქცევის, აღნიშნულის გამო მეუღლეზე განაწყენებულმა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, 2022 წლის პირველ იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ–ში, .....–ის ქუჩის №..., ბინა №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არაერთგზის იძალადა ოჯახის წევრზე, კერძოდ, მეუღლეს - ნ. ჯ–ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - გ. კ–ს თანდასწრებით დაარტყა მარცხენა ხელის მკლავზე, შემდეგ მოქაჩა თმა და საწოლიდან გადმოაგდო. აღნიშნულით ნ. ჯ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ოჯახში ძალადობისათვის და მუქარისთვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მყოფმა ალკოჰოლით მთვრალმა ი. დ–მ, რომელიც თვლის, რომ თუ ქალი ღამით მუშაობს არის მსუბუქი ყოფაქცევის და აღნიშნულის გამო მეუღლეზე განაწყენებულმა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, 2022 წლის პირველ იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ–ში,.....–ის ქუჩა №. ბინა №..ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არაერთგზის განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ: მეუღლეს - ნ. ჯ–სს უთხრა, რომ სამზარეულოს დანით გამოჭრიდა ყელს, რაც ნ. ჯ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. ი. დ–მ, რომელიც თვლის, რომ თუ ქალი ღამით მუშაობს, არის მსუბუქი ყოფაქცევის, აღნიშნულის გამო მეუღლეზე განაწყენებულმა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, 2022 წლის პირველ იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ–ში, .....–ის ქუჩის №..., ბინა №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ნ. ჯ–ს გამოართვა კუთვნილი „აიფონ 6-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც იატაკზე დაგდებით გაანადგურა, რამაც 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. დ–ს მიერ ოჯახის წევრზე ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ამასთან, დადგენილად მიიჩნია, რომ ი. დ–მ ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი. დ–მ ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე 2022 წლის პირველ იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ–ში, .....–ის ქუჩის №..., ბინა №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს -ნ. ჯ–ს გამოართვა მისი კუთვნილი „აიფონ 6-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც იატაკზე დაგდებით გაანადგურა, რამაც 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით ი. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ი. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ი. დ–ეე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. დ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 13 დეკემბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ი. დ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ი. დ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან დაზრალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მის ბრალეულობას. შეტყობინებასა და განცხადებაში დაზარალებულმა მიუთითა მასზე ძალადობის შესახებ. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მას დაემუქრა მეუღლე, რომელმაც მასზე იძალადა ფიზიკურად. ამასთან, დათვალიერებისას გამომძიებელმა ამოიღო დანაშაულის საგანი - ტელეფონი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანმა მოწმემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ „დედას ტელეფონი ძია ი–მ დაამტვრია“. მოწმე მ. გ–მ კი დაადასტურა, რომ პოლიციაში მისვლისას დაზარალებული იყო აღელვებული და შეშინებული. შესაბამისად, მ. გ–ა მუქარის ნაწილში არის პირდაპირი მოწმე. კასატორი ასევე უთითებს, რომ ი. დ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის რელევანტური, ვინაიდან მან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა ვერ მოახდინა მისი რესოციალიზაცია. ამასთან, ქმედება დამძიმებული იყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით. ამდენად, სასამართლომ ამ ნაწილშიც არასწორი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას, როდესაც ი. დ–ს ბრალდებიდან ამოურიცხა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ი. დ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. დაზარალებულმა ნ. ჯ–სმა (მეუღლემ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ი. დ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ დაზარალებულის განცხადებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ მას 2022 წლის 1 იანვარს მეუღლესთან - ი. დ–სთან მოუხდა კონფლიქტი, რა დროსაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განცხადებით არ ირკვევა, რა ფორმით იძალადა მასზე მეუღლემ და განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი, ამასთან, არაფერია ნათქვამი მუქარასთან დაკავშირებით. მართალია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ დათვალიერებისას ნ. ჯ–სმა განმარტა რომ მას ქ.თ–ში, ს–ს ქუჩა N.., სახლი N..-ში ი. დ–ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა, არც აღნიშნული მტკიცებულებით ირკვევა, რა ფორმით იძალადა მასზე მეუღლემ, განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი, ან გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.7. გარდა ამისა, აღსანიშნავანია, რომ მოწმეების - ვ. გ–სა და მ. გ–ს ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან თვითონ აღნიშნულს არ შესწრებიან და გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, მოწმეების ჩვენებებით არ დგინდება განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი ან გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ი. დ–ს მხრიდან დაზარალებულზე ძალადობასა და მუქარას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, განცხადებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ძალადობისა და მუქარის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება, მითუფრო, რომ მოწმე გ. კ–მ არ დაადასტურა მუქარისა და ძალადობის ფაქტი. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.9. პალატა ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ი. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენა, ვინაიდან მოწმე გ. კ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ ი. დ–ე ნ. ჯ–ს მიმართ პრეტენზიას გამოთქვამდა არა ზოგადად ქალის ღამით მუშაობის გამო, არამედ ახალი წლის ღამეს ბავშვების სახლში მარტო დატოვებასთან დაკავშირებით. სხვა მტკიცებულება კი, რაც დაადასტურებდა ი. დ–ს მიერ დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენას წარმოდგენილი არ არის.
5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, ასევე მართალია წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა ი. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, თუმცა არ დადასტურდა ამ დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ი. დ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში ი. დ–ს სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
5.14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 531-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. დ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ი. დ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე